
247 F-ის შემქმნელი ლევან ბახია ამჯერად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც ოქტომბერში უკვე მზად იქნება მსოფლიო კინობაზრისთვის. თუ გავითვალისწინებთ მის წინამორბედის წარმატებას და ფაქტს, რომ ის ქართულ–ამერიკული პროდუქციაა, სარკე სტუდიოს რეჟისორს არც ამ ნამუშევრის გაყიდვა გაუჭირდება.
„ვფიქრობ და მგონია, რომ გამომივა, რომ ეს ფილმი ერთ რიგით ნამუშევარზე უფრო მეტი იყოს“,–ამბობს ლევან ბახია მიცემულ ინტერვიუებში.
Landmine Goes Click – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელიც ქართულად შეგვიძლია ასე გადმოვთარგმნოთ: „ნაღმი მოვიდა მოქმედებაში“. მთავარ როლებს მასში ქართველი მსახიობები კოტე თოლორდავა, ნანა კიკნაძე, გიორგი ცაავა თამაშობენ, პარტნიორობას კი ამერიკელი კოლეგები: სტერლინგ ნაითი, სპენსერ ლოკი და დენიელ გეიერი უწევენ.
სიუჟეტი ამერიკიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს, ერთ ნაღმს და მონადირეს აერთიანებს. გიორგი ცაავას გმირისგან დაშინებული ტურისტები და სამაგიეროს გადახდის სურვილი ფილმის მთავარი ლაითმოტივია.
„ნაღმზე ფეხის დადგმის შემდეგ ტურისტები ფიქრობენ, რომ მათ დასახმარებლად მოვლენ, სინამდვილეში პირიქით ხდება“,–ამბობს სცენარის ავტორი ადრიან კოლუსი.
გადაღებებისთვის ჯამში 5 ლოკაცია შეირჩა, ყველაზე დიდი დრო გადამღებმა ჯგუფმა ბირთვისში გაატარა.
რაც შეეხება ამერიკელ მსახიობებს, სტერლინგ ნაითი მაყურებელს გრეის ანატომიის რამდენიმე სერიიდან და ჰანა მონტანადან ახსოვს, კინოსამყარომ სპენსერ ლოკი რეზიდენთ ევილიდან გაიცნო, ხოლო ავსტრალიელი დენიელ გეიერი ზუსტად ის ბიჭია, რომელიც ეკრანებთან კლასიკური ფლეიბოის ტიპაჟის მოყვარულ გოგონებს მიიზიდავს.
„გირჩევთ კინოს დაწყებამდე საპირფარეშოში შეიაროთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, კინოს სიუჟეტი ჩაგითრევთ“,–ამბობს სტერლინგი. „ეს უფრო დაძაბულობაა, ვიდრე შიში, რომ ეკრანიდან რამე გამოხტება. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი ფიქრობს, როგორ შეძლებენ ტურისტები სიტუაციიდან თავის დაღწევას“,– სპენსერ ლოკი.
როგორც ხდება ხოლმე, მოწვეული მსახიობები ქართული სითბოთი, სტუმართმოყვარეობით და სამზარეულოთი აღფრთოვანდნენ. თავის მხრივ, ქართველი კოლეგები მათ უშუალობასა და პროფესიონალიზმზე საუბრობენ, ჟურნალისტები კი გადამღები ჯგუფის მოტივაციასა და ოპერატიულობაზე.
თუ ქართული პროდუქცია ძირითადად ევროპულ ინტელექტზეა გათვლილი, Landmine Goes Click პირიქით, უფრო მეტად კომერციული პროდუქტია, რომელსაც შემოდგომაზე მსოფლიოსთან ერთად საქართველოც იხილავს.
http://www.imdb.com/title/tt2186848/http://www.imovies.ge/movies/450147064