#19781824 · 24 May 2010, 17:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bomba2000 SwaT-2011
აღლუმი რუსთაველის პროსპექტზე დღის 12 საათზე დაიწყება. ამ დროისათვის პარლამენტის წინ უკვე იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ისინი ე.წ. კოლოფებად იდგებიან (თითოეულ კოლოფში 64 სამხედროა), აღლუმს გახსნის მედროშეთა ასეული.
აღლუმზე ყველაზე მეტ კოლოფს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადები გამოიყვანენ (თითოეული ბრიგადა არანაკლებ 30 კოლოფს).
რატომღაც მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის მონაწილეობა აღლუმში არ არის გათვალისწინებული. ჩანს, აღლუმზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული დანაყოფები ჩაივლიან.
თავის კოლოფებს წარმოადგენენ გაერთიანებული შტაბი, განათლების სარდლობა, სამი ცალკეული ბატალიონი (საინჟინრო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის), პირველი საარტილერიო ბრიგადა, ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების დაჯგუფება და ეროვნული გვარდია.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალები დაშლისა და სახმელეთო ჯარებთან შერწყმის პროცესშია, რუსთაველზე ასზე მეტი ავიატორი ჩაივლის. გასული აღლუმებისგან განსხვავებით, წელს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოწყობილი იქნება ახალ კამუფლირებულ ფორმაში, რომელსაც "მულტიკამსაც" უწოდებენ.
არ არის გამორიცხული, ახალ ფორმაზე გადასვლა იმანაც განაპირობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა გორისა და სენაკის ბრიგადების საწყობებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიტანეს ის კამუფლირებული ფორმა, რომელიც ქართულ არმიას სულ რაღაც ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული.
ახალ კამუფლირებულ ფორმას, სხვადასხვა გარემოში (ქალაქში, ტყეში, უდაბნოში) შენიღბვის დროს, დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც; თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა. მკითხველთა დიდ ნაწილს ყველაზე მეტად აინტერესებს, თუ რა სახის და რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას 26 მაისის აღლუმში. აღლუმის თავში იქნებიან "ლენდროვერის" ტიპის ჯიპები, რომლებზეც კავშირგაბმულობის აპარატურაა დამონტაჟებული.
ცხრა "ლენდროვერს" უკან კოშკურაზე ტყვიამფრქვევებდამონტაჟებული 13 შეჯავშნული ავტომობილი "ჰამერი" გამოჰყვება. "ჰამერების" აღლუმს ოთხი ჯავშანმანქანა "კობრა" გააგრძელებს. მართალია, "კობრები" 2008 წლის დასაწყისიდან მხოლოდ შსს-ს შეიარაღებაში იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, რომელშიც "კობრებმა" დადებითი მხარეები აჩვენეს, რამდენიმე "კობრა" თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფმაც მიიღო შეიარაღებაში. "კობრებს" ათი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 გაჰყვება.
მათ შემდეგ 31 ცალი თურქული წარმოების "ეჯდერის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი ჩაივლის. ეს ჯავშანტრანსპორტიორები უკვე მეორე წელია, რაც ქართული არმიის შეიარაღებაშია.
აქ გვინდა მკითხველის ყურადღება ერთ საინტერესო ნიუანსზე შევაჩეროთ. ჩავლილი ჯავშანტექნიკა ახალ კამუფლირებულ ფერებად იქნება გადაღებილი. მათში ყვითელი და ასფალტისფერი ჭარბობს, რაც ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ეს ტექნიკა დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად საგანგებოდ გადაღებეს. "ეჯდერების" უკან უკრაინული წარმოების 9 ერთეული "კრაზის" ტიპის სატვირთო ავტომობილი ჩაივლის, რომელთა ძარაზე სამხედრო მოსამსახურეები ისხდებიან.
აღლუმს ისევ "კრაზები" გააგრძელებენ, ოღონდ ამჯერად მათ მიბმული ექნებათ ბუქსირებადი 152 სმ-იანი ჰაუბიცები - სამი МСТА-Б და ამდენივე Гиасинт-Б. ქართული არტილერიის ჩავლა აღლუმზე ამით არ დასრულდება. ბუქსირებად ჰაუბიცებს მიჰყვება 19 ერთეული 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ანა. აგვისტოს ომის დროს ეს საარტილერიო საშუალება აქტიურად გამოიყენებოდა. ომში ერთი "დანა" რუსებმა ალაფად წაიყვანეს და მოსკოვთან კუბინკაზე გამოფინეს, ორი კი დაგვიწვეს. "დანებს" რუსთაველზე RМ-70 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები შეცვლიან. ეს დანადგარებიც, ისევე როგორც "დანები", ჩეხოსლოვაკიური წარმოებისაა. სწორედ RМ-70-ების ზალპის ვიდეოკადრები გახდა აგვისტოს ომის ერთგვარი სიმბოლო.
რუსთაველზე 9 ცალი RМ-70 ჩაივლის. მათ ნაწილს წინ ბულდოზერის მსგავსი დანები ექნება დამონტაჟებული.
არტილერიის აღლუმს ოთხი "გრად-ლარი" დაასრულებს. ის "მერსედესის" ძარაზე დამაგრებული "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 40-ლულიან პაკეტს წარმოადგენს. ამ პაკეტის ნაცვლად 160 მმ-იანი კალიბრის ორი 13-რაკეტიანი პაკეტის დამონტაჟებაც შეიძლება, რის შემდეგაც ის უკვე Lar-160-ად იქცევა. აგვისტოს ომის დროს ეს სისტემებიც აქტიურად გამოვიყენეთ.
სახმელეთო აღლუმის ბოლოს რუსთაველზე ჟცფ-ს ტიპის სამი მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჩაივლის.
"ოსას" (ისევე როგორც "ჰამერებსა" და "ეჯდერებს") თავდაცვის სამინისტრო აღლუმზე პირველად აჩვენებს, თუმცა მისი ბატარეები აგვისტოს ომამდეც იყო შეძენილი და ის საბრძოლო მოქმედებებშიც გამოიყენებოდა. ერთი ნაალაფარი "ოსა" რუსმა ოკუპანტებმა კუბინკაზე გამოფინეს.
სახმელეთო აღლუმს საჰაერო ჩაენაცვლება. ჰაერში თავდაპირველად UH-1H "იროკეზის" 4 შვეულმფრენი გამოჩნდება, რომლებიც რომბის ფორმით გადაუფრენენ რუსთაველის პროსპექტს. მათ კუდში ასევე 4-4 სამხედრო-სატრანსპორტო МИ-8МТ და საბრძოლო МИ-24 გაჰყვება.
შვეულმფრენები რუსთაველის პროსპექტს დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით მიწიდან 300 მ სიმაღლეზე გადაუფრენენ. შვეულმფრენების შემდეგ კი თბილისის ცაზე 6 ცალი СУ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გამოჩნდება, მათ შორის მოდერნიზებული "მიმინოებიც". თვითმფრინავების საშუალო სიჩქარე 460-480 კმ/სთ იქნება, სიმაღლე 500 მ. პილოტები შეასრულებენ რამდენიმე საჰაერო ილეთს და ჰაერში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერების კვამლს.
ამჯერად საჰაერო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ L-39 "ალბატროსის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები. ისე კი ავიაციის აღლუმში მონაწილეობა დიდად იქნება დამოკიდებული იმ დროისთვის არსებულ ამინდზე.
This post has been edited by flyer on 24 May 2010, 17:37
--------------------
Si Deus pro nobis, quis contra nos? http://www.flickr.com/photos/flyergeorge/
|