ბესიკ ლიპარტელიანი: “გუნდში არნახული ერთსულოვნებაა”
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბესიკ ლიპარტელიანი, დღეს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს ნაკრების მიერ გამართული ორი მატჩის შესახებ ისაუბრა.
ლიპარტელიანი თბილისში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა და დღეს კვლავ მიემგზავრება, რათა 13 სექტემბერს, სლოვაკეთში გასამართ მეტად მნიშვნელოვან თამაშს პირადად ადევნოს თვალი.
მისი თქმით, გუნდში არნახული ერთსულოვნებაა, რაც, უპირველესად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის დამსახურებაა. “ირლანდიასთან თამაშში, გუნდმა ყველანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა გადალახა, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, წელს, საშინაო არენაზე ვერ ვითამაშეთ და ბიჭები, ფაქტიურად, ტურისტებივით ცხოვრობენ – თამაშიდან თამაშამდე, თითქმის სულ გზაში არიან,” – აღნიშნა ლიპარტელიანმა. “ხვალ, ძალიან რთული თამაში გველის და მოგება აუცილებლად გვჭირდება, რისი დიდი იმედიც გვაქვს, ვინაიდან, გუნდმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა, მთელი თვეა ერთად არიან და ამ ყველაფერმა, ჩვენს შედეგებზე აშკარად დადებითი გავლენა მოახდინა. ყველას კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა წინა წლებში, როცა რამდენიმე ლეგიონერი ლამის თამაშის წინა დღეს ჩამოდიოდა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ბიჭების კარგ გუნდურ თამაშს. ნაკრების თამაშში დამაჯერებლობა ჩანს და საერთოდ, მათი დამოკიდებულება, ბევრი რამის მიმართ შეცვლილია.”
ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც ამ ორ თამაშში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
“კოკოშკოვი სანიკიძეს 3 ნომრად ათამაშებს, რაც მას მშვენივრად გამოსდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიჭი უნივერსალია და ისე კარგად თამაშობს, რომ ლამის, ჩვენი ცენტრები “გააზარმაცა”. მისი მომავალი კლუბის შესახებ, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სანიკიძე სავარაუდოდ, კარიერას ესტონეთში გააგრძელებს,” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
პრესკონფერენციაზე, ტელეტრანსლაციების შესახებაც იყო საუბარი. სამწუხაროდ, ქართველი მაყურებელი ვერც მომდევნო ორი თამაშის რეპორტაჟს იხილავს, ვინაიდან, არც სლოვაკეთისა და არც შვედეთის ტელევიზიები, მატჩების ტრანსლირებას არ გეგმავენ.
დავრჩით ტრანსლაციების გარეშე