სცენარი: რუსეთი დეკემბერში თბილისს ახალგორიდან შემოუტევს
04:35 17.10.2008
[მაია თეთრაძე, ”ვერსია”]
რუსეთ-საქართველოს ომამდე, ქართველი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები ხშირად დავობდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების პროგნოზირება. უმეტესობას მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო. თუმცა ომმა ცხადყო - რუსეთის ქმედებების წინასწარ გათვლა შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დროს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების უმეტესობა გაათავისუფლა და ცდილობს, მსოფლიოს თავისი ”კეთილშობილური” სახე დაანახოს, არავინ იცის, ამ სახის უკან კიდევ რა მზაკვრული გეგმები იმალება. ქართველი პოლიტიკოსები კვლავ ცდილობენ რუსეთის მიზნების ამოცნობას და არსებული ინფორმაციების საფუძველზე, გვარწმუნებენ, რომ მშვიდად ყოფნის უფლება ქვეყანას ჯერ არა აქვს.
რუსული გეგმის მონახაზი
პარლამენტის კულუარებში აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ რუსეთი საქართველოს თავს ასე იოლად არ დაანებებს და კვლავ ეცდება, შეასრულოს მთავარი მიზანი - ”საქართველო სააკაშვილის გარეშე”. თუ გავიხსენებთ, რომ ეს ლოზუნგი ჯერ კიდევ ომამდე გაჩნდა ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრში, ცხადი ხდება, რომ რუსეთი შეიძლება ქვეყნის შიდა პოლიტიკაშიც ჩაერიოს, გამოიწვიოს ვითარების ესკალაცია და არეულობა.
ერთ-ერთი პარლამენტარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში, შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, დეკემბერში განაახლოს. ეს საფრთხე სწორედ იმ ახალგორს უკავშირდება, რაზეც ახლა დიდი ვაჭრობაა გამართული. კერძოდ, ახალგორში იგეგმება ახალი პროვოკაცია, რასაც რუსეთის გათვლით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ წამოეგება, დაიღუპება ერთი-ორი რუსი ოკუპანტი, რუსეთი კი გამოაცხადებს, რომ დროა, ისევ დაიცვას ”რუსი მშვიდობისმყოფელები” და ”საკუთარი მოქალაქეები”.
ამის შემდეგ, რუსული ტანკები თბილისამდეც ჩამოვლენ, რასაც აქ ხელს ”რაღაც პოლიტიკური მოძრაობებიც” შეუწყობს. ამის შემდეგ, იგეგმება ხელისუფლების ცვლილება, რის შემდეგაც, საქართველომ სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში უნდა გამოიღვიძოს.
ცხადია, დეპუტატის მიერ მოწოდებული ვერსია გარკვეულ ლოგიკას შეიცავს. გასათვალისწინებელია, რომ ახალგორის დაბრუნების პერსპექტივა ამ ეტაპზე არა გვაქვს. ამას ემატება პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციის ამბიციები და ახალი გეგმები.
ოპოზიციის ვერსია - სააკაშვილს პროვოკაცია სჭირდება
კონსერვატორი კახა კუკავა, რომელიც 7 ნოემბრისა და მისი შემდგომი აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იქნება, აცხადებს, რომ მსგავსი ვერსიები მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წინასწარი პროპაგანდაა: ”ეს ხელისუფლებისგან მიზანმიმართულად გაშვებული ჭორებია. ძალიან არასერიოზულია, მსგავსი ინსფორმაციები რუსეთიდან მოდიოდეს, ამის შესახებ ახლა ვისხდეთ და მე და თქვენ ვსაუბრობდეთ. რუსეთს მართლაც რომ ჰქონდეს ასეთი გეგმა, მეეჭვება, საჯარო განხილვისთვის ასე ხელმისაწვდომი გახადოს”.
კახა კუკავა გვარწმუნებს, რომ ოპოზიციის აქციებს რუსეთის შესაძლო გეგმებთან კავშირი საერთოდ არა აქვს: ”ბოლო 15 წლის მანძილზე, ყოველთვის ასე ხდება - როგორც კი ოპოზიცია აქციებს იწყებს, ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც უნდა იყოს სათავეში, საუბრობს, რომ ახლა, აქციების დრო არ არის. მითუმეტეს, როცა მოსკოვი გვიტევს კოდორში, გალში და ა.შ. ასე რომ, ამ თემას ახლა ვეღარ გამოიყენებენ. თუ ოპოზიციის აქციები არ სურთ, მაშინ დიალოგზე უნდა წამოსულიყვნენ”.
თუმცა, კახა კუკავა ახლგორიდან რუსეთის ჯარის შემობრუნებას არ გამორიცხავს და თვლის, რომ ეს ვერსია მართლაც ლოგიკურია. თუმცა, მისი ლოგიკით, თუკი ახალგორიდან რუსული ჯარები მართლაც შემოტრიალდნენ და თბილისისკენ დემარში მოაწყვეს, ეს, ისევ და ისევ, სააკაშვილის პროვოცირებული იქნება: ”ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას ასეთი ინფორმაცია გვაქვს და ამას ვხედავთ კიდეც. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მას ქვეყანაში მხარდაჭერა მანამდე ექნება, სანამ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. როგორც კი ეს დაძაბულობა მოიხსნება, სააკაშვილი ახალი, უფრო პატრიოტი და ზომიერი მმართველით ჩანაცვლდება. ამიტომ იგი შეეცდება, რუსეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს”.
კახა კუკავას აზრით, ოპოზიციამ რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან უნდა გაინაწილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას ერთპიროვნული მმართველი ეყოლება, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება გაძნელდება.
რუსეთი მოკავშირეს ეძებს
სამაგიეროდ, გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე სულ სხვა დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ნიკა ლალიაშვილს. მართალია, რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ახალგორში პროვოკაციის მოწყობასა და ჯარების თბილისისკენ დაძვრაში გარკვეულ ლოგიკას ხედავს: ”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართევლოში, ამ ეტაპზე, სამხედრო ოპერაციები დაასრულა, პოლიტიკური ოპერაციები ჯერ არ დაუსრულებია. ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ვეჭვობ, წლის ბოლოსთვის ”ეს ოპერაციები” კიდევ უფრო ინტენსიური გახდება”.
ნიკა ლალიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ თუკი საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები ესკალაციისკენ მართლაც წავიდა, რისი ნიშნებიც უკვე არის, რუსეთი ამ ბანქოს აუცილებლად გამოიყენებს: ”რუსული მხარე ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად მუშაობს. ვიმედოვნებ, მათი მეცადინეობა - საქართველოში ერთი მოკავშირე პოლიტიკური პარტია მაინც იპოვონ, უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ თუკი პროცესები მართლაც ისე განვითარდა, როგორც ხმები ვრცელდება, მაშინ ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება. ამიტომ ვიმედოვნებ, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის”.
”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი, რომლის პარტიასაც ჯერ საბოლოდ არ გადაუწყვეტია, 7 ნოემბრის ახალ აქციებს შეუერთდება თუ არა, ”ვერსიის” კითხვას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და აცხადებს, რომ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ოპოზიცია რუსეთის აგენტურაა - ”აგენტები მხოლოდ ხელისუფლებაში უნდა ვეძიოთ!”
დავით ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს ახალი პროვოკაცია მოუწყოს, მაგრამ სურვილი და მცდელობა, საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს და მოკავშირე რეალურ ოპოზიციაში იპოვოს, ყოველთვის უშედეგოდ დასრულდება. ზურაბიშვილს სჯერა, რომ ასეთი ძალა ქართულ გავლენიან ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს, რისი დასტურიც აგვისტოს მოვლენებია, როდესაც ყველა პარტიამ ერთხმად დაგმო რუსეთის აგრესია.
- ”ერთი-ორი გიჟი ქვეყანაში ყოველთვის გამოერევა. სხვა დანარჩენი კი, რასაც თქვენ მეუბნებით, გამორიცხულია. ეს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს უფრო ჰგავს და ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან უნდა, ასე მოხდეს. რაღაც მართლა შეიძლება მოხდეს, ოღონდ ეს მაინც დამოკიდებულია, წამოეგება თუ არა ისევ ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას. სხვაგვარად ყველაფერი გამორიცხულია”, - აცხადებს ზურაბიშვილი.
გიგი წერეთელი: ”რუსეთი ოპოზიციას ხელს შეუწყობს”
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრს, ”ვერსია” პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიგი წერეთელს დაუკავშირდა, რომელმაც სრულიად გამორიცხა რუსეთის ჯარების შემობრუნება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო მექანიზმები ასე აქტიურადაა ამოქმედებული.
თუმცა, აქვე გიგი წერეთელი დასძენს, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასეთი ტიპის ინფორმაციების გავრცელება კი ქვეყანაში მხოლოდ პანიკისა და არასტაბილური გარემოს შექმნას ემსახურება.
გიგი წერეთელი ოპოზიციის ახალ გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ოპოზიციის იმ ნაწილის მისწრაფებების გამოყენებას აუცილებლად შეეცდება, რომელიც ქვეყანაში არეულობის ახალი ტალღის აგორებას გეგმავს: ”რუსეთი შეეცდება, ოპოზიციის აქციები სათავისოდ გამოიყენოს და მოახერხებს კიდეც ამ აქციების ხელშეწყობას, ფინანსური თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით, თანაც ისე, რომ ოპოზიცია, შესაძლოა, ვერც კი მიხვდეს, ეს ფინანსები რუსეთის სპეცსამსახურებისგან რომ იქნება. ამიტომ, ამ პროცესს სახელმწიფოს შესაბამისი სტურქტურები აუცილებლად გააკონტროლებენ”.
გიგი წერეთელი იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით, შესაძლებელი იქნება, საქართველომ რუსეთისგან მომავალი ყველა საფრთხე თავიდან აიცილოს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4387 This post has been edited by licemer on 17 Oct 2008, 20:40