რატომ ხსნიან ლადო გურგენიძეს და რატომ თქვა ირაკლი ალასანიამ პრემიერობაზე უარი
2008 წლის 09 10, ხუთშაბათი - 12:00
2008 წელი ლადო გურგენიძისთვის ნავსიანი აღმოჩნდა. ისე, მიხეილ ცაგარელსა და სხვა ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ვირთხას ფული უყვარს და, ვინაიდან წელს სწორედ ვირთხის წელიწადია, ბატონ გურგენიძესაც, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ პრობლემები ამ მხრივ მაინც არ ექნებოდა, მაგრამ კულუარებში ტკვარცალებენ, გურგენიძე მალე ჩინოვნიკურ კარიერას კი არ დაასრულებს, სერიოზული პრობლემები შესაძლოა, მის ბიზნესსაც შეექმნასო.
ისე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ლადო გურგენიძეს შესაძლოა, სხვა რაღაცეებიც ამოუქექონ, მაგალითად, ის, რომ როგორც ბოროტი ენები ამტკიცებენ, ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი საქართველოს კი არა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და, შესაბამისად, თავის დროზე მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა კანონდარღვევით მოხდა...
მართალია, ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ “ფაქტის” სამთავრობო წყარეობი პირად საუბრებში თითქმის გადაჭრით ამბობენ, რომ ახალ მთავრობაში ლადო გურგენიძეს ვეღარ ვიხილავთ. ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც პარლამენტი ახალი სამინისტროს შემოღებას მხარს დაუჭერს. არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტს პრეზიდნეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში წარუდგენს.
“ფაქტი” უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ახალ მთავრობაში შესაძლოა, გია ბარამიძე, ალექსანდრე ხეთაგური და ირაკლი ღვალაძე აღარ იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ “ფაქტისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტრევიუში ღიად დაადასტურა, რომ საკადრო გადაადგილებები იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ დატოვებს თანამდებობას. ისე, სამთავრობო წრეებში ამბობენ, რომ ლადო გურგენიძის გადაყენების ერთ-ერთი ინიციატორი თითქოს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეა. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ გურგენიძეს ურთიერთობა თითქოს “თავისუფლების ინსტიტუტთანაც” დაეძაბა და სწორედ ეს გახდება მისი ჩინოვნიკური კარიერის დასასრული.
სიტყვამ მოიტანა და, თუ კულუარულ ვერსიებს გავყვებით, “თავისუფლების ინსტიტუტს” პრემიერ-მინისტრად, თურმე, გაერო-ში საქართველოს ელჩი, ირაკლი ალასანია სდომებია. თავდაპირველად, როგორც წყაროები ამბობენ, ალასანიას შეთავაზება მიუღია, მაგრამ ბოლოს, “თავისუფლების ინსტიტუტსა” და ალასანიას შორის რაღაც გაუგებრობა მომხდარა. ეს ვერსია სიმართლეს შესაძლოა, კოჭამდეც ვერ სწვდება, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სწორედ მაშინ, როცა კულუარებში ზემოხსენებული უთანხმოების შესახებ პირველად ითქვა და ის ხმაც გავრცელდა, რომ ალასანია თითქოს ოპოზიციაში წასვლას აპირებს, ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა გაერო-ში საქართველოს ელჩის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ალასანია არაორაზროვნად აცხადებდა, რომ ქართულმა დიპლომატიამ დასავლეთში კრახი განიცადა.
ჩვენში დარჩეს და, ლადო გურგენიძისა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე ხმა პირველად ომამდე გავრცელდა. ეს კი არადა, იმხანად ითქვა, რომ პრეზიდენტის დაცვამ პრემიერს თითქოს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გურგენიძემ საკუთარი ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობებსი შექმნა მოითხოვა. პოსტომური უთანხმოების საბაბიც, როგორც წყაროები ამბობენ, სწორედ ბიზნესია, ანუ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს მოუთხოვია, რომ საბანკო სექტორის მიმართ პოლიტიკა შეცვლილიყო, რაზეც უარი მიუღია. ჰოდა, გაბრაზებულა გურგენიძე და დაუქადნია, საერთოდ წავალ საქართველოდან, ან რისთვის ჩამოვედიო.
აი, ასე: რუსულმა ინტრევენციამაც ჩვენებურ პოლიტიკას ვერაფერი მოუხერხა და ინტრიგები უწინდელი შემართებით გრძელდება...
http://www.fact.ge/news.aspxუზერებო, ოდესმე და სადმე თუ არსებობდა ზნეობრიობის ძალაუფლება?
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.