პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მთელს მართლმადიდებელ ერსა თუ საზოგადოებას... მთელს საქართველოს ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას და ღმერთ იყოს ჩვენი შემწე... არასოდეს არ დაგვეკარგოს ღვთის რწმენა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის სურვილი ...
ქრისტე აღსდგა ხალხო!!! ეხლა კი მინდა რომ დავწერო რამდენიმე პატარ პატარა ისტორია აღდგომის შესახებ:
ქრისტე აღსდგა! რატომ არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?
ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ზოგიერთს უჩნდება კითხვა: თუ კი ნათლისღება, შობა და სხვა უძრავი დღესასწაულები იდღესასწაულება კონკრეტული თარიღის მიხედვით, რატომ იცვლება აღდგომა, ბზობა, ამაღლება და სხვა მოძრავი დღესასწაულების თარიღები?
აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირას, მაგრამ არ უნდა უსწრებდეს და ემთხვეოდეს ჰურიათა პასექს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომა უნდა იდღესასწაულებოდეს არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიაბა) და მთვარის ფაზის მიხედვით.
რაც შეეხება ბზობას, ამაღლებას და აღდგომასთან მიმართებაში მყოფ დღესასწაულებს, ისინი სწორედ დროის იმ ინტერვალით უსწრებენ ან მოსდევენ აღდგომას, რა ინტერვალითაც უსწრებდნენ ან მოსდევდნენ აღდგომას ქ. შ. 33 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მოხდა მაცხოვრის აღდგომა. ვინაიდან ეს დღესასწაულები ქრონოლოგიურად ერთიდაიმავე წელს (ქ. შ. 33 წ.) მოხდა და მისტიურად დაკავშირებულნი არიან აღდგომასთან, სწორედ ამიტომ არიან ეს დღესასწაულები აღდგომასთან მიმართებაში მყოფი, სხვები კი არა.
მაგალითისთვის: ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა) მოხდა ერთი კვირით ადრე აღდგომამდე, ხოლო ამაღლება 40 დღის შემდეგ. ე. ი. მოცემული გვაქვს ინტერვალი დღეებში და არა რაიმე კონკრეტული თარიღი. აქედან გამომდინარე, აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები გამოითვლება ინტერვალის მიხედვით.
ყოველივე ზემოხსენებული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს უცნობი იყოს თარიღი (თვე და რიცხვი) როდესაც მოხდა აღდგომა. ეს ასე არ არის. აღდგომა იმიტომ კი არ არის მოძრავი, რომ თარიღი არის უცნობი, არამედ იმიტომ, რომ იგი არის ახალი აღთქმის პასექი. ძველი აღთქმის პასექი იყო დღესასწაული ისრაელი ერის გამოხსნისა ეგვიპტელთა ტყვეობიდან და იგი სწორედ მთვარის კალენდრით იდღესასწაულებოდა, ანუ იყო მოძრავი. ახალი აღთქმის პასექმა (აღდგომამ) შეცვალა ძველი და იგი არის კაცობრიობის ჯოჯოხეთიდან გამოხსნის დღესასწაული. სწორედ ამიტომ დადგინდა აღდგომის გამოთვლა მთვარის მიხედვით, რადგან იგი სულიერი გაგრძელებაა ძველისა, ანუ თუ ძველი პასექი იყო ხორციელი ირაელის ხორციელი გამოხსნა - ახალი პასექი სულიერი ისრაელის სულიერი გამოხსნაა. და რაც ყველაზე მთავარია თვით უფალს ენება ესე.
რაც შეეხება თარიღს. თუ კი დღეს არის შესაძლებელი აღდგომის თარიღის გამოთვლა 2008 წლისთვის თუ ნებისმიერი წლისთვის, იგივე პრინციპით შეიძლება და შეიძლებოდა გასულ საუკუნეებში მისი გამოთვლა ქრისტეს შობიდან 33 წლისთვის რომელი რიცხვი მოუწევდა აღდგომის დღესასწაულს და წმინდა კრებებს დაეკანონებინათ იგი. თუმცაღა, ზეპირგადმოცემით აღდგომა მოხდა პირველ აპრილს, მაგრამ პირველი აპრილი არასდროს არ იდღესასწაულებოდა როგორც აღდგომა.
და ბოლოს: ხალხში გავრცელებული გამოთქმა "დღეს პირველი აპრილია..." ღმრთისმგმობი მკრეხელების მიერ არის დანერგილი და ხალხი მას იმეორებს დაუფიქრებლად.
* * *
აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა – ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე, ამიტომ განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულებს.
* * *
აღდგომა ახალ საქართველოში: ჯერ კიდევ, დაახლოებით 20 წლის წინ საქართველოში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა რისკთან იყო დაკავშირებული. კომუნისტურ ეპოქაში ამ დღეს სატელევიზიო გადაცემები შეუდარებელი მრვალაფეროვნებით გამოირჩეოდა, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისეთი ფილმების ნახვა იყო შესაძლებელი, რომელსაც მაყურებელი წლიდან წლამდე ელოდა. მაშინ ეკლესიასთან, ეგრედ წოდებული “კაგებეშნიკი” იდგა და ყველას გვარებს იწერდა, ვინც ბრწყინვალე დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლას გაბედავდა. დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, რომელიც 26 წელიწადია ქაშუეთის ეკლესიაში მსახურობს, იხსენებს:
დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი – “განსაკუთრებული დავალება ქონდათ კომკავშირლებს, რომელთაც დაწინაურება უნდოდათ, ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ. მაგრამ მათ შორის მართლმადიდებლებიც იყვნენ, რომელნიც სანთელსაც ანთებდნენ და ლოცულობდნენ კიდეც”.
ზოგი მათ შორის მართლმადიდებელიც იყო, მაგრამ დიდი კომუნისტური პარტიისათვის მსახურებას მაინც არ ივიწყებდნენ. ამიტომ, საკუთარ წიგნაკში ჩაწერილი გვარები მხოლოდ მათ დავთარზე არ რჩებოდა, ის დანიშნულების ადგილამდე აღწევდა. ამ წიგნაკში მოხვედრილებს კი მომავალში აუცილებლად ექმნებოდათ მრავალი სახის პრობლემა, რომელთა შორის ყველაზე ხშირი სამსახურიდან დათხოვა იყო. ამიტომ, კომუნისტების ეპოქაში, მაშინ როდესაც კომუნისტური წყობა ათეისტური სამყაროს შექმნაზე ოცნებობდა, დაფარული, კარგად შენახული რწმენა, არა ნაკლებ ძლიერი და ღრმა იყო, ვიდრე ეს დღეს არის. დღეს მორწმუნეობა, ეკლესიურობა ერთგვარად მოდურიც კი გახდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ ეკლესიურად ცხოვრობს, მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით ახალგაზრდა თაობა გამოირჩევა. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ღვთის რწმენა, მხოლოდ ეკლესიაში ყოველკვირეულ ლოცვებზე დასწრებით იფარგლება. მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა დღეს შორის წაგვიყვანს. ფაქტი ერთია, დღეს მორწმუნეობა, ეკლესიურობა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენს და თუკი რომელიმე პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი ეკლესიურობაში ფიქსირდება ეს ქართული მოსახლეობაზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ ეს ძალიან კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც და თუკი მისი წინამორბედი აღდგომის ღამეს საქართველოს პატრიარქთან ატარებდა, სააკაშვილი სამების ტაძრის შემდეგ პერიფერიებში ახლად აგებულ ეკელსიებში მიდის, მორწმუნე მოსახლეობას პირისპირ ხვდება და საკუთარ წარმატებებზეც საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი – “მე ამ უბნის დეპუტატი ვიყავი და აქ საშინელი სიბნელე იყო, ახლა ჩვენი და გიგი უგულავას თაოსნობით, ჩემი გული განათებულია, როდესაც ამ გადანათებულ ქუჩებს ხედავს”.
ასე ხარობს საქართველოს პრეზიდენტი აღგომის ღამეს, რომელიც მომავალი არჩევნებისათვის მისთვის კიდევ ერთი და საკმაოდ დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატების მისაღწევად.
კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტიური ხდება. საქართველოს შეძლებეული ფენა, მათ შორის ყველაზე დიდი ნაწილი ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, აღდგომის კვირას იერუსალიმში ატარებენ და იქიდან წმინდა ცეცხლი სამშობლოში მოაქვთ. ამისათვის წელს საქართველოდან 5 ჩარტერული რეისი გაფრინდა. ისინი იორდანეს მდინარეშიც ინათლებიან ხელმეორედ, როგორც თავად აცხადებენ, მთლიანად იწმინდებიან, შემდეგ იმ გზას გადიან, რომელიც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა და ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოში წმინდა ცეცხლით ხელში ბრუნდებიან.
ერთი სიტყვით ყოველდღიურად მორწმუნეობის გამოხატვის ფორმები დრო და დრო იცვლება, და საგულისხმოა რომ იზრდება შესაძლებლობების მიხედვით, ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი მისი შესაძლებლობის ფარგლებში გამოხატავს ღვთისადმი რწმენას.
* * *
იცით რატომ ღებავენ კვერცხს სააღდგომოდ? 
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.
კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
წითელი კვერცხი - აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა.
* * *
აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, სააღდგომო ტრადიციები ქრისტიანული ტრადიციით, დიდი შაბათის ღამეს მორწმუნეები ელოდებიან ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნენი ზეიმით ხვდებიან, სასულიერო პირები საზეიმოდ მიუძღვებიან ცეცხლს იერუსალიმის ტაძრებში. ხალხი ინაწილებს წმინდა ცეცხლს, მიაქვთ შინ და ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში შეინახონ იგი.
აღდგომის დღესასწაულიდან ამაღლების დღესასწაულამდე მიღებულია მისასალმებლად მილოცვა: “ქრისტე აღსდგა!’’, რაზეც პასუხობენ: “ჭეშმარიტად აღსდგა!”.
სააღდგომო ღვთისმსახურების შემდეგ აკურთხებენ სადღესასწაულო ორცხობილას, კვერცხებს. მორწმუნეები ერთმანეთს ჩუქნიან სადღესასწაულო კვერცხებს. გადმოცემის თანახმად, როდესაც მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აუწყა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, იმპერმატორმა თქვა, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ კვერცხი გაწითლდეს. ამის შემდეგ კვერცხი მართლაც გაწითლდა. მართალია, სააღდგომო კვერცხებს სხვადასხვა ფერად ღებავენ, მაგრამ მაინც მთავარი ფერი წითელია.
აღდგომის სიმბოლოა ასევე კრავი, რომლიხ ფორმასაც აძლევენ სააღდგომო ნამცხვარს.
არსებობს ასევე ტრადიცია, რომ ტაძრის გარეთ ანთებენ კოცონს, რომელთანაც შეიზლება გათბობა ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, რაც გაგვახსენებს იმ ღამეს, როდესაც პეტრე იჯდა კოცონთან, ქრისტეს სანამ უარყოფდა.
არსებობს ტრადიციები სხვადასხვა კულტურებში, რომელიც დაკავშირებულია ვნების კვირასთან, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან.
დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ბზობას ვუწოდებთ, შვეიცარიაში ჰქვია “ზეთისხილის”, ხოლო იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში – “პალმის” კვირა. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხალხში დიდი ხანია გავცელებულია შეხედულება, რომლის თანახმად ნაკურთხ ტოტებს აქვთ ძალა, რომელიც იცავს ადამიანს ავი თვალისგან. მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაცვათ. ნაკურთხ ტოტებს ჩუქნიან ასევე მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად.
ძველად ავსტრიაში ტაძარში მიდიოდნენ ნამდვილი ჯოხებით, ერთ მეტრამდე სიმაღლით. ჯოხები მორთული იყო ლენტებით, თხილით, ვაშლებით. საფრანგეთში, სადაც ბზობას “ყვავილოვან” კვირას უწოდებენ, ხეებსაც რთავენ, ხოლო ესპანეთში კი იხსნება ე. წ. “ტოტების დახლები”. ნაკურთხ ტოტებს აჭედებენ ხშირად სახლის კედლებზე, ინახავენ სახლში. უნგრეთში სჯერათ, რომ ამის შემდეგ სახლს არ ეკარებიან გველები და ბაყაყები. რუმინეთში კი ტოტებს სახლის გარეთ აჭედებენ, სახლში მათი შეტანა კატეგორიულად აკრძალულია, მათთვის ეს ცუდის ნიშანია.
ვნების კვირა, როგორც წესი ძალზე წყნარია. ყველაზე სევდიანი დღე პარასკევია, ამ დღეს ზარის რეკვაც წყდება.
ბელგიასა და ნიდერლანდში არ არის სასურველი მუშაობა დურგლებისა და მჭედლებისთვის, ხოლო მეზღვაურთათვის – ზღვაში გასვლა. სამაგიეროდ სასურველია ხეხილის მორწყვა, რათა მოსავალი იყოს დიდი. უნგრეთში არ არის მიღებული ამ დროს საშინაო საქმეების კეთება, ზოგჯერ ქალები თმებსაც კი არ ივარცხნიან, სამაგიეროდ სასურველია ბაღში საქმიანობა, მაგალითად, თესვა. გერმანიაში ამას აკეთებენ ხუთშაბთს, სადაც ამ დღეს “მწვანეს” უწოდებენ. პარასკევს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაქუჩისა და ლურსმნის ხელში აღება. შაბათი გერმანიაში დალაგების დღეა, კიოლნში ამ დღეს “იუდას გამოხვეტვასაც” უწოდებენ.
ბულგარეთში ხუთშაბათს აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს, ჩეხეთში ამ დღეს მწვანე ფერის საჭმელებს მიირთმევენ. სერბეთში კი უპირატესობა ეძლევა ჭინჭარს ჯანმრთელობისთვის. ამ დროს არ არის იქ მიღებული თმის დავარცხნა და დაბანა. სკანდინავიის ქვეყნებში კი პირიქით, ხუთშაბათი იწოდება “სუფთად”. ამ დღეს ბანაობენ და რეცხავენ სარეცხს, ნათლავენ შინაურ ცხოველებს და პირუტყვს. შაბათს კი ბანაობენ ცივ წყალში, “ მავნე პიქრების გასადევნად”. პარასკევი აქ ითვლება ყველაზე მძიმე მუშაობის დღედ, შაბათი კი ყველაზე მხიარული დღეა, როცა ხალხი აჩვენებს, რომ მზად არიან ზეიმისთვის. ყველაზე წყნარად იქცევიან ფინელები, ისინი ცდილობენ მთელი კვირა არ იცინონ და არ უსტვინონ.
დიდ ბრიტანეთში არ არის მიღებული პარასკევს რეცხვა, რასაც, მათი აზრით, უბედურება მოაქვს. სლოვანიასა და ხორვატიაში არ უხარიათ პარასკევს სტუმრის მიღება, რადგან, მათი რწმენით, მას უბედურება მოაქვს. რუმინეთში პარასკევს მიღებულია მხოლოდ სააღდგომო ნამცხვრის გამოცხობა და კვერცხების შეღებვა.
ჩეხეთში ქუჩაში ჩხაკუნით “აშინებენ იუდას”.
ესპანეთში ვნების კვირას მიღებულია მთელი კვირის განმავლობაში რელიგიური წარმოდგენების გამართვა, საკმაოდ გავრცელებულია ასევე საგალობლები.
იტალიაში შაბათს, შუადღეს იწყებენ ზარების რეკვას. ამას ეწოდება Gგლორია. ითვლება, რომ ამ დროს დაწყებული ყველა წამოწყება წარმატებულია, ამიტომ ხშირად დედები ბავშვებს ამ დღეს ასწავლიან სიარულს. ჩრუმორწმუნე იტალიელები დაკავებულები არიან სახლიდან მწერების გაყრით. ამ დღეს ისინი ხშირად ულოცავენ მწერებს.
შაბათს ევროპის ქვეყნებში უკვე საზეიმო განწყობაა. ბელგიასა და ნიდერლანდში სახლიდან ცოცხით “აშინებენ” სამარხვო დროს და ეპატიჟებიან სააღდგომოს.
ევროპაში აღდგომის განუყრელი ატრიბუტია (პირველ რიგში კათოლიკეებში) სააღდგომო კვერცხები და კურდღელი, რომელსაც ეს კვერცხები მოაქვს.
გავრცელებულია რწმენა, რომ კვერცხი, რომელიც იდება აღდგომამდე ბოლო ხუთშაბათს ან პარასკევს, არ ფუჭდება. გერმანიაში ასეთი კვერცხის ჭამას ურჩევენ უშვილო ქალებს, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ. ბულგარეთში შეღებილ და ჯერ კიდევ გაუმშრალ კვერცხებს ბავშვებს სახეზე უსვამენ, რათა იყვნენ ლამაზები და ჯანმრთელები. ახალგაზრდა ქალები კი ვაჟებს ჩუქნიან სააღდგომო კვრცხებს ნიშნად მოწონებისა. ნიდერლანდსა და ბელგიაში ახლაც სჯერათ კვერცხის დამცავი ძალისა მეხისა და ხანძრისაგან.
სააღდგომო კვერცხებს ღებავენ, მაგრამ ასევე პოპულარულია მათი მოხატვა, რაც, ზოგიერთის აზრით, ეგვიპტიდან მოდის.
სააღდგომო კვერცხებთან დაკავშირებულია მრავალი გართობა ევროპულ ქვეყნებში. კვერცხებს აგორებენ გორაკებიდან ან ბალახზე, ესვრიან ერთმანეთს, ზოგჯერ მონეტებსაც ესვრიან და ასეთი რამის ნახვა ევროპული ქალაქების მოედნებზე ხშირად ხდება.
გერმანიაში გავრცელებულია თამაში: 100-200 კვერცხს ალაგებენ გარკვეულ მანძილზე დაშორებით ერთმანეთისგან, შემდეგ იწყება მათი ძებნა. გამარჯვებულია ის, ვისი “ მოსავალიც” მეტი იქნება.
ბავშვების საყვარელი თამაშია “კვერცხებზე ნადირობა”. თამაშის დროს ბავშვები ცდილობენ იპოვონ ყველა დამალული კვერცხი სახლსა და ბაღებში. ძველად სჯეროდათ, რომ სააღდგომო კვერცხები მოჰქონდათ წეროებს, მელიებს, მამლებს, გუგულებს, ვირებს. აღდგომის კურდღელი ყველაზე პოპულარულია გერმანიაში. იქ ამზადებენ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს სააღდგომოდ. მის დაკავშირებას აღდომასთან ბევრი ახსნა აქვს. ერთ-ერთი მოსაზრებით, სააღდგომო კურდღელი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთ Eostre -თან, რომლის ატრიბუტიც არის კვერცხი და კურდღელი, ხოლო გერმანულად აღდგომა არის ოსტერნ. იმასაც იხსენებენ, რომ კურდღელი მთვარის ცხოველია, ხოლო აღდგომის დღესასწაული კი ზუსტად მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარობას. ვერსიები საკმაოდ ბევრია.
* * *