წყარო:
1st.
22 აპრილი, 2008
გუშინ საღამოს თბილისში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
“მივიღე გადაწყვტილება, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი აღარ ვიყარო” - განაცხადა ბურჯანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ორშაბათს საღამოს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებზე ქართველი ხალხი ღირსეულ ხელისუფალს აირჩევს. მან განაცხადა, რომ “ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიქნები იქ, სადაც ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას დასჭირდება. მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ განსხვავებული შეხედულებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების შესუსტებას.”
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი კონსულტაციისა და შეხვედრისა, სამწუხაროდ, “ვერ იქნა მიღწეული კონსესუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით”. მისივე აზრით, ეს ტრაგედია არა არის და ამგვარი რამ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.
“სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგედია არ არის” - ასე განმარტა ბურჯანაძემ ის ფაქტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა უმრავლესობამ ვაჟკაცური ნაბიჯი უწოდა. თუმცა რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ბურჯანაძეს ამ ნაბიჯის გადადგმა, ჯერ კიდევ 2004 წელს ვურჩიეთ, მაგრამ მაშინ არ დაგვიჯერაო.
“მე ვთვლი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კორექტირებას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ნაწილობრივ, ეს დაწყებულიც არის. ამასთანავე, მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რაც განხორციელებული იქნა პარლამენტის თავმჯდომარის თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან გამოხატა რწმენა იმისა, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანენ ბედნიერ მომავალთან. გამოსვლის ბოლოს ბურჯანაძემ თავის გადაწყვეტილებას შეუცვლელი უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი ბურჯანაძის ამ ნაბიჯს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “მიუხედავად ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებისა, დროებით ჩამოშორდეს პოლიტიკას, იგი, იმედია, დაუბრუნდება პოლიტიკას და დარწმუნებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა”. თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ “პარლამენტის თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს პარტიის რღვევას, რადგან ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთი პოლიტიკური ლიდერის საკუთრება.”
ბურჯანაძე კი ახალი არჩევნების ჩატარებამდე პარლამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
მიმაგრებული სურათი