#10306236 · 4 Jul 2008, 18:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მ ი მ ა რ თ ვ ა
ყველას:
• ვისთვისაც ღირებულია თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა! • ვისაც სურს ერთი კონკრეტული შენობის დაცვით წვლილის შეტანა დედაქალაქის გადარჩენაში! • ვისაც სურს მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს თბილისის ისტორიული იერი!
რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების კუთხეში (ლეონიძის #2) მიმდინარეობს ისტორიულად, არქიტექტურულად და ურბანულად მნიშვნელოვანი შენობის დემონტაჟი.
შენობის დანგრევის ნებართვა გაცემულია თბილისის მერიასთან არსებული ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ, რომლის თავმჯდომარეა ქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი. მშენებლობის დამფინანსებელია ბანკი “რესპუბლიკა”/სოსიეტე ჟენერალი და მისი მფლობელი ლაშა პაპაშვილი. (დამკვეთი: შპს “ბიზნესცენტრი თავისუფლების მოედანზე – ლეონიძის #2; დანიშნულება: მრავალფუნქციური საოფისე შენობა; ნებართვის გამცემი: ქ. თბილისის მერიის ურბანული საქალაქო სამსახური; ნებართვის # 6606-1-16.05.08; ვადები: 2008-2010; საპროექტო ორგანიზაცია: შპს “ლებო” (ლევან ბოკერია), სამშენებლო ორგანიზაცია - არქსტუდია)
შენობა აშენებულია 1830 წელს. იყო 2 სართულიანი; XIX საუკუნის ბოლოს გადაკეთდა და დაუშენდა მე-3-ე სართული. ბოლო გადაკეთება იყო XX საუკუნის დასაწყისში – 1903 წ. მას ჰქონდა ძეგლის ნიშნის მქონე შენობის სტატუსი, რაც ძეგლის სტატუსის მქონე იდენტური დაცვის მექანიზმს გულისხმობს. კულტურის მინისტრის გიორგი გაბაშვილის, 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით ლეონიძის # 2-ში მდებარე შენობა აღარ შეიტანეს ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობების ახალ ნუსხაში. ამავე ბრძანებით კიდევ მრავალ, ქალაქისათვის კულტურულად მნიშვნელოვან სხვა ნაგებობას მოეხსნა ზემოთხსენებული სტატუსი (მაგ: ე.წ. “იმელის”, “ზარია-ვოსტოკას” და სხვ. შენობებს)
ლეონიძის ქ. #2-ში მდებარე შენობაზე გამოკრულ საინფორმაციო აბრაზე მოცემულია ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, სადაც რამდენიმე უზუსტობაა:
• ახალი შენობის კომპიუტერული გამოსახულება, სადაც აშკარად შესამჩნევია უხეში მანიპულირება მომავალი შენობის რეალური მასშტაბების დასაფარად - ორი სართულის დაშენების შემდეგ სახლის სიმაღლე უცვლელადაა დატოვებული. • მითითებული ნებართვა (#6606-1; 16/05/2008) გაცემულია არსებული შენობის დემონტაჟზე და არა ახლის მშენებლობაზე.
თავდაპირველი პროექტით დასანგრევად გათვალისწინებული ისტორიული შენობის ადგილას უნდა აშენებულიყო 7-სართულიანი ბიზნეს-ცენტრი. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ინვესტორმა კომპრომისად მხოლოდ 4-სართულიანი ნაგებობის აგება დაასახელა.
21.02.08 ლაშა პაპაშვილმა შენობის დემონტაჟის თხოვნით მიმართა სარეკომენდაციო საბჭოს, რაზეც მას უარი ეთქვა. ინვესტორის განმეორებითი თხოვნა საბჭომ 13.03.08 სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა. ნებართვა გაიცა 16.05.08.
თუმცა, ვერც ინვესტორი და ვერც თავად სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, რომლებიც დაეთანხმნენ ლაშა პაპაშვილის თხოვნას (მამუკა ახვლედიანი, მანუჩარ მახათაძე, გოგი სულაბერიძე, ლევან შაბურიშვილი, გურამ თავაძე, გიორგი წულუკიძე, ნიკა ჩხაიძე) ვერ ან არ აცნობიერებენ იმას, რომ ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს სწორედ ისტორიული შენობის შენარჩუნებას.
ჩვენი აზრით, კვალიფიციური გამჭვირვალე ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდებოდა, რომ შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ ის არ საჭიროებს დემონტაჟს. მით უმეტეს, რომ ასეთი დადებითი მაგალითები დედაქალაქში არსებობს: თიბისი ბანკის სათაო ოფისის (მარჯანიშვილის ქუჩა) შენობის, საქართველოს ბანკის სათაო ოფისის შენობის (თავისუფლების მოედანზე) და ლესელიძის ქუჩაზე ყოფილი ქარვასლის შენობის რეაბილიტაცია.
მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ლეონიძის #2-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე გაცემული ნებართვის მოქმედება და ჩატარდეს, შენობის ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად, პროფესიული, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი ექსპერტიზა.
• ვისთვისაც ღირებულია თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა! • ვისაც სურს ერთი კონკრეტული შენობის დაცვით წვლილის შეტანა დედაქალაქის გადარჩენაში! • ვისაც სურს მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს თბილისის ისტორიული იერი!
- შემოუერთდით ჩვენს სამოქალაქო პროტესტს!
ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ შედეგს და არ დავუშვათ თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის განადგურება!
- “ტფილისის ჰამქარი” – ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება - სამოქალაქო ინიციატივა “არ დაანგრიო!”
|