აგერ, ერთ-ერთი:
გაუხმაურებელი "სპეცსასაკლაო" სვანეთში"სასტიკად ნაცემი შამფრიანი, უშხვანი და ნიგურიანი სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ მიწაზე პირქვე დამხობილები, ვიდეოკამერის მოლოდინში..."აქციებს დახარბებულ ტელევიზიებს, რომლებმაც გუშინ ვრცლად გააშუქეს ზუგდიდში გიორგაძის მომხრეების თავგადასავალი, მესტიაში გადაკეტილი გზები "არ შეუნიშნავთ". სვანეთში 2005 წელის 22 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული კახა ფარჯიანის ახლობლები საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
"დღე" უკვე წერდა სვანეთში შარშან ჩატარებული კიდევ ერთი სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჭიდაობა ძიუდოსა და სამბოში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი კახა ფარჯიანი მის კუთვნილ ავტომანქანაში ჩაცხრილეს და მიატოვეს.
შს სამინისტრომ იმჟამად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2005 წლის 22 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა საშიში ბოროტმოქმედისა და მისი ჯგუფის წევრების დასაკავებლად სვანეთში სპეცოპერაცია ჩაატარეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მერაბ გერგაიას განცხადებით, ისინი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იყვნენ და მათი სამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიული მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შს სამინისტრომ სპეცოპერაცია ოფიციალურად აღიარა წარმატებულად, რადგან მოხერხდა მთავარი სამიზნის დაკავება, რომელიც რამდენიმე მკვლელობისთვის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ძებნილთან ერთად განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთა ექვსკაციანი ჯგუფი აიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები და ნიღბები ამოიღეს.
დაკავებული კახა ფარჯიანის დაცვის მხარე აცხადებს, რომ 2005 წლის 22 ოქტომბერს, მესტიის რაიონში ადგილობრივი პოლიციისა და სპეცრაზმელთა მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციის შესახებ ტელეეთერით არასწორი ინფორმაცია გადაიცა. სიუჟეტი "რუსთავი 2"-ის ეთერით ასეთი სახით გავიდა: "დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფი, რომლის ლიდერსაც პოლიცია 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ეჭვმიტანილებმა მძევლის აყვანა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დღეს მესტიაში სროლის ხმაც ისმოდა, არიან დაჭრილები.
ექვსი კაცისაგან შემდგარი ყაჩაღური დაჯგუფება პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ყველა მესტიაში ცნობილი კრიმინალის ბექა ჯაჯვანის დაჯგუფების წევრი იყო. ისინი სწორედ მაშინ აიყვანეს, როდესაც დაკავებული ლიდერის პოლიციიდან დახსნას ცდილობდნენ. როდესაც პოლიცია ჯაჯვანს აკავებდა, მისი მეგობრები დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის ბინაზე იყვნენ. ხმაური როდესაც გაიგონეს, სროლა ატეხეს. ხუთი კრიმინალი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. კახა ფარჯიანმა კი გაქცევა მოასწრო და თავის გადასარჩენად მესტიის სამძებროს უფროსის სახლში სცადა შეჭრა. აყვანის დროს სპეცრაზმელებმა ფარჯიანი დაჭრეს და მესტიის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჯგუფების ლიდერი, რომელიც მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის იძებნებოდა, სამართალდამცველებმა თბილისში გადმოიყვანეს. მასთან ერთად ვერტმფრენით სპეცრაზმის დაჭრილი წევრი ჩამოიყვანეს. ორივე ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯაჯვანის დაჯგუფება რვა წევრისგან შედგებოდა. ორმა ყაჩაღმა მიმალვა მოახერხა. სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს".
თუმცა, იქვე შს მინისტრი ამბობს: "ეს არ არის რაღაც საგანგებო სიტუაცია, უბრალოდ, ეს იყო ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება, და ამ დაკავების დროს, სამწუხაროდ, მოხდა ორმხრივი სროლა, რასაც ორი პოლიციელის ჯანმრთელობა შეეწირა. ჩვენ არ დავუშვებთ სიტუაციის გამწვავებას".
სრულიად განსხვავებულია ვერსია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს: "2005 წლის 22 ოქტომბერს მესტიის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #058050036 საქმეზე კახა გალაქტიონის ძე ფარჯიანის მიმართ... 2005 წლის 23 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა შს მთავარ სამმართველოში და წარმოებაში მიიღო გამომძიებელმა ჩიქოვანმა. 2005 წლის 29 დეკემბრიდან, წარმოებაში ჰქონდა გამომძიებელ ნინო კვარაცხელიას.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა კახა გალაქტიონის ძე ფარჯიანმა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჩაიდინა შეიარაღებული თავდასხმა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ მუშაკებზე და მოქალაქეებზე, რომლის დროსაც ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში...
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: მესტიის რაიონის სოფელ ლატალში მცხოვრებმა კახა ფარჯიანმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელ პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 2005 წლის 22 ოქტომბერს იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელ ორ ბოროტმოქმედს, რომლებთანაც წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მესტიის რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ჩამოსულ ქალაქ თბილისის გასაკუთრებულ დავალებათა რაზმის ოპერატიულ ჯგუფ "ალფას" პოლიციელებზე თავდასხმა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ფარჯიანი და დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი შეიარაღდნენ "კალაშნიკოვის" სისტემის სამი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და მეზობლისაგან ნათხოვი "უაზის" მარკის ავტომანქანით. ღამის საათებში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერის მხრიდან მიუახლოვდნენ საავტომობილო გზაზე, მდინარე ფუშკვერზე არსებულ ხიდთან ლენჯერის მხარეს მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის "ალფას" პოლიციელებს, რომლებიც ახორციელებდნენ პატრულირებას. პოლიციის პოსტთან მიახლოვების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და მათთან მყოფმა მესტიის რაიგანყოფილების თანამშრომლებმა ხელის მოძრაობით ანიშნეს ავტომობილის მძღოლს, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნაზე მძღოლმა არათუ შეაჩერა ავტომობილი, არამედ სწრაფი სვლით განაგრძო მსვლელობა, რაზედაც პოლიციელებმა გაფრთხილების მიზნით მოახდინეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა, რაზედაც ბოროტმოქმედებმა პოლიციელთა მიმართ მოახდინეს მგეზავი, მანათობელი ტყვიებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. ბრალდების ეს ეპიზოდი დადსტურებულია შემთხვევის ადგლის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან გასროლილი მასრით, ესე იგი ჩაიდინა დანაშუალი, რაც გათვალისწინებულია სსსკ 353 მუხლის | და || ნაწილით".
ციალა გულედანი, კახა ფარჯიანის ადვოკატი: "საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. ჯაჯვანის დამნაშავეთა ჯგუფი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გადაიცა, საერთოდ არ არსებობდა და არც ბექა ჯაჯვანი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, იძებნებოდა 12 წლის განმავლობაში მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის, რადგან 11-12 წლის ბავშვი ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებდა. ჯაჯვანი 2004 წელს ქალაქ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის იძებნებოდა. რაც შეეხება 8-კაციან დაჯგუფებას, თავად მინისტრმაც კი განაცხადა, რომ სვანეთში საგანგებო ოპერაცია არ ჩატარებულა. არამედ მოხდა ერთი ეჭვმიტანილის დაკავება", - აცხადებს ციალა გულედანი.
"დღის" შეკითხვაზე, რისთვის უნდა დასჭირვებოდათ სამართალდამცავებს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, გულედანი აცხადებს: "ვიღაცას ალბათ ჩინის მიღება უნდოდა და სირცხვილი რომ ჭამეს, გადაწყვიტეს კახა ფარჯიანისთვის, ზეზვა შამფრიანისთვის, ბაჩუკი უშხვანისა და ზაზა ნიგურიანისთვის გადაებრალებინათ საკუთარი უკანონო ქმედება. იმ დღეს დაკავებულთაგან ბექა და გარდაცვლილი გერასიმე ჯაჯვანი ძმები არიან. ფარჯიანს, ნიგურიანს, უშხვანსა და შამფრიანს მათთან არაფერი აკავშირებდათ. ფარჯიანი და შამფრიანი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ზეზვა თბილისის მკვიდრია, ზაზა ნიგურიანი და ბაჩუკი უშხვანი - დაბა მესტიის. ამას გარდა, სოფელ ლენჯერის მდინარე ფუშკვერის ხიდი არ წარმოადგენს პოლიციის პოსტს არც დღისით და არც ღამით. კიდევ ერთი დარღვევა - საქმეში დევს შამფრიანის დაკითხვის, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. ორივე ოქმის შედგენის დრო და თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. ამას გარდა, კახა ფარჯიანი ზუგდიდის საპყრობილეში გადაყვანა წინა რიცხვით აქვთ გაფორმებული, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ მესტიის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამდენად, 2005 წლის 22 ოქტომბერს, დაკავებული 5 პირი ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილა.
გამოძიების მასალებით, ავტომანქანა "უაზის" შეჩერების მიზნით პოლიციელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს ბოროტმოქმედთა ავტომანქანის წინა საბურავები და ავტომობილმა მოძრაობა შეწყვიტა. "ავტომანქანიდან, მძღოლის კარების მხრიდან გადმოხტა კახა ფარჯიანი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომატური ჯერით გაისროლა პოლიციელთა და მათთან მყოფი მოქალაქეების მისამართით. ბოროტმოქმედთა წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით საპასუხო სროლით პოლიციელებმა დაჭრეს ეს უკანასკნელი, რომელიც მიწაზე დაეცა", - ნათქვამია აქ.
საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტამდე ძალოვნებმა კიდევ სამი პირი დააკავეს - ზეზვა შამფრიანი, ბაჩუკი უშხვანი და ზაზა ნიგურიანი. ზეზვა შამფრიანის დედა, თამილა გოშთელიანი: "ჩემი შვილი მესტიაში ბიძის რუსლან გოშთელიანის გასვენებაში ჩავიდა, მანამდე ხუთი წელი სვანეთში არ ყოფილა. უკან თბილისში იმ დღესვე დაბრუნება ვერ შეძლო და ღამით მშობლიურ სოფელში გადაწყვიტა ჩასვლა. მას არანაირი იარაღი არ ჰქონია. გზაზე მიმავალი მანქანა პოლიციელებმა შემთხვევით გააჩერეს. როგორც თვითმხილველთა ნაამბობიდანაც გავარკვიეთ, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე სოფელ ლენჯერთან, მდინარე ფუშკვერის ხიდთან განლაგებულმა სპეცრაზმელებმა და ადგილობრივმა პოლიციამ გააჩერა "გოლფის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ზაზა ნიგურიანი მართავდა. მანქანაში ჩემი შვილი და ბაჩუკი უშხვანიც ისხდნენ. ისინი მანქანიდან პოლიციის მოთხოვნისთანავე გადმოვიდნენ. ამის მიუხედავად, სასტიკად სცემეს. ჩემს შვილს თავი გაჩეხილი ჰქონდა, ცემისგან გონება რომ დაკარგა, თურმე მდინარეში გადაგდებას დაუპირეს. გონზე მოსვლამ იხსნა. მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ზეზვა ფსიქიურად დამიავადდა.
იმის მაგივრად, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში მიეყვანათ, ზუგდიდის საპყრობილეში გააქანეს. მანამდე კი ის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი პირქვე ყავდათ დამხობილი სამი საათის განმავლობაში, სანამ ახალი გასართობი არ გამოუჩნდათ. ეს ახალი გასართობი, გზაზე გამოჩენილი კახა ფარჯიანის ავტომანქანა იყო. მისი "ვილისი" დაცხრილეს, დაჭრილი ფარჯიანი ავტომანქანიდან გადმოაგდეს, თავში ავტომატის კონდახი ურტყეს, მერე ჩემი შვილისა და მისი ამხანაგების ავტომანქანაში ჩატენეს. ფარჯიანი რომ მომკვდარიყო, მის მკვლელობას ალბათ ჩემს შვილსა და მის ამხანაგებს დააბრალებდნენ და ეს საგვარეულო ომში გადაიზრდებოდა.
ამ ამბიდან ჩემი შვილი 16 იანვრამდე პრაქტიკულად უპატრონოდ და უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ჩვენი ხარჯებით გადმოვიყვანეთ თბილისში. რომ არა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების გულისხმიერება და სახალხო დამცველის აპარატი, ჩემი შვილი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. მის საბოლოო დიაგნოზს, ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ის დაკავებიდან კარგა ხნის შემდეგ გადაიყვანეს, დღემდე არ გაცნობიან, რადგან მალავდნენ, რომ ჩემი შვილი ტრავმირებული იყო. იმის მაგივრად, ეთქვათ - შევცდით და გვაპატიეთო, ასეთ გამწარებულ დედას მითვლიან, ნუ ჩივიხარ, თორემ შვილს უარეს ადგილას გადავიყვანთ და მერე წერეთ და იკითხეთო".
ფარჯიანის ადვოკატის ციალა გულედანის განცხადებით, 2005 წლის 28-29 ოქტომბერს მესტიაში შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სისხლის სამართლის სამძებროს პირველი განყოფილების გამომძიებელ ლევან ჩიქოვანს, დაზარალებული კახა ფარჯიანის ეჭვმიტანილად დაკავების საფუძველი არ ჰქონდა. როდესაც ჩიქოვანი მესტიის რაიონულ საავადმყოფოში მყოფი მძიმედ დაჭრილი კახა ფარჯიანის ზუგდიდში გადაყვანას ცდილობდა, მან ფარჯიანის დაცვის მხარეს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ფარჯიანი ეჭვმიტანილად ცნო. იმ პერიოდში გამოძიებას არც შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჰქონდა ჩატარებული და შესაბამისად, არ არსებობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების და არც ფარჯიანის ვითომცდა კუთვნილი იარაღის ამოღების ოქმი, რომლის გაცნობასა და გადაცემას ფარჯიანის ინტერესების დამცველი ადვოკატი დაჟინებით ითხოვდა. ლევან ჩიქოვანმა ვერც ფარჯიანის დაკავების სანქცია წარმოადგინა.
"ყველაფერს ზუგდიდში გადაგაღებინებთ. ყველა დოკუმენტი საქმეშია", - ასეთი იყო გამომძიებელ ლევან ჩიქოვანის პასუხი.
ჩანს, შემთხვევის ადგილიდან ფარჯიანის კუთვნილი, დაუდგენელ დროსა და დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან შეძენილი ავტომატური იარაღის ამოღება მართლაც შეუძლებელი იყო, გამოძიების მასალების თანახმად: "დაჭრილი ფარჯიანის დასახმარებლად ავტომანქანიდან ორი ბოროტმოქმედი გადმოხტა, რომლებიც ასევე შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს. ცდილობდნენ დაჭრილის გაყვანას, მაგრამ პოლიციელებმა, რომლებიც ცდილობდნენ ბოროტმოქმედთა შეპყრობას, არ მისცეს დაჭრილის წაყვანის შესაძლებლობა, რაზედაც ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ხელი დასტაცა ფარჯიანის ავტომატურ, ცეცხლსასროლ იარაღს და ორივე ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მდინარე ფუშკვერის მიმართულებით". ამდენად, იარაღი, რომელიც გამოძიების მტკიცებით ფარჯიანს თან ჰქონდა, შემთხვევის ადგილზე ვერ იქნებოდა.
ფარჯიანის დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ მას იარაღი თან არ ჰქონია და ავტომანქანაშიც მარტო იმყოფებოდა: "გამომძიებელ ლევან ჩიქოვანს არ ჰქონდა საფუძველი, კახა ფარჯიანი 28 ოქტომბერს ეჭვმიტანილად დაეკავებინა. სპეცრაზმელების მიერ მძიმედ დაჭრილი ფარჯიანი 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე, ანუ დაკავებამდე ლევანი ჩიქოვანის მიერ უკანონოდ იყო ძალოვანთა მეთვალყურეობის ქვეშ. ამას ადასტურებენ მესტიის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თანამშრომლები. შემდეგ კი ზუგდიდში მისი უკანონო ბადრაგირება მოხდა. უკანონოდ იმიტომ, რომ გამოძიებამ მას 48 საათის განმავლობაში ბრალი ვერ წარუდგინა. არ მოხდა შემთხვევის ადგილის დროულად დათვალიერება. გამოძიებამ არ დაკითხა ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველები. ჩადენილი უკანონობის დასაფარავად, გამოძიებამ მოწმის სახით მხოლოდ ის სპეცრაზმელები დაკითხა, რომლებიც ამ ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, ხოლო დაზარალებულად ცნო 2005 წლის 22 ოქტომბერს ღამის საათებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროს გვარამიას მიერ გამოძახებული მესტიის რაიონის პროკურორი ვიოლა ცალანი და პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მალხაზ უდესიანი. 29 ოქტომბერს, შეიარაღებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების მიერ ძალის გამოყენებით ადვოკატებს ხელიდან წაგვართვეს მძიმედ დაჭრილი კახა ფარჯიანი და გადაიყვანეს ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი სასწრაფოს მანქანით. 30 ოქტომბერს, არასამუშაო დღეს, კვირას ფარჯიანს წარუდგინეს ბრალი, ძალზედ მძიმე მუხლებით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განაჩენი გავასაჩივრეთ ქუთაისის საოლქო სასამართლოში, საჩივრები შევიტანეთ როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში, ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, უდანაშაულო კახა ფარჯიანის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ვითხოვდით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურისთვის ფარჯიანის საქმის გამოძიების აცილებას. ჩვენს საჩივარს თან ერთვოდა 122 გვერდად აკინძული მტკიცებულებები, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კახა ფარჯიანის უდანაშაულობას ადასტურებდნენ.
გენერალურმა პროკურორმა, მართალია, აღნიშნა, რომ მესტიის რაიონის გამომძიებლის ლევან ჩიქოვანის მიერ დაშვებულია ზოგიერთი უკანონო მოქმედება და ის, რომ ტენდენციურად მიმდინარეობდა გამოძიება, ეს საქმე პირად კონტროლზეც "აიყვანა", მაგრამ გვიპასუხა, რომ ჩვენს მოთხოვნას საქმის ძიების სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურისთვის აცილების შესახებ ვერ დააკმაყოფილებდა. აღნიშნული საქმე გადაეცა ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის სისხლის სამართლის სამძებროს გამომძიებელს ნინო კვარაცხელიას, რომელმაც ასევე ხელშეუხებლად დატოვა საქმის მასალები, მტკიცებულებების ყოველგვარი განხილვა-შესწავლის გარეშე დაწერა საბრალდებო დასკვნა და გადაუგზავნა მესტიის რაიონის სასამართლოს. საქმესთან დაკავშირებით პროცესუალური ნორმების დარღვევის შესახებ, სახალხო დამცველს მასალები არაერთხელ გადავუგზავნეთ და მან საკმაოდ დაგვიანებით გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას წერილი აღნიშნული დარღვევების შესწავლის მოთხოვნით. გენერალურმა პროკურატურამ, მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენჯერმე შეხსენებისა გამოეგზავნათ პასუხი, გენერალური პროკურორის მოადგილის, ჟღენტის ხელმოწერით დაგვიანებით გამოგზავნა სრულიად უკანონო პასუხი, რაც კიდევ ერთ სიგნალს წარმოადგენს პოლიციელებისა და სპეცრაზმელებისთვის - არ დაემორჩილონ კანონს, კვლავ დაარღვიონ წესრიგი და დანაშაულებრივი, სისხლიანი სპეცოპერაციები ჩაატარონ. ხოლო ის ორი პირი, რომლებიც თითქოს სპეცრაზმელებს გაექცნენ, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან, რადგან არც არსებობენ.
რაც შეეხება ინფორმაციას დიდძალი იარაღის ამოღების შესახებ, ტელეეთერით საზოგადოებას პოლიციის კუთვნილი იარაღი აჩვენეს. სპეცრაზმელებისა და ადგილობრივი პოლიციელების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილ კახა ფარჯიანს ისიც დასდეს ბრალად, რომ მესტიის რაიონის სისხლის სამძებროს უფროსის სახლში ცდილობდა შეჭრას, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებდა, რადგან ლენჯერის საშუალო სკოლასთან მანქანიდან გადმოგდებული, გზაზე უგონოდ ეგდო. ფარჯიანს ავადმყოფ მამიდასთან მიჰქონდა წამალი. მაშინ არაფერი თქმულა, რომ სამი უდანაშაულო პირი სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს: თავგაჩეხილი ზეზვა შამფრიანი, ბაჩუკი უშხვანი და ზაზა ნიგურიანი. სატელევიზიო სიუჟეტით გადაიცა, თითქოს ეს პიროვნებები გზაზე აყაჩაღებდნენ მგზავრს და მათ მოკლეს მრავალშვილიანი დედა. სპეცრაზმელთა მიერ სასტიკად ნაცემი ზეზვა შამფრიანი ამჟამად ფსიქიურად დაავადებულია და დღემდე უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. გარდა ამისა, არსად არაფერია ნათქვამი ასევე იმ ღამით ცემის შედეგად სიკვდილის პირას მიყვანილ და საპყრობილეში გარდაცვლილ გერასიმე ჯაჯვანზე, რომელსაც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯეს. არასწორია ინფორმაცია, თითქოს მესტიის სამძებროს უფროსის სახლში შეჭრას კახა ფარჯიანი ცდილობდა. სინამდვილეში სამძებროს უფროსის რძალს შორენა ხერგიანს სიუჟეტში არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ ცდილობდა მის სახლში შეღწევას. სინამდვილეში მას სახლში შეშვება გერასიმე ჯაჯვანმა სთხოვა, რომელიც სპეცრაზმელებმა ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას იყო მისული და დაკავებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ზუგდიდის #4 საპყრობილეში გარდაიცვალა. აღნიშნულზე პასუხი არავის უგია.
საგულისხმოა შს მინისტრის სატელევიზიო ეთერით გახმიანებული ფრაზა. ის განსხვავდება ვერსიისგან, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცა და რომელსაც ავითარებს გამოძიება. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იყო საგანგებოდ დაგეგმილი სპეცოპერაცია, არამედ უბრალოდ ეჭვმიტანილის დაკავება. სულ საუბრობენ, რომ დაკავების ოპერაციისას მოხდა ორმხრივი სროლა, რასაც ემსხვერპლა ორი სპეცრაზმელის ჯანმრთელობა. უდანაშაულო კახა ფარჯიანის, ზეზვა შამფრიანის, ბაჩუკი უშხვანისა და ზაზა ნიგურიანის დაზიანებებს კი არავინ არაფრად მიიჩნევს. მათგან ორნი, შამფრიანი და ფარჯიანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და მათი უკანონო დაპატიმრების გამო უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირების მიმართ, რომელთაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, სხვადასხვა დროს ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენეს ამ პირებს", - მიიჩნევს კახა ფარჯიანის ადვოკატი ციალა გულედანი.
გამოძიების მასალებში ვკითხულობთ: "კახა ფარჯიანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ 2004 წლის 24 თებერვალს კახა ფარჯიანი გასამართლებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ სსსკ 182 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსსკ 63 და 64 მუხლების თანახმად შეეცვალა 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა ფარჯიანმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახ დანაშაული, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა გააუქმოს პირობითი სასჯელი და სასჯელი დაუნიშნოს სსსკ 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სსსკ 42 მუხლის მეორე ნაწილისა და 416-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეგზავნოს მესტიის რაიონულ სასამართლოს".
თუმცა, საქმეში არსებობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილი #2942, გაცემული 2005 წლის 11 ნოემბერს, საიდანაც ირკვევა, რომ განაჩენის ასლი კახა გალაქტიონის ძე ფარჯიანის მიმართ საერთო სასამართლოების ცენტრალურ, საუწყებო არქივში დაცვაზე არსებულ ხსენებული რაიონის სასამართლოს საარქივო ფონდში შემოსული არ არის".
2005 წლის 22 ოქტომბერს მესტიაში მომხდარი ფაქტით დაგვიანებით, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა. კერძოდ იმით, რომ მესტიის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 17 მარტს დააკმაყოფილა პროკურორ გულივერ გურჩიანის შუამდგომლობა, სადაც პროკურორი აღნიშნავდა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნის თანახმად, ზეზვა შამფრიანი საჭიროებს სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ საექსპერტო გამოკვლევას და აღნიშნული ახლად აღმოჩენილი გარემობის გამო, საქმის უკან დაბრუნებასა და ერთთვიანი საგამოძიებო ვადის დაწესებას ითხოვდა. ამას გარდა, მოსამართლე ბურდულმა შამფრიანს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 30 დღით გაუგრძელა. საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძისა და გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ლაცაბიძის სახელზე მიმდინარე წლის 10 მაისს გაგზავნილ წერილებში ნათქვამია, რომ ზეზვა შამფრიანის საქმე "2006 წლის 24 იანვარს სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნასთან ერთად, არსებითად განსახილველად წარიმართა მესტიის რაიონულ სასამართლოში. 2006 წლის 17 მარტს განმწესრიგებელ სხდომაზე პროკურორმა გულივერ გურჩიანმა იშუამდგომლა, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო სასამართლოს საქმე დაებრუნებინა დამატებით გამოძიებაში. მოსამართლე ნუგზარ ბურდულმა დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, გამოიტანა დადგენილება საქმის მესტიის რაიონულ პროკურატურაში დაბრუნების შესახებ და პატიმრობის ვადა გააგრძელა 30 დღით. აღნიშნული მოქმედებით პროკურორისა და სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა - "სისხლის სამართლის საქმეს დამატებითი გამოძიებისთვის მოსამართლე (სასამართლო) წარმართავს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულისთვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას".
სოზარ სუბარი ვალერი ცერცვაძეს მოსამართლე ბურდულის, გიორგი ლაცაბიძეს კი გამომძიებელ ტარიელ ჩაჩუასა და პროკურორ გულივერ გურჩიანის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სთხოვს.
ციალა გულედანის თქმით, გენერალური პროკურორის მოადგილე ჟღენტი კახა ფარჯიანის უკანონო დაკავებასა და ბადრაგირებას აწ უკვე გათავისუფლებული მესტიის პოლიციის უფროსის გვარამიას ბრძანების კანონიერებით ხსნის. თითქოსდა ბადრაგი კახა ფარჯიანს დაცვის მიზნით დაუყენეს. ციალა გულედანის თქმით, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ მესტიის რაიონის გამომძიებელს ეკა უდესიანს თავის სამუშაო ოთახში დააწერინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დაფიქსირებულია ოცამდე მასრის ამოღების ფაქტი. მან მოწმეებად და დამსწრეებად დაასახელა პოლიციის თანამშრომელი, დამლაგებელი მზია დანელია და საქმის მწარმოებელი ლიდა ჩართოლანი. "მათი გამოკითხვის შემდეგ დავადგინე, რომ ეს ქალბატონები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან, მათ რაღაც ქაღალდებზე ხელი ეკა უდესიანმა მოაწერინა, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ", - აცხადებს ფარჯიანის ინტერესების დამცველი. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალებით, მესტიის მიმართულებით ვილისის მარკით მიმავალ კახა ფარჯიანს ავადმყოფი მამიდისთვის ნადია ფარჯიანისთვის წამალი მიჰქონდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანილს ოპერაციის დროს შარვლის ჯიბიდან ამოუვარდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, არ ჰქონია იარაღი.
ფარჯიანს რამდენიმე ადგილას აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა. იმის მიუხედავად, რომ ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თავს ამჟამადაც ცუდად გრძნობს. შესიებული აქვს სახე და კიდურები და პოლიციელთა "დამსახურებით" დაზიანებული აქვს თირკმელები. ამის მიუხედავად, ის დღემდე ზუგდიდის #4 საპყრობილეში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება.
"თუ პოლიტიკური ნება იქნება, კახა ფარჯიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დღეს პოლიციამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა სამი შემთხვევით გამვლელი დააკავეს. მათ შორის ზეზვა შამფრიანი, რომელსაც ცემის შედეგად მიაყენეს მძიმე დაზიანება, რის გამოც ფსიქიურად დაავადდა. მის საქმეს მესტიის გამომძიებელი ტარიელ ჩაჩუა იძიებდა, რომელმაც შეთითხნილი მასალების საფუძველზე დაწერა საბრალდებო დასკვნა, თითქოს შამფრიანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ კანონის უზენაესობის აღსრულებას, ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ვითხოვთ", - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები. შამფრიანის დედის განცხადებით, არსებობს არაერთი თვითმხილველი, რომ სპეცრაზმელები, რომლებიც მისი შვილისა და კახა შამფრიანის დაკავებასა და ცემაში მონაწილეობდნენ, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
დაკავებულთა ახლობლების განცახდებით, არც მესტიისა და არც სამეგრელო-ზემო სავნეთის პროკურატურას თუ შს სამმართველოს ამ საქმის ხელახალი და ობიექტური გამოძიება ხელს არ აძლევს. როგორც "დღისთვის" ცნობილი გახდა, და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რეგიონში ამ მხრივ მართლაც რთული ვითარებაა. სასამართლო მთლიანად პროკურატურის გავლენის ქვეშ იმყოფება. მესტიელები ამბობენ, რომ ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. მოსამართლეებს ფაქტობრივად პროკურატურის მანქანები "ემსახურება", ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და საქმეებსაც ერთობლივად "აგვარებენ".
დალი ბჟალავა. 6 ივნისი
http://www.open.ge/06/xdge/056/056-5.htmაღსანიშნავია, რომ ფარჯიანი ისე გამოუშვეს, მიზეზის დასახელება ვერ შეძლეს:
პოლიციის მსხვერპლის მდგომარეობა მძიმე რჩებაკახა ფარჯიანი გაათავისუფლეს, თუმცა შესაბამის სამართლებრივ საფუძველს ჯერჯერობით არ ამხელენ27 წლის კახა ფარჯიანი, რომელიც შარშან, 22 ოქტომბერს სვანეთში, კერძოდ მესტიაში, ძალოვნებმა მძიმედ დაჭრეს, შემდეგ კი პოლიციელთათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საპყრობილეში გაამწესეს, 12 ივნისს, სასამართლში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ორი დღით ადრე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რა გახდა მძიმე
This post has been edited by Geronti on 16 Jun 2006, 13:03