სეპარატისტული კონფლიქტები
თბილისი მზად არის დაიწყოს ოფიციალური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ხელისუფლებასთან, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი უდგას, თუმცა ასევე მზად არის ესაუბროს ”კონფლიქტის უკლებლივ ყველა მხარეს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, შარშანდელი წელი, როცა ნოემბერში სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო და ალტერნატიული არჩევნები პარალელურად გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცხინვალის მოსახლეობისათვის, რადგან ”მათმა თავისუფალმა ნაწილმა მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ ენდობა ადგილობრივ ეთნიკურ ოს ლიდერებს”.
”აი შეიქმნა დიმიტრი სანაკოევის მოძრაობა, ქარქუსოვი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე წარმოადგენდნენ წინა ხაზს [საქართველოს] ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დღეს როდესაც მათი პროგრამა გულისხმობს მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ბუნებრივია ეთნიკური ოსების ინტერესთა დაცვის სრული გარანტიით. ამის გამო მათ მოახერხეს რეგიონში მცხოვრებ ქართველებთან საერთო ენის გამონახვა, რაც არის უნიკალური რამ საერთოდ კონფლიქტების ისტორიაში და მე მგონი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
”მე მგონი ჩვენ უნდა განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ოფიციალური ურთიერთობები და მოლაპარაკება სანაკოევის მოძრაობასთან და მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორი მტკიცეა ქართველი და ოსი ხალხის ნამდვილი ძმობა და ნამდვილი წრაფვა მშვიდობიანი და წარმატებული მოძრაობისკენ და ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სავარაუდოდ, ამგვარ განცხადებას უარყოფითი რეაქცია მოყვება ცხინვალის და მოსკოვის მხრიდან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან.
”მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ველაპარაკებით ჩვენ მოქალაქეებს და არა რაღაც დაჯგუფებას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს ყველა ადამიანის სახელით ლაპარაკი, მითუმეტეს ისეთ ხალხს ვინც ქადაგებს ძალადობას”, - დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ”ბრიყვული” უწოდა ტერმინებს ”ქართულ-აფხაზური” და ”ქართულ-ოსური კონფლიქტები”.
”რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი. ვინ არის მეორე მხარე? [იური] მოროზოვი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე] არის ოსური მხარე? თუ ბატონი [ანატოლი] ბარანკევიჩი [დე ფაქტო თავდაცვის ყოფილი მინისტრი]არის ოსური მხარე?, თუ ის ოფიცრები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი. თუ დიმიტრი სანაკოევია[ალტერნატიული პრეზიდენტი] ოსური მხარე და არსებობს თუ არა საერთოდ ოსური და ქართული მხარეები?... არ არსებობს ქართულ-ოსური კონფლიქტი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის იმპერიული იდეოლოგების და ტექნოლოგების ერთ-ერთი მორიგი მონაჩმახი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იგივე ეხება აფხაზეთის შემთხვევასაც, რადგანაც მალხაზ აქიშბაია, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, ეთნიკური აფხაზია.
”ის ხალხი 500 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ 600 ათასამდე იყო აფხაზეთის მოსახლეობა, 100 ათასზე ნაკლების რჩება ახლა იქ, რომელიც გამოაძევეს აფხაზეთიდან, არის თუ არა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა, რა თქმა უნდა არის აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ”არაეფექტურს” და ”დისკრედიტირებულს” უწოდებს არსებულ მოლაპარაკებების ფორმატებს, სადაც დომინანტური პოზიცია რუსეთს უკავია და აცხადებს, რომ აუცილებელია არსებული მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა მხარეებს შორის კონსულტაციებით.
”ჩვენ ასევე გვინდა ამ ყველაფერში ევროპული ინსტიტუტების, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრად უფრო აქტიური მონაწილეობა. დღევანდელი სამშვიდობო ფორმატი არის დისკრედიტირებული არაეფექტური და ყველა ხვდება, რომ მისი შენარჩუნება ამ ფორმით არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველასთან კონსულტაციით წყნარი გადასვლა ბევრად უფრო მოქნილ, ბევრად უფრო ეფექტურ ფორმატზე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე ხელს უწვდის ეთნიკურ აფხაზ და ოს ხალხს და სთავაზობს ”ევროპული სტანდარტების შესაბამისად ავტონომიის უმაღლესს ხარისხს”.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ”საკმარისი მოთმინება და მოქნილობა” უნდა გამოიჩინოს პროვოკაციების და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.
სააკაშვილის განცხადებით, 2006 წელი ”მნიშვნელოვანი ეტაპი” იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, რადგანაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დამყარდა ზემო კოდორის ხეობაზე.
”ის რაც ასე უხეთქავს გულს საქართველოს მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ საქართველოსთვის იყო გაწერილი სცენარები, როგორ უნდა მომხდარიყო გარიგება... მათ უნდოდათ რომ შეექმნათ იქ დაქუცმაცების ახალი კერა და ამის ნაცვლად, ნგრევის ნაცვლად მიიღეს კერა აღმშენებლობის და განვითარების. მათ უნდოდათ ბანდიტების ბოგინი იქ და მიიღეს ზემო აფხაზეთში გადასული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა სოხუმში გზად მიმავალი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სრული ტექსტი აქ
http://www.civil.ge/geo/article.php?id=149...ლიური