არ ვიცი ეს ვინმემ დადო თუ არა ფორუმზე, თუ უკვე არის ეს თემა, მაშინ შეურთეთ. არ სჯობს ახლა ამ რუსის ანალიზი მაგ თქვენი 25 ქართველის ანალიზს (ექსოერტზეა საუბარი)?!
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=243135ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ორ წელზე მეტია, რაც ღიად დაუპირისპირდა თავის ყოფილ შეფს და კრემლის პოლიტიკას დაუფარავად აკრიტიკებს. საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ანდრეი ილარიონოვმა თავისი პროტესტი საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში გამოხატა.
ქართულ-რუსულ ომის მიზეზებზე ილარიონოვმა თავისი მოსაზრებები უკრაინაში, კატონის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის მსმენელებს 4 სექტემბერს გააცნო. ილარიონოვის შეხედულებები იმდენად საინტერესოდ გვეჩვენა, რომ გადავწყვიტეთ ქართულ-რუსულ ომზე მის მიერ კატონის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლაში გამოთქმული შეხედულებების შემოკლებული ვარიანტის თქვენთვის გაცნობა.
მთავარია გავარკვიოთ, რატომ დაიწყო საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი. ეს იყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელშიც მონაწილეობა რუსეთის ყველა სახის ქვედანაყოფებმა მიიღეს. იგი საქართველოს ტერიტორიაზე ახლაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთ-საქართველოს ომი ნაწილია იმ უფრო დიდი ომისა, რომლითაც რუსეთმა დასავლეთისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება განიზრახა. რატომ გადაწყვიტა რუსეთმა დაეწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ სამ ფრონტზე და მზად იყო გაეგრძელებინა საომარი მოქმედებები 12, 13, 14 და 15 აგვისტოს?
რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კრემლის მიზანი რომ იყოს იმ ხალხების დაცვა, რომლებსაც დამოუკიდებლად არსებობა სურთ, მაშინ კრემლს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა უნდა ეღიარებინა. დამოუკიდებლობის სურვილი ჩეჩენმა ხალხმა არაერთხელ გამოთქვა, იგი 10 წელი იარაღით ხელში ებრძოლა რუსეთს და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მთელი 200 წელი არ შეუწყვეტია. მოსკოვს ჩეჩნეთი არ უღიარებია, მათ წინააღმდეგ გამოიყენა ტანკები, გრადები, ავიაცია, არტილერია და ქიმიური იარაღი. სწორედ ქიმიური იარაღით დაიღუპნენ ჩეჩენი "ბოევიკები".
ჩეჩნეთში და ცხინვალში ომის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის შედარება ხომ ყოვლად უადგილოა. სამხრეთ ოსეთში საომარ მოქმედებებში 134 ადამიანი დაიღუპა. მათი 80% მებრძოლი იყო, დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქე. გასაგებია, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ტრაგედიაა, მაგრამ ამ ციფრების ჩეჩნეთში დაღუპულთა რაოდენობასთან შედარებაც ხომ არ შეიძლება. ჩეჩნეთში ორივე მხრიდან 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის ხელისუფლებას არ უღიარებია არც ჩეჩნეთის და არც კოსოვოს დამოუკიდებლობა. ეს მას არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაუკეთებია. აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებს.
ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში თავისი მოქალაქეების დასაცავად მოქმედებდა, როგორც მინიმუმ, არადამაჯერებელია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ოლქში დაახლოებით 48 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე და 20 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ამ რეგიონში მცხოვრები 10 ათასამდე ოსი მოქალაქე ქართული ორიენტაციის ოსურ ადმინისტრაციას უჭერდა მხარს, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა. სანაკოევი 90-იან წლებში სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც თავისი 500-მდე მხარდაჭერით კოკოითს დაუპირისპირდა, ცალკე ადმინისტრაცია შექმნა, რომელშიც ქართული სოფლების გარდა ოსური სოფლებიც შედიოდა.
რუსეთს რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დაცვის მიზანი ჰქონდეს, კრემლს თურქმენეთში მცხოვრები რუსები უფრო უნდა აინტერესებდეს, რომელთა უფლებები თურქმენეთში თურქმენბაშის მმართველობის პერიოდიდან სერიოზულად ირღვეოდა.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით მოქმედებდა, აშკარა თვალთმაქცობაა, რომელიც სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად იქნა გამოყენებული.
რაც შეეხება ქართული არმიის მიერ ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდის თემას, რომელზეც ასე ბევრს და ხშირად საუბრობს რუსეთის ხელისუფლება. გენოციდის ფაქტის კონსტატაციისას თავიდან სახელდებოდა მსხვერპლთა ციფრი 1400, შემდეგ 1600, მოგვიანებით 3000.
გენოციდის შესახებ პირველი განცხადება 8 აგვისტოს, 5 საათზე ჯავაში მყოფმა კოკოითმა გააკეთა, რომელიც ცხინვალში არ იმყოფებოდა და დედაქალაქი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა. სამი კვირის განმავლობაში რუსეთის ოფიციალური პროპაგანდა გენოცოდის მსხვერპლთა რაოდენობას 1600-ს ასახელებდა. დღესაც იმავეს განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიკავკაზში ჩასულმა პუტინმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია. მოსკოვიდან ცხინვალში საგანგებოდ ჩასულმა რუსეთის გენპროკურატურის სპეციალურმა ჯგუფმა ერთთვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ დაღუპულია 134 მოქალაქე, რომელთა 80% მებრძოლი იყო, ხოლო დანარჩენი - მშვიდობიანი მოქალაქე.
საერთაშორისო სამართლით გენოციდი მხოლოდ სამ შემთხვევაში დადასტურდა. სომხების გენოციდი, ებრაელთა გენოციდი, რომელიც ჰოლოკოსტის სახელითაა ცნობილი და 1994 წელს რუანდაში განხორციელებული გენოციდი. ახლა გენოცოდზე საუბრობენ სუდანში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყველა სხვა შემთხვევა გენოციდად არ განიხილება და კვალიფიცირდება როგორც ეთნიკური წმენდა.
გენოციდის უმთავრესი განმსაზღვრელია სახელმწიფო მანქანის გამოყენება მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით განადგურებისათვის. კოსოვოს შემთხვევაშიც კი არ ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა გენოციდს, მიუხედავად იმისა, რომ იქ 30 ათასი კოსოველი ალბანელი დაიღუპა და ერთმა მილიონმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა.
ეთნიკურ წმენდად მიიჩნევა აფხაზებისა და ქართველების მიერ ერთმანეთის განადგურება. 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 3000 აფხაზი და 17 ათასი ქართველი. საბჭოთა კავშირის დაშლის დროისათვის აფხაზები აფხაზეთში მოსახლეობის 17%-ს შეადგენდნენ, ქართველები კი 52%-ს. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად აფხაზეთის ტერიტორია 250 ათასმა ეროვნებით ქართველმა მოქალაქემ დატოვა. ახლა ქართველები აფხაზეთში მხოლოდ გალის რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ამდენად, ქართულ-რუსული ომის არც ერთი ოფიციალური ვერსია და ახსნა სინამდვილეს არ შეესაბამება.
მაინც, რის გამო დაიწყო რუსულ-ქართულ ომი? ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მიმაჩნია ის პროცესები, რომელიც საქართველოში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განვითარდა. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე საქართველოში სახელმწიფო მშენებლობის სფეროში მრავალი რეფორმა გატარდა. ამ პროცესის ფარგლებში განხორციელდა რეფორმები ეკონომიკურ სფეროში. საქართველო ყალიბდებოდა როგორც თანამედროვე ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო. საქართველოში ჩამოყალიბდა პასუხიმგებლობის მქონე ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გამჭვირვალე გახდა.
მსოფლიოში ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელმაც საქართველოს მსგავსად უმოკლეს ვადებში იმდენი რეფორმა და თანაც სხვადასხვა სფეროში წარმატებით და ხარისხიანად განახორციელა. საქართველოს ეკონომიკის ლიბერალიზაციამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის სწრაფი ზრდა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქრთველოში ეკონომიკურმა ზრდამ 11-დან 13%-ს მიაღწია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველომ ჩინეთსაც კი გაუსწრო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოშიც საბჭოთა მემკვიდრეობის პრობლემები უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და არც გაზი.
აგვისტოს მოვლენებამდე საქართველო რუსეთში ელექტროენერგიის იმპორტს აწარმოებდა. ვინმეს 3-5 წლის წინ რომ ეთქვა, ენერგეტიკული პრობლემების მქონე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა გახდებოდა, არც არავინ დაიჯერებდა და ამის მთქმელს ფანტაზიორად მონათლავდნენ. დიახ, არ ვაჭარბებ, საქართველოში სწორად განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკური სასწაული მოხდა. მაღალია საქმიანი აქტივობა. საქართველოში ინვესტიციების ნაკადმა მთლიანი შიდა პროდუქტის 18-20% შეადგინა. შედარებისათვის, რუსეთში ანალოგიური მაჩვენებელი, ანუ კერძო კაპიტალის ინვესტიციები, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტია. ეს მაშინ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს და მისი ბაზარი პატარაა.
ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვა, თუ რას წარმოდგენს დღეისათვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით. ძალიან მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს რეგიონები ეკონომიკური თვალსაზრისით სტალინური ანკლავებია, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი. უკანასკნელი 4 წელია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა პრაქტიკულად არ მუშაობს და რუსეთის ბიუჯეტის სუბსიდიებით ცხოვრობს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. სამხრეთ ოსეთისათვის მარტო შარშან გამოყოფილმა სუბსიდიებმა თითქმის 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ ციფრს გავყოფთ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ 40 ათას მოსახლეზე, მივიღებთ სურათს, რომლის თანახმადაც მოსკოვი არც ერთ თავის რეგიონს ისე არ აფინანსებდა, როგორც სამხრეთ ოსეთს. ფინანსების მიწოდებით მოსკოვმა რეალურად გახრწნა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც შრომას გადაეჩვია.
ცხინვალში ტანკებთან ერთად ჩასული რუსი ჟურნალისტები ყვებოდნენ იმის შესახებ, რომ ცხინვალში ვერ მოიძებნა ერთი ხელოსანიც კი, რომელიც წყლის გაფუჭებულ მილსადენს შეაკეთებდა. კითხვაზე, თუ რატომ არ აკეთებდნენ გაფუჭებულ წყალსადენს ადგილობრივები, მათ ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცეს _ თქვენ თავად გააკეთეთ. პუტინის განკარგულებით სამხრეთ ოსეთისათვის დამატებით კიდევ 10 მილიარდი რუსული რუბლი გამოიყო. ახლა ჯავაში დიდი სამხედრო ბაზა შენდება.
სწორედ ჯავაში რუსული ტანკები აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო შეყვანილი. რუსული სამხედრო ტექნიკის მარაგი სამხრეთ ოსეთში უკანასკნელი 4 წელი იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედებების დაწყებამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო.
რუსული პროპაგანდა ხშირად აპელირებდა იმით, რომ საქართველო კავკასიაში ყველაზე მილიტარიზებული რესპუბლიკა იყო. მოდით შევადაროთ ციფრები ერთმანეთს და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ასე არ იყო.
სამხრეთ ოსეთს, სადაც 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ჰქონდა 87 საარტილერიო დანადგარი. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 30-ჯერ გაიზარდა. 30 მილიონი აშშ დოლარიდან თითქმის 1 მილიარდამდე გაიზარდა. 2008 წელს საქართველო სამხედრო სფეროსათვის ბიუჯეტის 8%-ს გამოყოფდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავაანალიზებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბიუჯეტები იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა, და, რაც მთავარია, სოხუმსა და ცხინვალს იარაღით რუსეთი ამარაგებდა.
საქართველოში 1000 კაცზე მხოლოდ 6 სამხედრო მოსამსახურე იყო, აფხაზეთში იგივე მაჩვენებელი 60-ს შეადგენს, სამხრეთ ოსეთში კი 65-ს, ანუ ორივე ამ რეგიონს საქართველოსთან შედარებით 10-ჯერ მეტი მაჩვენებელი ჰქონდა. ანალოგიური მდგომარეობაა რეზერვისტებთან დაკავშირებითაც. 1000 კაცზე საქართველოში 22 რეზერვისტი მოდიოდა, აფხაზეთში 165, სამხრეთ ოსეთში 326, სახეზეა 15-ჯერ მეტი უპირატესობა. საქართველოს 100 000 კაცზე 4,6 საარტილერიო დანადგარი ჰქონდა, აფხაზეთს 35, სამხრეთ ოსეთს 190. ანალოგიური ვითარებაა ჯავშანტექნიკის ქონასთან დაკავშირებით. საქართველოს 100 000 კაცზე 5 ერთეული ჯავშანტექნიკა ჰქონდა, აფხაზეთს 75, სამხრეთ ოსეთს 391. აქაც რეგიონების საქართველოს მიმართ უპირატესობა 10-ჯერ მეტია.
ასეთია შეფარდება იმ მონაცემების გათვალისწინების გარეშე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთმა მაის-ივლისში საკმაოდ დიდძალი სამხედრო ტექნიკა შეიტანა. მაის-ივლისის თვეებში მარტო აფხაზეთში 1500-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, საარტელერიო დანადგარი, ტანკი და სხვადასხვა სახის ტექნიკა იქნა შეტანილი.
ჩვენ არ გვაქვს მონაცემები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთლიან შიდა პროდუქტზე, მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათ შესაძლებლობებზე. ყველაზე მიახლოებითი შეფასებით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში აფხაზეთი სამხედრო სფეროზე თავისი ბიუჯეტის 50%-ს, ხოლო სამხრეთ ოსეთი 60%-ს ხარჯავდა. ამაში არ შედის სამხედრო ტექნიკის შეძენის ხარჯები. გასაგებია, რომ მათ სამხედრო იარაღს რუსეთი უსასყიდლოდ აწვდიდა.
ეს მონაცემები შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის პიკზე აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც 52%-ს შედგენდა. იმავე პერიოდში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბიუჯეტი 52-54% იყო.
ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე უკვე არსებობდა რუსული სამხედრო ბაზები. აგვისტომდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული რეგიონები იყო. მილიტარიზაციის დონით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ჩამოუვარდებოდა.
უნდა გვესმოდეს თუ ვინ ვის უპირისპირდებოდა აგვისტოში საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას. რუსეთის ხელისუფლების ამოცანა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა იყო. ამას რუსეთის ხელისუფლებაში არც არავინ მალავდა. საქართველოს წინააღმდეგ ომი უკანასკნელი 4 წელი მზადდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აჭარის პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყვიტა, მოსკოვში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრი დაიწყეს. 2005 წლის დეკემბერში კრემლში დაიბარეს რუსეთის ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები. ხელისუფლებამ მათ საქართველოსათვის ენერგომიწოდებაში პრობლემების შექმნა, ანუ ენერგეტიკული ბლოკადის ორგანიზება მოსთხოვა. როცა კრემლმა ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებისაგან მათთვის არასასურველი პასუხები მოისმინა, ხელისუფლებამ საქმის კეთება თავად დაიწყო და შეტევაზე გადავიდა. ცოტა ხანში აფეთქდა ყველა ნავთობსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მოდიოდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ტერორისტებმა ჩაიდინეს, მაგრამ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტები იმ სახის ასაფეთქებელი საშუალებებით სარგებლობდნენ, რომელსაც რუსული სპეცრაზმები იყენებენ. ამის შემდეგ იყო რუსეთის მხრიდან ოპოზიციის ლიდერის ლიკვიდაციის მცდელობა. 2006 წელს ქართულმა სპეცსამსხურებმა რუსი აგენტები დააკავეს და რუსეთის ხელისუფლებას უხმაუროდ გადასცეს. ამის მიუხედავად რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში მუშაობა კი არ შეწყვიტეს, არამედ გააძლიერეს. 2006 წლის სექტემბერში ქართულმა სპეცსამსხურებმა 4 რუსი აგენტი ამჯერად ხმაურიანად დააკავეს და რუსეთს ასევე ხმაურიანად გადასცეს. ამის შემდეგ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამას მოჰყვა სატრანსპორტი, სავიზო, ღვინის, "ბორჯომის" ბლოკადა.
ამის ფონზე რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს. ომის დაწყებამდე რუსი დიპლომატები არ მალავდნენ, რომ ომი საქართველოში სექტემბრამდე უნდა დაწყებულიყო. რუსეთმა შეაკეთა აფხაზეთში რკინიგზის მონაკვეთი ოჩამჩირემდე და სოხუმ-ოჩამჩირის 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მეორე ხაზიც ააგო. მაის-ივნისში რუსეთმა აფხაზეთში 50 ეშელონი სამხედრო ტექნიკა შეიტანა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ომი აფხაზეთიდან უნდა დაწყებულიყო.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული სოფლების დაცხრილვა 1-ელი აგვისტოდან დაიწყო. თუ ადრე ოსები ყოველი დაცხრილვის შემდეგ ქართველების საპასუხო სროლების შემდეგ ჩერდებოდნენ, ამჯერად ასე არ მოხდა. ოსური მხარე დაცხრილვას უკვე არა მარტო ავტომატური იარაღით, არამედ საარტელერიო დანადგარებით განაგრძობდა. ოსური მხარის ინფორმაციის დეპარტამენტი ჯერ კიდევ 6 აგვისტოს არ მალავდა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდნენ რუსული შენაერთები. 3 აგვისტოს ცხინვალში ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკო და დაზვერვის სამსახურის უფროსი. მათ შეხვედრა ჰქონდათ კოკოითთან. მათი წასვლის შემდეგ კოკოითი გადადის ჯავაში და 3 აგვისტოს იწყება სამხრეთ ოსეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია. 3 აგვისტოსვე ჩრდილოეთ კავკასიაში იწყება დაქირავებულთა მობილიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებები რუსეთმა 3 აგვისტოს დაიწყო.
ამ დროისათვის საქართველოს საზღვართან უკვე მობილიზებულია 58-ე არმია და რუსეთის რეგიონებიდან გადმოსროლილი 9 000 ჯარისკაცი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა. რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს მხრიდან როკის გვირაბი 6 აგვისტოს დაიკავეს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები 3 აგვისტოდან უკვე იუწყებოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, ეს მაშინ, როცა საომარი მოქმედებები ჯერ დაწყებული არ იყო.
7 აგვისტოს ქართული მხარე შეეცადა ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას. თბილისიდან ცხინვალში ჩადის საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი, რომელიც შეთანხმების შესაბამისად რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩ პოპოვთან ერთად უნდა შეხვედეს კოკოითს. პოპოვი ცხინვალში ჩაუსვლელობის მიზეზად საბურავის დაშვებას ასახელებს. მას სათადარიგო საბურავის გამოყენებას სთავაზობენ, იგი პასუხობს, რომ სათადარიგო საბურავიც გაფუჭდა. იაკობაშვილი ცხინვალში ხვდება სამშვიდობო ძალების სარდალს გენერალ მარატ კულახმეტოვს, რომელიც შექმნილ სიტუაციაში ქართულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტას ცალმხრივად ურჩევს. იაკობაშვილი გენერლის წინადადებას ტელეფონით, 18 საათსა და 30 წუთზე აწვდის პრეზიდენტ სააკაშვილს. 19.00 საათზე ტელევიზიით გამოდის სააკაშვილი და აკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია მშვიდობაში. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უყვარს ჰონორით საუბარი, ამჯერად იგი არ საუბრობდა სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიის სტატუსის განსზღვრაზე. იგი ითხოვდა და პრაქტიკულად ივედრებოდა მიეღწიათ შეთანხმებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ 22 საათზე და 10 წუთზე ოსურმა მხარემ დაიწყო ჯერ ქართული სოფლის თამარაშენის, შემდეგ სხვა სოფლების მასირებული დაბომბვა.
ცხინვალში მყოფი რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, ცხინვალში მოსახლეობა პრაქტიკულად აღარ არის დარჩენილი და მოქალაქეებზე მეტი ჟურნალისტები არიან. მათივე ინფორმაციით, ქალაქში ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურე და სპორტული აღნაგობის სამოქალაქო პირები არიან, რომლებსაც სამხედრო მომზადება აშკარად ეტყობათ. ოფიციალური მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხინვალის რეგიონიდან ჩრდილოეთ ოსეთში ევაკუირებულ იქნა 34 ათასი ადამიანი.
ამ დროისათვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოდის 150 ტანკი და ცოცხალი ძალა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სატანკო კოლონის გამოჩენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა დასკვნა, რომ ომი, რომლის დაწყების შესახებ ბევრს საუბრობდნენ რუსი პოლიტიკოსები, დაიწყო.
ამის შემდეგი იწყება ბრძოლები სამი მიმართულებით, ცხინვალის შტურმი, ბრძოლები ჯავასთან და როკის მიმართულებით. ორივე მხარემ ბევრი დანაკარგი განიცადა. აღსანიშნავია, რომ როკის გვირაბით შემოსული ტანკები ცხინვალში მხოლოდ 10 აგვისტოს ჩავიდნენ. პარალელურად რუსული შენაერთები იკავებენ კოდორის ხეობას აფხაზეთში. რუსული გემები საქართველოს ნაპირებთანაა. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს სანაპიროებთან მიმდგარი გემების სიჩქარის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ისინი ფოთში 9 და 10 აგვისტოს აღმოჩენილიყვნენ, ან ომის დაწყებამდე, ანაც დაწყებისთანავე უნდა დაძრულიყვნენ სევასტოპოლიდან. აქვე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზემო ლარსთან და საქართველო-სომხეთის საზღვართანაც მობილიზებული ჰყავდა საბრძოლო ქვედანაყოფები.
იმით, რაც მოხდა და რაც ხდება - ნათელია, რომ ომი არ დამთავრებულა და გრძელდება. ომის სტრატეგიულ ამოცანაზე, საქართველოს ხელისუფლების გადაყენებაზე რუსეთის ხელისუფლებას უარი არ უთქვამს. რუსეთი არც მალავს, რომ რუსეთისათვის მიუღებელია საქართველოს დასავლური არჩევანი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ისე მოექცა, როგორც ლაწირაკები იქცევიან, როცა თავს სუსტს ესხმიან. აბა, რუსეთი ბალტიის ქვეყნებს ხომ არ დაესხმოდა თავს, რომლებიც ნატოს წევრები არიან.
რუსეთის ხელისუფლებისათვის ასევე მიუღებელია კიევის სწრაფვა დასავლეთისკენ. მოსკოვს ძალიან არ მოეწონა, როცა აგვისტოს კონფლიქტში კიევმა თბილისს მხარი ღიად დაუჭირა.