ხო მართლა, ვისაც გჯერათ რომ აშშ-თან ხელმოწერილი ქარტია რაიმეს ნიშნავს:
ქართულ და დასავლურ მედიაში ამ ბოლო დროს ისევ გაისმა ხმები იმის თაობაზე, რომ გაზაფხულის დასაწყისში მოსკოვსა და თბილისს შორის სამხედრო კონფლიქტის მეორე რაუნდი დაიწყება
მაგრამ, ამას წინათ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სცადა უარეყო ეს ხმები და განაცხადა, რომ ამ ჭორებს რუსეთი პოტენციური ინვესტორების დასაფრთხობად ავრცელებს. ”რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ჩამოთვალა დეტალური სია იმ მიზეზებისა, თუ რატომ არის “უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდო” რუსეთის “სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის” განახლება. ამ მიზეზებს შორის, მთავარი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაა, რომელიც მერაბიშვილის თქმით, საქართველოს “უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიებს” აძლევს.
9 იანვარს ვაშინგტონში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ქარტია საქართველოში რეკლამირებული იყო, როგორც უნიკალური და “ისტორიული” დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ვაშინგტონის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებისადმი და წარმოადგენს ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების სუროგატულ გარანტიასაც კი მას მერე, რაც ვერც 2008 წლის აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში და ვერც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის სამიტზე ბრიუსელში, ასე სასურველი ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი) ქვეყანამ ვერ მიიღო.
(5 მარტს ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან 6 თვის მანძილზე შეჩერებული კონტაქტები სრულად აღსდგება, ზოგიერთმა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ თბილისს კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი მაპი-ს მისაღებად).
თავის სატელევიზიო საახალწლო მიმართვაში საქართველოს მოსახლეობისადმი, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქარტიას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში “ახალი ფაზის” დასაწყისი და ქვეყანაზე რუსეთის იმ ორსაუკონოვანი დომინირების დასასრული უწოდა, რომელსაც სათავე 1783 წელს დაედო, როდესაც მეფის რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა და საქართველო ნებაყოფლობით დაემორჩილა რუსულ პროტექტორატს, იუწყება civil.ge. პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ასევე ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს არის პირველი ოფიციალური ორმხრივი შეთანხმება, რომელშიც შეერთებული შტატები საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორს” უწოდებს. სწორედ ამიტომაც ვაშაძე ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია მისი მნიშვნელოვნების “გადაჭარბება”.
არავითარი გარანტიები
მაგრამ ტექსტის უფრო გულდასმით წაკითხვის შემდეგ იმის ვარაუდი ჩნდება, რომ ხელშეკრულების ინტერპრეტირება, როგორც თბილისის ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გამოხატულება, შეცდომა იქნებოდა.
პირველი - ქარტიის ხელმოწერა არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს აშშ-ს საგარეო ურთიერთობებში უნიკალური მნიშვნელობა მიენიჭა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტექსტის ფრაზეოლოგია ზუსტად იმეორებს რამდენიმე კვირით ადრე, 2008 წლის 19 დეკემბერს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ანალოგიური ქარტიის ფრაზეოლოგიას.
ასეა თუ ისე, დასავლელი ექსპერტები იმაზე მიუთითებენ, რომ ქარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის ორივე ფუნდამენტური პრინციპი - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ის, რომ შეერთებული შტატები ისევაა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიით მთლიანად, როგორც კასპიის ზღვის ნახშირწყალბადის საექსოპრტო დერეფნით.
მეორე - ქარტია (ხელშეკრულებისგან განსხვავებით) არასავალდებულო დოკუმენტია და მესამე - იმ პირობების უმეტესობა, რომელიც მართლაც უნიკალურია აშშ-საქართველოს ქარტიისთვის და რომელიც არ არის მოხსენიებული აშშ-უკრაინის ქარტიაში, შემდეგ გარკვეულ სფეროებზეა ფოკუსირებული - მედიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, საკითხები, რომელთა მიმართებაშიც, არსებული მოსაზრებების თანახმად, საქართველო თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
ორივე ქარტიის პრეამბულის პირველი სამი პუნქტი თითქმის იდენტურია. პირველში ხაზგასმულია - “ჩვენი, როგორც მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების, ურთიერთობების” და პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივი სურვილის მნიშვნელოვნება. მეორეში ნათქვამია, რომ თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს და ინტერესებს, რომელთა შორისაა დემოკრატიისა და ეკონომიკურ თავისუფლებათა განვრცობა, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და კანონის უზენაესობის განმტკიცება.
ქართულ ქარტიაში, უკრაინულისგან განსხვავებით, ამ კონტექსტში დამატებითაა მითითებული, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებების პატივისცემა. აქვეა ხაზგასმული იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება (იგულისხმება აგვისტოს ომის დროს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა) დაუბრუნდნენ თავის სახლებს და “ევრაზიული ენერგეტიკული უსაფრთხოების” მხარდაჭერის აუცილებლობა. მესამე პუნქტში ლაპარაკია - “ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში” თანამშრომლობის განმტკიცების სურვილზე. უკრაინული ქარტიის პრეამბულა შეიცავს კიდევ ორ დამატებით პუნქტს, რომელშიც დადასტურებულია ადრე დადებული ორი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, უკრაინის შემოერთება 1994 წლის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან და აშშ - უკრაინის თანამშრომლობის 2008 წლის 31 მარტის თანამშრომლობის პრიორიტეტები.
ხაზგასმული თანამშრომლობა
ორივე ქარტიის პირველი ნაწილი “პარტნიორობის პრინციპებზეა” ფოკუსირებული. ამ ნაწილში ორივე დოკუმენტი ძირითადად იდენტურია. ლაპარაკია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. ქართულ ქარტიაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე იზიარებს რწმენას “დემოკრატიაზე, როგორც უმთავრეს ბაზისზე” და “პოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე, როგორც სტაბილურობის” საფუძველზე. უკრაინასთან მიმართებაში ქარტია ხაზს უსვამს “უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და თავისუფლების” კონტექსტს.
ორვე ქარტიაში ხაზგასმულია უსაფრთხობისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა “ეფექტურად გაეცეს პასუხი მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებს”. აღნიშნულია, რომ “ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო/უკრაინა, თავდაცვისუნარიანი და საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის მქონე” არა მხოლოდ თავისი ქვეყნების მოსახლეობის “კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს”, არამედ “მთელი ევროპის თავისუფლებასა და მშვიდობაში”.
ქართული ქარტია ამ თავში სამ დამატებით პარაგრაფს შეიცავს, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ “მზარდი დემოკრატიის პირობებში საქართველო გზას გაუხსნის თავისი შრომისმოყვარე მოქალაქეების შემოქმედებით პოტენციალს და რეგიონსა და მის მიღმა კეთილდღეობის კატალიზატორის როლს შეასრულებს”, ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებასთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სოციალური კავშირების გაღრმავებას. ამავე დროს მესამე პარაგრაფში დადებულია პირობა, რომლის თანახმადაც, საქართველო “ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ, კულტურულ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და თავდაცვით ინსტიტუტებში” ინტეგრაციისათვის (იგულისხმება ევროკავშირი და ნატო) “უნდა შეესაბამებოდეს აუცილებელ სტანდარტებს “.
ქარტიების მესამე, მთავარი ნაწილი, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობას ეხება, ასევე ძალიან მსგავსია წინა ორი ნაწილისა. ორივე შემთხვევაში, ხელმომწერი მხარეები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას “პრიორიტეტულად ასახელებენ” და “გეგმავენ ისეთი პროგრამების დაწყებას, რომლებიც საქართველო/უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საქართველო/უკრაინის, როგორც ნატოში გაწევრიანების კანდიდატების, პოზიციის განმტკიცებას”. იგულისხმება ბუქარესტის ნატოს სამიტის მიერ მიღებული ფინალური დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია, რომ ორივე ქვეყანა “გახდება ნატოს წევრი”, თუმცა თარიღი დათქმული არ ყოფილა.
ორივე ქარტია შეიცავს პარაგრაფს, სადაც ნათქვამია, რომ უნდა წარიმართოს მუშაობა “საქართველო/უკრაინისა და ნატოს შესაძლებლობების ფუნქციური თავსებადობისა და კოორდინაციის” განსამტკიცებლად, რაც გულისხმობს საქართველოსა და უკრაინის შეირაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესებას, მაგრამ ქართულ ქარტიაში დამატებითაა ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას “უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები”. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ვაშინგტონი აღარ შეურიგდება საქართველოს შეიარაღებული ძალების არაპროპორციულ ზრდას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ჰეგემონიის აღდგენის მიზნით, ახალ ომში თავდასხმითი შესაძლებლობების გამოყენებას.
განსხვავებული პრიორიტეტები
შესაბამისი ქარტიების მესამე ნაწილში, რომელიც სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობას ეძღვნება, ორივე ქვეყნისთვის დათქმული პირობები უფრო განსხვავებულია. უკრაინის დოკუმენტში არსებობს მინიშნება 2008 წლის მაისში უკრაინის მიღებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და იმაზე, რომ აუცილებელია “ერთობლივი მუშაობა უკრაინის გაზის ტრანზიტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და რეაბილიტაციაზე”. საქართველოსთან დაკავშირებით ქარტია ვაჭრობის ლიბერალაზაციისთვის აუცილებელი ზომების დადგენაზე და “თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობების კვლევაზე” მიუთითებს. ვაშინგტონი ადასტურებს, რომ მზადაა დაეხმაროს საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში და განავითაროს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობები, შექმნას “ახალი დერეფანი სამხრეთით, რომელიც დაეხმარება საქართველოსა და ევროპას ბუნებრივი აირის რესურსების დივერსიფიცირებაში”.
ქარტიის მეოთხე ნაწილი ”დემოკრატიის განმტკიცებას” ეძღვნება და ასევე განსხვავებულ პრიორიტეტებს გვთავაზობს. ორივე დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცების და პოლიციის პროფესიონალიზმის ამაღლების აუცილებლობა. უკრაინულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა ანტიკორუფციულ ბრძოლაში, საზოგადოებრივი მონიტორინგის როლის ინტენსიფიკაცია და შიდა საგამოძიებო ერთეულებში ეთიკური სტანდარტების დაწესება. საქართველოს ქარტიაში, კი უკრაინული დოკუმენტისგან განსხვავებით, ხაზგასმულია, რომ აუცილებელია თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა, ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (რაც უკრაინულ დოკუმენტში ნახსენები არაა); პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცება და “საჯარო პოლიტიკის განვითარებისა და ანალიზის, ასევე კანონშემოქმედებით პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ინტენსიფიკაცია, საჯარო მოხელეთა საქმიანობის ზედამხედველობა”.
დოკუმენტის ფინალურ ნაწილი ”კულტურულ ურთიერთობებსა და ადამიანურ კონტაქტებს” ეძღვნება. უკრაინული დოკუმენტის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი სიმფეროპოლში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მზაობას გამოხატავს, ხოლო დოკუმენტის ქართულ ვერსიაში ნათქვამია, რომ აუცილებელია “საფუძველი ჩაეყაროს აფხაზეთის და ცხინვალის რაიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა და დანარჩენ საქართველოს შორის უწყვეტ კონტაქტებს”.
ყველაზე დამოუკიდებელი ინტერპრეტატორები, თბილისიდან ქარტიის ლიმიტებზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონს საქართველოს დაცვას არ ავალებს. ”ევრზაზიანეტ. ორგ”-ის 9 იანვარის პუბლიკაციაში, პროფესორი თორნიკე შარაშიძე ვარაუდობს, რომ დოკუმენტი, აგვისტოს ომის, აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვის, ნატოს საგარეო საქმეთა სამიტზე დეკემბერში მაპის მინიჭებაზე უარის თქმის შემდეგ, უპირველესად ყოვლისა, საქართველოს ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიურ გამხნევებას ისახავდა მიზნად.
ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ბევრად უფრო მწვავე შენიშვნებს აკეთებს. ეკა ბესელიამ, 2007 წელს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის (”ერთიანი საქართველოსთვის”) გენერალურმა მდივანმა 14 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც ვაშაძე ქარტიას ხელს აწერდა და დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების პირობას სდებდა, მისი პარტია თბილისში, კუთვნილი ოფისიდან გამოაძევეს და ის ძალადობრივად იქნა პრივატიზებული.
შეერთებულ შტატებს დსთ-ს სხვა ქვეყნებთან ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არაა ცნობილი, რომ მსგავსი რამ ვინმესთან დაკავშირებით განიხილებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს არასავალდებულო ხასიათი აქვს, ის მაინც ასახავს ერთ მომენტს - შეერთებულ შტატებს სურს, რომ კიევსა და თბილისს იმ სისტემურ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის სურვილი აღუძრას, რომელთა საფუძველზეც ნატოს ევროპელი წევრები ორივე ქვეყანას მაპის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. მაგრამ, ამავე დროს, სწორედ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები შესრულებისთვის არასავლდებულოა, ქარტიები ვერც ერთ ქვეყანას რუსეთის შანტაჟისა და მუქარისაგან ვერ დაიცავს.
http://foreignpress.ge/?p=1499