ეს I კურსის მასალიდანაა.შეიძლება ფსიქოლოგებისთვის ნაკლებად საინტერესო იყოს ,მაგრამ დანარჩენებისთვის .....
მორჩილებაპიროვნული თავისებურებებისა და სოციალური მახასიათებლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზნით, მილგრემმა ჩაატარა ლაბორატორიული ექსპერიმენტების მთელი სერია – ავტორიტეტისადმი დამორჩილების 19 ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელშიც 1000-ზე მეტი ცდის პირი მონაწილეობდა. მილგრემის პირველი ექსპერიმენტები იელის უნივერსიტეტში ტარდებოდა ნიუ ჰეივენსა და მის გარეუბნებში მცხოვრებ მამაკაცებზე, რომლეთაც ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის ანაზღაურება ეძლეოდათ. მოგვიანებით მან დამორჩილების კვლევის ლაბორატორია უნივერსიტეტიდან ბრიჯპორტში გადაიტანა, კონექტიკუტის შტატში, სადაც საგაზეთო განცხადებების საშუალებით აგროვებდა ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველებს, მოსახლეობის ყველა ფენის, ორივე სქესის, ასაკით, საქმიანობითა და განათლების დონით განსხვავებულ ადამიანებს.
მილგრემის ძირითადი ექსპერიმენტული პარადიგმა ის იყო, რომ ცდის პირები ჩართულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც - როგორც ამაში თვით ცდის პირები იყვნენ დარწმუნებულები – ითვალისწინებდა სხვა ადამიანზე სხვადასხვა დიაპაზონის ელექტროშოკით ზემოქმედებას. ეს, ნებაყოფლობით შერჩეული ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მონაწილეობდა მეხსიერებისა და დასწავლის პროცესის მეცნიერულ კვლევაში. ისინი დაარწმუნეს, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს სასჯელი მეხსიერებაზე და როგორ გაუმჯობესდებოდა დასწავლის პროცესი შექებისა და დასჯის სათანადო ბალანსის გამოყენებით. ცდის პირებს, რომელთააც მასწავლებლის სოციალური როლი მიენიჭათ, დაშვებული შეცდომებისათვის უნდა დაესაჯათ ისინი, რომელთაც მოსწავლის როლი ჰქონდათ დაკისრებული. მათ განემარტათ ძირითადი წესი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და რომლის მიხედვით ყოველი შეცდომის შემდეგ ელექტროშოკი უნდა გაეძლიერებინათ, ვიდრე არ მიაღწევდნენ დასასწავლი მასალის უშეცდომოდ გადმოცემას. თეთრ ხალათში გამოწყობილი ექსპერიმენტატორი სრული კანონიერი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მსგავსად მოქმედებდა; ის ცდის პირებს აცნობდა წესებს, აწესრიგებდა როლების განაწილებას (მთელი სერიოზულობით ატარებდა კენჭისყრებს) და მასწავლებლებს მითითებებს აძლევდა, რომ კარგად შეესრულებინათ დაკისრებული დავალება, როგორც კი მათ ყოყმანს ან განსხვავებული აზრის გამოვლენის მცდელობას ამჩნევდა. დამოკიდებული ცვლადის, ელექტროშოკის მაქსიმალური მაჩვენებელი აპარატზე 450 ვოლტი იყო, რომლის მიღწევაც მცირე, 1.5 ვოლტიანი ბიჯებით ხდებოდა და რომელსაც მასწავლებელი მოსწავლის ყოველი შეცდომის საპასუხოდ უმატებდა, ვიდრე ის არ შეწყვეტდა „ავტორიტეტის“ (ე.ი. ექსპერიმენტატორის მიმართ) დამორჩილებას და უარს არ იტყოდა დავალების შესრულებაზე.
ცდის სიტუაცია
ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ცდის პირი იძულებული იყო დაეჯერებინა, რომ იგი – ასრულებდა რა ბრძანებებს – ტკივილს აყენებდა, სტანჯავდა და, შესაძლოა, მოეკლა კიდეც უდანაშაულო ადამიანი. თითოეულ მასწავლებელს, სანიმუშოდ, მიაყენეს 45 ვოლტის ძაბვის ელექტროდარტყმა, რათა მას წარმოდგენა ჰქონოდა, თუ რა ინტენსიობის ტკივილს იწვევდა იგი. მოსწავლე მშვიდი, სასიამოვნო გარეგნობის, გაწონასწორებული მანერების მქონე, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელიც, სხვათა შორის, ამბობდა, რომ გული აწუხებს, მაგრამ ფულის გამო მზად არის გაიაროს ეს პროცედურა. მას გვერდით ოთახში აბამდნენ „ელექტროსკამზე“ და მასწავლებელთან ურთიერთობდა შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით. მოსწავლეს ევალებოდა დაწყვილებული სიტყვების დამახსოვრება და წყვილიდან ერთ-ერთი სიტყვის დასახელება, როგორც კი გაიგებდა ამ წყვილის მეორე სიტყვას. მოსწავლემ, წინასწარდადგენილი განრიგის შესაბამისად, მალევე დაიწყო შეცდომების დაშვება და მასწავლებელმაც არ დააყოვნა ელექტროშოკის გამოყენება. მსხვერპლის პროტესტი იზრდებოდა ელექტროშოკის ვოლტაჟის მატებასთან ერთად. 75 ვოლტზე მან ჩივილი და ბუზღუნი დაიწყო. 150-ზე ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და განთავისუფლება მოითხოვა. 180 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ ვეღარ გაუძლებს ამ ტკივილს. 300 ვოლტზე გაჰყვიროდა, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია და განთავისუფლებას ითხოვდა, ბოლოს ტირილით ლაპარაკობდა თავის ავადმყოფ გულზე და კიოდა. თუ მასწავლებელი ყოყმანობდა, ან უარს აცხადებდა უფრო მაღალი ელექტროშოკის მიყენებაზე, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა – „ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ თქვენ გააგრძელოთ“ ან „თქვენ არ გაქვთ არჩევანი, უნდა გააგრძელოთ“.
როგორც უკვე ხვდებით, სიტუაცია ცდის პირებისათვის ძალზე სტრესული იყო. უმეტესობა პროტესტს გამოთქვამდა და განუწყვეტლივ აღნიშნავდნენ, რომ მათ ამის გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ის, რომ ექსპერიმენტში შექმნილმა სიტუაციამ ცდის პირებში ძლიერი პროტესტი გამოიწვია, ნათლად ჩანს ექსპერიმენტის ანგარიშებიდანაც:
• 180-ვოლტიანი შოკის შემდეგ: _ „ამდენს ვერ გაუძლებს! მე არ ვაპირებ ამ კაცის მოკვლას. გესმით, ყვირის? ის ვერ გაუძლებს ამას. რამე რომ დაემართოს? . . . ამ კაცს რაიმე რომ დაემართოს, ვინ / აგებს პასუხს?“ (ექსპერიმენტატორი თანხმდება პასუხისმგებლობის აღებაზე) – „მაშ, კარგი“.
• 195-ვოლტიანი შოკის შემდეგ: _ „ხომ გესმით როგორ ყვირის? მაგარია რა, არ ვიცი“ (ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ აუცილებელია გაგრძელება) „დიახ, მე ვიცი, სერ, მაგრამ ვფიქრობ, ეგ აზრზე არ არის, რაში გაება. უკვე 195 ვოლტია“ (მილგრემი, 1965. გვ.67).
მაშინაც კი, როდესაც მოსწავლის ოთახში სიჩუმე ისადგურებდა, მასწავლებელი ბრძანებებს იძლეოდა, უფრო მოემატებინათ ელექტროშოკის ვოლტაჟი და დაეჭირათ თითი ღილაკზე, რომელსაც ეწერა: _ „სახიფათოა. ძლიერი შოკი XXX (450 ვოლტი)“.
ელექტროშოკი: კი თუ არა?ექსპერიმენტის დაწყებამდე მილგრემმა 40 ფსიქიატრს თხოვნით მიმართა, რათა ეწინასწარმეტყველათ ცდის პირთა ქცევა ექსპერიმენტის განმავლობაში. მათ (ექსპერიმენტის აღწერაზე დაყრდნობით) იწინასწარმეტყველეს, რომ
1)ცდის პირების უმრავლესობა არ აცდებოდა 150 ვოლტს,
2)4%-ზე ნაკლები მორჩილებას გამოხატავდა 300 ვოლტამდე და
3)მხოლოდ 0.1% გააგრძელებდა ზემოქმედებას 450 ვოლტამდე.
პროგნოზირებისას ფსიქიატრები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომ სრულ მორჩილებას გამოავლენდნენ და მაქსიმალურ ელექტროშოკს გამოიყენებდნენ მხოლოდ გარკვეული მახასიათებლებით არანორმალური, სადისტი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვებისთვის ტკივილის მიყენება.
ფსიქიატრებს მხედველობიდან გამორჩათ სიტუაციის ის განსაკუთრებული ძალა, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა ცდის პირთა უმრავლესობის აზროვნებასა და ქცევებზე, ვინაიდან ისინი „ამოგლეჯილნი“ იქნენ მათთვის ჩვეული სიტუაციიდან. ღირსშესანიშნავი და შემაშფოთებელი დასკვნა კი გახლავთ ის, რომ ეს ექსპერტები შეცდნენ:
ცდის პირთა უმრავლესობა სრულად დაემორჩილა ავტორიტეტს. არც ერთი ცდის პირი არ შეჩერებულა 300 ვოლტზე ნაკლებ ძაბვაზე. მოსწავლეების მიმართ 65%-მა გამოიყენა მაქსიმალური ელექტროშოკი – 450 ვოლტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მათი უმრავლესობა სიტყვიერად აცხადებდა წინააღმდეგობას, მაგრამ ქცევით ემორჩილებოდა ავტორიტეტს. მსხვერპლის თვალსაზრისით, ეს კრიტიკული სხვაობაა. მართლაც, თქვენ რომ ყოფილიყავით მსხვერპლის ადგილზე, რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა იმას, რომ ადამიანს არ უნდოდა თქვენთვის ტკივილის მოყენება და სიტყვიერად ეწინააღმდეგებოდა ბრძანებას, თუკი ის, ბოლოს და ბოლოს, დაემორჩილებოდა ბრძანებას და მოგაყენებდათ ელექტროშოკის განმეორებად დარტყმებს?
მილგრემის ექსპერიმენტის შედეგები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მკვლევრებს დიდი შრომა დასჭირდათ, რათა გამოერიცხათ მათი ალტერნატიული ინტერპრეტაციის შესაძლებლობები.
ცდის პირების ქცევის კიდევ ერთ ალტერნატიულ ახსნას წარმოადგენს ის, რომ ექსპერიმენტის შედეგებზე გავლენა მოახდინა მისი პირობების მოთხოვნითმა მახასიათებლებმა .ეს მოთხოვნითი მახასიათებლები არის ექსპერიმენტული სიტუაციის მანიშნებლები, რომლებიც ზემოქმედებდნენ ცდის პირებზე და ანიშნებდნენ, თუ რას ელიან მათგან. დავუშვათ, მილგრემის ცდის პირები მიხვდნენ, რომ მისი ექსპერიმენტის შედეგები ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ელექტროშოკით ზემოქმედებას და ამიტომაც, აგრძელებდნენ თამაშს. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავტორიტეტისადმი დამორჩილება სულაც არ განიცდის უჩვეულო ექსპერიმენტული პირობების გავლენას. ის, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
------------------------
პ.ს. ეს გვერდი მე გავწელე თუ ასე იყო?
This post has been edited by Qaloba on 8 Dec 2008, 20:11