გალში შეიარაღებული სომეხი სამხედროები შეიყვანეს
დღეს გალში, დაახლოებით 14:00 საათზე ორი იკარუსის ტიპის ავტობუსით შეიარაღებული სამხედროები შეიყვანეს, რომელთა უმეტესობა ეროვნებით სომეხი ’’ბაგრამიანის’’ ბატალიონიდანაა.
როგორც ’’აფხაზეთის მედია-ცენტრს’’ გალიდან აცნობეს, ავტობუსები ქალაქში ოთხი ბეტერიის ტიპის ჯავშანტექნიკამ შეაცილა, რომელთაც აფხაზი სეპარატისტების დროშები ეკეთათ.
ამასთან, შეიარაღებული შენაერთების შეყვანის შემდეგ გალის ფეხბურთის მოედანზე აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თვითმფრინავიც დაჯდა, თუმცა ამ დრომდე არ ხმაურდება შამბას გალში ვიზიტის მიზანი.
წინასწარი ინფორმაციით, სომეხი ეროვნების სამხედროები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გახსნილ ბლოკ-საგუშაგოებზე ეთნიკურად აფხაზ ბოევიკებს ჩაანაცვლებენ, რადგან ბოლო დროს რუს სამხედროებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ფსოუზე გახსნილ ბლოკ-საგუშაგოზე, სადაც აფხაზების სახელით სომეხი ეროვნების ბოევიკები დგანან, რუსი სამხედროების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. აფხაზეთის მედია ცენტრი.
"ჯორჯია ვიქლი", 29 ოქტომბერი 2008 წელი.
http://www.georgiaweekly.net/index.php?new...rr2vv31pnpt20h2