დამარცხების ანატომია: ლელა კაკულიები თავდაცვის სამინისტროდან
00:42 04.10.2008
ჯარის აღმშენებლობის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი რომ “ვარაუდებზე” იყოს აგებული პირველად გვესმის. “ვარაუდი” ისაა, გვირილას რომ ფურცლებს სათითაოდ აძრობენ და მკითხაობენ
ვერსია პრინტერისთვის •
[კახა კაციტაძე]
წინა წერილები მივუძღვენით ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცების გაბათილებას, თითქოს ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, ხოლო უსწრაფესი მარცხი, რომელიც დიდ გამარჯვებად მოინათლა - გარდაუვალი.
ახლა საკითხს სხვაგვარად შევეხებით: გავაშუქებთ როგორ ამზადებდა ხელისუფლება საქართველოს ომისათვის და ვაჩვენებთ, რომ ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა და უმეცრება იყო. საქართველოს კატასტროფული სამხედრო მარცხი ცხინვალის ავანტურისას არ ყოფილა გარემოებების უბრალო დამთხვევის შედეგი. ეს იყო ლოგიკური შედეგი იმ არაკომპეტენტური, დანაშაულის ტოლფასი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება წლების მანძილზე ატარებდა, მათ შორის - თავდაცვის სფეროში.
თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში სრული ქაოსი და არაკომპეტენტურობა რომ სუფევდა, ამაზე საუბარი უკვე მოსაწყენიც კი გახდა. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თავდაცვის ხუთი მინისტრი და გენშტაბის 6 უფროსი გამოიცვალა, რაც ეფექტიანი არმიის შემნას საეჭვოს ხდიდა.
არც ერთ მათგანს, როგორც წესი, წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა არის ომი. მათ ომი წარმოედგინათ მხოლოდ ჩხუბის ნაირსახეობა და არა ურთულეს სოც-კულტურულ მოვლენად, სადაც გარდა წმინდა სამხედრო ასპექტებისა მონაწილეობენ ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ფაქტორები. არ არის საჭირო იყო ჰეგელი, რომ მიხვდე: ხელმძღვანელობა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ რა არის ომი და მით უფრო, არ იცის როგორ იწარმოება იგი, ომს აუცილებლად წააგებს. წააგებს იმისგან დამოუკიდებლად, აქვს მოწინააღმდეგეს უპირატესობა ჰაერში თუ არა.
არ იყო განსაზღვრული, რა ტიპის არმიას აშენებს საქართველო და ვისთან ბრძოლისათვის ვარგისი უნდა იყოს ეს ჯარი: სეპარატისტებთან, რუსეთთან, ორივესთან თუ რაღაც მესამე ძალასთანაც (ვთქვათ ერაყში, ავღანეთში და ა.შ);
მივყვეთ უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამტკიცებულ უმთავრეს დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც უნდა მომხდარიყო თავდაცვითი პოლიტიკის გატარება და სამხედრო აღმშენებლობა საქართველოში.
დავიწყოთ დოკუმენტით, რომელიც სამხედრო–პოლიტიკურ ელიტას სახელმძღვანელოდ მიაჩნია თავდაცვითი პოლიტიკისათვის. ესაა “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა”. ამ მიმოხილვის ავტორების მტკიცებით, “წინამდებარე დოკუმენტი ასახავს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ) პროცესის საბოლოო შედეგებს და მოიცავს თავდაცვის სისტემის ამომწურავ ანალიზს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გზებისა და საჭიროებების დასადგენად.
ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებული შესაძლებლობების შეფასების დეტალურ ანალიზს და მასში განსაზღვრულია ის ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული სამომავლო დაგეგმვის პროცესში” (გვ.10).
მოკლედ, შესაძლებლობებიც და ნაკლვოვანებებიც სამინისტროს “დეტალურად” გაუანალიზებია და ახალი არმიის შექმნის გზებიც დაუსახავს.
თავდაცვის დაგეგმვის და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მოკლედ მოყოლის შემდეგ, დოკუმენტი, რომელზეც ხელს თავდაცვის მინისტრი აწერს, იწყებს საფრთხეები შეფასებას. და უკვე აქ ვხდვდებით პირველად საკვირველ რამეებს.
3.1.1. თავს ეწოდება “ძირითადი პოლიტიკური ვარაუდები”, ხოლო მომდევნო თავს “ძირითადი სამხედრო ვარაუდები”. ყველაფერი გაგვიგია, მაგრამ ჯარის აღმშენებლობის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი რომ “ვარაუდებზე” იყოს აგებული პირველად გვესმის. “ვარაუდი” ისაა, გვირილას რომ ფურცლებს სათითაოდ აძრობენ და მკითხაობენ. ცხადია, რომ ამაზე დაფუძნებულ ჯარს იმთავითვე აქვს ომი წაგებული. ჩვენმა უწიგნურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს რომ თავდაცვის პოლიტიკა პროგნოზებს ემყარება და არა ვარაუდებს ან ყავაზე მკითხაობას.
ალბათ, ვარაუდებზე აგებული ჯარისათვის მინისტრიც ადეკვატური უნდა მოძებნილიყო. მაგალითად, ცნობილი მკითხავი ლელა კაკულია, რომელიც სამხედრო აღმშენებლობას წინასწარმეტყველებებზე დააფუძნებდა. რაც არ უნდა იყოს, არასაიმედო ვარაუდს ისევ წინასწარმეტყველება სჯობს.
ეს, ისე - სხვათა შორის. ახლა, იმას გადავხედოთ, რას და როგორ ვარაუდობს ჩვენი სამხედრო მშენებლობის და თავდაცვის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი. ვარაუდები ისეთია, ქვას გახეთქვს. არაბები რომ იტყვიან, თვალის უპეზე უნდა დაიწეროო ისეთი.
პირველი ვარაუდი 2007-2009 წლების პერიოდს მოიცავს და მასში ასეთ “მარგალიტს” შევხვდებით: “ამ პერიოდში საქართველო გააგრძელებს მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. კავკასიაში დაიწყება ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” მოგვარება” (გვ.20).
ანუ, 2007 წლის მეორე ნახევარში გამოცემული თავდაცვის სამინისტროს უმთავრეს დოკუმენტს თუ დავუჯერებდით, წელსაც და გაისადაც ჩვენს მეზობელ რუსეთთან (დოკუმენტში ყველა ჩვენს მეზობელზეა ლაპარაკი) “მეგობრული ურთიერთობა უნდა გაგვეგრძელებინა”. მართალია, თავადაცვის სამინისტროს მიერ ნავარაუდევ მეგობრობის ხანაში სრულმასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს რა მოსატანია.
ისიც ვთქვათ, სად არის თავდაცვითი უწყების მიერ 2007-2009 წლებში შეპირებული კავკასიაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების დასაწყსისი? ჩანს ეს დასაწყისი ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური გაწმენდით, კონტროლირებული ტერიტორიების დაკარგვით და რუსების მიერ სეპარატისტების ცნობით გამოიხატა.
უახლესი ერთი წლის მოვლენები ასეთი სიზუსტით რომ განჭვრიტეს, ჩვენმა დამგგმავებმა უფრო შორსაც გადაწყვიტეს გახედვა და 2010-12 წლებისთვის შემდეგი ვარაუდები დააგვირისტეს: “პერიოდი 2010-2012: კონფლიქტების მოგვარების მიზნით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობები დაიწყებენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების გზების ძიებას”.
ანუ, რაღაც ერთ წელიწადში (2010 წლამდე ხომ წელზე ოდნავ მეტი დარჩა), ჩვენი მევარაუდეების თქმით, კოკოითი და ბაღაფში სულ მუხლებზე დაჩოქილები მოხოხდებიან და ამით გაკვალავენ ჩვენთან მოლაპარაკებების გზას. დიდებული წინასწარმეტყველებაა!
დავინტერესდი, ამ დროს რუსეთი რითი იქნება დაკავებული-თქო. ჩვენი თავადაცვის სამინისტროს მევარაუდეებს ეს მომენტიც გაუთვალისინებიათ. მათი თქმით, 2010-2012 წლებში “რუსეთი შეეცდება საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის განახლებას”. რაღაც რომ განახლდეს, მანამდეც უნდა არსებობდეს.
ბოლო საუკენებში რაღაც არ მახსოვს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენთან პატრნიორული ურთიერთობები ჰქონოდა. მკითხველის არ ვიცი და, ნამდვილად ვერ ვატყობ, რომ გაისად, წლის ბოლოსთვის რუსეთმა ჩვენთან ახალი “წიგნი ფიცისა” დადოს და ჩადენილზე ბოდიში მოიხადოს. თანაც, მევარაუდეების მტკიცებით, “კონფლიქტების მოგვარების პროცესი გადავა მათი დარეგულირების მომდევნო ფაზაში”. ვშიშობ, ეს ფაზა სეპარატისტების პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას არ მოასწავებდეს.
ასეთი სასურველ ფონზე, ჩვენი წინასწარმეტყველების თქმით, საქართველო მთლიანად დამოუკიდებელი გახდება ენერგეტიკის სფეროში, წამოვა ინვესტციების წვიმა, ეკონომიკა მკვეთრად განვითარდება და ა.შ. (რად უნდოდათ ამისათვის სახელმწიფო მოხელეთა მთელი ჯგუფის მოცდენა?! ამას ერთი ლელა კაკულიაც კი დასწერდა).
2013-15 წლებში ხომ სულ უკეთეს სურათს მივიღებთ. სახელდობრ: “გაყინული კონფლიქტები მოგვარდება მათი საქართველოსთან ინტეგრაციის პირობებში (გვ.21)”. ნუ ღელავს ქართველობა. სამხედრო-პოლიტიკურ უწყებებში წარმოდგენილი შამანები და, შესაბამისად, მათი ხელმძღვანელები ხუთ წელიწადში დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს და შვიდიოდე წელიწადში ლტოლვილთა დაბრუნებასაც დაასრულებენ. ასეთ ვითარებაში რუსეთთან რომ ძმური ურთიერთობა აღდგება, ამაზე ლაპარაკიც კი აღარ ღირს.
პოლიტიკური ვარაუდების დასრულების შემდეგ სამხედრო აღმშენებლობის მთავარი სახელმძღვანელო სამხედრო საფრთხეებზე მკითხაობას (ძველქართულად - “ჩხიბვას”) იწყებს.
თურმე, 2008-09 წლებში, ანუ წელს და გაისად, “საქართველოს მიმართ ფართო სამხედრო აგრესიის ალბათობა დაბალია, მაგრამ არ გამორიცხავს მცირე შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმის შესაძლებლობებს”. ანუ, წელს რიცხმრავალი მტრის შემოსევის არ უნდა შეგვშინებოდა, ჰა და ჰა, პატარა მოთარეშე ჯგუფები უნდა შემოსულიყვნენ, ისეთები, ლეკიანობისას რომ იყვნენ. ვის დაუჯეროს საწყალმა ქართველმა - თავდავის მინისტრის ხელმოწერილ დოცუმენტს, რომელშიც ნათქვამია, დიდი-დიდი პატარა მოთარეშე ბანდა შემოგვესიოსო, თუ უშიშროებნის საბჭოს მდივნის განცხადებას - 80 ათასი რუსი შემოგვესიაო!?
კიდევ ერთხელ რომ დაეზუსტებინათ ნათქვამი, ჩვენმა მოვარაუდე სტრატეგებმა საფრთხეების ცხრილიც შემოგვთავაზეს (გვ.31), სადაც ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა უმოკლეს პერიოდში შეფასებულია, როგორც “დაბალი”. ამასთან, მათი თქმით, ესე ალბათობა კიდევ უფრო იკლებს და სულ უფრო დაიკლებს.
სტრატეგ-მოვარაუდეთა თქმით, სრულმასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს. არადა, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროებს კომიტეტის თავმჯდომარე პრესა.გე-სათვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ფართომასშტაბიანი ომისთვის ხდებოდა ”სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება, ჯარის აღჭურვა და სხვა, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან კრიტიკას იწვევდა, გამოწვეული იყო სწორედ ამ საფრთხეების ზრდიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ნაბიჯებში შეზღუდულნი ვიყავით”.
ანუ, თავდაცვის სამინიტროს დოკუმენტი ამტკიცებს, სრულმასშტაბიანი ომისათვის მოსამზადებლად დრო საკმარისი გვქონდაო, ხოლო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გვეუბნება, ინფრასტრუქტურის მომზადების და ჯარის აღჭურვისას შეზრუდულნი ვიყავით, ანუ დრო და რესურსები გვაკლდაო. ვის დავუჯეროთ - თავდაცვის სამინისტროს თუ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს? ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვთხოვ, ერთმანეთში მაინც შეათანხმონ ის ტყუილები, რომლებითაც ჩვენ გვკვებავენ.
ნათქვამი საკმარისია, რათა დავასკვნათ:
პოლიტიკურ ხელმღვანელობას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთან ბრძოლისათვის ვარგის ჯარს ამზადებდა - სეპარატისტებთან, რუსეთთან, ორივესთან თუ რაღაც მესამე ძალასთანაც (ვთქვათ ერაყში, ავღანეთში და ა.შ);
მილიარდობით ლარი იხარჯებოდა არმიის მშენებლობაზე, რომელსაც არ ჰქონდა ნათლად განსაზღვრული სახე, მიზნები და პრიორიტეტები. არ არსებობდა დასავლურ სტანდარტებზე აგებული, გამჭვირვალე საბიუჯეტო დაგეგმვა. თავად სააკაშვილისავე ინფორმაციით, არნახული ოდენობით ხდებოდა თავდაცვით სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების დატაცება, გაფლანგვა და განიავება. ყოველივე ამის შედეგად, როგორც ცხინვალის მოვლენებმა აჩვენა, თავდაცვის ბიუჯეტის არნახული ზრდა ოდნავადაც არ აისახა შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე.
დავამატოთ ამას იმ აბსურდული ქმედებების ჩამონათვალი, რასაც ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა “ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას” უწოდებს (მასზე შემდეგ წერილში მექნება ლაპარაკი) და დავინახავთ, რომ საქმე გვქონდა ომის ხასიათის აბსოლუტურად არაადეკვატურ აღქმასთან. ეს კი, როგორც სამხედრო ისტორიიდანაა ცნობილი, ყოველთვის მარცხით სრულდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4225კეზერაშვილი მოსახსნელი კი არა დასაჭერია...
This post has been edited by licemer on 6 Oct 2008, 00:27
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.