ევროკავშირი მზად არის საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებაში საკუთარი როლი გააძლიეროს - დაზუსტება
12:30 | 05/ 08/ 2008
თბილისი, 5 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებაში საკუთარი როლი გააძლიეროს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილისა ევროკავშირის "ტროიკას" შეხვედარზე ისაუბრეს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარისათვის კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გაძლიერების მიზნით შემუშავებული წინადადებების გაცნობა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებების, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მხარდაჭერისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებში.
”საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა სათანადო საექსპერტო კონსულტაციების საფუძველზე ზემოხსენებული ინიციატივების დროულად განხორციელების აუცილებლობას”, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის "ტროიკა" წარმოდგენილი იყო საქართველოში საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ერიკ ფურნიეს სახით, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პირველი მრჩევლის რობინ ლიდელისა და ჩეხეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ივან იესტრაბის შემადგენლობით. --0--
http://www.newsgeorgia.ge/geo1/20080805/42289501.html