ევროპელებს საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ, რომ იტალიური წარმოშობის ესპანელი ზღვაოსანი ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი იყო, ვინც ახალ სამყაროს მიაღწია, როცა 1492 წელს სამი ხომალდით შეცურა კარიბის ზღვაში. თუმცა 1957 წელს გამოჩნდა ე.წ. ვინლანდის რუკა, რომლის თანახმადაც ამერიკის კონტინენტი კოლუმბამდე მთელი 500 წლით ადრე ვიკინგებს აღმოუჩენიათ. როცა რუკის ნამდვილობის მეცნიერულად დამტკიცებამდე მივიდა საქმე, მოულოდნელად ახალი მეტოქე გამოჩნდა. შუა საუკუნეების ჩინეთი დიდ ზღვაოსანს დღეს უკვე დასაბუთებულად ედავება პირველაღმომჩენის კვარცხლბეკს.
ეს ამბავი 1402 წელს დაიწყო, როცა მინის დინასტიის პირველი იმპერატორის მეოთხე ვაჟი ჩჟუ დი ჩინეთის ტახტზე ავიდა. ძალაუფლებისკენ სვლისას დიდი დახმარება ჩჟენ ჰემ გაუწია, რომელიც დიდი საჭურისის ტიტულს ატარებდა. ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში ჩჟუ დიმ ჩჟენ ჰე სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლად დანიშნა.
მანამდეც, ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (617-907 წწ.) ჩინეთს დიდი საოკეანო ხომალდების აგება უკვე დაწყებული ჰქონდა და მინის დინასტიის დასაწყისისთვის ქვეყანას მანამდე არნახული სიდიადის ფლოტი გააჩნდა (ვენეციის ფლოტის მფლობელობაში 300 მცირე გალერა ირიცხებოდა, რაც უფრო ხმელთაშუა ზღვაზე სამგზავროდ გამოდგებოდა), მაგრამ ამბიციური იმპერატორის მიზნებისთვის ეს არ იყო საკმარისი. ჩჟუ დის ერთ-ერთი პირველი რეფორმა 1681 ხომალდის აგება იყო, მათ შორის ე.წ. განძეულის გემებიც უნდა ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, უნდა აეგოთ რვაანძიანი ჯონკები პირდაპირი აფრებით და დიდი ტრიუმებით საქონლის გადასაზიდად ჩინეთიდან და უკან. ჯონკების მხოლოდ საჭის ფრთა 11 მეტრი სიგრძისა იყო - თითქმის “სანტა-კლარას” საჭისოდენა, რომლითაც კოლუმბმა ატლანტის ოკეანე გადაჭრა ამალითურთ. ჩჟუ დის ფლოტი უკვე 3500 ხომალდს ითვლიდა, რომელთა შორის 200 გიგანტური სავაჭრო გემი იყო.
ჩჟუ დის სურდა, საზღვაო ძალები დანარჩენი მსოფლიოს აღმოჩენის, კარტოგრაფირებისა და უცხოელ მმართველთა ჩინეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მოსაქცევად გაეგზავნა. ეს სისტემა ჩინეთში უკვე მოქმედებდა, ვასალი ქვეყნები სიმბოლურად უგზავნიდნენ ჩინეთს თავიანთი ნაწარმის ნიმუშებს, ასევე მათთან გავრცელებულ ცხოველებს. სამაგიეროდ კი ჩინეთთან ვაჭრობის უფლებასა და მტერთან ბრძოლისას ჩინეთის თანადგომას იღებდნენ. ურთიერთობები არ ყოფილა მხოლოდ კომერციული ხასიათის. ევროპა თავისი განუვითარებელი ეკონომიკით შუა საუკუნეებიდან ბოლომდე ვერ გამოსულიყო, ჩინეთი კი განათლების დონითა და მოწინავე ტექნოლოგიებით ტოლს არავის უდებდა. იმ დროის ჩინეთს უკვე ჰქონდა დენთი, წიგნის ბეჭდვის სისტემა და ქაღალდის ფული. პეკინი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი გახლდათყო. ჩჟუ დიმ 2000 სწავლულს 4000-ტომიანი ენციკლოპედიის შედგენა დაავალა (შედარებისთვის, იმავე პერიოდში ინგლისის მეფის, ჰენრი V-ის ბიბლიოთეკა მხოლოდ ექვს ეგზემპლარ ხელნაწერ წიგნს მოიცავდა). ენციკლოპედია 1421 წელს დასრულდა, თუმცა ტომების დიდი ნაწილი არასდროს დაბეჭდილა. ქვეყანა რომ ინტელექტუალურ განვითარებას არ ჩამორჩენილიყო, ჩჟუ დი მეცნიერებს ხშირად გზავნიდა ზღვებს მიღმა გეოგრაფიის, ისტორიის, ჩვეულებების, ვაჭრობის, მსოფლიო ხალხთა კულტურისა და ეთნოგრაფიის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ჩამოსატანად.
ჩჟუ დიმ მინის დინასტიის დედაქალაქი 1404 წელს ნანკინიდან პეკინში გადაიტანა. პეკინში ე.წ. აკრძალული ქალაქი ააგებინა, რომელიც დეკორირებული მონუმენტური კედლებით იყო შემოზღუდული. ამ ქალაქში მდიდრული ტაძრები, სასახლეები და მოჩუქურთმებული ნაგებობები იდგა. იმპერატორის გადაწყვეტილებით, ქალაქის ინაუგურაციისას პომპეზური ცერემონიით ჩინეთმა უდავო სიმდიდრე და განვითარებულობა დაუმტკიცა მსოფლიოს. 1421 წლის 2 თებერვალს, ჩინური ახალი წლის დამდეგს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩმა თუ მმართველმა პეკინში აკრძალული ქალაქის გახსნაზე მოიყარა თავი. ძლიერთა ამა ქვეყნისა მდიდრული მიღება მოუწყვეს და მთელი თვე ფუფუნებით აცხოვრეს. მათ გამგზავრებას კი მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი საოკეანო ხომალდის გაშვება დაამთხვიეს.
ჩინეთს ზღვაოსნობის უმდიდრესი გამოცდილება ჰქონდა. ოთხი ფლოტისგან შემდგარი უზარმაზარი არმადისთვის, რომელიც 1421 წლის 5 მარტს გაუშვეს ღია ზღვაში, 1405 წლის შემდეგ ეს უკვე მეექვსე პომპეზური ექსპედიცია იყო. ჩინელი ასტრონომები 2000 წლის განმავლობაში ადგენდნენ ციური სხეულების ადგილმდებარეობას. ჩინელი მეზღვაურები ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პოლარული ვარსკვლავის განლაგების მიხედვითა და მაგნიტური კომპასებით ადვილად იკვლევდნენ გზას ღია ოკეანეში. ჩჟუ დის დაფინანსებულმა პირველმა ექსპედიციებმა სამხრეთ-დასავლეთ აზიას მიაშურეს, მივიდნენ სპარსეთის ყურემდე და აღმოსავლეთ აფრიკასაც მიაღწიეს.
ჩინურ ჯონკებს სამი თვე შეუწყვეტლად ცურვა და 7200 კილომეტრის დაფარვა შეეძლოთ. მათი ვეებერთელა მასა და მახვილგონივრული კორპუსი (რამდენიმე წყალგაუმტარ ნაწილად დაყოფილი) ტაიფუნისას, მცურავ ყინულებსა და რიფებთან შეჯახებისას საფრთხეს ამცირებდა. საგანძურით დატვირთულ გემებს მუდამ საქონელმზიდები და საზღვაო ტანკერები ახლდნენ. ბორტზე ციტრუსი და ყავისფერი ბრინჯი აჰქონდათ სურავანდისა და ავიტამინოზისგან თავის დასაცავად.
ზღვაში გასული ჩინელები უკვე ათასობით კილომეტრზე იყვნენ სამშობლოდან. თვე-ნახევარში მალაიზიის პორტ მალაკაში ჩავიდნენ, რომელიც ოფიციალურად ჩინეთის კოლონიას წარმოადგენდა და ჩინეთსა და ინდოეთს შორის შუა გზაზე მდებარეობდა. გარდა ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა. ჩჟენ ჰენი ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ხომალდებმა კი სამხრეთი ინდოეთისკენ, ქალაქ კოჟიკოდესკენ აიღეს გეზი. ამის შემდეგ თანამედროვე მოზამბიკში მდებარე სოფალას პორტს ეწვივნენ. უკან დაბრუნებისას კი გზადაგზა ძვირფასეულობა და იშვიათი ნაკეთობები გაიყოლეს ჩინეთში.
არსებობს ვარაუდი, რომ იმხანად ჩინელი მეცნიერები დანარჩენ მსოფლიოს არ იცნობდნენ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ისტორიკოსი გევინ მენზიესი, რადგან ჩინეთის მსოფლშეცნობა ამ მოგზაურობებით არ დასრულებულა, არამედ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია. სოფალიდან სამი კვირის გამოსულებმა აგულის თბილი დინებით სამხრეთ აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კეთილი იმედის კონცხს ჩაუარეს. ამის შემდეგ პასატებმა მათი ხომალდები ცენტრალური აფრიკის დასავლეთით გააქანა, სადაც ხმელეთზე გადასვლამ მოუწიათ. აქედან ეკვატორულმა დინებამ კაბო-ვერდეს კუნძულებამდე წაიღო ჯონკები. ერთი თვე არ იქნებოდა გასული, რომ ბრაზილიის ნაპირებიც გამოჩნდა. ბრაზილიიდან სამხრეთით გაცურეს, სამხრეთი ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილს ჩაუარეს და ახლანდელი მაგელანის სრუტით წყნარ ოკეანეში გავიდნენ.
აქედან, მენზიესის გადმოცემით, ერთი ფლოტი სამხრეთით, ფოლკლენდის, გრეჰემისა და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებისკენ გაემართა, ანტარქტიკის ჩრდილოეთ ნაწილამდე მისაღწევად, საიდანაც პოლარული ვარსკვლავის ეკვივალენტის აღმოჩენა სურდათ მეზღვაურებს, რათა განედი განესაზღვრათ. იპოვეს კიდეც - აკრუქსი, რომელიც სამხრეთი ჯვრის გზის მაჩვენებელი ვარსკვლავია. მეზღვაურის გზამკვლევი 1433 წელს შეადგინეს და ვუ-ბეი-ჟი უწოდეს. ამ გზამკვლევით დგინდება, რომ იმ დროის ჩინელ მეზღვაურებს უკვე შეეძლოთ სამხრეთი განედების განსაზღვრა. ექსპედიციის დასასრულს, სავარაუდოა, რომ მეზღვაურებს უკვე აღმოჩენილი უნდა ჰქონოდათ განედების გამოანგარიშების მეთოდი, თუმცა როგორ ახერხებდნენ ამას, ეს ჯერ კიდევ უცნობი რჩება ჩვენთვის.
ანტარქტიკიდან, სავარაუდოდ, ფლოტის ნაწილი ჩრდილოეთით აუყვა სამხრეთი ამერიკის დასავლეთ ნაპირებს და კალიფორნიამდე მიაღწია. ნაწილი აღმოსავლეთის გზიდან შინ დაბრუნდა, გზად კი ავსტრალიაში შეჩერდა. ამასობაში ფლოტის მესამე ნაწილი კაბო-ვერდედან კარიბის ზღვის აუზში გაემგზავრა და თანამედროვე აშშ-ისა და კანადის აღმოსავლეთ სანაპიროებს მიადგა. აქედან გრენლანდიისა და ისლანდიისკენ აიღო გეზი და სამშობლოში არქტიკის (ჩრდილოეთ ყინულოვანი) ოკეანით დაბრუნდა. 1423 წლის შემოდგომაზე, ორ-ნახევარი წლის მოგზაურობის შემდეგ, უკანასკნელი ხომალდები ჩინურ პორტში შევიდნენ. ამდენად, მაგელანამდე საუკუნით ადრე ჩინელებმა მსოფლიო მოიარეს.
ამ ყოველივეს სარწმუნოს ხდის მენზიესის მიერ მოხმობილი არაერთი მტკიცებულება. ის მიგვითითებს რუკებზე, კვეთილ ქვებზე, გემებზე შემორჩენილ ფლორასა და ფაუნაზე და დნმ-ის ანალიზზე. მაგალითად, კორეაში შედგენილ ე.წ. რიუკოკუს რუკაზე, რომელიც 1403 წლით თარიღდება, მაგრამ 1420-იან წლებშია გადაკეთებული, აფრიკის დასავლეთი სანაპირო ისეთი სიზუსტით არის მოხაზული, რომ მის შემდგენელს უეჭველად კონცხის ირგვლივ უნდა გაეცურა. ასევე დარჩენილია ჩინური, მა კუნის რუკის ფრაგმენტი, რომელიც ექსპედიციის მერეა შედგენილი და სამხრეთ აფრიკის სანაპიროებზე ჩინელთა მოგზაურობას აღნუსხავს.
არაერთი ძველი ევროპული რუკა ისეა შედგენილი, რომ მნახველს თავგზას აუბნევს, რადგან ბევრი რამ არასწორ ადგილზეა ნაჩვენები, ბევრიც საერთოდ გამოტოვებულია. ეს რუკები ბევრად ადრეა შედგენილი, ვიდრე დიდი პორტუგალიელი და ესპანელი მოგზაურები გაუდგებოდნენ გზას და იმ მიწებს აღმოაჩენდნენ, რაც მანამდე მიუკვლეველ ადგილებად მიიჩნეოდა. თუმცა არც ერთი ეს ევროპული რუკა არ მიუთითებს, რომ ესა თუ ის აღნიშნული ადგილი ჩინელებს უკვე მონახულებული ჰქონდათ, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ჩინეთის იმპერიის ეკონომიკურ, სამეცნიერო და საზღვაო ძლიერებას, გასაკვირად აღარავის მოეჩვენება, რომ პირველმოგზაურები სწორედ ჩინელები ყოფილიყვნენ.
თუკი ეს არგუმენტი მართებულია, მეორე საკითხი წამოიწევს წინა პლანზე - როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია ჩინეთიდან ევროპაში. ვიღაცას ხომ უნდა ჩაეტანა ევროპაში რუკების ასლები. თუ მართლაც ასე მოხდა, პასუხისმგებლობა არაბ მეზღვაურებს უნდა დაეკისროს. ისინი არაბული სამყაროდან ჩინეთამდე დაცურავდნენ და აზიიდან ვენეციაში ძირითადად სანელებლები ჩაჰქონდათ, ევროპიდან და აფრიკიდან კი აზიაში საქონელს ეზიდებოდნენ. სავსებით სარწმუნოა, თუ ამ ამბავს მათ მივაწერთ, რადგან არაბები ჩინურ ცოდნას ფართოდ იყენებდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ აღმოჩენებს ჩჟუ დისთვის არავითარი სარგებელი არ მოუტანია, პირიქით, უზარმაზარი ფლოტის შექმნა და აკრძალული ქალაქის აშენება ჩინეთის ეკონომიკას დიდ ტვირთად დააწვა. ხორბლეულის სიმცირემ მთელ იმპერიაში მცირე ამბოხებებიდან დიდ აჯანყებამდე მიიყვანა ზოგიერთი პროვინცია. როდესაც 1424 წელს ჩჟუ დი გარდაიცვალა, ახალი იმპერატორი და მისი მრჩევლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დამუხრუჭების დრო იყო. უამრავი ედიქტი გამოიცა, რომელიც ზღვისიქითა მგზავრობასა და ვაჭრობას კრძალავდა. გემთმშენებლობა შეწყდა, ასე რომ ჩჟენ ჰეს მოგზაურობებიც დასასრულს მიუახლოვდა. ჩინეთი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა.
კითხვა, ვინ მიაღწია პირველმა ამერიკას, მაინც პასუხგაუცემელი რჩება. ვინლანდის XV საუკუნის რუკაზე ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაპირია აღნიშნული. მას ლათინური ლეგენდა მოჰყვება ვინლანდის კუნძულზე, რომელიც ვიკინგებმა ბიარნიმ და ლეიფმა აღმოაჩინეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ამერიკის უძველესი რუკაა და აშკარად თანხვდება X საუკუნის ვიკინგი მკვლევრის, ლეიფ ერიქსონის ამერიკაში მოგზაურობას. პერგამენტი, რომელზეც რუკაა გამოსახული, აშკარად შუა საუკუნეებისაა და ის კოლუმბის მოგზაურობამდე, 1492 წლამდე უნდა იყოს შექმნილი, რაც 2002 წელს რადიონახშირბადული ანალიზით დათარიღებით დადასტურდა.
საკამათო მხოლოდ მელნის ასაკი რჩება, რომლითაც რუკაა შედგენილი. ზოგიერთი კვლევით დგინდება, რომ მელანი ისეთ ქიმიური კომბინაციითაა დამზადებული, რაც 1920 წლამდე უცნობი იყო. ამით რუკის ნამდვილობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. კალიფორნიაში დაბადებული ნორვეგიელი ისტორიკოსი კირსტენ სივერი ვინმე გერმანელ იოზეფ ფიშერზე მიგვითითებს, გამყალბებელზე, რომელიც შუა საუკუნეების ისტორიით იყო დაკავებული და იეზუიტადაც მსახურობდა. ეს შესაძლოა 30-იან წლებში ნაცისტების მიერ პროპაგანდირებული სკანდინავიის ისტორიისადმი პროტესტის ნიშნად ყოფილიყო გაკეთებული. ზოგს კი მიაჩნია, რომ იმავენაირი ნაერთის კვალი არაერთ ეჭვმიუტანელ შუა საუკუნის დოკუმენტშია ნაპოვნი და ეს უბრალო დამთხვევის ან გაყალბების ფაქტად არ უნდა მივიჩნიოთ. მელნის ასაკის დამდგენი რადიონახშირბადის ანალიზი ბევრ რამეს კი მიუჩენდა თავის ადგილს, მაგრამ როცა მცირე რაოდენობის მელანთან გვაქვს საქმე, თანამედროვე ტექნოლოგიასაც უძნელდება ნამდვილობის ასპროცენტიანი დადგენა.
ჩინელების მიერ ამერიკის აღმოჩენას ბევრი რამ ამტკიცებს, მაგრამ საკამათოც ბევრია. ასეა თუ ისე, ჩვენთვის ნაცნობ პირველაღმომჩენებამდე ბევრად ადრე დასახლდა ამ მიწებზე ხალხი. ვარაუდობენ, რომ მომთაბარე ტომები აზიიდან სახმელეთო ხიდით მოხვდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში ან ზღვით გადავიდნენ გამყინვარების პერიოდში.


This post has been edited by Sl1pKn0T on 11 Nov 2016, 16:43