მოდერატორებს ვთხოვ 2 დღით აპინონთემის დასაწყისი -
25-ში ყველანი ერთად უნდა დავდგეთ!ინტერნეტ-ჯგუფ RE:აქციის მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმირუსეთის მხრიდან გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცალმხრივი აღიარების მიმართულებით, საბოლოოდ და მთლიანად ააშკარავებს რუსეთის ისედაც ცუდად შენიღბულ, მტრულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ! ახორციელებს რა
„თაფლაკვერის და მათრახის“ პოლიტიკას - ერთის მხრივ ცდილობს საქართველოს წაგლიჯოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მეორეს მხრივ, რუსეთის მიერვე პოლიტიკური „წინდახედულობით“ აკრძალული ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაშვებით და რუსეთისვე მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლის აღდგენით შეარბილოს საქართველოს საზოგადოების რეაქცია.
ანუ,
ისწრაფვის დაასრულოს ის, რაც 1990-1992 წლებში მანვე დაიწყო!რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ცალმხრივად აღიარება იქნება საქართველოს მორიგი ანექსიის დასასრული. ჩვენს თვალწინ ვითარდება ისეთი მოვლენები, რომლებსაც დამღუპველი ეფექტი ექნებათ საქართველოს სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ყველაზე ერთგული დამცველი კი სწორედ საქართველოს საზოგადოებაა - უბრალო ხალხი!სწორედ ამიტომ მოგმართავთ საქართველოს მთელ საზოგადოებას - ახლა აღარ არის იმის დრო, გავარკვიოთ ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრეა და რაში განსხვავდება თუ ეთანხმება ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები. ახლა აუცილებელია ყველანი ერთად დავდგეთ და არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის მორიგი ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ!
2008 წლის 25 აპრილს, მაშინ როცა რუსეთის დუმა აპირებს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ თვითმარქვია „რესპუბლიკების“ მიმართვის განხილვას, საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები -
აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ნებისმიერ საარჩევნო ბიულეტენზე მაღლა დგას, შევიკრიბოთ თბილისში რუსეთის საელჩოსთან 12:00 საათზე და ჩვენი ერთად დგომით ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რუსეთის დამპყრობლურ ზრახვებს საქართველოში განხორციელება არ უწერია!
ვერანაირი თითიდან გამოწოვილი მიზეზით რუსეთი ვერ შეძლებს წაგლიჯოს საქართველოს თავისი ძირძველი კუთხეები.
ვაღიარებთ რა რუსეთს კონფლიქტის ერთადერთ მეორე მხარედ, და არავითარ შემთხვევაში ‘მშვიდობისმყოფელად“ მოვითხოვთ:
1. რუსეთმა დაუყოვნებლივ დაიწყოს და ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს დროში საქართველოს მთელი ტერიტორიიდან გაიყვანოს სახელდებით "სამშვიდობო", ხოლო არსით რუსეთის საოკუპაციო ჯარები;
2. დაუყოვნებლივ შეწყდეს დე-ფაქტო მარიონეტების ღია თუ ფარული მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან;
3. დაუყოვნებლივ დაიხუროს გუდაუთის სამხედრო ბაზა და მოხდეს მისი საერთაშორისო ინსპექტირება.
აქციის ორგანიზებასა და მიმდინარეობაში მონაწილეობა თავისი კეთილი ნებით შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას ან კერძო პირს, რომლებიც იზიარებენ აქციის მოთხოვნებს და არ დაუშვებენ აქციის მონაწილეთა და იდეის დისკრედიტირებას ცალკეული გამონათქვამებითა თუ ქმედებებით.ინტერნეტ-ჯგუფი RE:აქცია
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey