სასტიკი დანაშაულის ჩამდენი «მაიმუნა» ისევ პოლიციელია
ნეტკაჩოვის გაწრთვნილ «მაიმუნებს» ახალი დემოკრატიული ტალღები არ ეხებათ?! მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ახალი დემოკრატიული ტალღის აზვირთება ამცნო საზოგადოებას, ქვეყანაში დემოკრატიის ტალღები კი არა, წყნარი ლივლივიც არ შეინიშნება.
16 აგვისტოს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან კომანდოს ბატალიონის სერჟანტის, როინ შავაძის ნაწამები გვამი იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა მოკლულის ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე სამართალდამცველები კატეგორიულ უარს აცხადებენ. შავაძის მკვლელობა ბევრი რამის გამოა საინტერესო, მათ შორის იმითაც, რომ ამ საქმეში ფიგურირებს პოლიციის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად «მაიმუნა», რომელიც ერთი წლის წინ სასტიკ დანაშაულში ამხილეს, თუმცა ექვსი თვის შემდეგ გაათავისუფლეს და სამსახურშიც აღადგინეს.
ციცინო შავაძე, როინ შავაძის მეუღლე: - «მაიმუნა», გიორგი ჩიქოვანი, წლების განმავლობაში ასლან აბაშიძის პირად დაცვაში, კერძო ობიექტების დაცვის სამსახურში (ობეერში) მუშაობდა. ჩემი მეუღლეც იქ მსახურობდა და ერთმანეთს სწორედ იქიდან იცნობდნენ. ახლო მეგობრობა არ ჰქონიათ. როინი 2004 წლიდან კომანდოს ბატალიონში მსახურობდა. 23-ე ბატალიონის ჟ-2 (დაზვერვა)-ის სერჟანტი იყო. აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალში იბრძოდა. ცხინვალიდან სახლში ძალზე აფორიაქებული დაბრუნდა. ძილის დროს ბორგავდა და ღრიალებდა. ხშირად იმეორებდა, მომაკვდავ ბიჭებს წყალი სწყუროდათ და ვერ ვაწვდიდით, რადგან არ გვქონდაო... ეს იყო და ეს...
-
სხვა არაფერი მოუყოლია?- არა, არ უყვარდა სამსახურის საქმეებზე ლაპარაკი.
16 აგვისტოს «მაიმუნამ» ჩემს მეუღლეს მოაკითხა. როინმა შინ მოიპატიჟა. «მაიმუნამ» უარი უთხრა, საქმე გვაქვს, ჩამოდიო. როინმა მაისური გადაიცვა და ჩავიდა. მალე შევატყვე, არცთუ სასიამოვნო საუბარი ჰქონდათ. გარკვევით გავიგონე, ჩემმა მეუღლემ უთხრა, არსად არ მივდივარ, აქ ვარო. «მაიმუნამ» მაისური წამოუწია, რაზეც ჩემმა მეუღლემ უთხრა, ნუთუ ჩემთან ასე ლაპარაკია საჭიროო. მაშინ დაჯექი მანქანაშიო. ჩასხდნენ და წავიდნენ. უკან განერვიულებული დაბრუნდა. მიამბო, მანქანაში ათი შეიარაღებული მამაკაცი იჯდა, რომლებმაც აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში უცნობ პირთან მიმიყვანესო. «მაიმუნას» ჩემი მეუღლისთვის უკითხავს, რამდენი კაცია ცხინვალში მკვდარიო. უკვირდა, რატომ მკითხა ასეთი რამ, იქ მკვდრების დასათვლელად ხომ არ ვყოფილვარო. მეორე დღეს როინმა სამსახურიდან ცოტა ხნით გათავისუფლება ითხოვა. სამხედრო ფორმის წაღება უნდოდა ატელიეში, ოქროს ბირჟასთან. დაახლოებით 13 საათზე ვიღაც უცნობმა დამირეკა და მეუღლის ადგილსამყოფელი მკითხა, ვინმე ცინცაძე კითხულობსო. დავურეკე როინს, მითხრა, ატელიეში ვარო. 15 წუთში მაცნობეს, რომ ჩემი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა ძალით ჩასვეს ავტომანქანაში, თან სამშობლოს მოღალატეს ეძახდნენო. სასწრაფოდ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს. საღამოს 9 საათზე შემატყობინეს, თქვენი მეუღლე რეანიმაციულ განყოფილებაშიაო. საავადმყოფოში მისულს კი მითხრეს, გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანესო.
29 აგვისტოს აჭარის პროკურორ ვასილ როინიშვილს შევხვდი. მინდოდა, გამეგო, რისთვის აწამეს ასე სასტიკად ჩემი მეუღლე. პროკურორის განმარტებით, თურმე როინს ნარკოდანაშაულისთვის აპატიმრებდნენ და გაქცევის მცდელობის დროს მისი ლიკვიდაცია მოხდა. ჯერ ერთი, ჩემი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებელი არ ყოფილა, მეორეც, როინი სასტიკად იყო ნაწამები. თუ ლიკვიდაცია მოხდა, მაინტერესებს, რატომ ჰქონდა დამტვრეული ყბა, წელი, კისერი, ხელის თითები... ეს კითხვა პროკურორსაც დავუსვი. პროკურორმა მიპასუხა, აჯობებს, გაჩუმდე. შენი მეუღლე სამშობლოს მოღალატე იყოო. უარი ვთქვი, რადგან ჩემი მეუღლე არც ნარკოტიკების მომხმარებელი ყოფილა და არც სამშობლოს მოღალატე.
რამინ პაპიძე, ციცინო შავაძის ადვოკატი: - სისხლის სამართლLის საქმე როინ შავაძის განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ციცინო შავაძეს დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებიან. განზრახ მკვლელობის მუხლით საქმის აღძვრამდე, თითქოს გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენის მუხლით უნდა დაწყებულიყო, რაც აბსურდია. სავარაუდოდ, გამოძიებამ შავაძის მკვლელობის შემდეგ წინა რიცხვით აღძრა მასზე, ვითომდა ნარკოტიკების მომხმარებელზე საქმე. ორი დღის წინ კი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით აღძრული საქმეც შეწყვიტეს. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ ცნობენ ციცინო შავაძეს დაზარალებულად.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როინ შავაძეს სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ...-
თუ მართლა სამშობლოს მოღალატე იყო, რატომ ამ მუხლით არ აღძრეს საქმე? ოფიციალურად მას ნარკოტიკების შეძენა ედებოდა ბრალად.
მართალია, ამ ამბავში «მაიმუნას», გიორგი ჩიქოვანის როლი ბოლომდე გაურკვეველია, სამაგიეროდ, დადგენილია მისი ბრალეულობა გასულ ზაფხულს ბათუმში მომხდარ სასტიკ დანაშაულში.
საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: «2007 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ოპერატიულმა თანამშრომელმა, გამომძიებელმა გიორგი ჩიქოვანმა, გადაწყვიტა სქესობრივი კავშირის დამყარება ს. წ-სთან. მივიდა ს.წ.-ს სახლთან და მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ს. წ.-მ სთხოვა ჩიქოვანს, თავი დაენებებინა მისთვის, რის შემდეგაც გაუთიშა ტელეფონი... ს. წ-მ გამორთო ტელეფონი იმ იმედით, რომ ჩიქოვანი ვეღარ შეაწუხებდა და დაიძინა. რაკი ქალი ვერ დაიყოლია, ჩიქოვანმა გაიკეთა ნიღაბი და ღამის 3 საათზე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე მის ბინაში აივნიდან შეაღწია. ჩიქოვანმა ქალის წინააღმდეგობა ადვილად დასძლია, თან სასტიკად სცემა. შედეგად, ჰქონდა ტვინის შერყევა, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები, რომლებიც ექსპერტმა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს მიაკუთვნა(?!).
ქალი ყვირილით ითხოვდა შველას. როცა გიორგი ჩიქოვანს პოლიციელები დაადგნენ თავს, ის იძულებული გახდა, შეეწყვიტა დაზარალებულის გაუპატიურება, თუმცა კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მხოლოდ ამის შემდეგ მიატოვა შემთხვევის ადგილი და ასევე აივნის გავლით დატოვა ს. წ-ს ბინა».
ეს საბრალდებო დასკვნა პროკურორმა დავით ჭარბაძემ 2007 წლის 25 ოქტომბერს შეადგინა. 2008 წლის 15 იანვარს კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძემ დააკმაყოფილა გიორგი ჩიქოვანის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ განსასჯელი აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს(!), სურდა თანამშრომლობა ბრალდების მხარესთან, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა საპყრობილეში(!) და ამას შეიძლებოდა მძიმე შედეგი გამოეწვია. ეს გარემოება და 50.000-ლარიანი გირაოს შეთავაზება საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლის გულის ასაჩუყებლად და ჩიქოვანის გასათავისუფლებლად. გირაოს ნაცვლად, ჩიქოვანის დედის ბინას ყადაღა დაადეს. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ჩიქოვანმა საპროცესო გარიგება მიიღო და მხოლოდ 5-ათასლარიანი ჯარიმა გადაიხადა. 50.000-ლარიანი გირაოს შეთავაზება კი შეთავაზებადვე დარჩა(!). მოგვიანებით ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენი პოლიციელი სამსახურშიც აღადგინეს.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს კომენტარისთვის. გვაინტერესებდა, ისეთ «დემოკრატიულ» სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, როგორ მოხდა, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი ხუთი თვის თავზე ციხიდანაც გაათავისუფლეს (და ეს მაშინ, როცა ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებით სავსეა ციხეები) და სამსახურშიც დააბრუნეს. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ერთ საათში სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ მას მერე ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
როგორც ჩანს, გიორგი ჩიქოვანი, იგივე «მაიმუნა» ერთობ საჭირო პერსონაა ყველა დროის ხელისუფლებისათვის და მას ქვეყანაში აბობოქრებული «დემოკრატიული ტალღები» არ ემუქრება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩიქოვანი ასლან აბაშიძის შექმნილ ეგრეთ წოდებულ ობეერში მსახურობდა, ობეერი კი რუსი გენერალ ნეტკაჩოვის გაწვრთნილი იყო. კონფიდენციალური ინფორმაციით, ეს ხალხი ასლან აბაშიძის საქართველოდან წასვლის შემდეგ სამსახურებიდან დაითხოვეს, მაგრამ მალევე აღადგინეს. ბოროტი ენების თქმით,
ნოემბრის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ ნეტკაჩოვის გაწვრთნილი ობეერელები შეკრიბეს და სპეციალური წვრთნებიც ჩაუტარეს. როგორც ამბობენ, სწორედ ეს სპეცრაზმი იღებდა აქტიურ მონაწილეობას 7 ნოემბრის დემონსტრაციის Bდარბევაში... http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm * * *



არცერთი ესეთი ჯინსიანი მაიმუნა არ დაუსჯიათ....
* * *
- გაზეთში წავიკითხე ინფორმაცია ახალაიას და სანოძის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. ხშირად მესმის, რომ პირები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლდნენ, გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც სასჯელის ვადა არ გასვლიათ... მაინტერესებს, ნამდვილად გამოუშვეს თუ არა გირგვლიანის მკვლელები ციხიდან. ყოველთვის თავს ვიკავებდი ამ თემის ხსენებისა და მისი გამოყენებისაგან, მაგრამ თუ ეს პირები ვადამდე გათავისუფლდნენ, აღარ გავჩუმდები. ამონარიდი ბურჯანაძეს ინტერვიუდამ...
This post has been edited by oddo on 6 Oct 2008, 11:15