#11253803 · 21 Oct 2008, 10:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას და მისი მეგობრების თვითმფრინავი, 22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. ამის შესახებ ნიკო პატარქალიშვილმა, რომელიც მარადონას თბილისში ჩამოყვანის ინიციატორია, დღეს სასტუმრო “შერატონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "გვსურდა, რომ მიმდინარე წლის 20-26 ოქტომბერს, თბილისში ოთხთა ტურნირი გაგვემართა "მარადონას თასზე". მასში ურუგვაის, არგენტინის, ბრაზილიის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებულ გუნდის კი, პრიზს თავად მარადონა გადასცემდა, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, აღნიშნული ტურნირის ჩატარება ვერ მოხერხდა. თუმცა, ამ ტურნირის გამართვას მომავალი წლის ივნისში ვგეგმავთ. მაისის თვეში, არგენტინაში ვიმყოფებოდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი უჩა უგულავა დამიკავშირდა, რომელსაც სურდა, მარადონა თბილისში შოთა არველაძის ფეხბურთიდან გაცილების აღსანიშნავად გამართული მატჩისთვის ჩამოგვეყვანა. მარადონას წარმომადგენლებს ვესაუბრე, მაგრამ არგენტინელმა საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა და მისი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ახლა მიღწეულია შეთანხმება და მარადონა თავის მეგობრებთან ერთად, თბილისს 22 ოქტომბერს ეწვევა, თამაში კი 25 ოქტომბერს შედგება. მარადონას მეგობართა ნაკრები, საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს შეხვდება. მასთან ერთად თბილისში ჩამოდიან გოიკოეჩეა, მანკუსო, კანიჯა, ალმეიდა, ბორელი, ამატო და სხვები, ქართველთაგან კი პრაქტიკულად ის გუნდი ითამაშებს, რომელმაც შოთა არველაძის გაცილების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა"- თქვა პატარქალიშვილმა. მისი განცხადებით, მომავალი თამაში ამ ქვეყნებს შორის მეგობრობის ხიდად გადებული მეორე დიდი ნაბიჯი იქნება, შემდეგ კი, დანარჩენი პროექტების განხორციელება დაიწყება. შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ბილეთში 10-დან 150 ლარამდე გადახდა მოუწევთ. არგენტინელები საქართველოს 27 ოქტომბერს დატოვებენ, თუმცა, მარადონამ სამშობლოს შესაძლოა, უფრო ადრე მიაშუროს. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე პატარქალიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის დანიშვნაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. “შერატონშივე” გაირკვა, რომ დეკემბრის თვეში, არგენტინაში ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით მატჩებზე დასასწრებად, თბილისიდან სამხრეთ ამერიკაში 150 გულშემატკივარი გამგზავრება იგეგმება, მოგვიანებით კი, არგენტინას 30 მოზარდი ქართველი ფეხბურთელი მიაშურებს ორწლიანი სტაჟირების გასავლელად. როგორც პატარქალიშვილმა განაცხადა, მარადონა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ის საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის.
--------------------
Mens sana in corpore sano...
|