სანამ დარეგისტრირდებოდეთ, დაფიქრდით!«სპეცსამსახურები ინტერნეტფორუმებით ინტერესდებიან?!»«საინფორმაციო ომი კიბერსივრცეში გადავიდა...»
წინათ სპეცსამსახურები ჭორებს აგენტების მეშვეობით ავრცელებდნენ, ახლა კი ინტერნეტით»თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ ე.წ. სოციალურ საიტზე www.odnoklassniki.ru, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა ძველი ნაცნობ-მეგობრების, კლასელების, ინსტიტუტის ჯგუფელების, ჯარის ამხანაგებისა და სხვათა მოძიება. მერე რა, რომ უბრალოდ ვირტუალურ სივრცეში შედიხართ. ხიფათი და შარი აქ მოიკითხეთ, ვინ იცის ვინ, როგორ და რატომ დაგადგამთ თვალს და რა მოუშორებელ ჭირს გადაეყრებით. ამბობენ, ეს საიტი რუსულმა სადაზვერვო სამსახურმა შექმნაო. რისთვის? იმისთვის, რასაც ინტერნეტსივრცის გარეთაც აკეთებს. თუმცა, სჯობია ამ საკითხზე ისევ სპეციალისტმა გაგცეთ პასუხი. სწორედ ამ მიზნით მივმართეთ სპეცსამსახურების ექსპერტს ბესო ალადაშვილს:
- ბატონო ბესო, შესაძლოა, საფუძვლიანი იყოს ვერსია, რომ www.odnoklassniki.ru არის რუსული სპეცსამსახურების
შექმნილი ინტერნეტპორტალი? მსგავს საიტებზე იმდენი და ისეთი ინფორმაცია ფიქსირდება, რომ თუ მოინდომებ, ძალზე ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებ. შეიძლება ითქვას, რომ სპეცსამსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის 90% უკვე ღია წყაროებით მოიპოვება. განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური დაზვერვისთვის ღია წყაროებში იმდენი ინფორმაციაა, რომ მათ მოსაპოვებლად მხოლოდ კითხვის დასმაა საჭირო და უკვე დაწერილი ინფორმაციის «გაშიფვრა». შემდეგG მასალას გააანალიზებ და დასკვნასაც გააკეთებ. ამ საქმეს კარგი ანალიტიკური სამსახური სჭირდება.
- გამოდის, არა მარტო რუსული, სხვა, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვისაც ძალზე საინტერესოა,
ასეთი საიტები რომ არსებობს?- რა თქმა უნდა. მსოფლიოს ყველა სპეცსამსახურს აქვს ცალკე, ღია წყაროების სამმართველო ან განყოფილება, სადაც აანალიზებენ ინტერვიუებს სახელმწიფო მოღვაწეებთან, სხვა ანალიტიკურ სტატიებს. ღია წყაროებისგან სასურველ კითხვაზე პასუხის მიღების ან სასურველი ინფორმაციის მოპოვების ძალიან კარგი საშუალებაა ინტერნეტფორუმები. ფორუმებზე ხომ, ძირითადად, ფსევდონიმებით გამოდიან, დაინტერესების შემთხვევაში ასევე ფსევდონიმით შეაგდებ ფორუმზე კითხვას და ცოტა ხანში საზოგადოებრივი აზრიც გეცოდინება. მაგალითად, თუ გინდა იმის გარკვევა, საქართველოს საზოგადოება შეეგუება თუ არა აფხაზეთის დაკარგვას, ფორუმზე გახსნი თემას და მოკლე ხანში ყველაფერი გეცოდინება. იქ ხომ არავინ კითხულობს, ვინ და რატომ ლაპარაკობს ამ თემაზე. ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ და დაინტერესებული ძალა სწორედ მათი მსჯელობისა და რეაქციის საფუძველზე აგროვებს ინფორმაციას. წინათ სპეცსამსახურები ჭორებს აგენტების მეშვეობით ავრცელებდნენ, ახლა კი ინტერნეტით. ფორუმით ამის გაკეთება წამში შეიძლება. ზედმეტი ხარჯიც არ გექნება. ეს ძალზე საინტერესო საქმეა. ოქროსმაძიებლები ქვიშას ცრიდნენ, რომ ერთი მარცვალი ოქრო ეპოვათ. აქაც ასეა, მილიონობით ინფორმაციას ცრიან და ეძებენ ერთ პატარა ოქროს მარცვალს თუ მარგალიტს, რომელიც მერე დიდ მოზაიკაში ჩაჯდება და პასუხს გასცემს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს.
ოდნოკლასსნიკი.რუ კონკრეტულ პირებზე გვაწვდის როგორც ზოგად, ასევე ფაქტობრივ ზუსტ ინფორმაციას. გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, წელი, სად მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება, სად მსახურობდა ჯარში, სად მუშაობდა ან მუშაობს, ვისთან მეგობრობს, რა გატაცებები აქვს, - ყველაფერი ხელისგულზე დევს.
- ბევრს ზუსტი ინფორმაცია არც შეაქვს. მეც მოგონილი გვარ-სახელით რამდენჯერმე დავრეგისტრირდი. - გასაგებია, მაგრამ თქვენისთანები ძალზე ცოტანი არიან. ამ საიტის არსიდან გამომდინარე, ხალხი იმისთვის რეგისტრირდება, რომ მოძებნოს ძველი ნაცნობ-მეგობრები, ამიტომაც ზუსტი მონაცემები შეაქვს. თუ ვინმეს სახელით სხვა ისარგებლებს და მის ფოტოებს განათავსებს საიტზე, მაშინ «დაზარალებული» ოფიციალურადაც განაცხადებს ამის შესახებ. მაგალითად, დონეცკის მერის, ალექსანდრ დუკოჩენკოს სახელით ვიღაცამ გახსნა გვერდი, შეიტანა ფოტო და მერის სახელით ეძებს მეგობრებსა და ელის გამოხმაურებებს. დუკოჩენკომ პრესკონფერენციაც გამართა და განაცხადა, რომ საიტზე არ დარეგისტრირებულა. მან დროულად დაიცვა თავი, მიიღო ზომა, რომ მისი სახელით ვინმეს ბოროტად არ ესარგებლა და მისთვის რეპუტაცია არ შეელახა.
ამ საიტზე ყოველდღიურად დაახლოებით სამი მილიონი მომხმარებელი შედის. რუსულ სივრცეში ასეთი რამდენიმე საიტი არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარული «ოდნოკლასნიკია». უკვე 18 მილიონამდე კაცია გაწევრებული. მათ შორის არიან რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევი, «გაზპრომის» თავმჯდომარე ალექსეი მილერი, ჟირინოვსკი და სხვები. რამდენიმე ჩვენი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელეც არის მათ შორის. ერთ-ერთი, ამჟამად დეპუტატი, წარსულში კი მინისტრი, გახარებულია, მივაგენი 15-20 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულ მეგობრებსო.
საიტი სოციალურია, აქცენტი კეთდება ადამიანურ თვისებებზე, ემოციებზე, ძველი კავშირების აღდგენაზე. შესაძლებელია, სულაც არ არის ეს საიტი რუსული, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაფუძნებული, მაგრამ უზარმაზარ ინფორმაციას ინახავს. Aაქ განთავსებული ინფორმაცია, გინდა თუ არა, ვიღაცას აუცილებლად უბიძგებს იმისკენ, რომ მათი სისტემატიზაცია გააკეთოს ქალაქებისა და პირების, ეროვნებების, ფოტოების მიხედვით და შექმნას დოსიე თითოეულ მათგანზე.
საზოგადოდ, ასეთი საიტები შესანიშნავი ბაზაა პირის «დასავერბოვკებლად», მისი ნდობის მოსაპოვებლად. აქვეა მისამართები, ელექტრონული საფოსტო ყუთი. ერთი სიტყვით, თუ მოინდომებ, ყველაფერი შეგიძლია გაიგო...
საიტი 2006 წლის მარტში გაიხსნა. მფლობელები ბოლო დღეებამდე უცნობი იყვნენ. მიმდინარე წლის 8 ივლისს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ესენი არიან ვინმე ალბერტ პოპკოვი და მისი მეუღლე ირინა. ორივე ერთად ამ შპს-ს დაახლოებით 64-65%-ის მფლობელია. დანარჩენი 18-18% ეკუთვნის ესტონეთსა და ლიტვაში რეგისტრირებულ ბიზნესკომპანიებს. ეს ძალზე საგულისხმო ინფორმაციაა, რადგან რუსეთში არსებობს ვერსია, რომ საიტი «კაპოს», ანუ ესტონეთის სპეცსამსახურის შექმნილია. დიახ, ბალტიისპირელი მფლობელების ვინაობა რუსებს აეჭვებთ. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბემ და სხვა სპეცსამსახურებმაც თავიანთ თანამშრომლებს აუკრძალეს ამ საიტზე შესვლა და რეგისტრირება. კულუარული ინფორმაციით, გერმანულმა სპეცსამსახურებმა იყიდეს საიტი და ახლა ისინი ამუშავებენ რუსეთიდან შემოსულ ინფორმაციას.
- ხომ შეიძლება ეს განგებ გავრცელებული დეზინფორმაცია იყოს სიმართლის შესანიღბავად- ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ხომ მხოლოდ ვერსიებზე ვლაპარაკობთ.
- თუ სხვები აკონტროლებენ ამ საიტს, რუსული სპეცსამსახურები დაუშვებდნენ მის ამდენ ხანს არსებობას?- კარგი კითხვაა. ალბათ, დახურავდნენ. ერთ-ერთ საიტზე ანტიპუტინური ინფორმაცია მიდიოდა და დახურეს, მისი ბედი მერე სხვებმაც გაიზიარეს და თუ უკვე რუსულმა სპეცსამსახურებმა იციან, რომ მათ ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციაში სხვა ქვეყნის დაზვერვის ინტერესებია შეგნებულად ჩადებული, უთუოდ დახურავდნენ საიტს. ამიტომაც ასეთ ტყუილს არავინ ჭამს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რამდენიმე სპეცსამსახური ერთმანეთს ეთამაშებოდეს ამ საიტის მეშვეობით, - ანუ წილის სხვადასხვა მფლობელის უკან სხვადასხვა სპეცსამსახური იდგეს.
- როგორ ფიქრობთ, ქართულ სპეცსამსახურებს გაუჭირდებათ მასში შეღწევა და ინფორმაციის მოპოვება? იტის მესაკუთრეების დაუკითხავად ინფორმაციის გამოტანა იოლი არ არის. შეგახსენებთ ერთ ფაქტს.A ახლახან ნიუ-იორკში თავი მოიკლა 21 წლის რუსმა მოდელმა, მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ის ამ საიტზე იყო რეგისტრირებული და რუსეთის მასმედია და ორგანიზაციები საიტის მფლობელებს სთხოვდნენ, გაეხსნათ ინფორმაცია გარდაცვლილის გვერდზე, ენახათ მისი მიმოწერა საკონტაქტო პირებსა და მეგობრებთან. მაგრამ ამაზე მტკიცე უარი განაცხადეს საიტის მფლობელებმა. წესდებაშიც აქვთ მითითებული, რომ ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განკარგულების საფუძველზე. ეს ფაქტი მაეჭვებს, რომ მთლად იოლი არ უნდა იყოს აქედან ინფორმაციის გატანა. თუ ჰაკერები მოინდომებენ, გატეხენ, მაგრამ ძალზე ხარჯიანი იქნება ინფორმაციის გადმოქაჩვა და მისი დახარისხება.
- ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, მკითხველთა ერთი ნაწილი იკითხავს, რა ვქნათ, წავშალოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია საიტიდანო?ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები უნდა მოერიდონ ასეთ საიტებზე გაწევრებას. საზოგადოების 90%-ის, თუ მეტის არა, ადამიანური და სამსახურებრივი კონტაქტები იფილტრება სპეცსამსახურებისგან. ფილტრაცია ძალზე ძლიერია რუსეთში. ქართველებს კი, ვფიქრობ, გვაკლია ყურადღება. მაგალითად ავიღოთ ინგლისელები, რა ყურადღებიანი ხალხია. დიდი და პატარა, უცხოეთიდან დაბრუნდებიან თუ არა, რა პროფესიისაც უნდა იყვნენ და რა ჩინიც უნდა ჰქონდეთ, დაზვერვის წარმომადგენელს დაუწერენ ანალიტიკურ წერილს თავიანთი მოგზაურობისა და შთაბეჭდილებების შესახებ. იციან, რომ ეს ბრიტანეთის იმპერიის ძლიერებას სჭირდება, რაც თავად თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას განაპირობებს.
სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ასე ხდება აშშ-ში. ისრაელში ხომ საზოგადოება თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან. ეს არ ნიშნავს ჩაშვებას. ეს არის შენი ქვეყნისთვის სიკეთის ქმნა. ამ საკითხზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ საიტზე ურთიერთობისას იქნება თუ მივლინებისას, პირს, რომელსაც სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აკისრია, სიფრთხილე მართებს. შესაძლოა, მაინცდამაინც ქერაკულულებიანი ვანია არ გამოგეცხადოთ როგორც რუსული სპეცსამსახურის აგენტი და იმავე სპეცსამსახურებმა სულაც ზანგი ან სხვა მოგიგზავნონ. ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე, თანაც, არა მარტო რუსულ სპეცსამსახურებთან.
და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: დღეს უკვე, როდესაც საინფორმაციო ომი კიბერსივრცეში გადავიდა, საქართველოს ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს ამისათვის.
- როგორ ფიქრობთ, ამის სპეციალისტები არიან საქართველოში?საკმაოდ ბევრი, მხოლოდ მათი მოძებნაა საჭირო. 10-15-კაციანი გუნდი უნდა შექმნა, კარგად დააფინანსო, გეგმა მისცე და მზად ვიქნებით შეტევის მოგერიებისთვისაც და კონტრიერიშისთვისაც. სამწუხაროდ, არა მგონია, დღეს ვინმე ფიქრობდეს ამაზე.
P.S. ვის გაუგია ბნელი ნათელის და ცუდი კარგის გარეშე. ამ, თითქმის ყოვლისმომცველ საიტსაც უამრავ უარყოფით მხარესთან ერთად დადებითიც ბევრი რამ აქვს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ამ საიტის მეშვეობით უცხო ქვეყნების დაზვერვის ორგანოებმა გაიმყარონ პოზიცია, სავსებით მოსალოდნელია დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკაც. თითქმის ყველა ორგანიზაციაში, უფროსიან-ხელქვეითიანად, თითქმის ყველა ერთ «კლასშია» შესული, სამსახურებში სამუშაო რეჟიმი ხშირად პარალიზებულია. ქართველ საზოგადოებას უკვე სენად ექცა ონლაინ-მეგობრობისკენ ლტოლვა. თუმცა, კარგიც ბევრი ხდება. სწორედ ამ საიტის მეშვეობით 30 წლის წინ დაკარგულმა ძმებმა ერთმანეთი იპოვეს. დიახ, ერთი მათგანი 70 წლის არის და რუსეთში ცხოვრობს, მეორე კი თბილისში. ამბავი, რომელმაც ერთი დედმამიშვილები ერთმანეთს დააშორა, ალბათ, ფილმის სცენარისთვის გამოდგება. 30 წლის წინ ავარიაში მოყოლილი ერთი ძმა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში დიდხანს იყო საავადმყოფოში საწოლს მიჯაჭვული. როცა გონზე მოვიდა, ვერაფერი გაიხსენა წარსულიდან. რუსმა რძალმაც დაივიწყა ქართველი ნათესავები, მერე შეიცვალეს მისამართი და...
30 წლის შემდეგ, თბილისელმა ძმისშვილიშვილმა სწორედ «ოდნოკლასნიკით» გაიცნო რუსეთში მცხოვრები თანატოლი და თანაც, მოგვარე გოგონა. მერე შვილიშვილმა ბაბუას შემთხვევით ახალი მეგობრის ფოტოალბომიც დაათვალიერებინა და კაცმა თავისი დაკარგული ძმა იცნო. რა არ ხდება...
და მაინც, ისევ იმას შეგახსენებთ, რითიც წერა დავიწყეთ, - სანამ დარეგისტრირდებოდეთ, მაინც დაფიქრდით!
სტატიის ავტორი:ეკა ლომიძე(კვირის პალიტრა)
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ