ZASTAVA1984
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 549
წევრი No.: 42158
რეგისტრ.: 18-September 07
|
#9700643 · 21 May 2008, 15:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაციონალური მოძრაობის 50 თვიანი პროგრამის ძირითადი მიმართულებები
ნაციონალური მოძრაობის 50 თვიანი პროგრამის ძირითადი მიმართულებები
ხალხის კარნახით, დავალებითა და ნებით, ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებელია ერისა და სამშობლოს წინაშე, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას.
მთელი სიმწვავით ვგრძნობთ თუ როგორ უჭირს ბევრს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია უმუშევარი და ჰაერივით სჭირდება სამსახური, სტაბილური შემოსავალი. ძალიან ბევრია ვინც უკანასკნელი ძალებით ებრძვის სიღარიბეს.
ამიტომ ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია დავასაქმოთ ხალხი და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები მთელს საქართველოში.
სამუშაო ადგილების შესაქმნელად დავიწყეთ იაფი კრედირტების გაცემა და ვაპირებთ კიდევ უფრო გავზარდოთ იაფი კრედიტის პროგრამა. ისე, რომ საქართველოს ყველა კუთხესა და ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში, ყოველი დაინტერესებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს იაფი კრედიტი დასაქმებისთვის, ბიზნესის დასაწყებად და გასავითარებლად.
სამუშაო ადგილების შესაქმნელად ჩვენი 50 თვიანი პროგრამა ითვალისწინებს გრანდიოზული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას:
· ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450-მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000 ადამიანი.
· ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე სამჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
· ავაშენებთ და გავსხნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს.
· ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე.
· პირველ ნაბიჯად 70 ლარამდე გავზარდეთ პენსია და ვაპირებთ, რომ მომავალ წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდეს.
· ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია: დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები.
· ჩვენი პროგრამით, ავამუშავებთ საშუალოდ 100 ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს.
· მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას.
· უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნა-თესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ სოფელს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედპუნქტი.
· საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ ოჯახში. შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო. ეს იქნება საქართველოს ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება.
· გავაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან სახელმწიფო აპარატსა და საუნივერსტეტო სისტემაში.
· გავამთლიანებთ სქართველოს.
საქმე ლაპარაკის ნაცვლად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მანიფესტი
ბოლო თვეებში ჩვენ მოვიარეთ საქართველოს ყველა რეგიონი, შევხვდით ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს სოფელსა და ქალაქში, მოვისმინეთ მათი გასაჭირი, გავიზიარეთ მათი ტკივილი, მივიღეთ მათი შეფასება. სწორედ ამ შეხვედრებმა გვაჩვენა გზა, რომელმაც საქართველო სიღარიბისაგან უნდა გაათავისუფლოს, გზა, რომლითაც უნდა განვითარდეს საქართველო. სწორედ ასე შეიქმნა ეს მანიფესტი - ბევრად უფრო დემოკრატიულად, ვიდრე საქართველოს ნებისმიერი სხვა პოლიტიკური დოკუმენტი. ეს მანიფესტი არის საქართველოს მოქალაქეთა სურვილების, აზრების, შეხედულებების ანალიზის შედეგი. ეს არის იმ საქმეთა ნუსხა, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ.
ვარდების რევოლუციიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე
როდესაც ჩვენ მოვედით საპარლამენტო უმრავლესობაში, დაგვხვდა ქვეყანა, რომლის საძირკველიც ბოლომდე იყო მოშლილი და ქვეყანა თავზე გვენგრეოდა. ჩვენ დავიწყეთ ამ საძირკველის გამაგრება, რადგან ჩვენი მოქალაქეები ვერ იცხოვრებდნენ ქვეყანაში, რომელშიც არ იყო დაცულობისა და უსაფრთხოების არანაირი გარანტია, ქვეყანაში, სადაც არ სუფევდა კანონის უზენაესობა; ქვეყანაში, რომელშიც არავის არ უნდოდა აეღო ინიციატივა საკუთარ თავზე, რომელშიც არ ფასდებოდა კეთილსინდისიერება; ქვეყანაში, სადაც ინგრეოდა ინფრასტრუქტურა და არ ვითარდებოდა ეკონომიკა; ჩვენი მოქალაქეები ვერ იცხოვრებდნენ ქვეყანაში, სადაც სუფევდა სიღარიბე და კანონმდებლობა ხელს უშლიდა ბიზნესის განვითარებას.
ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკეთეთ საქმე, გავატარეთ საჭირო, თუმცა, ზოგჯერ მტკივნეული რეფორმები, რათა შეგვეცვალა არსებული მდგომარეობა:
ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოვუცხადეთ ბრძოლა ”ქურდულ მენტალიტეტს” და დავამარცხეთ ორგანიზებული დანაშაული ; მნიშვნელოვნად შევამცირეთ ქუჩის დანაშაულებათა რიცხვი; დავშალეთ კორუმპირებული პოლიციური სისტემა და სანაცვლოდ შევქმენით პროფესიული საპატრულო პოლიცია, რომელიც ხალხის სამსახურშია; შევქმენით ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი – პროფესიული არმია; გავაღრმავეთ კავშირები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან და შევიძინეთ მრავალი ახალი მოკავშირე; აღვადგინეთ 24 საათიანი ელექტრომომარაგება; განვავითარეთ და გავაუმჯობესეთ საგზაო ინფრასტრუქტურა; ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყურადღება ექცევა აბიტურიენტის ცოდნას, და არა მისი ახლობლების პირად კავშირებს; შევამცირეთ კორუფცია; შევქმენით ხელსაყრელი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის; შემოვიმტკიცეთ აჭარა მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ დასაწყისია, გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი თანამემამულეა გაჭირვებული, უმუშევარი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია საკეთებელი ჩვენი ქვეყნის ასაყვავებლად, მისი უსაფრთხოებისა და ერთობისათვის.
ორმოცდაათი დღე - ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე
ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმები ვერ აისახა სწრაფად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ამან ბევრ ადამიანში გამოიწვია იმედგაცრუება. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მთავარი განაცხადი, მთავარი მოთხოვნა არის ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე.
სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას 50 დღიანი პროგრამის შემუშავება. პროგრამის მიზანი იყო, სწრაფად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, დაგვეწყო ენერგიული ნაბიჯების გადადგმა იმ მნიშვნელოვან გზაზე, რომელმაც სიღარიბისაგან თავისუფალ საქართველომდე უნდა მიგვიყვანოს.
რა გავაკეთეთ ჩვენ ორმოცდაათ დღეში:
აპრილში 635 000 პენსიონერს გაეზარდა პენსია 70 ლარამდე და გვაქვს პენსიების შემდეგი ზრდის პერსპექტიული გეგმა; 2-ჯერ გაიზარდა დევნილთა შემწეობა; ამოქმედდა პროგრამა ”ღირსეული დასაწყისი” - ყველა მშობიარე ხელმოკლე ოჯახიდან იღებს 1 000 ლარს; 12 000 ახლად დარეგისტრირებულ მეწარმეს მიეცა საშუალება ისარგებლოს იაფი საგადასახადო კრედიტით; სოფლად მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: ყველა რაიონმა მიიღო ტრაქტორი; დარიგდა 19 მილიონი ლიტრი საწვავი; 160 000 ჰექტარ მიწაზე სარწყავი არხების აღსადგენად იხარჯება 30 მილიონი ლარი; 1 200 სოფლის ექიმს უსასყიდლოდ გადაეცემა თანამედროვე სამედიცინო ხელსაწყოები და მოეწყობა მათი სამედიცინო კაბინეტები; იაფი კრედიტით დაიწყო აგროსაწარმოების შექმნა და გაფართოება; პირველად, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დაიწყო ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა; საფუძველი ჩაეყარა ფოთში ინდუსტრიული ზონისა და ახალი პორტის მშენებლობას; მივიღეთ ახალი საფინანსო კანონმდებლობა, რათა საქართველო გახდეს საერთაშორისო საფინანსო ცენტრი და უზრუნველყოფილი იქნას ეკონომიკის მდგრადობა. მაგრამ გასაკეთებელი ბევრად მეტია. 50 დღიანი პროგრამით დაწყებული საქმეები გაგრძელდება 50 თვიანი პროგრამით, რომელიც მოიცავს ბევრად მეტ საქმეს - საქმეს ლაპარაკის ნაცვლად.
50 თვე - საქმე ლაპარაკის ნაცვლად
დღეს ჩვენ მივმართავთ მთელ საქართველოს - ფსოუდან წითელ ხიდამდე, როკის გვირაბიდან ვალემდე, ახმეტიდან სარფამდე. დღეს ჩვენ მოგმართავთ თქვენ - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - პენსიონერს თუ სტუდენტს, დასაქმებულს თუ უმუშევარს, სოფლის თუ ქალაქის მოსახლეს: ჩვენ ვიწყებთ 50 თვიან პროგრამას და გვაქვს ზუსტი და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, გეგმა - გათვლილი საქმის კეთებაზე და არა ლაპარაკზე, გეგმა, რომელიც სიღარიბისაგან გაათავისუფლებს და გააერთიანებს საქართველოს 50 თვის განმავლობაში.
ამ პროგრამის ქვაკუთხედებია:
უსაფრთხოება ინიციატივა ერთობა საქართველო ვერ გათავისუფლდება სიღარიბისგან, თუ ადამიანები არ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ; საქართველო ვერ გათავისუფლდება სიღარიბისგან, თუ ხელს არ შევუწყობთ თითოეული ადამიანის ინიციატივას; საქართველო ვერ გათავისუფლდება სიღარიბისგან, თუ საზოგადოებაში არ იქნება ერთობა.
ამიტომ, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინიციატივის განვითარება და ერთობის მიღწევა.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება ჩვენი ყოველდღიური საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს, როგორც მთელი სახელმწიფოს, ისე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:
პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერებით, რომელიც საპატრულო პოლიციის შექმნით დაიწყო, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქუჩის დანაშაულთან და არ დავუშვებთ ქურდული მენტალიტეტის დაბრუნებას; მუდმივად ვიზრუნებთ ქართული ჯარის გაძლიერებაზე; გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა; გაეროს ფარგლებში შემუშავდება რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატი; დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს, და აფხაზებსა და ოსებთან ერთად განვაგრძობთ ერთიანი, სიღარიბისაგან თავისუფალი საქართველოს შენებას. ჩვენ დღეს მათ ვთავაზობთ: გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში; კულტურულ თვითმყოფადობას; პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიას. ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
ინიციატივა
ყველას შევუქმნით საშუალებას გამოიჩინოს ინიციატივა, თითოეულ ადამიანს მიეცემა საშუალება იმუშავოს, დაიწყოს ბიზნესი, დაძლიოს სიღარიბე საკუთარ ოჯახში, რადგან ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე იწყება თითოეული ოჯახის კეთილდღეობიდან. ასე ვაქცევთ ჩვენ რეალობად საქართველოს სიღარიბის გარეშე.
ინიციატივა ნიშნავს მეწარმეობის წახალისებას, განათლების განვითარებას, კანონმდებლობის დახვეწას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში.
ინიციატივის მხარდასაჭერად:
ჩამოვაყალიბებთ მდგრად ფინანსურ სისტემას და ამით გავაიაფებთ კრედიტს; იაფი კრედიტით ხელს შევუწყობთ რეგიონულ განვითარებას, რომ ახალი საწარმოები, ახალი სამუშაო ადგილები იქმნებოდეს მთელ საქართველოში, ყველაზე პატარა სოფელშიც კი; გავაგრძელებთ გადასახადების შემცირებას, რაც დასაქმებას, დაგროვებას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს: საშემოსავლო გადასახადს 25%-დან 15%-მდე შევამცირებთ და ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი; გავაუქმებთ გადასახადებს დივიდენდებსა და დეპოზიტებზე - საქართველოში შემოვა ახალი კაპიტალი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს; დაჩქარებული და დამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებითდა წესებით გავზრდით საქართველოს მიმზიდველობას ბიზნესის კეთებისათვის. საქართველოს გადავაქცევთ საერთაშორისო საფინანსო, სავაჭრო და სამრეწველო ცენტრად. შეიქმნება ათასობით ახალი ბიზნესი და შესაბამისად ათეულათასობით სამუშაო ადგილი საქართველოს ყველა რეგიონში; სრული სიმძლავრით ამოქმედდება ფოთის ინდუსტრიული ზონა, რაც ნიშნავს 35 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, დასავლეთ საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის აღორძინებას; დავიწყებთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნას აფხაზეთსა და ოსეთში; ყველა სკოლაში იქნება გათბობა, შუქი, ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი კომპიუტერებით და სხვა ინვენტარით; საუკეთესო მოსწავლეებს, საუკეთესო სტუდენტებს, შევუქმნით სწავლის საუკეთესო პირობებს. ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ - საქმე ლაპარაკის ნაცვლად, რაც გაზრდის ყოველი ჩვენგანის ინიციატივას, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს და რეალობად აქცევს ერთიან საქართველოს სიღარიბის გარეშე.
ერთობა
ჩვენი ძალაა ქრისტიანობაზე დამყარებული მრავალფეროვნება, ქვეყანა, სადაც მრავალი განსხვავებული წარმომავლობის, მრწამსის, შეხედულებების ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი საზოგადოების თავისუფალი და თანასწორუფლებიანი წევრი იქნება.
ჩვენ აღვადგენთ ერთიან ქვეყანას, ერთიან საზოგადოებას, გავაერთიანებთ სოფელს და ქალაქს, გაჭირვებულს და შეძლებულს, მოხუცს და ახალგაზრდას, წარსულს და აწმყოს.
ჩვენ გავაერთიანებთ მთავრობას და ხალხს, რათა მთავრობა ხალხს მოემსახურება პატიოსნად, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე.
ერთობის მისაღწევად:
გავატარებთ ღრმა საპენსიო რეფორმას, რაც საშუალებას მოგვცემს საპენსიო პაკეტი გახდეს 100 დოლარი; სოციალურ დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც დღეს მას უსამართლოდ ვერ იღებს. სახელმწიფო დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მაგრამ უფრო მეტად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მეტი დახმარება უფრო გაჭირვებულს - ასეთი იქნება ჩვენი სოციალური პოლიტიკა; ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებს ყველა ხელმოკლე ოჯახი, მასწავლებელი, პოლიციელი. სახელმწიფო დაზღვევა გავრცელდება მილიონ ორასი ათას ადამიანზე; მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2000 სოფელი; საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 1 მილიარდ ლარზე მეტი და ეს საშუალებას მოგვცემს, რომ შეიქმნას 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; გაგრძელდება სოფლის ექიმის პროგრამა. 1200-ზე მეტი კარგად აღჭურვილი, გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე; გავაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმსა და ღირსებაზე დამყარებული სისტემის შექმნას. ჩვენ არ დავუშვებთ, უკან დაბრუნდეს ის დრო, როდესაც საჯარო სამსახურში თანამშრომლების აყვანა ხდებოდა ნათესაობისა და მეგობრობის ნიშნით, როდესაც სამსახურში მოდიოდნენ ”ფულის გასაკეთებლად”; მუდმივად გვექნება დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - საქართველოს კეთილდღეობა, და ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო; გავაგრძელებთ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას: ეკლესიების განახლებაზე, ფოლკლორის დაცვაზე, მუზეუმების განვითარებაზე დავხარჯავთ 100 მილიონ ლარს; ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქართული ენის სწავლებას. სკოლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებისათვის, გაუმჯობესებისათვის დავხარჯავთ დამატებით 10 მილიონ ლარს; ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ - საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
ეს არის ჩვენი მანიფესტი, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, ეს არის გზა, რომლითაც ვივლით მომდევნო 50 თვის მანძილზე, ეს არის ჩვენი საქმე - საქართველოს სიღარიბისაგან გათავისუფლება.
საქართველო გაბრწყინდება!
--------------------
დადგმულია დადგმულია დადგმულია დადგმულია დადგმულია დადგმულია
|