გია მაისაშვილი: “საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში აღარ მიიღებენ”
სიახლე — თავფურცელი
22:55 16.09.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[მაია თეთრაძე, ”ვერსია” ]
“მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. როგორც თავად აღნიშნავს, აშშ-ში ომის დაწყების დღიდან ხვდებოდა ყველას, ვინც საქართველოს ბედით დაინტერესებულია და ცდილობს ქვეყნის დახმარებას. საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, გია მაისაშვილი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პოლიტიკური კურსი ისევ ის დარჩა, რითაც აქამდე ქართული დიპლომატია ხელმძღვანელობდა, ქვეყანაში კატასტროფა გარდაუვალია.
- უნდა გაკეთებულიყო ის, რომ ჯერ კიდევ აპრილში, საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი და მისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი და არა, ბუტაფორიული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. მართალია, დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო საქართველოს პრობლემების განხილვაში, მაგრამ ისინი მხოლოდ საქართველოს გადარჩენისთვის არ იბრძვიან.
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ჯერ მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა. შემდეგი ნაბიჯი ენერგორესურსებზე კონტროლის დამყარება და მისი მონოპილიზება იქნება. ბოლოს კი, გზავნილის გაშვება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ჩვენს მდგომარეობაში არიან - დასავლეთი თქვენი პარტნიორი და დამცველი ვეღარ იქნება.
ეს ფაქტორი დასავლეთისთვის უკვე ძალიან საშიშია, ამიტომაც იბრძვის მის აღსაკვეთად, რაც უნდა შეძლოს კიდეც. სხვა შემთხვევაში, სხვაგვარი გარემო გვექნება. ახლა ქართულ დიპლომატიას აქვს შემდეგი ამოცანა - უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ლანძღვა-გინებით კი არა, საერთაშორისო სამართლის ენით უნდა ვსაუბრობდეთ. მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რუსეთს, რეალურად, დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს.
მაშინ, ვისაუბროთ რუსეთის ინტერესებზეც და იმაზეც, თუ რას კარგავს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით?
- მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსეთის რეალური განზრახვები და ისიც, თუ დანარჩენი სამყაროსთვის რამხელა საშიშროებას წარმოადგენს. ეს არის ყევლაზე დიდი დარტყმა ქვეყნისთვის, რომელსაც ბიზნესის თვალსაზრისით, მსოფლიოში ინტეგრირება სურს. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, მას სურს დასავლური კორპორაციების შესუსტება და ბუნებრივი რესურსების მონოპილიზება, რაც საგანგაშოა. ამის გამო, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირება ხდება.
ცნობილია, რომ რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული, მაგრამ რუსეთის ეკონომიკის დამოკიდებულება მსოფლიო ბაზარზე ასევე დიდია. ახლა ვხედავთ, რუსეთის ეკონომიკა როგორ ეცემა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გეოპოლიტიკურ ინტერესებს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს ანაცვალებს. თუმცა შემდეგ, ამ პრობლემას აუცილებლად გაათვითცნობიერებს და მიხვდება, თავისი ქმედებები როგორ ძვირად დაუჯდება.
ჩვენ ახლა პრობლემის გადაჭრა ისე უნდა შევძლოთ, რომ რუსეთს სახე არ დავაკარგვინოთ. მისი მოკავშირე გერმანია და საფრანგეთი კი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ.
თქვენ ამერიკაში ბრძანდებოდით და ბოლო თვეებში არ გამოჩენილხართ. რა იყო ამის მიზეზი?
- მე არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც გახლდით... ვიყავი ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც საქართველოს პრობლემებშია ჩართული და ვცდილობდი, რაღაც ზომით მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მომეხდინა. ვცდილობდი, ჩვენი ამბავი ყველას ყურამდე მიმეტანა. ცივილიზებულ ქვეყნებში ყველა აღიარებს, რომ რუსეთის აგრესია ცალმხრივია...
თუმცა საქართველოს პოლიტიკის შესახებ ძალიან ხშირად იყენებენ ტერმინებს: “იდიოტური, ქაღალდის სახელმწიფო”. ძალიან საშიშია, როცა დასავლეთის თვალში, ქართული სახელმწიფოებრიობა არაბუნებრივად აღიქმება. ამ დროს, ძალიან იკლებს მათი ინტერესი, ჩაერიონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ახლა, კიდევ ერთი ახალი ამოცანა დგება. საუბარია, რომ საქართველოში კატასტროფა უკვე მოხდა. ისინი ახლა ფიქრობენ, ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება როგორ დაიცვან. მეტსაც გეტყვით, დღეს რეალობა ასეთია - საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში აღარ მიიღებენ.
რატომ, საქართველოს ხომ ნატო-ში მიღების გარანტიებს უკვე აძლევენ?
- იმიტომ, რომ ვიცი, დასავლეთის სამყაროში ამასთან დაკავშირებით, რა დიალოგებიც მიდის. ის ადამიანები, რომლებიც ნატო-ში შესვლა-არშესვლის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩათვლიან, რომ ასეთი
“ქაღალდის სახელმწიფოს” ნატო-ში შესვლა მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს.
მაშინ, საქართველოს პერსპექტივა რა არის?
- შიდა ამოცანების გადაწყვეტა, სწორი საგარეო პოლიტიკის წარმართვა, დინამიური ეკონომიკისა და სამართლიანი საზოგადოების შექმნა. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ დიდი ცივილიზაციების დაპირისპირების პოლიგონი არ ვართ. ჩვენ ვართ ადგილი, სადაც დიდი ცივილიზაციები ერთმანეთსYხვდება.
ვისაუბროთ ოპოზიციური სპექტრის პასუხისმგებლობაზეც, მათ დუმილზე მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, ახლა კი, რაღაც დიდი მოძრაობების დაწყებასაც აპირებენ...
- საზოგადოება და ოპოზიცია ახლა პოლიტიკანობითაა დაკავებული - იმით, თუ ვინ აღმოჩნდება უკეთეს პოზიციაში საქართველოს უბედურების ხარჯზე. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ უბედურებიდან გამოსავლის მონახვა და არა, პოლიტიკანობის თამაში. ახლა, ისეთი დრო გვიდგას, რომ არ გვაქვს “ფუფუნება”, ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვქონდეს და ასეთი პოლიტიკოსები გვყავდეს. სანამ ეს არ გასუფთავდება, ჩვენი ქვეყნის მომავალი ბუნდოვანი იქნება.
მოვლენების შემდგომი განვითარება როგორი იქნება, რა მოხდება ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს, როცა ოპოზიცია უკვე კონკრეტულად ითხოვს პრეზიდენტისა და პარლამენტის გადადგომას?
- ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება რუსეთისთვის შანსის მიცემა - შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩემი პირადი ანტიპატიის მიუხედავად, მიუღებლად მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს რუსეთმა. ოპოზიცია ამას ხელს არ უნდა უწყობდეს.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, დღეს ყველა პოლიტიკანობითYარის დაკავებული, ვინაიდან დღევანდელი ქართული პოლიტიკა პირად ეგოიზმზეა აპრობირებული. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუ ოპოზიცია და ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გაათვითცნობიერებს, ჩვენი საზოგადოება ამ ორი უპასუხისმგებლო სპექტრის მძევალი გახდება და გამუდმებულ შიდა კრიზისში ვიქნებით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3990
წითლად მაქვს ის რაც საქართველოს უწოდეს.
ქაღალდის კი არა მძღნერი შეიძლება ყავდეს ქვეყანას პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლო პარლამენტარიტ დამტავრებული და ოპოზიციით გაგრძელებული მარა საქართველო არასოდეს არ იქნება ქაღალდის.
აქ ხალხი ცხოვრობს და ამ ქვეყანაში ბაბუაჩემი და მისი პაპის პაპა ცხოვრობდნენ.
ბაბუაჩემი ქაღალდის არ იყო და არც ჩემი შვილი და შვილიშვილი იქნება ქაღალდის
This post has been edited by karaoke on 17 Sep 2008, 21:46