http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/251/251-3.htmაი, ასეთი იონა: ან წავალ, ან დავრჩები
ილია ნანობაშვილი
იონა - მგონი, არცერთი ფეხბურთელი ისე არ დააკლდება ჩვენს ჩემპიონატს, როგორც ის. იონა რაღაც განსაკუთრებული მოთამაშეა, სხვა კოლორიტია და არა მარტო იმიტომ, რომ უმაღლესი ლიგის ყველა დროის გოლეადორია. ესეც, რა თქმა უნდა - აბა, 200 გოლს რომ გადასცდები და სხვები 150-საც არ მიახლოვებიან, უკვე ბევრს ნიშნავს.
...მაგრამ ზურაბ იონანიძე კოლორიტია ჯერ მარტო იმიტომ, რომ 1990 წლიდან თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში და მართალია, გარკვეული პერიოდი უცხოეთშიც გაუგორებია ბურთი, მაგრამ იონა, ასე ვთქვათ, ჩვენი ჩემპიონატის მოთამაშეა. 36 წლის იონანიძემ გუშინწინ "ბორჯომთან" 18 წუთი დაჰყო მინდორზე, დიდი კვალი არ დაუტყვია მატჩისთვის, მაგრამ ისტორიას დაატყო - ეს იყო მისი მე-400 თამაში ეროვნულ ჩემპიონატებში...
- 400 მატჩი და 200-ზე მეტი გოლი. გასახსენებელს რა გამოლევს, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოდ რომელი თამაში გახსენდება. - ვკითხეთ იონას.
- მართლა მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. ბევრი კარგი თამაში მქონია, ბევრჯერ გული დამწყვეტია, მოკლედ, რა აღარ მინახავს... მაგრამ ახლა მხოლოდ სიამაყეს ვგრძნობ, ამდენი რომ მოვასწარი. 400 მატჩი ნამდვილად არაა ცოტა.
- იონანიძის ჩაგდებული სეზონი არ გვახსენდება. სტაბილურობას როგორ ინარჩუნებდი.
- ყოველთვის ვცდილობდი, რეჟიმში ვყოფილიყავი და ახლაც ასე ვარ. ფეხბურთი მიყვარს და მსიამოვნებს. ბევრი კარგი სეზონი მქონდა, ბოლო წლებში კი... რა გითხრათ... 2005-06 წლების სეზონი მახსენდება ძალიან კარგად, როცა კლაუს ტოპმიოლერმა ეროვნულ ნაკრებშიც ამიყვანა.
- ამ სეზონში კი ხშირად არ თამაშობ. ასაკი თავისას შვრება.
- შეიძლება, ასაკიც, რა ვიცი... ისე, ლამის 24 საათი ახლაც რეჟიმში ვარ, ვვარჯიშობ, თანაც, ძალიან ცოტასაც არ ვთამაშობ - შეცვლებზე შევდივარ, ვცდილობ, "ზესტაფონს" ყველანაირად დავეხმარო.
- ესე იგი, ისევ გერჩის მუხლი...
- ასეა. უბრალოდ, გუნდი 11 კაცისგან არ შედგება და უნდა იცოდე, რომ შესაძლოა, სათადარიგოებიდან ჩაერთო თამაშში ან საერთოდ ვერ გახვიდე მინდორზე. "ზესტაფონში" ახალგაზრდა ფეხბურთელების მთელი ჯგუფია და ნეტავ, მართლა დიდი ფეხბურთი ითამაშონ - ამის იმედი ნამდვილად მაქვს. კარგი ბიჭები არიან, მონდომებულები.
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი როდის გამთავრდება.
- 1 დეკემბერს.
- და მერე რას აპირებ?
- არ ვიცი. ჯერ არ გადამიწყვეტია. ისე, თამაშის სურვილი კიდევ მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი. შეიძლება, კიდევ ხუთი წელი ვითამაშო, შეიძლება, ხვალვე შევეშვა ფეხბურთს...
- "ზესტაფონმა" რომ მძიმედ დაიწყო სეზონი, ეს რისი ბრალია.
- სამწუხაროა, რომ გუშინ "ბორჯომს" ვერ მოვუგეთ. მართალია, ლიდერებში არ ვართ, მაგრამ ჯერ ადრეა - წინ ბევრი თამაშია. არც "ვიტ ჯორჯია" და არც "ლოკომოტივი" იმდენით არ გვისწრებენ, რომ ყურები ჩამოვყაროთ.
- წინა სეზონში უფრო ძლიერი არ იყო "ზესტაფონი". როგორ შეადარებდი.
- შარშან კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ ვიეირა, პოლ კესანი და ედიკ საჯაია წავიდნენ. ეს სამეული დიდი ძალაა, თუმც მათი შემცვლელებიც მოვიდნენ. ალბათ, დროა საჭირო, რომ ჩვეულ ფორმაში შევიდეთ. ვფიქრობ, ნაკლები გუნდი არც ახლა გვყავს. შედეგი გასაგებია, ვერაა კარგი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვებთან შედარებით, უფრო მძიმე კალენდარი გვქონდა. ახლა შედარებით გაგვიადვილდება.
- "ზესტაფონის" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რას იტყვი.
- მშვენიერი თაობაა. აი, თუნდაც ბექა გოცირიძე, რომელსაც მართლაც გამოვარჩევდი, ძალიან ყოჩაღი და ძლიერი ბიჭია, ეროვნულ ნაკრებშიც მაგრად თამაშობს. ბექას გარდაც ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, საქართველოს ნაკრებში რომ გამოიჩენენ თავს.
- როგორც ბევრად უფროსი, ხშირად გიწევს ამ ახალგაზრდებისთვის შეფუცხუნება ან თუნდაც ყვირილი.
- ხშირად არა. პროფესიონალები არიან და ჩემი დაყვირება არ სჭირდებათ, მონდომებით თამაშობენ.
- ესე იგი, მინდორზე მწვრთნელობის შეთავსება არ გჭირდება...
- ყოფილა შემთხვევა, შენიშვნა მიმიცია ახალგაზრდებისთვის. ცხადია, ეს არც წყენიათ და არც ეწყინებათ, მაგრამ ხშირად არ არის ამის საჭიროება.