"საქართველოს რესპუბლიკა "
# 202
სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2008 წელი
ჭაბუა ამირეჯიბი: ფიქრები 2008 წლის აგვისტოს გამო
პრეტენზია არა მაქვს, მკითხველი დაეთანხმოს ყველა ჩემს შეხედულებას, თავს ვალდებულად ვთვლი, ქართველ ერს ჩემი აზრი გავუზიარო.
თავკაცის გონებრივი უმწეობა, როგორც იმპერიის კრახის მიზეზთაგანი
იმპერიების საშუალო ასაკი რომ ექვსასი წელია, რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, გამოქვეყნებულიც და ამ თვალსაზრისის მოწინააღმდეგე ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ახლა უნდა ვთქვა ჩემი შეხედულება იმაზე, თუ რა მიზეზები განაპირობებენ კრახს სახელდობრ არსებობის ბოლო ასწლეულში.
მკითხველი, თუ საჭიროდ ჩათვლის, გაეცნოს იმპერიების არსებობის ბოლო პერიოდებს, დაინახავს, რომ სახელმწიფოს სათავეში მოდის, ხალხის აზრით ღირსეული, თავკაცობისთვის შესაფერისი, მაგრამ სინამდვილეში უმწეო გონების კაცი - მეფე იქნება იგი თუ ათასგვარი გზითა და ხერხით მპყრობელის სავარძელს დაუფლებული ნებისმიერი მმართველი. მას ხალხის გული მოგებული აქვს ისტორიულ ვითარებათა თავმოყრით განპირობებულ და არა საკუთარი ნიჭის წყალობით მოპოვებული გამარჯვებებით, ძირითადად დაპყრობებისა თუ წარმატებული პოლიტიკურ-დიპლომატიური აქციების შედეგად. ცნობილია, მასა სიამაყეს გრძნობს სამშობლოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული აღიარებითა თუ საზღვრების გაფართოებით. ამას მეთაურის ნიჭს მიაწერს, მის ხოტბას არ იშურებს, რითაც ხელს უწყობს უმწეო გონების თავკაცის განდიდებასა თუ სხვა სახის მანიაკალობის გამოვლენას. დროთა განმავლობაში ამას წინამძღოლისა და მისი ერის ხელმოცარულობა და დამარცხებები მოსდევს, მაგრამ ხალხს კიდევ კარგა ხანს რჩება ადრე შეძენილი დამოკიდებულება. ჭეშმარიტების მიგნება მხოლოდ იმპერიის დაცემის შემდგომ ეპოქაში ხდება.
ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედი სწორედ ის პერიოდია, როცა რუსეთის ე. წ. ფედერაციის ხალხები, ძირითადად რუსები, ვერა და ვერ იცილებენ პუტინით კმაყოფილების სინდრომს. ამას დროს სჭირდება და იგი შემდგომ ოცდახუთწლეულში დადგება. პუტინის, როგორც ხელმძღვანელის, ღირსება-ღირებულება დაზუსტდება და ხალხის ცნობიერებაში იგი შესახლდება, როგორც ექვსი საუკუნის მანძილზე ნაცოდვილარი იმპერიის ლიკვიდატორი. ჯერჯერობით კი ის არის აღსანიშნავი, რომ ცოტა ვინმე თუ ხედავს რუსთა ჩეკისტური სახელმწიფოს ღირსებას, პუტინმა ხელის ერთი მოსმით რომ დაანგრია. ეს მან რუსეთს სახელდობრ საქართველოზე ლაშქრობით დამართა. ამან რუსეთს მთელი მსოფლიოს თვალში მშვიდობიანი სახელმწიფოს ნიღაბი ჩამოხადა, მისი ეკონომიკა ავარიულ მდგომარეობაში ჩააყენა; მისი შეიარაღებული ძალების ბანდებად აღიარება მოიტანა და მთავარი კი მაინც ის არის, რომ იმპერიების დამარცხებას, როგორც წესი, დაპყრობილი თუ სხვა ხერხებით შემოერთებული ხალხების გამთავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოსდევს. ეს მოვლენა დღეს უკვე სახეზეა.
ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისა და მისი მიწა-წყლის რუსი ეთნოსით დასახლებისთვის გამიზნული ღონისძიებები
რუსი იმპერისტების სულისა და სხეულის ნაწილად ქცეული ოცნება საქართველოს მიწა-წყლის ქართველთაგან დაცლისა და რუსი ეთნოსით დასახლებულ გუბერნიებად გადაქცევა რომ ჭაბუა ამირეჯიბის ახირება არ არის, შევეცდები მკითხველისავე აღიარებულ ჭეშმარიტებად ვაქციო.
ჯერ იმისა ვთქვათ, მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეების მანძილზე რისთვის სჭირდებოდა რუსეთს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში უპირობო ბატონობა.
მოგეხსენებათ, იმპერისტულად მოაზროვნე სახელმწიფოებს უმრავლეს შემთხვევაში ამა თუ იმ მიწა-წყლის დაპყრობა-შემოერთების კონკრეტული საბაბი არ სჭირდებოდა. მოქმედებდა დებულება ვშმშვუ უე შქზუკფ. ეს რუსეთისთვისაც საკმარისი იყო, კავკასიის დაპყრობის მადა რომ აღძვროდა. რუსეთის იმპერიას ზემოთ აღნიშნულ ისტორიულ პერიოდში, სახელდობრ სამხრეთისკენ გაფართოების, ინდოეთის ოკეანეზე გასვლისა და დამკვიდრების მისწრაფება ამოძრავებდა. იმჟამინდელი მსოფლიოს კოლონიებად დანაწილების პროცესში რუსეთის იმპერიამ თანამონაწილეობა დაიგვიანა, ახლა გადანაწილების შესაძლებლობაღა იყო დარჩენილი და რუსებს ამისი ჭია ღრღნიდა. ყოველივე ეს საკმარისი და აუცილებელი პირობა იყო კავკასიის დაპყრობისა და სამხრეთისკენ შემდგომი ექსპანსიისთვის, მაგრამ ინტერესთა და ვითარებათა სათანადო დამთხვევამ განაპირობა ის, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მისაკუთრების მეტი ვერა გააწყო რა. ასე მიილია მეცხრამეტე საუკუნე, რასაც მეოცე საუკუნეში ისტორიული კანონზომიერებით განპირობებული შემდგომი ეტაპი, რუსეთის თვითმპყრობელური იმპერიის კომუნისტურად გადაქცევა მოჰყვა. ამასობაში იმპერიების არსებობის ექვსასწლიანი ვადის ამოწურვის დროც დადგა და ოცდამეერთე საუკუნის მოახლოებასთან ერთად რუსეთის განახლებულ იმპერიას დანგრევის ისტორიულმა კანონზომიერებამ კარზე მიუკაკუნა. რუსეთმა დაკარგა სტალინის ჩეკისტური დერჟავის მიერ შემოერთებული ქვეყნები და ამით ძირითადად დასრულდა იმპერიის ლიკვიდაცია. შემდგომი, ანუ დამაგვირგვინებელი ნგრევის ეტაპი ჩეჩნეთმა წამოიწყო, რითიც რუსეთის იმპერიის განახლებული ფორმის - დსთ-ს დაშლის დასაწყისიც აღინიშნა.
ახლა იმპერიის ნგრევის შეჩერებისა და განახლების ფუნქცია ჩეკისტთა კლანმა იკისრა. დიდი ორმხრივი მსხვერპლის ფასად რუსებმა ჩეჩნები დაამარცხეს; ამით ნგრევის პროცესის მხოლოდღა ფარულ ფორმაში გადაყვანა შეძლეს.
აქედან იწყება რუსეთის იმპერიის აღდგენის პროცესი ჩეკისტ პუტინის თავკაცობით. ამ კაცს, ამოცანის დაძლევისთვის საჭირო გონებრივი რესურსი არ აღმოაჩნდა და რუსეთმა, უფრო სწორად, რუსმა ერმა გამოუსწორებელი და განსაკუთრებით საბედისწერო დარტყმა იგემა. ისტორია მეორდება, იმპერიის ლიკვიდაციას უგუნურობა აგვირგვინებს. იმპერიის აღდგენის ერთ-ერთმა ცდამ - საქართველოს დაბრუნების ცდამ, რუსეთის იმპერიის საერთაშორისო რეპუტაციის ნულამდე დაყვანა, ეკონომიკური, ფინანსური კრახის საბოლოო დასაწყისი განაპირობა.
ახლა უკვე შეგვიძლია, უშუალოდ ქართველი ერის მიმართ რუსეთის მიზანზე ვთქვათ. რამდენიმე ინტერვიუში დაჟინებით ვილაპარაკე რუსეთის ჩეკისტური იმპერიის ოცნებაზე, აიძულოს ქართველი ერი, დატოვოს თავისი მიწა-წყალი, რათა აქ რუსული ეთნოსის ჩამოსახლების პირობა შეიქმნას.
მომყავს რუსი დამპყრობლების მიერ აღსრულებულ საქმეთა ნუსხა, რათა მკითხველმა თავადაც დაარქვას სახელი მათ ნამოქმედარს და როგორც ზემოთ ვთქვი, თავისთვისაც აღიარებულ ჭეშმარიტებად აქციოს.
მხოლოდ ზოგი რამ იმაზე, თუ რა ჩაიდინეს რუსებმა საქართველოში
რუსების სტრატეგიული ამოცანის გამო ზემოთ უკვე ითქვა, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, განმეორებით კიდევ ერთხელ აღვნიშნო: რუსი ფაშისტები თავისი დანგრეულ-დანაწევრებული იმპერიის აღდგენაზე მუშაობენ და თუ მათ ამ მიზნის განხორციელება მოახერხეს, შესაძლოა, არც მის გაფართოებაზე თქვან უარი. ამას მარტივი ახსნა აქვს - იმპერიული გაუმაძღრობა, მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვა.
ჩვენ კი, როგორც იტყვიან, პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ. რუსების მიერ დასახული სტრატეგიული ამოცანის უკვე განხორციელებულ ნაწილად აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკდებელ სახელმწიფოებად ცნობა უნდა მივიჩნიოთ, რაც სხვა არაფერია, თუ არა ტერიტორიების რუსეთის იმპერიაში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებად მიღება. ამას დაუმატეთ ისიც, რომ გალიდან აფხაზები გაყარეს და ეს ქალაქი რუსული ჯარის საკუთრებად აქციეს. სხვა დანარჩენიც, რაც რუსებმა საქართველოში ჩაიდინეს, ჩემი აზრით, მათი სტრატეგიიდან გამომდინარე ამოცანების გადაწყვეტისკენ მიმართული აქციებია. თავისი მიზნის მისაღწევად, კერძოდ კი, საქართველოდან ქართული ეთნოსის განსადევნად და აქაურობის რუსებით დასასახლებლად ქართველებს რუსები ელემენტარული ფიზიკური განადგურებით აღგვიდნენ პირისაგან ქართული მიწისა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არ გააკეთეს, რომ ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიო ამას დაუსჯელად არ შეეგუება, ხოლო მომავალი ომი უდავოდ ბირთვული იქნება და პლანეტაზე სიცოცხლის განადგურების მეტს ვერავინ რასმე მოიმკის, რუსები არც ისე გამოათაყვანა ისტორიამ, რომ თვითგანადგურება ამოირჩიონ. ამიტომ მათი გეგმა შედარებით მშვიდობიანი ტაქტიკური ამოცანებისგან შედგება - ამოცანებისგან, რომელთა განხორციელების შემთხვევაში რუსებს ქართველებისგან დაცლილი მიწა-წყალი შერჩებოდათ. მაგრამ ასე არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიწვეს ტყეები და ყანები, დაგვინგრიეს სკოლები, სამრეწველო ობიექტები, სადაც ხელი მიუწვდათ გაგვინადგურეს საცხოვრებელი სახლები, დაანგრიეს საავადმყოფოები და დასასვენებელი დაწესებულებები, საკომუნიკაციო მაგისტრალები, შეგვიჭამეს რქოსანი საქონელი და დაგვინაღმეს ყველაფერი, რისი დანაღმვაც შეძლეს. შეგვიგინეს და დაგვინგრიეს ეკლესია-მონასტრები და ისტორიული ძეგლები.
საყურადღებოა, თუ სად ჩაიდინეს ყოველივე ეს - შიდა ქართლში, რომელსაც საქართველოს ძირითადი ეთნოსის საცხოვრისად მიიჩნევენ, და სამეგრელოში, სადაც რუსები რუსულ პასპორტებს ავრცელებენ, და რომლის საქართველოსაგან მოწყვეტის განზრახვაზე ხელს არ იღებენ.
როდესაც მსოფლიო საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა და რუსებს წესრიგისკენ მოუწოდა, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა განაგრძეს, და თუმცა ჩვენი ნატოში გაერთიანების ჩაშლა პირველი მნიშვნელობის ამოცანად აღარ მიაჩნიათ, ჯარი მაინც არ გაჰყავთ იმ იმედით, რომ ნატო თავის რიგებში არ მიიღებს ტერიტორიასა და ქვეყანას, სადაც დგას ჯარი იმ ქვეყნისა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. ყოველივე ამასთან ერთად, რუსები განაგრძობენ ძალისა და ხელმეორე აგრესიის განხორციელების შესაძლო დემონსტრაციას.
ახლა დროა მკითხველს ვკითხოთ, რას ნიშნავს ყოველივე ზემოთქმული, თუ არა ჭაპანწყვეტას, მიმართულს იქით, რომ ქართველებმა მიატოვონ თავისი მიწა-წყალი და, როგორც უკვე მილიონნახევარზე მეტი თანამემამულე, გაიქცნენ სხვა ქვეყნებში.
ვკითხოთ საკუთარ თავს, რა არის ეს, თუ არა ჩვენი ამოძირკვისა და ფიზიკური განადგურების სურვილი.
რა ვიღონოთ, რომ ისტორიულ უკუღმართობას კიდევ ერთხელ გავექცეთ.
აგვისტოდან დღემდე რუსი ბარბაროსების მიერ განხორციელებული ნადგურისცემის შედეგად დანგრეულ-დალეწილი ობიექტების სრული ჩამონათვალი პრესაში, ტელეეკრანსა ან რადიოში არ შემხვედრია - რატომ, არ ვიცი. მიუხედავად ამისა, შევეცდები, გავიხსენო, რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ შედარებით ნორმალური ქვეყნის იერი მივიღოთ და ბარბაროსებს ხელმეორედ მოვარდნისას საკადრისი მივუზღათ, რა თქმა უნდა, ჩვენნაირი პატარა ქვყნის შესაძლებლობათა მიხედვით, მაგრამ ისეთი, რომ ჩეჩნებთან ომის შედეგები სანატრელი გაუხდეთ.
ზემოთ მოყვანილი პრობლემების გადაჭრა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. თუ შეძლებს ამ ამოცანების დაძლევას, ერვონული გმირის სახელს დაიმკვიდრებს, თუ ვერა - ნაცარქექიას წოდება განაღდებული აქვს, უარესი რამ თუ არ შეარქვა ხალხმა. და კიდევ: არა მაქვს პრეტენზია, ყველა მკითხველი დავითანხმო. თავს ვალდებულად მივიჩნევ, ქართველ ერს - დღევანდელსა და მომავალს - საკუთარი აზრი გავუზიარო.
როგორც არ უნდა ვუტრიალოთ ქართველი ერის წინაშე არსებულ პრობლემატიკას, მისი გადაწყვეტა მიხეილ სააკაშვილის მოვალეობაა. ეს ფუნქცია მან ნებაყოფლობით იდო თავს და რომელიმე მათგანის გადაწყვეტის პასუხისმგებლობას სხვას ვერავის დააკისრებს.
სააკაშვილი იქნება თუ ბაგრატიონი, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომავალ თაობათათვის კეთილი სახელის დატოვებაა. ამ მხრივ აუცილებელია, რომ ქუთაისის ბაგრატის ტაძრის აღდგენის მის მიერ აღებული თაოსნობა უსათუოდ და უმოკლეს ვადაში აღსრულდეს. ამ საქმის დადებითად გადაწყვეტა ჩვენს პრეზიდენტს სამების ტაძრის აგების ინიციატორის კათალიკოს-პატრიარქისა და მშენებლობის დამფინანსებლის ბიძინა ივანიშვილის გვერდით დააყენებს.
ბარბაროსობის შედეგთა აღმოფხვრის თვრამეტთვიანი გეგმის უპირობო, დროული შესრულებაც მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი, შიდა ქართლში ჩატარებულ ოპერაციაში დამნაშავედ მას მიჩნევს. მე კი ზემოთ შევეცადე დამესაბუთებინა, რომ ბარბაროსობის აქტი იმპერიის აღდგენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და არა ჩვენი ნატოში გაწევრიანების სურვილი. ცხინვალი ბარბაროსებმა საბაბად გამოიყენეს.
პირადად ჩემთვის და ყოველი საღად მოაზროვნე ქართველისთვის გაუგებარია ის, რომ ჩვენი ერის დამღუპველი დაბალი შობადობის პრობლემისთვის არც ერთ პრეზიდენტსა და მთავრობას პრაქტიკულად ყურადღება არ მიუქცევია. ყველამ ვიცით, რომ ამაზე მხოლოდ საქართველოს პატრიარქმა იზრუნა. მივხედოთ ისტორიას - ყველა ჩვენი უბედურება მცირერიცხოვნობით აიხსნება. როცა სიმრავლე გვჭირდა, ვერავინ რასმე გვიბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ გარსშემორტყმული ბარბაროსების ნაკლებობას არ განვიცდიდით.
პრეზიდენტი ერის დაუვიწყარი უმნიშვნელოვანესი მოღვაწის სახელს სამუდამოდ დაიმკვიდრებს, თუ ქართულ ოჯახს ისეთი და იმდენი სახსრით უზრუნველყოფს, რომ შობადობამ რეალურად იმატოს. დარწმუნებული ვარ, გამოიძებნება წახალისებისა და უზრუნველყოფის ხერხები, რომლებიც ქართველ ერს პირისაგან მიწისა აღგვისაგან იხსნის. ამის უპირველეს პირობად ექსპორტ-იმპორტის გაწონასწორება მიმაჩნია. ეს მხოლოდ მაღალხარისხიანი საკვების ინდუსტრიის შექმნით მიიღწევა, რა თქმა უნდა, იმპორტის გადასახადთა შემცირებაზე მომხმარებელი ქვეყნების დაყოლიებით. აღარას ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი მრავალრიცხოვანი ემიგრაციის სამშობლოში დაბრუნების პირობაც შეიქმნება.
ადრეც დამიწერია და ვიმეორებ, რომ ინვესტიციით დაარსებული საწარმო უსათუოდ უნდა ითვალისწინებდეს მასში დასაქმებული ადგილობრივი მუშა-მოსამსახურეების სასურველ რაოდენობას, რაც განაპირობებს საყოფაცხოვრებო სახსრების ზრდას, იმავე ემიგრანტთა დაბრუნებას და ემიგრაციის საერთო აღკვეთასა და სიღარიბესთან წარმატებით ბრძოლას.
ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა რატომღაც არ ითვალისწინებს მართლმადიდებელ მორწმუნეთა რიცხვის ზრდას და ჩვენი ეკლესიის სულ უფრო მზარდ როლს ერის ცხოვრებაში. აუცილებლად მიმაჩნია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რწმენად გამოცხადება და კათალიკოსისთვის უფლების მინიჭება სახელმწიფო მართვის საქმეში.
ახლა შინაურ, თითქოს უმნიშვნელო პრობლემებს მივხედოთ. პრეზიდენტის ბრძანებულებით პატრონს უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლების მიერ ყველა ნაძარცვ-ნაყაჩაღარი ობიექტი, მათ შორის მწერლების, ჟურნალისტების და კომპოზიტორებისგან დაყადაღებული ობიექტები, რითიც პრეზიდენტი ხალხს დაუდასტურებს, რომ მისი პოლიტიკა ქართველი ერის ცხოვრების, სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და არა უცხო ქვეყნის მიერ ნაკარნახევი პირობების შესრულებისკენ.
დაბოლოს, რუსი ბარბაროსები რომ არც მომავალში დაიშლიან გენერალური მიზნის - ქართველი ერის მიერ თავისი მიწა-წყლის მიტოვებისა და აქ რუსების ჩასახლების განხორციელებას, ამას მხოლოდ უიმედოდ გამოშტერებული ადამიანი ვერ ხედავს. არადა, აგერ - "აღდგომა და ხვალეო".
ქართველებმა უნდა მივაღწიოთ ჩვენი მიწა-წყლის დაცვის ისეთ დონეს, რომ ბრძოლის ბედს წყვეტდეს არა აგრესორის სიმრავლე, არამედ საქმის უმაღლესი ცოდნითა და ნიჭიერებით განხორციელებული თავდაცვის ორგანიზება. ეს კი მხოლოდ თანამედროვე მაღალი დონის ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო ტექნიკის და მტრის წინააღმდეგ როგორც რეგულარული, ისე პარტიზანული შენაერთების ოსტატურად გამოყენებით მიიღწევა.
მკითხველს ვთხოვ, ნუ დამძრახავს, რომ შევეხე ისეთ პრობლემებსაც, რომელთა სპეციალისტი და ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ამ სტატიას გონიერების მარცვალი ნამდვილად ახლავს.
ჭკუით, ქართველებო, ჩვენ ობოლო ერი ვართ, მხოლოდ გონიერება გვიხსნის!
თბილისი, ოქტომბერი, 2008.
http://www.opentext.org.ge/08/sakartvelos-...a/202/202-3.htm