სვანაძის წარმატებული დებიუტი
საქართველო 2:0 რუმინეთი
საქართველო: მაკარიძე, გეთიაშვილი, კაკუბავა (46 სარაჯიშვილი), ტეტუნაშვილი, სალარიძე, ხურციძე (89 ბუკია), თარხნიშვილი, შონია (85 საცერაძე), იჩქიტი (46 კვეკვესკირი), როსტიაშვილი (80 ნემსაძე), ფილია (46 ხოკერაშვილი).
მწვრთნელი: ზ. სვანაძე
რუმინეთი: ფრაკაში, სავინი, მუტი, რაპა (46 მირონი), კუკუ (35 ბარბოლოვიკუ), პოპესკუ (89 სანაუ), ალექსე (89 იონესკუ), მანუ, ალიბეკი, მატეი, სტეფოი.
მწვრთნელი: ა.ვასაი
გოლები: 1:0 ხურციძე (40), 2:0 ხოკერაშვილი (54).
გაფრთხილება: შონია (55), როსტიაშვილი (57), ალექსე (82).
არბიტრი: მ. მაისურაძე
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაურ სვანაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ამას, მხოლოდ განვლილ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში კი არ მოწმობს, არამედ თავად გუნდის თამაში, რომელმაც მეტოქეს პირწმინდად აჯობა. მასპინძლებმა განსაკუთრებით დიდი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს და შექმნილი მომენტები სათანადოდ რომ გამოეყენებინათ, გაცილებით დიდი სხვაობით უნდა მოეგოთ.
პირველ ტაიმში, ვიდრე ქართველები ანგარიშს გახსნიდნენ, მოწინააღმდეგეებმა თითო საგოლე მომენტი გაცვალეს – მე-18 წუთზე ალიბეკის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია, ხოლო 10 წუთის შემდეგ, როსტიაშვილმა რუმინელთა საჯარიმოს მისადგომებიდან მიზანს მცირედით ააცილა.
მე-40 წუთზე, მასპინძლებმა ბურთი თამაშში აუტიდან შეიტანეს და პარტნიორებმა მოწინააღმდეგის კართან დასარტყმელ პოზიციაზე ხურციძე გაიყვანეს, რომელმაც მიცემული შანსი გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, სვანაძემ მოედანზე სარაჯიშვილი და ხოკერაშვილი შეიყვანა, რომელთა გათამაშებულ კომბინაციას გოლი მოჰყვა. პირველმა მათგანმა, ერთი გადაცემით, რუმინელთა დაცვის ხაზი “მოჭრა” და ფარკაშთან პირისპირ გაიყვანა ხოკერაშვილი, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა.
ამის შემდეგ, თამაში ფაქტობრივად რუმინელთა ნახევარზე მიმდინარეობდა და საკუთარი შეგირდების გააქტიურება ვერც ვასაიმ შეძლო, რომელმაც ამისთვის ენერგია არ დაიშურა.
56-ე წუთზე, თარხნიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მოწინააღმდეგის კარის შორეულ ძელთან სარაჯიშვილმა ბურთს ვერ მიუსწრო. 63-ე წუთზე, ხურციძემ მეტოქის მცველს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა, შემდეგ გზად კიდევ ერთი რუმინელი ჩამოიტოვა და სტუმართა საჯარიმოში შესულმა არაზუსტად დაარტყა.
ორი წუთის შემდეგ, შონიას, კარი ფარკაშმა არ დაანება, ხოლო როსტიაშვილმა დამატებაზე ხეირიანად ვერ ითამაშა.
83-ე წუთზე, შონია სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მის მიერ დარტყმული ბურთი რუმინელების გოლკიპერმა უკუაგდო, ხოლო იმავე შონიამ, გოლის გატანა ვერც მეორე ჯერზე შეძლო.
86-ე წუთზე, ნემსაძემ მახვილგონივრული გადაცემით ხოკერაშვილი ფარკაშთან ერთიერთზე გაიყვანა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ვლახების კარის დარაჯს ორი ცდით ვერ აჯობა.
მატჩის ძირითადი დროისთვის დამატებულ წუთებში, ნემსაძე ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
განვლილ შეხვედრაში, ეს ბოლო სახიფათო მომენტი აღმოჩნდა და მალხაზ მაისურაძემ, რომელიც კარიერაში ბოლო მატჩს მსაჯობდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო მატჩი ქართველ და რუმინელ 19-წლამდელებს შორის 26 ივლისს, გორში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=10240