თენგიზ ვერულავა
ფრანცისკ ასიზელის ქორწილი სიღარიბესთან
აკაცია შეიფურცვლა თეთრად. სიფრიფანა ფრთები გაიშალა კიდე-კიდე. გადმოეშვა თოვლისფერი ნაწნავები, რცხნილი, წვრილი. ავარდნილა უამესი თრობის სუნი.
სამყაროა გამჭვირვალე, რბილი, თლილი, სისხლსავსე და განწმენდილი.
მიდის, მიდის... ნებიერა სულში უცნაური სიხარული წივის.
მშიერია, დალეული. ფერმიხდილი დაფარფატებს ნება-ნება და ჰაერში მორიალე ფუტკრის გაუგებარ ზუნით ტკბება.
მიატოვა სახლი, მოიხურა კარი. გაანება ყოფის ვიწრო კედლებს თავი. დაიტეხა ქვედა ბნელი ზღვარი. გასცდა მიღმას, გადაეშვა უცნაურს და უჩვეულოს. ამ აფუტკნულ სამყაროში უკვე აღარ არის.
არის, როგორ არა, არის, მაგრამ მაინც აღარ არის.
მიდის... მიდის... მოლიცლიცე გულში ფარდაახდილი სამყაროს სიყვარული ღვივის... იცის ამ ცის. იცის, მაგრამ მაინც არაფერი აღარ იცის.
ეხეტება აღმა-დაღმა. დედამიწას შემოუვლის ხან უკუღმა, ხან კი წაღმა. მხოლოდ უჩარჩოო ნება, უკვე გონით არაფერი აღარ ხდება. აიტაცებს რაღაც წამით და უცილოდ ასრულდება.
წამოუშენს ამღვრეული ციდან წვიმა და მწყურვალი წყურვილს იკლავს. სხვა ამქვეყნად არაფერი აღარ უნდა.
სახურავად აკაციის ხშირი ფოთლით გაპენტილი ტოტებია. წამოწვება აქვე მოლზე და ბალახის უშურველი ბანგით ითანგება. სხვა საკვებად არაფერი აღარ უნდა.
აკაცია შეიფურცლა თეთრად. სამყაროა გამჭვირვალე, თეთრი, თეთრი...
არის, როგორ არა, არის, მაგრამ მაინც აღარ არის...
This post has been edited by sasruli on 24 Oct 2008, 22:24