კვლევის შედეგად საქართველო ცხოვრების დონის მხრივ ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა სირია, ავღანეთი, ჰაიტი
კვლევის შედეგად საქართველო ცხოვრების დონის მხრივ ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა სირია, ავღანეთი, ჰაიტი და ა.შ.
როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საყოველთაო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების ხარჯზე საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დონე გაიზარდა. ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას ხელი პენსიებისა და ზოგიერთ სექტორში დასაქმებულების ხელფასების მატებამაც შეუწყო.
ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყნისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ გარემოებაზე: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ისტორიულ, ეროვნულ თავისებურებებზე, ბუნებრივ პირობებზე. მათ შორის, მთავარ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიური პირობები, ანუ მოსახლეობის შემოსავალი, ხარჯი, ინფლაციის ტემპი და ა.შ.
სპეციალისტთა განმარტებით, ”ცხოვრების დონის” ქვეშ იგულისხმება მოსახლეობის უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური დოვლათითა და მომსახურებით. ძირითადად პრაქტიკაში გამოიყენება მოსახლეობის ცხოვრების დონის ოთხი გაგება: უზრუნველყოფილი დონე (კეთილდღეობა), რომლის პირობებშიც შესაძლებელია ადამიანის ყოველმხრივი განვითარება; ნორმალური დონე - ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით; სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება; სიღატაკე - საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა.
ზოგადად, ცხოვრების დონე საკმაოდ რთული კატეგორიაა და მისი განსაზღვრა ერთი რომელიმე მონაცემით შეუძლებელია. საქართველო არასდროს ყოფილა მოწინავე ქვეყანათა რიგებში, განსაკუთრებით ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ამჯერადაც, ამერიკული კომპანია ”გელაპის” მიერ ჩატარებული კლვევის შედეგად საქართველო ცხოვრების დონის მხრივ ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა სირია, ავღანეთი, ჰაიტი და ა.შ.
”გელაპმა” მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების ცხოვრების დონის დადგენის მიზნით, კვლევა 2013 წელს 135 ქვეყანაში ჩაატარა. კვლევა გლობალური კეთილდღეობის ინდექსის 5 ძირითადი ელემენტის - მიზნის, სოციალური და ფინანსური მდგომარეობის, სოციუმისა და მატერიალური მაჩვენებლის მიხედვით განხორციელდა. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 17%-მა სამ და მეტ ელემენტში კეთილდღეობის - ცხოვრების უმაღლესი დონე აჩვენა.
განვითარების დონის ყველაზე დაბალი შეფასების მქონე ქვეყნებს შორის, რომელთაც 3 და მეტ კომპონენტში დაბალი შეფასება ჰქონდათ, საქართველოც მოხვდა: სირია - 1%, ავღანეთი - 1%, ჰაიტი _ 3%, კონგო - 5%, ჩადი - 5%, მადაგასკარი - 6%, უგანდა - 6%, ბენინი - 6%, ხორვატია - 7% და საქართველო - 7%.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ ასეთი და სხვა მრავალი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ზოგჯერ რეალურ სურათს არ ასახავს. მართალია, საქართველოში ცხოვრების დონე მაღალი არ არის, თუმცა ის ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
”ჩვენთან ცხოვრების დონე ბოლო ორ წელიწადში ნამდვილად არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. გაზრდილია შემოსავლები, ცხოვრების ხარისხი, თავისუფლების მაჩვენებელი და ა.შ. ასე რომ, დღევანდელ მდგომარეობას ყველა პარამეტრით თუ შევადარებთ 2 წლის წინანდელს, სიტუაციის გაუმჯობესებას დავინახავთ. მაგალითისთვის, ავიღოთ წლევანდელი რთველი კახეთში, როდესაც ძალიან ბევრი ფული მიიღო უშუალოდ მოსახლეობამ. ასევე იყო თხილის მოსავლის დროსაც. რატომ ვამახვილებ ყურადღებას მოსავალზე, იმიტომ, რომ ეს ფული შედის სოფლებში, საქართველოში კი სიღარიბის და ეკონომიური სიდუხჭირის მთავარი კერა ბოლო 10-15 წელია არის სოფელი. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში ცხოვრების დონე გაიზარდა”, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.
ცხოვრების დონის ზრდაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც. მისი აზრით, ბიზნესის ტერორისგან გათავისუფლება, მოსავლის სუბსიდირება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ის არაპირდაპირი ფაქტორებია, რომლებიც ცხოვრების დონის ზრდაზე მოქმედებს.
”ბოლო 2 წლის განმავლობაში შემოსავალი გაიზარდა, თუმცა პროგრესი უფრო მეტად დაეტყო ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლებას და იმ სოციალურ ხარჯებს, სადაც მოსახლეობა პირდაპირ თავისი ჯიბიდან არ იღებს შესაბამის ფინანსურ რესურსს. ჯერ ერთი, ბიზნესს საფრთხე და შიში მოეხსნა, აღარავინ ატერორებს და შედარებით თავისუფალი გახდა. ეს უშუალოდ ფულად გამოსახულებაში შემოსავლების ზრდას არ უკავშირდება, მაგრამ ქმნის პოტენციალს ქვეყანაში სტაბილური გარემოს ფორმირებისათვის. მეორეა, სოფლის მეურნეობისთვის დახმარების გაწევა, მესამე კი ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში მეტი თანხის დაბანდება. ეს ყველაფერი პირდაპირ ოჯახის ინდივიდუალურ შემოსავლებში არ აისახება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დადებითად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს არის არაპირდაპირი ფაქტორები, რომლებიც ცხოვრების დონეზე მოქმედებენ”, - განაცხადა არჩვაძემ.
რაც შეეხება ცხოვრების დონის განსაზღვრის პირდაპირ ფაქტორს (როგორიცაა შემოსავლის ზრდა), არჩვაძის თქმით, აქაც მატება შეინიშნება. ”ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა საშუალო ხელფასი, 150 ლარამდე მოიმატა პენსიამ. მართალია, ეს ზღვარი დაბალია და ის საარსებო მინიმუმს ჩამორჩება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც წინა პერიოდში გვქონდა, პროგრესი აშკარაა. ასე რომ, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაიზარდა, თუმცა ის ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია იმ ქვეყნების ფონზე, რომლებზეც ჩვენ სწორებას ვახორციელებთ და რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა”, - დასძინა არჩვაძემ.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”
http://news.coa.ge/index.php?id=1589რავი აბა და რა დავწერო არ ვიცი და თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ?