[კონსტანტინე სტალინსკი]
- ”გაეთრიეთ აქედან. ეს საქართველო არ გეგონოთ” – ამ სიტყვებით ოპოზუციური ბლოკიდან წარდგენილ კომისიის წევრს მიმართეს არჩევნების დღეს. ეს საგარეჯოში, უფრო სწორად, მის ერთ სოფელში მოვისმინე. იყო ”კარუსელი”, იყო ჩხუბი, მუქარა, ერთ კაბინაში მყოფი რამდენიმე ამომრჩეველი, რომლებსაც უბნის თავმჯდომარე ხმამაღლა აძლევდა რჩევას: ბეშ!
”ბეშ” აზერბაიჯანულად ”ხუთს” ნიშნავს, ქართულად - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნომერს ბიულეტენებში, რომლებიც სამ, ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებში, მხოლოდ ქართულ ენაზე ურიგდებოდა ქართული ენის არმცოდნე ამომრჩევლებს.
ეხლა უკვე ვიცი, რომ სიტყვა ”ბეშ” ევროპულად ნიშნავს არჩევნებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან საქართველოში, ანუ, არაფერი აქვს საერთო ევროპასთან.
სოფელი ლამბალო (უბანი 36)
საარჩევნო უბანი №36 პოლიციის შენობაში ფუნქციონირებდა. დილით მისულ დამკვირველბლებს ამ უბნის კარები ჩამოხსნილი დახვდათ. კარების ადგილზე დაბრუნების მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა საჩივარს და №36 უბანზე არჩევნები მაინც დაწყებულად გამოაცხადა.
დილის 10 საათისთვის უბანს მოულოდნელად დიდი რაოდენობით ამომრჩევლები მოადგნენ. ხალხის მასის გაკონტროლება დამკვირვებლებისათვის შეუძლებელი გახდა. ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ.
კომისიის თავმჯდომარე ამას იმით ხსნიდა, რომ ”მის თანასოფლელმა აზერბაიჯანელებმა ქართული არ იცოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რას ეუბნებოდნენ ქართველი დამკვირვებლები”. იქვე მყოფი პოლიცია ყოველივე ამას შორიდან გულგრილად შესცქეროდა.
სწორედ აქ დაიწყო ალიაქოთი, რომლის დროსაც, ნახევარი საათის განმავლობაში, აგრესიულად განწყობილმა ეთნიკური აზერბაჯანელ ამომრჩეველთა ნაწილმა იერიში მიიტანა ოპერატორ ირაკლი გოგუაძეზე, რომელიც ამ კანონდარღვევებს აფიქსირებდა.
სოფელი ქეშალო (უბნები 34, 45, 46 და 47)
ორი სააჩევნო უბანი (45 და 46) ერთმანეთის გადაღმა მდებარეობს. დილას მისულ დამკვირვებლელებს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებიდან შემორჩენილი გახუნებული პლაკატები დახვდათ - გაღიმებული სააკაშვილის იერსახით და დიდი წითელი 5-იანით. ეს ხომ კანონის დარღვევაა?
ალბათ, ეს სოფელი იმით დამამახსოვრდება, რომ აქ ერთი საათის ინტერვალით ორი ოპერატორი სცემეს და ორივეს კამერები წაართვეს. ერთი მათგანი, რეჟისორი მალხაზ ვარშანიძე კამერის გარდა კასეტების, მობილური ტელეფონის და პირადი ნივთების, მათ შორის - ტანსაცმლის გარეშეც კი დარჩა.
- ”პოლიცია არ რეაგირებდა. ქართველი დამკვირვებლები უძლურები აღმოჩდნენ, მაგრამ ერთი კასეტის გადამალვა მაინც მოვასწარი”, - მითხრა მოგვიანებით მალხაზ ვარშანიძემ.
ამ უბნების მეორე ”მსხვრეპლი” ოპერატორი ირაკლი გოგუაძე აღმოჩნდა: ”არ ვიცი საიდან, რამოდენიმე ადამიანი დამესხა თავს. პოლიცია უბანზე არ შემოდიოდა. თავდამსხმელებს მარტო არ ვიგერიებდი. ვიღაც ახალგაზრდა მეხმარებოდა, მაგრამ მაინც მოგვერივნენ”.
ირაკლიმაც მოასწრო დღის პირველ ნახევარში დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი კადრების გადარჩენა. მისი კადრები თბილისში, სპორტის სასახლის წინ იმავე საღამოს გამართულ მიტინგზე, დიდ ეკრანზე ანახეს.
სოფელი ლამბალო (37, 38)
ყველაზე რთული სიტუაცია ამ უბნებზე სუფევდა. ორი საარჩევნო უბანი ერთი სკოლის ერთ დერეფანში - №37 და №38. ორი იმპროვიზირებული ”საარჩევნო უბანი” იმპროვიზირებული ტიხარით - სამი მერხით იყო გაყოფილი.
არჩევნების დაწყებისთანავე ეს გამყოფი მალევე გაირღვა - ამომრჩევლები ერთი უბნიდან მეორეზე მერხის გაწევით გადადიოდნენ და ერთ უბანზე რამოდენიმე ბიულეტენის ჩაყრის შემდეგ, იგივეს დერეფნის მეორე ბოლოში იმეორებდნენ.
უბანზე ერთდროულად 10-ზე მეტი ამომრჩეველი შემოდიოდა. ყოველი მათგანი ეხმარებოდა მეორეს შემოაეხაზა საკრალური რიცხვი ”ბეშ”. ზუსტად ამ სიტყვას ეუბნებოდა კომისიის ერთ-ერთი წევრი მამედოვი თავის თანასოფლელებს.
შედეგად, საარჩევნო კაბინებში ორი, ან ზოგჯერ სამი ადამიანი იყრიდა თავს. ”ბეშ, ბეშ...” ისმოდა კაბინებიდან.
- ”იქვე მყოფი დამკვირვებლები, ყოველგვარი სამკერდე ნიშნის გარეშე აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციებს უწევდნენ ამომრჩევლებს. ამ კონსულტაციას ერთი მიზანი ჰქონდა - თუ რა რიცხვი უნდა შემოეხაზათ...”, - გვიყვება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი კობა კუპატაძე.
გაურკვეველი იყო, საიდან ჩნდებოდა ამომრჩეველთა ხელში რამოდენიმე ბიულეტენი. როდესაც იქვე მყოფი დამკვირვებლები ეუბნებოდნენ, რომ რამოდენიმე ბიულეტენის ერთად ჩაყარა არ შეიძლება, პასუხად მხოლოდ აგრესიას იღებდნენ.
პირადად ჩემს თვალწინ ერთმა დარბაისელმა ქალმა ძლივს ჩატენა სქელი კონვერტი. მასში აშკარად რამდენიმე ბიულეტენი იდო.
დღის 10 საათისთვის, როდესაც №37 საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა კობა კუპატაძემ მორიგი დარღვევის - რამოდენიმე ბიულეტენის ერთად ჩაყრის მცდელობის აღკვეთა სცადა, კომისიის თამჯომარის მოადგილემ და უსაბუთო ”დამკვირვებელმა” იგი სამაგალითოდ სცემეს. ყოველგვარი სტატუსის მქონე პირებმა, რომლებიც მანამდე ”სადამკვირვებლო მისიით” აღმოჩდნენ უბანზე, მის სახეზე მიიტანეს იერიში.
ყოველივე ამას ვიდეოკამერაზე ვიღებდი, როდესაც ერთ-ერთმა დამრბევმა შემაჩნია და აზერბაიჯანული სიტყვებით (ალბათ მაგინებდა) ჩემსკენ გამოქანდა. მას სხვა აზერბაიჯანელი დამკვირვებლებიც და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც კი წამოეხმარნენ და გაერთიანებული ძალისხმევით ცდილობდნენ კამერა წაერთმიათ. მალე მიხვდნენ, რომ ეს იოლი არ იქნებოდა და მუშტები დამიშინეს. ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ჩემთვის სააკრედიტაციო ბარათი ჩამოეხია.
მას შემდეგ, რაც დერეფანში აღმოვჩნდი, პოლიციის პასიური როლი შევნიშნე. ისინი უბრალოდ გვითვალთვალებდნენ. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა, სახელად გიორგიმ გამიმხილა, რომ ”ზემოდან”, სპეციალური განკარგულების თანახმად, მათ ”ეკრძალებოდათ თათრების დაკავება, ან სხვა რაიმე სახის მოქმედება”.
ჩემთვის ცოტა უცნაური პოზიცია დააფიქსირა მოგვიანებით მოსულმა ეუთოს წარმომადგენელმა ინგე-მაი ლონგვისტმა, როდესაც საკუთარი თვალით იხილა არჩევნების მსველობის ანარქია: ”გირჩევთ, არაფერი არ გადაიღოთ, ვინაიდან თქვენი კამერა ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებს”.
გაოგნებული ვარ - ”ნუთუ, კანონით ”არჩევნების შესახებ” მინიჭებული უფლება - გადავიღო არჩევნები საქართველოს ნებისმიერ წერტილში - არაფერს ნიშვანავს?”. ეუთოს მისიის წარმომადგენლები ჩემს კითხვას ან ვერ იგებენ, ან - არ უნდათ პასუხის გაცემა და სხვა ”საკითხებზე” გადადიან.
სოფელი თულარი (48)
საარჩევნო უბანს №48 სოფლის მკვიდრნი ბაირამოვის სახლს უწოდებენ და ამტვერებული გზისკენ იშვერენ ხელს. ეს მართლაც სახლია, და ეს სახლი მართლაც ბაირამოვს ეკუთვნის. იცით, ვინ არის კომისიის თავმჯდომარე? - ა.ბაირამოვი, სახლის მფლობელი.
სახლისა და საარჩევნო უბნის მეპატრონე ბაირამოვი ქართულად ვერ ლაპარაკობს. უბანზე კი მარკირების სითხის სამი ფლაკონიდან ერთში წყალია ჩასხმული. ამას ვიდეო-კამერით ვაფიქსირებ, რაც ბაირამოვის და სხვა დამკვირველბელბის აგრესიას იწვევს.
ჩემი თანმხლები, 20 წლის გიორგი მაფრთხილებს, რომ ეს უბანი სასწრაფოდ უნდა დავტოვო, ვინაიდან სხვა უბნებზე ოპერატორებზე თავდასხმები ხორციელდება და შესაძლოა მათი ბედი მეც გავიზიარო.
ბოლოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დამკვირვებელი მარკირების სითხეს - წყალს, საქვეყნოდ ღვრის. ამ დროს საარჩევნო უბანთან ყვითელი მიკროავტობუსი მოდის. ის, სულ ათიოდე წუთის წინ, სხვა საარჩევნო უბანთან (№39)იდგა.
ავტობუსიდან გადმოსული ჭრელკაბიანი ქალები პირდაპირ 5-ით შემოხაზულ ბიულეტენებს იღებენ და ნომინალურად საარჩევნო კაბინებთან მოემართებიან - ორი-სამი ამომრჩეველი ერთ კაბინაში.
ვისაც წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი არ შეხვდა, კომისიის თამჯდომარის რეკომენდაციას იზიარებს და სიტყვა ”ბეშ”-ის (აზერბაიჯანულად - ხუთი) შემდეგ ”სწორ არჩევანს” აკეთებს.
დამკვირვებელი ნატა ორველაშვილი ვეღარ უმკლავდება ერთდროულად ამდენ დარღვევას. ამას ისიც ემატება, რომ კომისიის თამჯდომარე მას აზერბაიჯანულად რაღაცას უყვირის და ხელს მაგიდას ურტყავს - ჩვენი ყურადღება გადატანილია.
ამ დროს ვამჩნევ, რომ კომისიის წევრს მაგიდაზე ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკით გაწყობილი გაზეთი უდევს. ზედ დიდი ხუთიანი იქცევს ჩემს ყურადღებას და სანამ ამას ვიღებ, ბაირამოვი გაბრაზებული ხევს ნაკუწებად ”სააკაშვილის გაზეთს”.
გაქცევა ”საქართველოდან”
- ”ეს უბნები სასწრაფოდ უნდა დატოვო. ან, უნდა დაიმალო. დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ შენი ვინაობა და მოძრაობის მარშრუტი ადგილობრივმა კრიმინალებმა იციან. საფრთხეში ხარ”, - მირეკავს ბაქოელი ჟურნალისტი რომან ტემნიკოვი. ის და მარნეულის რაიონის დეპუტატობის კანდიდატის, აზერი სულეიმანოვის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი, ზაჰიდ მამედოვი ტოვებენ მარნეულს და ჩემს ”დასახსნელად” მოდიან.
- ”ეგ სოფლები კრიმინალური ისტორიებით არიან ცნობილნი. მანდ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი ვარ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ვერ ვბედავდი ჩასვლას”, - მიყვება ზაჰიდ მამედოვი.
”ნაც.მოძრაობის” მარნეული რაიონის კანიდიდატის მხარდამჭერის ჩამოსვლამდე იგივე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიგებ: ”აზერბაიჯანულ მოსახლეობას ღვინო დაურიგეს. საღამოსთვის ისინი საარჩევნო უბნებზე შტურმს გეგმავენ. საღამოს შეიძლება ”ვიღაცის” სისხლი დაიღვაროს”, - მირეკავს ნაცნობი ჟურნალისტი. ეს ვიღაც ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის ვინც დარღვევას დააფიქსირებს ან გადაიღებს.
პარალელურად, ვიგებ, რომ რამოდენიმე საარჩევნო უბანზე მუქარა თვით კომისიის წევრებისგან გაისმა. გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლები სამ სოფელს ტოვებენ - არჩევნები გაყალბებულია, დარღვევები სახეზეა, ხალხი ნაცემია და ეს ყველაფერი უკვე აღბეჭდილია გადარჩენილი ვიდეოფირების წყალობით.
- ”ალბათ, კიდევ უარესი მოხდება საღამოს. აქ ყოველთვის ასე ხდება. ამ რაიონს ვერავინ აკონტროლებს. ვერც ჩვენ”, - მაფრთხილებს გურჯაანის რაიონიდან საგანგებოდ გამოგზავნილი პოლიციელი.
ახლაღა ვხვდები, რატომ უყვიროდნენ გააფთრებული კომისიის წევრები დამკვირვებელს ”გაეთრიეთ აქედან! აქ საქართველო არ გეგონოთ”.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ №36, №37 და №48 საარჩევნო უბნებზე მყოფი დამკვირვებლები ბოლომდე ცდილობდნენ დაეცვათ ”დემოკრატიული არჩევნები”, რომლითაც ესოდენ ამაყობენ საქართველოში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=2409