თუ რუსული არმიის ტააქტიკაზე არსებობს თემა, მოდიტ ქართულზეც გავხსნათ!
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ რეგიონში წყნარად იგრძნოს თავი
[გიორგი თავდგირიძე - სამხედრო ანალიტიკური ცენტრი “ჰერი”]
ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ამოცანაა ომის პრევენცია. ომის პრევენცია არ ნიშნავს ე.წ. პრევენციულ დარტყმას, ან წერტილოვან დაბომბვებს და სხვა სამხედრო აქციებს. უბრალოდ იგულისხმება რომ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები თავისთავად უკვე არის შემაკავებელი ფაქტორი. რაც უფრო მნიშვნელოვანია სამხედრო პოტენციალი, რაც უფრო მაღალია შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ქვეყნისა (სახელმწიფოს, საზოგადოების) მზაობა ყველა საშუალებით დაიცვას თავისი სუვერენიტეტი ხელყოფისაგან, მით უფრო დაბალია პირდაპირი სამხედრო აგრესიის ალბათობა.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვანი ტაქტიკური და ოპერატიული უპირატესობა მოიპოვა სამხედრო თვალსაზრისით, დაზარალდა საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც მატერიალურად ასევე მორალურად. ამ ეტაპზე საქართველოს სამხედრო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რესტრუქტურიზაცია და რეფორმირება, აგრეთვე ქვეყნის მომზადება თავდაცვითი ომისათვის. ერთია – სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვირეცხოდ აგვისტოს სირცხვილი, გავდევნოთ აგრესორი და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და მეორე – რეალობის განცდა და გონიერება მოქმედებებში.
ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას სჭირდება დრო. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ დროის სწორ აღქმას. დაუყოვნებლივ, ახლავე, სწრაფად და ჩქარა ძალიან პირობითი ცნებებია და ჩვენი მოქმედების დასაგეგმად არ გამოგვადგება. შევთანხმდეთ რომ ჩვენი “დამოკლეს მახვილის” - რუსეთის პრობლემის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება.
რაკი დროის ფაქტორი აღვნიშნეთ აქვე ისიც ვთქვათ რომ რაიმე ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა ვერ მიგვაახლოებს პრობლემის მოგვარებასთან თუ ის გარკვეულ მიზანს არ ემსახურება და მიღწეული შედეგი ხელს არ უწყობს მომდევნო ქმედებისას მიზნის მიღწევას. მივიღეთ ლოგიკური დასკვნა – პრობლემის მოსაგვარებლად გვჭირდება დროში გაწერილი თანმიმდევრული და კორდინირებული მოქმედებების გეგმა. თავისთავად ეს ბანალური ჭეშმარიტება არც გენიალური მიგნებაა და არც პანაცეა, მაგრამ თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს ჩვენმა პოლიტიკოსებმა ეს არ იციან, არც უნდათ გაიგონ და არც რაიმე ნიშანი სჩანს რომ ოდესმე ისინი საკითხების გადაჭრისას მეთოდური მიდგომას გამოავლენენ.
სამხედროები ხუმრობენ: არ იცით – გასწავლით, არ გინდათ – გაიძულებთ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ პოლიტიკოსები იმოქმედონ მეთოდურად და ყველა პრობლემის მიმართებაში პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშაონ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გეგმა არ არის, არც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა გეგმა, ეს სურვილებია, უკიდურესს შემთხვევაში – ზოგადი მიზნები. დიალოგი რუსებთან, იქნებ ეს არის გეგმა ან გეგმის შემადგენელი ნაწილი? არა, რა თქმა უნდა არა. ეს უარეს შემთხვევაში დროის ფუჭი ხარჯვაა, უკეთეს შემთხვევაში კი... უკეთესს შემთხვევაშიც უსარგებლო აქტივობაა. ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან თვალში ნაცრის ყრა რომ არ გაგრძელდეს სამოქმედო გეგმის ერთ ვარიანტზე ვისაუბროთ.
ოკუპირებული ტერიტორიების შენახვა შენარჩუნება საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ძვირია როგორც ფინანსური თვალსაზრისით ასევა მორალური და საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით. რუსეთი ფულს ხარჯავს: სამხედრო კონტიგენტის შენახვაში და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; საზღვრის დაცვის ღონისძიებებში; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივ მართველ ორგანოების შენახვაში; აფხაზურ, ოსურ და სხვა გასამხედროებულ შენაერთების შენახვასა და კონტროლში; ადგილობრივ ეკონომიკის დოტაციაში და სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში. ამასთანავე, სამხედრო ხარჯები გაცილებით დიდია ვიდრე მხოლოდ იმ კონტიგენტის შენახვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული.
თავისთავად, ამ კონტიგენტის რიცხოვნობა შეზღუდულია და ისინი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოახერხებენ წინააღმდეგობა გაუწიონ ქართულ არმიას. შესაბამისად, მათ მხარდაჭერისთვის კავკასიის გადაღმა საჭიროა მძლავრი საექსპედიციო კონტიგენტის ყოლა და შესაძლებლობების განვითარება მათი სწრაფი გადმოსროლისათვის. ფინანსური დანხარჯების ზრდა რუსეთის სუსტი წერტილია და ქართული მხარისთვის კი, რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი. ფინანსური დანახარჯების ზრდის შემთხვევაში ადრე თუ გვიან დადგება კრიტიკულ მომენტი როდესაც ეჭქვეშ დადგება ხარჯისა და მიღებული შედეგების ადეკვატურობა და გონივრულობა. გამოიკვეთა ბერკეტიც და ჩვენი ძალისხმევის ვექტორიც.
უნდა ვიმოქმედოთ ისე რომ რუსეთის ხარჯები ოკუპირებულ ტერიტორიების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ზრდის ტენდეცია მუდმივად შენარჩუნდეს. ამიტომ, ქართულმა პოლიტიკამ უარი უნდა თქვას რევერანსებზე და დიალოგის მცდელობებზე. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ რეგიონში წყნარად იგრძნოს თავი, ჩაგვითრიოს ხანგრძლივ და უშედეგო მოლაპარაკებებში, ცალკეულ უმნიშვნელო დათმობების ხარჯზე შეგვიქმნას ილუზია რომ სწორი გზით მივდივართ და წრეზე გვატაროს. უნდა ავიღოთ ინიციატივა და რუსეთი რეაგირების რეჟიმში ჩავაყენოთ, როდესაც საპასუხო ქმედებებისას მას მეტი და მეტი ფინანსების დახარჯვა მოუწევს. როგორ მივაღწიოთ ამას?
პირველ რიგში სამხედრო პოტენციალის ზრდით. ჩვენ უნდა განვავითაროთ შეიარაღებული ძალები, რომ თეორიულად მას შეეძლოს 24-48 საათში, ერთდროულად ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტების და რაიონების დაკავება. ხოლო შემდგომი 48 საათის განმავლობაში სწრაფი მობილიზაციის განხორციელება. აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ოპერაციის პირველი ფაზა, შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხორციელდება მოსამზადებელი პერიოდის გარეშე, ხოლო მეორე ფაზა, კადრირებული ქვედანაყოფების გაშლა, სამობილიზაციო გეგმის მიხედვით ოპერაციის დაწყებიდან 96 საათში უნდა დასრულდეს.
ამოცანა ნათელია – შეიარაღებული ძალები ისე უნდა იყოს კონფიგურირებული და განთავსებული, რომ პირველი კონტაქტი მტრისთვის მოულოდნელი უნდა იყოს. ამისათვის უნდა შედგეს ოპერაციის გეგმის “მოდელირებული ვარიანტი”, გეგმა გამოაჩენს რა გვჭირდება (მაგალითად – სანტრანსპორტო ვერტმფრენები, თვითმავალი არტილერია, გადასატანი ჰაერსაწინაღმდეგო საზენიტო საშუალებები და ა.შ. რამდენი და როდის). ანუ, ჩვენი მოქმედება არ უნდა იყოს მიბმული იმაზე, თუ რა გვაქვს და არსებული საშუალებებით რისი მიღწევა შეგვიძლია, არამედ რის გაკეთებას ვაპირებთ და ამისთვის რა უნდა შევიძინოთ. გასაგები მიზეზების გამო თუნდაც მოდელირებულ გეგმის ვარიანტს არ შემოგთავაზებთ, მხოლოდ ვიტყვი რომ ასეთი ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება შესაძლებელია.
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დასავლურ საინფორმაციო სივრცეში ეს უნდა იყოს ახსნილი როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებები, უნდა დასაბუთდეს და დამკვიდრდეს აზრი, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, რუსეთის გენერალიტეტისთვის საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდა იქნება გამოწვევა და ვალდებულება გადადგან ადეკვატური ნაბიჯები, ისინი მუდმივად “დაბომბავენ” პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით.
ყოველწლიური სამხედრო მანევრები, ტაქტიკური სწავლებები და სამეთაურო-საშტაბო ვარჯიშები უნდა ტარდებოდეს “სამხედრო ლეგენდით”, რომ საქართველოს შეიარაღებულო ძალებმა აღკვეთეს რუსეთის ქვედანაყოფების მცდელობა გაეფართოებინათ ოკუპაციის არეალი, გადავიდნენ შეტევაზე და განდევნეს ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამავე დროს, ხმარებიდან უნდა ამოვიდეს ტერმინები “აფხაზური” ან “სამხრეთ ოსური” პრობლემა, საქართველოს აღარ აქვს სეპარატისტული პრობლემა, ქართველებს არა აქვთ პრომლემები აფხაზებთან და ოსებთან, საქართველოს აქვს ოკუპაციის პრობლემა, ხოლო მოწინააღმდეგეს ჰქვია რუსეთი.
მოკლედ, უახლოეს წლების განმავლობაში ვიქნებით ცივი ომის რეჟიმში, როდესაც წინა წერილში მოყვანილი ფინანსების ფარგლებში საქართველო განავითარებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს ხოლო რუსეთი იძულებული იქნება ყოველ დახარჯულ ლარზე გვიპასუხოს მილიონობით რუბლით (ანალიტიკური ჯგუფი “ჰერი” შეეცდება დეტალურად გამოიკვლიოს ფინსური პროპორციები და საზოგადოებას რუსეთის დანახარჯების დოკუმენტალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს.). „ცივი ომის” ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სწორმა და თანმიმდევრულმა საინფორმაციო პოლიტიკამ.
ამ კონტექსტში სახელმწიფო პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტი ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ბედზე ზრუნვა უნდა გახდეს, და არა იმიტომ, რომ პატარა ერების უთანასწორ ბრძოლა გადარჩენისთვის ჩვენი ინტერესებისთვის გამოვიყენოთ. ასეთი მიდგომა ამორალურიც იქნება და უსამართლოც. ამ რეგიონში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე. ასე რომ, ჩვენი ბუნებრივი ინტერესის სფეროა ჩრდილოეთ კავკასია და ვერავინ აგვიკრძალავს მათთან კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, მათ მორალურ მხარდაჭერას და მათი ბრძოლის საინფორმაციო უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, უნდა დაიგმოს ტერორიზმი და არ უნდა წახალისდეს შეიარაღებული დაპირისპირებები, მაგრამ ქართული პოლიტიკა მზად უნდა იყოს ამ ერების უფლებების დასაცავად, საერთაშორისო არენაზე მათი გულწრფელი ქომაგები უნდა ვიყოთ.
ევროპულ უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა. ასე რომ, ევროპა საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს “წუწუნის” რეჟიმიდან, საჭიროა მუდმივი ინიციატივები და რაციონალური წინადადებები რეგიონში ვითარების განმუხტვისათვის. რუსეთის ყოველი უარი არის და იქნება საინფორმაციო ომის წარმატების გარანტია, საფუძველი და გამართლება იმისა, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან ექნება ლეგიტიმური უფლება – გამოიყენოს შეიარაღებული ძალები პრობლემის მოსაგვარებლად.
აქვე ვთქვათ, რომ ინიციატივები უნდა იყოს დასრულებული პროექტების სახით, რომელშიც იქნება ორი მთავარი ფიგურანტი – ოკუპანტი რუსეთი და ოკუპირებული საქართველო. საქართველომ თავისუფლად შეუძლია დადოს პირობა, რომ აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ არ გამოიყენებს ძალას, მაგრამ ამ რეგიონებში მყოფი რუსების წინააღმდეგ, “გარდაუვალი აუცილებლობის” შემთხვევაში, შეიძლება იძულებული გახდეს სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენმა პოლიტიკამ უნდა გამიჯნოს ოკუპაციის პრობლემა სეპარატიზმისაგან (თუმცა, ოკუპაციის პირობებში სეპარატიზმზე საუბარი სასაცილოც კია), მოთხოვნების ლოგიკური ჯაჭვი უნდა აიგოს პრინციპზე „უპირობო დეოკუპაცია, შემდგომ დეოკუპირებული რეგიონების პრობლემების შესწავლა და მოგვარება“.
დასკვნა: საქართველო, თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იძულებული იქნება რუსეთთან ცივი ომის რეჟიმში განავითაროს თავდაცვის სისტემა და სამხედრო პოტენციალი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო იფუნქციონირებს შეზღუდული სუვერენიტეტის, ეკონომიკური კრიზისისა და არასტაბილურობის პირობებში.
http://www.internet.ge/index.php?action=ne...ry=3&news=74049