ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
2008 წლის 14 10, სამშაბათი - 11:45
მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია კი განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწორედ პარტიარქი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც რუსების მიერ გაცამტვერებული ქართული სოფლებიდან დაღუპული მეომრების ცხედრები გამოასვენა. საქართველოს საპარტიარქომ ომის დღეებში მოსკოვში წერილიც გააგზავნა, რომელიც რუსული მხარისგან, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. როგორ უყურებს ქართული ეკლესია მართლმადიდებლური რუსეთის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად იცნობენ, რა პოზიცა აქვს ქვეყანაში და მის გაერთ მიმდინარე პროცესებსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ესახება ეკლესიას ჩვენი ქვეყნის მომავალი? ერთობ საინტერესოდ გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ფრანგულ ჟურნალ “ლაკრუასათვის” მიცემულ ინტერვიუში.
_ შეიარაღებული დაპირისპირების დღეებში და შემდგომაც თქვენ წერილი გაუგზავნეთ მოსკოვის მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, თუ მიიღეთ რამე პასუხი და თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბოლოდროინდელი კონფლიქტის თაობაზე, როდესაც მართლმადიდებელი რუსები ბომბავდნენ მართლმადიდებელ ქართველებს?
_ იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან. რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ამ კონფლიქტს რელიგიური ნიადაგი არ გააჩნია. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. მით უმეტეს, რომ მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ სიძულვილში არ გადაზრდილა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა. იმედი მაქვს, რუსი ხალხის სარწმუნოებიდან და გულკეთილობიდან გამომდინარე, არც ქართველებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში.
_ როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში?
_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, მცირე ექსკურსი უნდა გავაკეთო. ჩვენს წინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო. მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხევაში გამოსაყენებლად. საბჭოთა წყობილების არსებობის პერიოდში, ამ რეგიონებში ინერგებოდა იდეოლოგია, რაც ქვეყნის დაყოფას და ავტონომიების იზოლირებას უწყობდა ხელს. იმის გამო, რომ აჭარაში თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობაა, ამ პროპაგანდამ სათანადოდ ვერ იმუშავა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი, რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა. თვით სახელწოდება “სამხრეთ ოსეთი” ისევე, როგორც ჩრდილო ოსეთი, კომუნისტების დარქმეულია. ასეთი გეოგრაფიული ტოპონიმები არასოდეს არსებობდა. ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილო კავკასიაში, ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილო ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო.
სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერს და ეთნოწმენდა მოაწყვეს. ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარმიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან. არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური ან თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს. ბუნებრივია, საქართველო ვერასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია ჩვენთვის, როგორიც ფრანგებისთის _ ორლეანი, ან რუსებისთვის _ სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი... რეალურად, ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.
_ რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საუვერენიტეტი? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს _ დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
_ რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება. ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს მოუტანს რუსეთს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.
მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული. მიზნის მისაღწევად ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის. ასევე, მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ, პირველ რიგში, ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს. ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით, - მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებს და ახმოვანებს ზოგიერთი ევროპელი მეცნიერიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მაინც იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.
_ ბოლო კონფლიქტის შედეგად, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იძულებით გადაადგილებული. როგორია თქვენი შეფასება დაღუპულთა და ლტოლვილთა რიცხვის, ასევე იმ ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა ეკლესიებს, სახლებსა და საკუთრებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უკან დაბრუნება და მათი სახლების ხელახალი აშენება?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ქართული მხრიდან გარდაცვლილია დაახლოებით 300 ადამიანი (როგორც სამხედრო, ისე _ სამოქალაქო), იძულებით გადაადგილებული იყო დაახლოებით 260 000, ამჟამად კი არის 40 000 პიროვნება. მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს. ვიცით, რომ სერიოზულად დაზიანდა სოფელ ხეითისა, იკორთის, ქემერტის, სვერის ეკლესიები, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას რეზიდენციის ნაწილი, რომელსაც დაეცა ჭურვი. საერთოდ, ჩვენი ინფორმაცია მეტად მწირია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ გვაქვს. ცნობისთვის: ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ხუთასზე მეტი ძეგლია, რომელთა უმრავლესობას ბუნებრივია, სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება დასჭირდება. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად მე და ჩემთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები შევედით გორში და ნიქოზში (ცხინვალამდე ერთი კილომეტრის დაშორებით). ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვერც უბრალო ადამიანები, ვერც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და პრესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. მოვინახულეთ დარჩენილი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, რომელთაც დიდი საფრთხის მიუხედავად, არ დატოვეს ეს ეპარქიები. ამაში დაგვეხმარა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე და გენერალი ბორისოვი. იმ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ექვსი გარდაცვლილი. შემდეგ ეს პროცესი გააგრძელეს ჩვენმა მოძღვრებმა. საერთო ჯამში, მათ მიერ გადმოსვენებულია 120-მდე გარდაცვლილი. ყოველდღიურად ჩვენს მიერ გაიცემოდა და გაიცემა ორი-სამი ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია, რაც ძირითადად ხალხის შემოწირულობაა. ჩვენი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობამ უშურველად გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მიმაჩნია, რომ დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის მათი უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევით ჯერ იქ შეიქმნას მათი უსაფრთხოების პირობები და გარანტიები. ასევე, აუცილებელია, ადგილებზე შეიქმნას მცირე წარმოებები, რომ ხალხმა თავისი თავი თვითონ შეინახოს.
_ როგორია თქვენი შეფასება საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით კრიზისის პერიოდში და მის შემდეგ? ფიქრობთ, რომ ნაციონალური ერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მთავრობის ლიდერთა და ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შეფასება?
_ ხელისუფლების მხრიდან დიდი მუშაობა გაიწია, რათა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭრა ჰქონოდა და ეს მიზანი მიაღწეულ იქნა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც ნაციონალური ერთობა, ისე _ ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება. ჩვენი მოსახლეობა ელის გარკვეულ კითხვებზე პასუხს. დემოკრატია თავისთავად გულისხმობს მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას. რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.
_ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით?
_ პირველ რიგში, თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, საქართველოს საპატრიარქოს. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად, ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს და ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა. ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ანხორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ გავუძელით დროის გამოცდას. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს. უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ანხორციელებს. ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს, იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.
http://www.fact.ge/news.aspx
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.