არაერთმა სამინისტრომ თუ მასზე დაქვემდებარებულმა უწყებამ დანერგა სხვადახვა ელექტრონული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას და ამა თუ იმ ოპერაციის ინტერაქტიულად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შესრულების საშუალებას აძლევს. ეს კი ზოგავს როგორც დროით, ისე ფინანსურ და სხვა სახის რესურსებს.
ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი გრძელდება. მაღალი აქტიურობით იქმნება და ეშვება სხვადასხვა მომსახურებების ელექტრონულად მიღების ვებ-გვერდები. დღემდე აღნიშნული მომსახურებების რესურსები გაფანტულად, სხვადასხვა უწყებების ვებ-გვერდებზე იყო წარმოდგენილი, რაც ართულებდა მომხმარებლებისთვის მათი გამოყენების პროცესს.
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა უფრო უკეთ გააცნობიერონ ელექტრონული მომსახურებების უპირატესობები და აქტიურად გამოიყენონ სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის ელექტრონული ფორმა, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შექმნა ახალი ვებ-გვერდი.
ეს არის საქართველოს სამთავრობო უწყებების ელექტრონული მომსახურებების ვებ-გვერდი. აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ კატეგორიების მიხედვით დახარისხებული ის ნებისმიერი ელექტრონული მომსახურება, რომელთა გამოყენებაც ამჟამად არის შესაძლებელი. საიტი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი თუ სახელმწიფო მოხელე.
http://www.e-government.ge/