არა გულადნი, არამედ წუწურაქები შოტლანდია გულადობაზე კი დებს თავს, მაგრამ აღარ ჩამოდის. სამაგიეროდ, ბობოლებთან თამაშს დანატრებული ბორჯღალოსნები მიდიან მესტვირეთა ქვეყანაში, რათა მეორე ნაკრებს ერაგბონ, რაღაი პირველი არა გვკადრულობს.
ორი თვის წინ, ომამდე ვწერდით, სქოთებთან საქმე გაჩარხულია: აქ ნამყოფ იმათ მზირებს პირობები რომ მოეწონათ, რაჟამს მათივე კავშირის აქტივი არდადეგებს მოილევს, თარიღზეც მოგვირიგდებაო.
მერე იყო და ჩვენთან შექმნილი ვითარებით შეშინებულმა ირბ-მა ჯერ გაისად, აპრილში სამასპინძლო "ჭაბუკთა მსოფლიო ალაფა" ჩამოგვართვა და ჩვენზე არანაკლებ შინა-აშლილ კენიას გადაულოცა, ახლა კი სქოთებმაც გვიგანეს.
ფეხბურთი კაცობით რაგბთან აბა, სად მოვა! მიუხედავად ამისა, დღე-დღეზე გვეწვევიან მრგვალი ბურთით მოთამაშენი კვიპროსიდან და ბულგარეთიდან, ოვალური ბურთის ოსტატ ბრიტებს კი იქეთ უნდა ვეახლოთ.
ერთი სიტყვით, ბოლო ამბების ფონზე ან სქოთთა ნაქებ გულადობაში უნდა შევიტანოთ ეჭვი, და ანაც გავიხსენოთ მათი მეორე თვისება - წუწურაქობა!
სქოთური რაგბის პრობლემებზე უწინ ბევრი გვიწერია. რიცხვთა სიზუსტეს ნუ ჩავეძიებით და კავშირის აქამდე ვალად აწევს ბარემ ათი მილიონი გირქვანქა.
ამის გამო კელტების ლიგასა და ევროპულ "ჰაინეკენზე" მოასპარეზე მეოთხე ზე-კლუბის, "კალედონიის" შექმნის ნაცვლად მამებმა დაშალეს მესამეც, "ბორდერზი" და შვიდ-ქალაც არ მიავლინეს ევროპულ შესარჩევზე, რათა მსოფლიო თასზე მათი გასვლით ზედმეტი ხარჯი არ დასდებოდათ.
რაღა დროს სმოქინგებიაო და XXI საუკუნეში ნაკრები პიჟამოს ამარა დაიარება. სტვირზე დაკვრა ყველამ ვიცითო და თუ ოდითგან მოხალისე მუსიკოსებს უფასოდ უშვებდნენ მარიფილდზე, ახლა ესენიც იღებენ ბილეთს.
თამაშის წინ მორაგბეებს ბავშვები ხელიხელ ჩაკიდებული რომ გამოჰყავთ, ჩვენს დროში ეგეც ფასიანია, და 70-ათასა მარიფილდიც რომ ბევრ ვერაფერში არგია, კავშირმა რამდენიმე წლის წინ ჩუმად გაყიდვა დაუპირა, მაგრამ ერმა გაუგო და არ დაანება.
ამეების მერე რა გასაკვირია, რომ სქოთებმა ომით მიცემული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მიზეზის უთქმელად მოიწერეს, თქვენ უნდა ჩამოხვიდეთო.
საქმე ისაა, რომ გინდ ჩვენი და გინდაც იმათი ვიზიტი, ირბ-ის ფულით მოეწყობა. საიდუმლო არც ეგაა, რომ ბარაქა რჩება მასპინძელს და არა სტუმარს, რაც თვით ზელანდიის "ოლ ბლექსს" აფორიაქებს.
იმათ უყვართ სარფი, ჩვენ კი მუქთად მოგზაურობა! ანუ ინტერესები ამჯერად ერთმანეთს დაემთხვა და კავშირიც ამად დაყაბულდა შოტლანდიაში ა-ტესტობას, რაც უთამაშებლობას ნამდვილადა სჯობს.
სამაგიეროდ, რაგბმა ისევ წააგო პრომოციის მხრივ. ოვალურ ბურთზე გულ-აყრილი სქოთები კავკასიის გუნდის სტუმრობას ვერც შენიშნავენ, აქ კი რომ ჩამოსულიყო შოტლანდია და იარლიყად თუნდაც "ა" ჰქონოდა მიწებებული, მიუვალ ვაკეშიც კი მეტ მაყურებელს მიიზიდავდა, ვიდრე რუმინეთი ეროვნულზე.
სქოთებმა თამაში პარასკევს, 14 ნოემბერს დაგვინიშნეს, რაც იმას მოასწავებს, რომ მატჩი მათებურად თუ საღამოს შვიდზე დაიწყო, მაგ დროს ჩვენთან ღამის 11 იქნება.
ჩვენი კავშირის ოფისის თანახმად, მასპინძლებს ქალაქი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მათი "ა" და ქალთა ნაკრებების უწინდელ შეხვედრათა გათვალისწინებით, ან გვერაგბებიან სადმე პროვინციაში და ანაც ედინბურგის მომცრო, საკლუბო, 3-ათასიან სტადიონზე.
ჩვენი თამაშის ხვალ, 15 ნოემბერს შოტლანდია მარიფილდზე იღებს სამხრეთ აფრიკას, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ სქოთები მხოლოდ ბობოლებს ეტესტებიან.
არა, ჩვენს შემდეგ, 22 ნოემბერს, ისინი აბერდინში უხვდებიან კანადას, ვისაც რეიტინგში ვჯობივართ და ბოლო მსოფლიო თასზეც გავუსწარით, მაგრამ ირბ-ს "ნეკერჩხლები" მაინც მეტად უღირს.
მეტიც, კანადა ამავე ტურნეზე სხვა ორ კელტურ ქვეყანასა და პორტუგალიაშიც შეივლის. სატესტო სარკმელში დასაქმდებიან შტატები, ურუგვაი და იაპონიაც.
მსოფლიო თასის შესარჩევ "ერთა თასზე" ესპანეთი შეხვდება რუსეთსა და გერმანია, და
მხოლოდ საქართველო უნდა დასჯერდეს არა-სარეიტინგო (ანუ უაზრო) თამაშს!)))
მიმაგრებული სურათი