Ordu
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 32376
რეგისტრ.: 2-April 07
|
#10923856 · 20 Sep 2008, 14:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაატა ზაქარეიშვილი: ომის წაგებაში დამნაშავე მხედართმთავარი და თავდაცვის სამინისტროა
წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად მშვიდი გახდა, ოპოზიციამაც ამით ისარგებლა და ხელისუფლებაზე შეტევა განაახლა. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სახელისუფლო კრიზისი დაიწყო ჯერ კიდევ 5 იანვრიდან, ხოლო ბოლო აკორდი 7 აგვისტო იყო. ქვეყანაში შექმნილი ვითარება "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა, პაატა ზაქარეიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას შეაფასა:
"ჯორჯიან თაიმსი": არსებობს ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს, როგორ ფიქრობთ, ვის მიერ იყო დაგეგმილი ეს პროვოკაცია და მართლა გახდა თუ არა პრეზიდენტი პროვოკაციის მსხვერპლი?
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა დაგეგმა თამაშის წესები და ამ თამაშის წესებით ათამაშა საქართველო, პირველ რიგში კი _ სააკაშვილი. ამერიკა ამ ამბავში ჩარეული რომ იყოს, მაშინ მკაფიოდ და ცალსახად მოითხოვდნენ საქართველოსაგან, რომ არ დაეშვათ საომარი მოქმედებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათ კარგად იცოდნენ, რაც მოყვებოდა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებას. რუსეთმა კარგად შეისწავლა ჩვენი ხელისუფლების პიარული, პოპულისტური სტილი და ნელ-ნელა ჩაიყოლა. 7 აგვისტოს ოკუპაცია დასრულდა.
_ თუ 7 აგვისტოს დამთავრდა საქართველოს ოკუპაცია, მაშინ რას უწოდებთ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რატომ განახორციელა რუსეთმა სამხედრო ოპერაციები, თუ საქართველო მანამდე იყო დაპყრობილი?
_ რუსეთმა დაიწყო დომინოს პრინციპით თამაში, მთავარია დომინოს ერთი ქვა წააქციო, მერე ყველა ქვები იშლება, გააჩნია, როგორ დაალაგებ. საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება, უკვე მიმდინარეობს პროცესები საქართველოსგან დამოუკიდებლად, სწორედ ამაში ჩაითრია რუსეთმა საქართველო, საბოლოო აკორდი დაიწყო 3 ივლისს, როცა საეჭვო ვითარებებში მოკლული იქნა ბიბილოვი და შემდეგ ასევე საეჭვო ვითარებაში ტერაქტი განხორციელდა სანაკოევზე, წვერიახოს გზაზე, ქართულმა მხარემ არ მიუშვა ტერაქტის ადგილზე არც ეუთოს დამკვირვებლები და არც სამშვიდობოები, ისე დაუდასტურერებლად დააბრალეს ოსებს.
_ რატომ არ აწარმოა ხელისუფლებამ ამ ფაქტის ირგვლივ გამოძიება, რა იყო ამის მიზეზი, არ შედიოდა მის ინტერესებში და რატომ დააბრალა ასე ხელაღებით ეს დანაშაული ოსეთს?
_ მართალია, გამოსაძიებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. რაც მოხდა ხურჩაში 21 მაისს, ესეც იყო დადგმული სპექტაკლი. მაქვს ამის მტკიცებულებები. ასევე კარგად ვიცი, როგორ დაგეგმეს სამი სტუდენტის ამბავი. შემდეგ ქართულმა მხარემ თქვა, რომ სარაბუკის მთიდან ჩამოდიან ოსები და ჩვენზე თავდასხმებს და ტერაქტებს გვიწყობენო, მერე კი მოხდა სარაბუკის მთის აღება.
სარაბუკის მთა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, იგი აკონტროლებდა ორივე შემოვლით გზას და დაჰყურებდა ჯავას. ამ ფონზე სარაბუკის მთა ჩვენ ხელში იყო 1992 წლიდან 2004 წლამდე. როცა კოკოითსა და ჟვანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაზავების შესახებ, მაშინ პოზიცია დავთმეთ და ქართულმა მხარემ ორი მოტივაციით დაიწყო პოლიტიკის წარმოება: ეს იყო შურისძიება და ვერაგობა.
შურისძიებით მან მოახერხა ყველა ოსი ბოევიკის მკვლელობა. თვით სააკაშვილის გუნდრუკის მფრქვეველი რუსი ჟურნალისტი ლაპილინაც კი ეჭვქვეშ აყენებს ბიბილოვის მკვლელობას და საქართველოს ხელისუფლებაზე ეჭვობს.
არ შეიძლება სახელმწიფო მართო შურისძიებით. ყველა ის სიმაღლეები, რაც ჩვენ დავკარგეთ იმ შეთანხმებების დარღვევის ხარჯზე, რაც არსებობდა ესკაკას ფარგლებში, იყო დაუფიქრებლად გაკეთებული. როგორც კი გამოვედით "ესკაკადან", ყველა ჩვენ მიერ შექმნილი სამხედრო-საპოლიციო პუნქტები იყო უკანონო. ოსები ამ შემთხვევაში ჩვენზე უკეთესები არაფრით ყოფილან. 2 ივლისიდან დაიწყო დაპირისპირება: პოსტების შექმნა, დაბომბვა. სარაბუკის მთის გამო დაიწყო ბრძოლები. ოსები ბოლო მომენტამდე ამ მთის გამო გვედავებოდნენ და ამიტომაც დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა.
_ ვინ დაიწყო პირველმა 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაციები. ვის აწყობდა ამ ომის დაწყება?
_ ჩვენ თავის დროზე ოსურ მხარეს შევთავაზეთ ლუბლიანის ე.წ. დოკუმენტი და ოსურმა მხარემ მოიწონა, კოკოითმა გვიპასუხა დადებითად. ყველაფერი გადმოიწერა ჩვენი დოკუმენტიდან და კოკოითმა აქცია ოსურ დოკუმენტად. ნოღაიდელმა გაიკვირვა კიდევაც, ეს ხომ ჩვენი დოკუმენტიაო. ამის ფონზე იყო მეორე გზა.
მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ამბობდნენ, რომ კოკოითი არის კრიმინალი. მიდიოდა 2 გზა _ ერთი სამშვიდობო, მეორე კი მიმართული იყო ამ მოლაპარაკების ჩასაგდებად. ხელისუფლებაში არსებული ქაოსის ფონზე მოხდა ძმები ქარქუსოვების გაქცევა ციხიდან და დაიდგა მთელი ჰოლივუდური სცენარები.
ქართულმა მხარემ სამშვიდობოს ნაცვლად აირჩია ოსური საზოგადოების გახლეჩის პოლიტიკა. შემდეგ შეიქმნა სანაკოევის პროექტი. ოსები იძულებული იყვნენ შემოვლითი გზით ევლოთ. 7 აგვისტოს, როცა სააკაშვილმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მერე უკვე დაიწყო ქართულ სოფლებზე შეტევა.
ამით პრეზიდენტი აღმოჩნდა თავისი სიტყვების მძევალი. ან რუსებმა, ან ოსებმა კარგად გამოიყენეს და დაიწყეს იმ ტერიტორიების გაწმენდა, სადაც სანაკოევის მმართველობა ვრცელდებოდა, ე.ი. სანაკოევის პროექტმა დაიწყო ნგრევა თავისი დისკოთეკებითა და შუქის ქალაქებით.
გაუგებარი იყო, როცა ყურაშვილმა განაცხადა, ვიწყებთ საკონსტიტუციო წესრიგის დამყარებასო. ეს მისი საქმე სულაც არ იყო, იმიტომ, რომ ყურაშვილი ექვემდებარებოდა კულახმეტოვს.
სხვა ნებისმიერ ქართველ გენერალს შეეძლო გაეკეთებინა ეს, გარდა ყურაშვილისა. მას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
ამასობაში გამოდის მეთიუ ბრაიზა, უკვე მან იცის, რაც ხდება, მაგრამ ხმას არ იღებს და ამბობს, რომ ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს და ეს უნდა შეწყდეს, მაგრამ ხმას არ იღებს რუსებზე.
სანაკოევიც ამბობს, რომ ოსებმა გაუხსნეს ცეცხლი და მოუწოდებს ოსებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. ის არ ახსენებს რუსებს და გვირაბიდან მათ შემოსვლას ასაიდუმლოებს.
ოსები ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ. ამის შესახებ კიდეც გამოვაქვეყნე წერილი, რომ ცხინვალი და ჯავა გაივსო რუსებით. რუსები უკვე შემოდიოდნენ. ჩვენ ხელისუფლებას ამიტომ სჭირდება ლეგენდა 7 აგვისტოზე.
რუსები სულ შემოდიოდნენ, მათ შორის 7 აგვისტოსაც, ასევე 8 აგვისტოსაც შემოიყვანეს 58-ე არმია. ის, რომ ჩვენ თითქოს ვუპასუხეთ რუსეთის შემოჭრას, ეს არის ყურით მოთრეული თემა, იმიტომ, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებას 30 ივლისს უნდა დაერტყა. ეს არადამაჯერებელი არგუმენტია.
_ თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციაზე. როგორ ფიქრობთ, არ იცოდა თავისი შესაძლებლობები, როცა სამხედრო ოპერაციებს ახორციელებდა?
_ სააკაშვილი დააჯერა გარემოცვამ, რომ ამ ომს მოვიგებდით. ეს უკვე მთავრობის პრობლემაა. 4 აგვისტოდან საერთოდ კონტაქტზეც აღარ გამოდიოდა ოსური მხარე. ამ დროს იაკობაშვილი და კულახმეტოვი, ასევე პოპოვი, რომელიც ჩამოვიდა, შეხმატკბილებულად საუბრობდნენ, რომ კოკოითი გაიქცა, ჩოჩიევი არ ჩანს, ანუ შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რუსები ჩვენ მხარეს არიან.
ისინი აღშფოთებულები არიან, რომ ოსები არ გამოდიან კონტაქტზე. კულახმეტოვმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ ოსები ისვრიან უკანონო იარაღით უკანონო ტერიტორიიდან. ამ წერილით იაკობაშვილი ამაყობდა კიდეც.
რუსებმა აშკარად დაიწყეს თამაში ჩვენს მხარესთან. კულუარებში რუსეთი აჯერებდა ქართულ მხარეს. სააკაშვილი აშკარად დააჯერეს, რომ ცხინვალს აიღებდა. სააკაშვილს ცხინვალის შენარჩუნების გარანტია ჰქონდა ან რუსეთიდან, ან ამერიკიდან. ის არ იცოდნენ, რომ ცხინვალს თუ აიღებ, ქვაბში ვარდები.
აშკარად ჩანდა, რომ ჩვენ შეგვიტყუეს ცხინვალში, შევუტიეთ მათ საცეცხლე წერტილებს. ერთ ღამეში აღებული იყო 12 სოფელი. მერე უკვე ცხინვალის ქუჩებში მიმდინარეობდა ბრძოლები. ეს შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ დაგეგმე. ვიღაცამ აშკარად უბიძგა სააკაშვილს ამ ომისკენ.
_ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპა მკვეთრი განცხადებებისგან თავს არ იკავებს?
_ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში. ამას დაახლოებით მინიმუმ 7-8 წელი მაინც დასჭირდება. ხალხს სააკაშვილი აჯერებს იმას, რისთვისაც ხალხი მზადაა დაიჯეროს. _ რამდენად აქვს საქართველოს შანსი გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, რამდენადაა შესაძლებელი დაკარგული ტერიტორიებით ნატოში შესვლა?
_ მსოფლიოს მიერ არ არის აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და რუსეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. ჩვენ თუ მაპს მოგვცემენ, მოგვცემენ მთელ საქართველოს, ჩვენი მთელი ტერიტორიებით, მაგრამ ნატოში ჩვენი შესვლა ნაკლებად სავარაუდოა.
_ დაიწყო თუ არა სახელისუფლებო კრიზისი, ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ სააკაშვილის შემცვლელზე. მოიაზრება ბურჯანაძე, ასევე ირაკლი ალასანია?
_ ბუნებრივია, ასეთი კატასტროფის შემდეგ კრიზისი არის. ალასანიას პარტია არ გააჩნია, გუნდი არ ჰყავს და პრეზიდენტად ნაკლებად სავარაუდოა. მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ 7 ნოემბერს, ასევე 5 იანვარს რაც გააკეთა სააკაშვილთან ერთად, კიდევ აქვს უფლება პოლიტიკაში იყოს?
სააკაშვილი დიდი სიამოვნებით დამარხავს საქართველოს, ოღონდ თავისი სკამი შეინარჩუნოს და შემდეგ უსირცხვილოდ თქვას, რომ ეს ოპოზიციის ბრალია. ოპოზიცია აქტიურობას დაიწყებს მარტიდან, მანამდე მოვთხოვთ ხელისუფლებას ყურადღება გადაიტანოს კონფლიქტური რეგიონების გადარჩენაზე. ამ ომის წაგებაში საქართველოს მხედართმთავარი და თავდაცვის სამინისტროა დამნაშავე
|