რას ითვალისწინებდა გრუ-ს საიდუმლო გეგმა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებასაც ნანახი ჰქონია?..«რუსების მზაკვრული გეგმა ჯერ კიდევ 2002 წელს გავაცანი ყველა შესაბამის უწყებას, მაგრამ...» რატომ წავაგეთ ომი, ამის კარგად გაანალიზება ჯერ არც დაწყებულა. როგორც ჩანს, მიზეზი იმდენად ბევრი და მრავალმხრივია, რომ ამის გამომზეურება ბევრს არ აძლევს ხელს. ვფიქრობთ, საზოგადოებას აქვს უფლება, ალტერნატიული აზრი მოისმინოს და თავად გააკეთოს დასკვნა.
კაკო ცოტნიაშვილი წლების განმავლობაში შიდა ქართლის შსს მთავარი სამმართველოს უფროსი ოპერმუშაკი იყო და კონფლიქტის ზონას კურირებდა. როგორც ბატონი კაკო ამბობს, გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გააცნო საქართველოს მთავრობას.
- ალმა-ატის მილიციის სკოლა მაქვს დამთავრებული, მერე ყარაღანდის მილიციის უმაღლესი სკოლა დავამთავრე წარჩინებით. მაშინ დავუმეგობრდი ერთ რუსს, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და დიდი მეგობრობაც გვქონდა. მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე, - საბჭოთა კავშირში საუკეთესო კრიმინალისტ-აგენტად ვითვლებოდი. 80-იან წლებში ქვეყანა რომ აირია, რუსეთში დარჩენა შემეძლო, მაგრამ რა გამაჩერებდა, როცა ჩემს ქვეყანას უჭირდა და დავბრუნდი.
ძველ მეგობრებთან კავშირი არ გამიწყვეტია. 2002 წელს ჩემმა მეგობარმა, რომლის ვინაობას ვერ დავასახელებ, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მითხრა, ოთარიჩ, აუცილებლად უნდა შევხვდეთო. დავპატიჟე, ჩამოდი-მეთქი. უარი მითხრა, ბაქოში შევხვდეთო. ასეც მოვიქეცი, შევხვდი და ერთი საინტერესო გეგმა მაჩვენა. იქ დაწვრილებით იყო მითითებული, როგორ უნდა დანაწევრებულიყო საქართველო. გეგმას ხელს აწერდნენ რუსეთის გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე.
- საიდან ჩაუვარდა ხელთ ის გეგმა თქვენს მეგობარს?- როგორც ვიცი, გეგმა ჩრდილო კავკასიის თავდაცვის ერთ-ერთ უწყებაში ჰქონდათ შენახული. გეგმა ძალზე მზაკვრული და სწორად გათვლილი იყო. დანაწევრება შიდა ქართლიდან ჰქონდათ დაგეგმილი. კერძოდ, როკის გვირაბიდან ცხინვალის გავლით რუსულ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 30 კილომეტრის გავლა სჭირდებოდათ, რომ საქართველო წელში გაეწყვიტათ. გადაიჭრებოდა ავტოსაგზაო და სარკინიგზო მაგისტრალები და საქართველო შუაზე გაიყოფოდა. აღმოსავლეთ საქართველო დაკარგავდა ზღვას, ძირითად დამაკავშირებელ არტერიას მსოფლიოსთან.
რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთიდანაც უნდა შემოსულიყვნენ და დაეკავებინათ დასავლეთი საქართველო. აფხაზეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, აჭარა და სამეგრელო უნდა გამოყოფილიყვნენ ცალკე ერთეულებად. როგორც ხედავთ, გეგმას ნაწილობრივ შეესხა ხორცი. არადა, ჯერ კიდევ 2002 წელს ყველა შესაბამის უწყებას პატაკით მივმართე, ჯერ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას, შემდეგ კი გეგმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიძეს გადავეცი.
- რა მოჰყვა ამას, არ დაინტერესდნენ?- ბარამიძემ მითხრა, დავფიქრდეთ, ეს საქმე როგორ იქნებაო. ვიღაც პოლკოვნიკთან გამგზავნა, იმასთან გექნებათ ურთიერთობაო. კარგა ხანს ვიარე. ვიდრე გზებს დასახავდნენ და რამეს გაარკვევდნენ, ბარამიძე მოხსნეს, მის ნაცვლად კი ირაკლი ბათიაშვილი დანიშნეს და მალე დამიბარა კიდეც. ერთ დღეს შეფარულად ცხინვალშიც ჩავიყვანეთ.
არ გასულა დიდი ხანი და ბათიაშვილიც შეიცვალა. მერე «ვარდების რევოლუცია» მოხდა და ახლა გივი თარგამაძეს მივაკითხე, ნიკა რურუასაც გავაცანი გეგმა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ გეგმის ხორცშესხმისთვის როგორმე ხელი შეეშალა.
- დაახლოებით, როდის დაიწყეს რუსებმა ომისთვის მზადება?- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ 1996 წლიდან რუსეთს თავისი ხალხი ჰყავდა ცხინვალში. დღეს ყველასათვის კარგად ნაცნობი გენერალი იარავოი და გენერალი კაზაჩენკო ცხინვალში მშვიდობისმყოფელთა ეგიდით იყვნენ. ორივე ფე-ეს-ბესა და გრუ-ს თანამშრომელი იყო. აკვირდებოდნენ ვითარებას და ანალიზს კრემლში აგზავნიდნენ.
«ვარდების რევოლუციის» შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო სამხედრო ესკალაცია. რუსებმა გზების გაყვანა და ოსურ ადმინისტრაციაში რუსეთის მოქალაქეების დანიშვნა დაიწყეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასობით კილომეტრი გზა გაიყვანეს მთებში და მათზე კონტროლიც დააწესეს. რუსებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები პოსტებად ჰქონდათ დაყოფილი: ნომერიN პირველი პოსტი როკის გვირაბია. ტექნიკა და ძალები რუსებს აქედან შემოჰყავთ. მეორე პოსტი ცხეთიჯვრის მთაა, მესამე კი თლიაყანის პოსტი. რომელიც 2004 წელს ცოტა ხნით ირაკლი ოქრუაშვილმა აიღო.
ცხეთიჯვრის მთა ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებს: როკის გვირაბიდან საქართველოსკენ მომავალ გზას, ცხინვალს, პატარა ლიახვის ხეობასა და გორის რაიონის სოფლებს. აი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი - ცხეთიჯვრის მთა ოსებსა და რუსებს ჩვენი ხელით გადავეცით. ცხეთიჯვრის აღმოსავლეთით მხოლოდ პატარა მხარე გვქონდა დაკავებული. ერთი სიტყვით, რუსებმა ნელ-ნელა გზებზე კონტროლი დააწესეს, ჩვენმა ხელისუფლებამ კი (ერედვიდან ცხეთიჯვრის გავლით) დიდი და პატარა ლიახვის ხეობების დამაკავშირებელი ერთადერთი ათკილომეტრიანი გზის უსაფრთხოებაც ვერ დაიცვა.
ოსებმა და რუსებმა ომისთვის ინტენსიურად მზადება ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყეს. რუსები პროფესიონალები არიან. გააკეთეს ძარისა და გერის შემოვლითი გზები. ამით ქართველების კონტროლირებადი მიწები ალყაში მოაქციეს. დაგვრჩა ვიწრო, სამკილომეტრიანი გასასვლელი, რომლითაც საქართველო ცხინვალის რეგიონს უკავშირდებოდა. რუსების გაყვანილ გზებს ვეღარ ვაკონტროლებდით. ჩვენ სტრატეგიულად წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდით.
2004 თუ 2005 წელს გოგა ხაინდრავა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო. სწორედ მისი ხელმოწერით გადაწყდა ცხეთიჯვრის მთის დათმობა. ოსებმა მთაზე თავიანთი დანაყოფი ჩააყენეს, წვერიახოზე კი ქართულ-რუსული შერეული პოსტი. გზის მარცხენა მხარეს ქართველები დადგნენ, გზის მარჯვენა მხარეს კი რუსები. 2008 წლის აგვისტოში სწორედ ამ პოსტმა იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე თუ მკითხავთ, ყველაფერი არაპროფესიონალიზმისა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების ბრალია. ეგრეთ წოდებული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურს, მარატ კულახმეტოვს რაჭის, ძარის, გერის, ერედვის, კეხვის, ქურთის მთები თუ წვერიახო ფეხით ჰქონდა შემოვლილი. დროს არ კარგავდა და რუკით ხელში მოიარა მთელი კონფლიქტის ზონა. ყველაზე მნიშვნელოვანი გზები, გზაჯვარედინები ხუთი თითივით ჰქონდა შესწავლილი. ჩვენი მთავრობის წევრებისაგან და მოხელეებისგან განსხვავებით, თავისი საქმე კარგად იცოდა და პიარკამპანიით არ იყო დაკავებული. გორის ტერაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას, რომ ტერაქტი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ყური ვინ გათხოვა? იმ ტერაქტს სამი კაცი ემსხვერპლა. ერთ-ერთი სოსო მინდიაშვილი იყო. სწორედ ის აფრთხილებდა მთავრობას, ამ ადგილას ტერაქტია მოსალოდნელი და ზომები მიიღეთო. სოსო წელქვემოთ გადაგლეჯილი იყო, მაგრამ ცოცხალს მივუსწარით. მისი ბოლო სიტყვებიც ეგ იყო, ხომ გეუბნებოდით, ტერაქტს მოაწყობენო(!).
ისიც ვიცოდით, რომ კატასტროფის პირას ვიყავით. ვის არ მივმართეთ, სადღა აღარ ვიყავით. აპრილში ყურაშვილიც გამოვიძახეთ. ვეკითხებით, იცით თუ არა, რომ ძალზე ცუდი მდგომარეობაა, შემოვლითი გზები გააკეთეს და საქართველოსთან დამაკავშირებელი სამკილომეტრიანი ზოლიღა დაგვრჩა? უკვე საქმე ისეა, ქართულ სოფლებზე დარტყმა აღარ არის საჭირო, ამ სამკილომეტრიან ზოლს დაიკავებენ და დამთავრებულია ყველაფერი-მეთქი. ვურჩიეთ, პატარა ლიახვის ხეობაში სოფელ ვანათის გზა მაინც გადაეკეტათ, რათა ახალგორის დაკავება აგვერიდებინა თავიდან. კულახმეტოვისგან განსხვავებით, ყურაშვილმა ისიც კი არ იცოდა, ვანათი სად მდებარეობდა. გვიპასუხა, რა მოხდა მერე, შემოვლით გზას გავაკეთებთო. ისიც კი არ იცოდა, რომ შემოვლით გზას იქ ვერ გააკეთებდნენ, რადგან შუაში ოსური სოფლები იყო გაჩხერილი.
- უშიშროების სამსახურებისთვის არ მიგიმართავთ? - უშიშროებასაც და პოლიციასაც შევატყობინეთ, მაგრამ ვინ შეიბერტყა ყური? მხოლოდ პიარზე ფიქრობდნენ და ამან დაგვღუპა კიდეც. ნაცვლად იმისა, ამ საკითხზე ემტვრიათ თავი, იმაზე ხარჯავდნენ დროსა და ენერგიას, სანაკოევი როგორ დაენიშნათ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი იმისათვის ჩამოვიდნენ რეგიონში, რომ პირადად წარემართათ მისი წინასაარჩევნო კამპანია. ოქრუაშვილი იმ დროს უკვე გადამდგარი იყო თანამდებობიდან. იქაური ხალხი დიდ პატივს სცემდა და იმიტომაც ჩამოიყვანეს. ელდა ეცა მოსახლეობას, რომ გაიგო, ხმა სანაკოევისთვის უნდა მიეცათ. ეგ არ იყო, ცოტა ხნის წინ ავტომატით რომ გვებრძოდა? კოკოევთან წილები რომ ვერ გაიყო, მერე გახდა საქართველოს მოყვარულიო? როცა შევეწინააღმდეგეთ, გვითხრეს, ეს სახელმწიფო მეთაურის დავალებააო. რა ვიცი, ვინ მივიდა იმ არჩევნებზე? ბეჭდებს ჯიბით დაათრევდნენ.
18 წელია ბოღმა მახრჩობს. ჩვენ, ხალხმა შევუნარჩუნეთ ეს მიწა სამშობლოს, - ჩვენი ბრძოლით, გამძლეობითა და სისხლით. ეს ომი რომ ატყდა, ავიბარგეთ. 80 წლის მამაჩემი არაფრით არ გამოგვყვა, აქ უნდა მოვკვდეო. ომი რომ დამთავრდა, როგორღაც მოვახერხე გადასვლა და ბაღში ვიპოვე გარდაცვლილი...
ომი ორივე მხარეს უნდოდა. ძალა და პროფესიონალიზმი კი მხოლოდ ერთს - რუსებს ჰქონდათ. გარდა ამისა, რუსებს ქართველების წინააღმდეგ იდეოლოგიურადაც მომზადებული ჰყავდათ ჯარი და მოსახლეობა. პილოტები ისეთი სიძულვილით იყვნენ გამსჭვალული, რომ უმწეო ქალებსა და მოხუცებს თვითმფრინავებით დასდევდნენ. ბევრი მინახავს, მაგრამ გაოგნებული ვუყურებდი, როცა რუსული თვითმფრინავის პილოტი ისე დაბლა დაეშვა, რომ კაბინაში მისი დანახვაც შეიძლებოდა და გამოქცეულ ქალებს დაუწყო სროლა.
პ. ს. ომი საშინელებაა, მაგრამ უფრო მეტი საშინელება ქვეყნისათვის ის არის, რომ დიდმოხელეებმა იციან, საფრთხე რომ ემუქრება ქვეყანას და თავს არ იწუხებენ.
სხვათა შორის, ირაკლი ბათიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ კაკო ცოტნიაშვილი მართლაც აფრთხილებდა ხელისუფლებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
Mens sana in corpore sano...