ოპოზიციის გააქტიურებისგან დიდ რყევებს არ ველი
ახალი თაობა, ინტერპრესნიუსი
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მოსკოვის მიერ სრული კონტროლის დაჩქარებულად დაწესების მიზეზებზე, ნიცაში 18 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრისა და დიმიტრი მედვედევის ერევანში ვიზიტის ჩვენთვის სავარაუდოდ ცუდ შედეგებზე, ასევე ოპოზიციის ნოემბრისთვის გააქტიურების სავარაუდო სცენარებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგს, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.
არჩილ გეგეშიძე: "მოსკოვის სურვილი დაჩქარებული ტემპებით "სამართლებრივად" გააკონტროლოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მოსკოვმა 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაიწყო. ეს პროცესი პრაქტიკულად უფრო ადრეც დაიწყო, როცა ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულებით რუსეთის სამინისტროებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დამყარება დაევალათ.
მოსკოვი ცდილობს ის, რაც ცეცხლითა და მახვილით მოიპოვა, მაქსიმალურად გააკონტროლოს და დიპლომატიური გზით ვინმემ არ დაათმობინოს.
ნიცასგან უნდა ველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, მაგრამ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი, ამაზე საუბარი რთულია.
ნიცაში, ისევე როგორც ჟენევაში არა პროცედურულ და ნაკლებად მნიშვნელოვან, არამედ ძალიან სერიოზულ საკითხებზე უნდა ემსჯელათ.
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სტატუსით იქნებიან იქ წარმოდგენილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ამაზეა დამოკიდებული ჟენევის პროცესის მთელი სულისკვეთება.
ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ მე ვერ ვხედავ ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტის საშუალებას და ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, რომ 18 ნოემბრამდე ეს ყველაფერი გაირკვეს.
რუსეთი საქართველოს ტერიტორიებად არ მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო დანარჩენი სამყარო ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილებად თვლის.
ეს საკითხი ორგანულად ერთიანი, სერიოზული პოლიტიკური საკითხის ნაწილია, რის გამოც პრობლემა შეიქმნა ჟენევაში და ვერ ვხედავ ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს 18 ნოემბრამდე.
კრემლი ეცდება არ დაუშვას სომხეთისა და აზერბაიჯანის რუსეთის სფეროდან გასვლა და შეინარჩუნოს ამ რესპუბლიკებზე არსებული კონტროლის დონე.
რუსეთს არ აწყობს რეგიონში თურქეთის გააქტიურება, სომხეთ-თურქეთის დაახლოების პერსპექტივების გაჩენა. ფაქტია, რომ საქართველოში ომის შემდეგ მთელ მის სამეზობლოში რუსეთისადამი შიში გაძლიერდა.
დიმიტრი მედვედევის ერევანში ვიზიტი შეიძლება უკავშირდებოდეს იმასაც, რომ რუსეთმა მის სამეზობლოშიც კი ვერ მიაღწია მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში.
როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მცდელობას ადრე თუ გვიან დაითანხმოს დსთ-ის ქვეყნები სოხუმისა და ცხინვალის აღიარების საკითხში.
ცხადია, რომ მედვედევის ერევანში ვიზიტის ერთ-ერთი თემა საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ეს იყო. რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი გააჩნია.
არ ვფიქრობ, რომ მკვეთრი და დიდი რყევებია მოსალოდნელი დროის მოკლე მონაკვეთში. პოლიტიკური პროცესების ამპლიტუდა და დინამიკა გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება მაინც დროში გაწელილი პროცესი.
ნოემბერში ოპოზიციის გააქტიურებისგან არც დიდ რყევებს და არც რევოლუციურ გარდაქმნებს არ ველი. არ ველი იმას, რომ ათიათასობით შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნით ეს ხელისუფლება გადადგება ან მას ძალით გადააყენებენ.
თუკი მასობრივი აქციები კარგად იქნება ორგანიზებული და კარგად მართული, ამ აქციების შედეგად შესაძლოა ქვეყნისთვის მართლაც საჭირო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, მაგრამ ნოემბრის აქციებისგან მკვეთრ და კონსტიტუციის მიღმა პროცესების განვითარების ალბათობას, ნაკლებად ველი".
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...4&info_id=20873
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....