გმადლობთ და გვაპატიეთ, დედა!
17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის ომში ჩადენილი საგმირო საქმეების გამო დააჯილდოვა ჯარისკაცები. ზოგს გმირულად დაღუპვის შემდეგ მიეკუთვნა ჯილდო.
დაჭრილი, კიდურებმოკვეთილი ჯარისკაცებისა და დაღუპული მებრძოლების შავოსან ჭირისუფალთა გლოვის გამო დაჯილდოების ცერემონიალს საზეიმო ელფერი არ ჰქონდა. თუმცა, ჩანდა, მხოლოდ ეს არ იყო მებრძოლთა წარბშეკვრის მიზეზი. თითქოს ჯარი ომში განცდილ მარცხს გლოვობდა და წუხდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ჩინოსანთა ამალასთან ერთად ვერ ქმნიდა მთლიან გუნდს და ჯაჭვს, რომელსაც განსაცდელის დროს ქვეყნის დაცვა შეეძლება.
მთავარსარდალმა სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენები თავადვე გადასცა გმირებს, დანარჩენი ასეულობით მედლის შესახებ კი ჯარს გამოუცხადა, ჩემი წასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გადმოგცემთო. ცხადია, პრეზიდენტმა არ იცის, რომ მისი წასვლის შემდეგ «მონასტერი აირია». თავდაცვის მინისტრმა დანარჩენ ჩინოსნებთან ერთად მწყობრის მდგომარეობიდან თავისუფალში გადაინაცვლა და აღარც მედლების დარიგება გახსენებია ვინმეს და არც ელემენტარული ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით მიესალბუნებოდა დაჭრილი ჯარისკაცების გულებს. საავადმყოფოდან, საწოლებიდან წამოყრილი, ცალ ფეხზე და ყავარჯნებზე მდგომი მებრძოლები, ისე, როგორც ჯარისკაცს შეეფერება, იდგნენ და ელოდნენ საავადმყოფოში გაბრუნების ან დაჯილდოების ბრძანებას. არადა, მათთვის აღარავის ეცალა... მოთმინების ფიალა ამევსო და თავდაცვის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ინწკირველს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ დაჭრილ-დაინვალიდებული ჯარისკაცებისთვის. იგი თავდაცვის მინისტრისკენ გაემართა, რომელიც გარს შემოხვეულ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, თუმცა....
ნანას კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ დაჭრილ ჯარისკაცებს ყურადღება სჭირდებოდათ. - მაცალეთ, მივხედავ, ჯერ კი მინისტრს ვერ მივატოვებო. იძულებული გავხდი, შემეხსენებინა, რომ მინისტრი იმ დაჭრილი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ორ ფეხზე იდგა. ინწკირველმა მხოლოდ ამის შემდეგ შეათვალიერა დაჭრილი ჯარიკაცები და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაავალა პრობლემის მოგვარება. პრობლემა კი თურმე შემდეგში მდგომარეობდა:
თავდაცვის სამინისტრო რატომღაც იმ დღისთვის ვერ მოახერხებდა მედლების სრულად გადაცემას, რადგან 600-მდე მედალი ერთმანეთში ყოფილა არეული(?!). ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს, არეულია და დალაგება ვერ მოასწარით, აიღეთ რომელიც ხელში მოგხვდებათ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, გამოიძახეთ იგი, ვისაც ეს ჯილდო ეკუთვნის და იმ 600 კაციდან, ვინც მწყობრში იქნება, მოვა და წაიღებს-მეთქი. ისიც შევთავაზე, თუ თქვენ გიჭირთ ამ საქმის მოგვარება, ჩვენ დაგეხმარებით-მეთქი. თავდაცვის სამინისტროს ჩინოსანს ხმა არ ამოუღია. თავჩაღუნულმა მოისმინა საყვედური და დაგვპირდა, რომ ბიჭებს თვითონ გადასცემდა მედლებს საავადმყოფოში. თუმცა, ჯარისკაცები დღემდე არავის მოუკითხავს.
- არ მინდა მაგათი მედლები, ამის გამო არ მიბრძოლია ჩემი ხალხისთვისო, - ამ სიტყვებით გაერიდა ყავარჯნიანი ჯარისკაცი მოედანს, სადაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთავარსარდალი მებრძოლთა გმირობაზე და მათი ღვაწლის დაფასების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. პრეზიდენტს ზღურბლზე არ ექნებოდა გადაბიჯებული, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მაღალ კასტას უცებ რომ დაავიწყდა, რა დაუბარა მთავარსარდალმა.
მორჩით, ბატონებო და ქალბატონებო, დროის ამაოდ ფლანგვას. რეალურად ქვეყანა კვლავაც საომარ მდგომარეობაშია და თითოეულ ჩვენგანს ჯარისკაცივით მუდმივად მწყობრში დგომა გვმართებს. ჯარმა კი უნდა იგრძნოს, რომ მათ მეთაურებსაც და რიგით ჯარისკაცსაც ერთნაირად დიდი პასუხისმგებლობა აწევთ მხრებზე და ქართულ თავდაცვის სისტემაში ყველა ერთისთვის არის და ერთი ყველასთვის. სამწუხაროდ, არ არის ასე, მაგრამ ხომ უნდა იყოს? აბა, სხვანაირად რა ჯაჭვების შეკვრაზე და ქვეყნის ერთობაზე ვლაპარაკობთ?! რა ერთობაზე ვლაპარაკობთ, როდესაც დაღუპული 20 წლის ჯარისკაცის დედას პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცის, 20 წლის ვახტანგ გზირიშვილის დედაც იყო მიწვეული დაჯილდოებაზე. ისიც ყოველგვარი ყურადღების გარეშე დარჩებოდა, პრეზიდენტი თვითონ (შემთხვევით) რომ არ მისულიყო მასთან. ვახტანგის მამა ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომს შეეწირა. ასეთი ოჯახის დედა კი, იმის გამო, რომ საკუთარ ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მოპოვება არ შეეძლო, შვილების გამოსაკვებად დამლაგებლად მუშაობდა სტამბოლში. ამიტომაც მიატირა პრეზიდენტს, ერთი წლის უნახავი შვილი მენატრებაო, მერე კი ქვეყნის მთავარსარდალს საყვედურიც უთხრა, - განა ჩვენი დაღუპული შვილები იმის ღირსნი არ იყვნენ, რომ პირველ რიგში სწორედ მათი სახელი გამოგეცხადებინათ დაჯილდოებისას. განა მათი სულები მთავარსარდლისგან უფრო მეტ ყურადღებას არ იმსახურებენ, მათ ხომ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და ხალხს. ნუთუ მხოლოდ სანახაობისთვის მოგვიყვანეთ აქ, მე და ეს დაჭრილი ბიჭები, თუ ჩვენთვის თბილი სიტყვის თქმაც კი დაგავიწყდებოდათ, რისთვისღა გვრჯიდით, კვლავ მარტოდ დაგეტოვებინეთ ჩვენს სატკივართანო.
გზირიშვილის დედა მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს და დაჰპირდნენ, კომისიის ხელახალ სხდომაზე თქვენს შვილსაც მიენიჭება ჯილდო და პირადად მოგიტანთ სახლშიო. სად აქვს სახლი, აღარც ქმარ-შვილი ჰყავს და აღარც სახლი. ოჯახის უფროსის აფხაზეთის ომში დაღუპვის შემდეგ ხელმოკლეობის გამო უსახლკაროდაც დარჩენილან გზირიშვილები. დადის გაუბედურებული დედა ნათესავებთან ღამის გასათევად და ცდილობს თავისი ტკივილით არავინ შეაწუხოს. სხვის სახლში შვილს ვერ დავტირივარო. გმადლობთ, დედა, რომ ღირსეულად იტვირთეთ ქართველი დედის როლი და გვაპატიეთ, რომ საზოგადოება გაცივდა და ხალხი გაუცხოვდა ერთმანეთისადმი, რომ ამ მძიმე დროშიც არსებობს სხვისი და ჩემი და არა ჩვენი საერთო ჭირი.
ჯარისკაცებმა მითხრეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჯერაც უცნობებად წოდებული ჯარისკაცების საფლავებს ერთ-ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის დედა უვლის და ყველა მათგანს ერთნაირად დასტირის. მივედი, შორიდან ვნახე გმირის, უფრო სწორად, გმირების დედა. ვერაფერი ვუთხარი, ვერ გავბედე. სასაფლაოდან მოშორებით ჩამოვჯექი, შემრცხვა მიახლოება, ან რა უნდა მეთქვა, რით მენუგეშებინა? ამბობენ, შვილდაღუპული დედისთვის ნუგეში არ არსებობსო. გვაპატიე, დედა, რომ ამდენი ხანი მოლოდინით ცხოვრობ და ვერ ვბედავთ სიმართლე გითხრათ, რომ შესაძლოა შენი შვილი აღარ არის, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არ შეუძლია მისი ცხედრის მოძიება და ამოცნობა და ამიტომაც უნდა დავიჯეროთ, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ათასწლოვანი მუმიების ვინაობასაც კი ადგენენ, ქართველი ჯარისკაცების ვინაობის დადგენა შეუძლებელია.
კიდევ ბევრი რამის გამო გვაქვს მოსახდელი ბოდიში... გვაპატიეთ, დედა!
პ.ს. ეს სტატია მზად მქონდა, რედაქციაში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, დიდი ლიახვის ხეობის ერთ-ერთი ქართული სოფლის მკვიდრმა ღია წერილი მოიტანა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. შეწყალებას ითხოვენ. სასჯელი კი იმის გამო დაედოთ, რომ დისლოკაციის ადგილზე უმოქმედოდ მყოფებმა, მხოლოდ ორი დღით იარაღი ჩააბარეს, ფორმა გაიხადეს და ომის ზონაში შევიდნენ განწირული ცოლ-შვილისა და დედების გადასარჩენად, რომელთა მშველელი იმ დროს სხვა არავინ იყო. ამ ბიჭებს, ვინც მზად იყო თავისი სიცოცხლე გაეწირა სამშობლოსათვის, ჯარში და საერთოდ, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა აეკრძალათ და ჯარიმად უზარმაზარი თანხის გადახდა დაეკისრათ! მათი სახლ-კარი მიწასთან გაასწორეს, დევნილებად იქცნენ და საიდან გადაიხდიან უზარმაზარ ჯარიმას, დამნაშავის (მით უმეტეს, სამხედრო დამნაშავის) დასჯაზე არავინ ამბობს უარს, მაგრამ ხელოვნურ უფსკრულებს მაინც ნუ გვიჩენთ ჩვენს ისედაც დაზაფრულ და მრავალჭირნახულ საზოგადოებაში, რომელსაც ერთიანობა ახლა ასე სჭირდება... ყოველივე ამის შემდეგ კი რატომ უნდა გაუკვირდეთ ხელისუფალთ, თუ საზოგადოებასა და მათ შორის უფსკრული გაჩნდება.
ეკა ლომიძე (კვირის პალიტრა)
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ