http://presa.ge/index.php?text=news&i=4237როგორ გვაკლია ზურა ჟვანია
[ირაკლი კაკაბაძე]
ძალიან არაბუნებრივად მიჭირს ამ სტრიქონების წერა, რადგან არასდროს წარმომედგინა რომ ჩემს მეგობარ ზურა ჟვანიაზე აწ უკვე წარსულს დროში ვისაუბრებდი მხოლოდ და მას არ ექნებოდა საშუალება თავისი ნატიფი იუმორით რაიმე მეტად გონებამახვილური ეპასუხა ჩემს ქებასა თუ კრიტიკაზე. მე ჩემი თაობის ერთ-ერთი ის პრივილიგირებული ადამიანი აღმოვჩნდი ბედის გამოისობით, რომელსაც ზურაბ ჟვანიასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თითქმის 17 წლის განმავლობაში.
ხშირად ზურა და მე რადიკალურად განსხვავებულ იდეებს ვიზიარებდით და ძალიან ხშირადაც ცხარედ ვკამათობდით სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ ბოლო კამათების ერთ-ერთი მთავარი თემა “რეალ-პოლიტიკისა” და “იდეალ-პოლიტიკის” დაპირისპირება იყო. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდგომ ზურა ქართულ საზოგადო საქმეთა ინსტიტუტში ქართული პოლიტიკის საგანს კითხულობდა.
ამავე ინსტიტუტში, რომელსაც ჩვენი საერთო და ძვირფასი მეგობარი გიორგი მარგველაშვილი უდგა სათავეში იმ წლებში, მეც ვმუშაობდი და ვკითხულობდი საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტის თეორიას. ამ ინსტიტუტში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობდა სხვადასხვა დროს, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა რომ მე ზურა ჟვანიას ლექციაზე დასწრება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
მე ამ დროისათვის უკვე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მაგისტრის კუსდამთავრებული ვიყავი და ჩემი პროფესიით ვასწავლიდი ჯიპაში, როგორც საზოგადო საქმეთა ინსტიტუტს უწოდებდნენ. ამავე დროს, რა დასამალია და ჩემი სკოლის გამოისობით საკმაოდ მიკერძოებული მოსაზრება მქონდა და მაქვს “იდეალ-პოლიტიკის” სასარგებლოდ.
და მიუხედავად ამისა ჩემთვის ზურას ლექციაზე ყოფნა უდიდესი სიამოვნება იყო. ზურა იყო საოცრად ერუდირებული და განსწავლული ლექტორი, რომელმაც პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების არა მხოლოდ პრაქტიკის, არამედ თეორიის მთავარი პრინციპები ზედმიწევნით კარგად იცოდა.
როდესაც იგი საუბრობდა თანამედროვე სახელმწიფოების ჩამოყალიბების ისტორიაზე, მაქს ვებერის “ერი-სახელმწიფოს” თეორიასა თუ მეტერნიხის დიპლომატიის პრინციპებზე, აქ ცხადად სჩანდა მოაზროვნე არა მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწის, არამედ მეცნიერის გამოკვეთილი შეხედულებანი, რომელთაც იგი თავისი საყვარელი ქვეყნისა და საზოგადოების აშენებას ახმარდა.
სიმართლე გითხრათ, მე ამ ლექციებზე უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი, რადგანაც ვისმენდი უაღრესად განათლებული ადამიანის პოზიციას, რომელსაც არაერთი ინტელექტუალური წახნაგი გააჩნდა. ის, რომ ზურა კარგი ბიოლოგი იყო, ყველამ ვიცოდით ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, მაგრამ ის რომ უზადო პოლიტიკური მეცნიერი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იყო, ეს სრული სიურპრიზი იყო ჩემთვისაც და ვფიქრობ ბევრი სხვა ადამიანისთვისაც.
ის, ჩემგან განსხვავებულ პოზიციას იცავდა - “რეალ-პოლიტიკას” და ამას ისეთი გულწრფელი შემართებითა და ღრმა არგუმენტებით ახერხებდა, ძალიან რთული იყო არ დათანხმებოდი მას. საბედნიეროდ ჩვენ მეგობრებიც ვიყავით და ხან ჩემთან, ხან ზურასთან, ხანაც გიორგი მარგევლაშვილთან ვიწრო ოჯახურ სუფრებზე გვქონდა საშუალება ამ საკითხებზე საუბარი გვქონოდა.
ერთხელ მახსოვს რომ პირდაპირ ვკითხე: როდის მოახერხე ამდენი წიგნის წაკითხვა, 1990 წლიდან აქტიურ პოლიტიკაში ხარ ჩაბმული და როდის გრჩებოდა მეტერნიხის, ჰეგელის, მაკიაველის, ფუკიამას დრო მეთქი. ეჰ, ჩემო ირაკლი, შენ საზღვარგარეთ მშვენივრად სწავლობდი და არ გიწევდა ათას პოლიტიკურ მანიაკთან ურთიერთობა, მე კი სხვა რა გზა მქონდა, ღამე ძილის მაგივრად წიგნებს ვკითხულობდი, დღე ვინ მაცლიდა მაგას პარლამენტშიო. სიმართლე გითხრათ, თეთრი შურით მშურდა ზურას შრომისუნარიანობის და თითქმის პედანტური კეთილსინდისიერების.
ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა ზურა გავიცანი 1988 წელს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. მისი საოცარი პიროვნული ძალა იქვე იგრძნობოდა. და აი, ეს იყო ნამდვილი ზურა ჟვანია - იდეალისტი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ცდილობდა თავისი ყოველდღიური შრომით ჩვენი ბუნება კატასტროფისგან დაეცვა.
მაშინაც კი, როდესაც მოდაში იყო მემარჯვენე ტიპის მოძრაობები და პარტიები, რომლებიც ბუნების დაცვას არანაირ როლს არ ანიჭებდნენ, ზურა ჟვანიამ აირჩია არა პოპულისტური გზა, არამედ ნამდვილად მამულიშვილური პოზიცია - ის წინ აღუდგა ინდუსტრიული კომპლექსის მიერ ქართული ბუნების მკვლელობას.
ასეთად, დარჩა ზურა ბოლომდე - ის ყოველთვის იყო საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე და არა პოლიტიკოსი, რომლისთვისაც მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა. ზურა ჟვანიასთვის არჩევნებში გამარჯვება არასდროს ყოფილა მთავარი - მისთვის მთავარი საკუთარი ხალხის სამსახური იყო, თუნდაც ეს საოცრად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ხარჯზე ხდებოდეს. ამავე დროს, ზურა ჟვანია ეკუთვნოდა სახელმწიფო მოღვაწეების იმ იშვიათ კატეგორიას, რომელიც მზად იყო მოესმინა და გაეთვალისწინებინა თუნდაც ყველაზე მკაცრი კრიტიკა. დღეს ჩვენ კარგად ვიცით თუ რამდენად დასაფასებელია ეს თვისება.
ზურა ჟვანიამ საკუთარი თავი ქართულ საზოგადო და სახელმწიფო ცხოვრებაში თვითონ გამოძერწა, საკუთარი არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობითა და განათლებით. ბევრი სხვისგან განსხვავებით მას არც ნომენკლატურული ნათესაობა ჰყავდა და არც “ხელისშემწყობი ორგანოების” სკოლები ჰქონდა დამთავრებული. იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში საკუთარი ხალასი გულით მოვიდა - მოვიდა მერაბ კოსტავასთან, აკაკი ბაქრაძესთან, გივი თუმანიშვილთან და ბევრ სხვასთან.
მაშინ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ უაღრესად რთული ცხოვრების შემდეგ ის ქართული სახელმწიფოს ისტორიაში თავს დაიმკვიდრებდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აღმშენებელი ლიდერი ქართული სახელმწიფოსი. თანაც ისეთი ლიდერი, რომელიც საკუთარი თავის გამოჩენასა და გამორჩენას ყოველთვის საზოგადოებრივ სიკეთეს ამჯობინებდა.
2001 წელს ზურა ჟვანიას ძალიან ადვილად შეეძლო პრეზიდენტის სავარძლის ხელში ჩაგდება - სააკაშვილს მაშინ ასაკი არ უწყობდა ხელს და არც ნინო ბურჯანაძე იყო ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა - მან შეგბეულად უარი თქვა ავანტიურაზე წასვლაზე - რადგანაც რეფორმის გზა ამჯობინა უეცარ ცვლილებას, რომელსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყოლოდა. დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ მას საკუთარი პასუხისმგებლობა არ ღალატობდა.
ზურა ჟვანიასგან ყველა მომავალმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ უნდა ისწავლოს ის, რომ საკუთარ კარიერიზმზე ზემოთ ყოველთვის საერთო, საზოგადო და ქვეყნის ინტერესები დააყენოს. ზურა ჟვანიამ გადაარჩინა საქართველო სამაჩაბლოში პირველ კატასტროფულ ომს 2004 წელს. ის საოცარი გამძლეობით უმკლავდებოდა ათასი ბინძური პოლიტიკოსის მიერ მასზე აგორებულ ათას ბინძურ კამპანიას და საზოგადო საქმეს ერთი წამითაც არ სცილდებოდა.
ზურას მთელი არსება იყო საკუთარი ქვეყნის უკეთესობისაკენ სვლა, რაც გამორიცხავდა კომპრომისებს დიდი ფულისა თუ პოლიტიკური კაპიტალის გამო. სწორედ ამიტომაც, მის სიცოცხლეში ზურას ძალიან ბევრი გულსატკენი კრიტიკა შეხვდა საკუთარი პოზიციების გამო. დღეს ყველანი ვხვდებით რომ ის მართალი იყო.
თუ საქართველო ევროკავშირის საშუალებით დღევანდელ კრიზისს თავს დააღწევს, ეს პირველ რიგში ზურა ჟვანიას დამსახურება იქნება, რამეთუ მას სწამდა ევროპული არჩევანის. ზურა ჟვანია არასდროს ყოფილა მოძალადე და ამიტომაც მისი გზა ყოველთვის ბევრად უფრო სწორი იყო, ვიდრე ნებისმიერი ომს მოწყურებული პოლიტიკანისა. დღეს ჩვენ ძალიან გვაკლია ზურა ჟვანია.
ერთხელ, 80-იან წლებში ზურასთან ერთად უნივერსიტეტის წინ დგომისას საუბარი ჩამოვარდა ქართული მწვანე მოძრაობის სათავეებზე. მე ვკითხე თუ ვის თვლიდა ის ქართული მწვანეების იდეურ წინაპრებად. მან ერთი წუთიც არ დააყოვნა პასუხისათვის: ირაკლი, არ იცი, როგორ არა გრცხვენია, ქართული მწვანეები მოდიან ვაჟა ფშაველას და ზურა კაკაბაძის ტრადიციებიდან.
სიმართლე გითხრათ, ტანში გამაჟრჟოლა: მე თვითონაც არ მქონდა მამაჩემის როლზე არანაირი წარმოდგენა ამ ქართული ყველაზე პროგრესული მოძრაობის ჩამოყალიბებაში. არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა რომ იგი ჰაინრიხ ბიოლთან მეგობრობდა. მე ზურამ ამიხილა თვალი საკუთარი სეხნიის ამ “მწვანე”ფილოსოფიაზე.
ახლა მე ჩემს შვილებს კი შემიძლია ერთი რამე ვუსურვო, თუ ისინი მეცნიერებას გაჰყვებიან, ისეთები გახდნენ როგორიც ზურა იყო ბიოლოგიაში თუ საერთაშორისო ურთიერთობებში და თუ გადაწყვეტენ საკუთარი თავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოსცადონ, აუცილებლად ზურა ჟვანიას გზას გაჰყვნენ - იმ გზას, რომელიც ყველანაირ მომხვეჭელობას და პოპულიზმს მტკიცე უარს ეუბნება საკუთარი ხალხის და საზოგადოების ინტერესების გამო.
დღეს თუ ვინმე განსაკუთრებით აკლია საქართველოს უახლესი ისტორიიდან - ეს არის ზურა ჟვანია. მე ამას თამამად ვამბობ და დიდი მწუხარებით.