გაგა გიორგის ძე ნახუცრიშვილი (2 სექტემბერი, 1971, ქ. თბილისი), თანამედროვე ქართველი პოეტი.
1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა ქ. როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში და ლიტერატურას პერუჯაში (იტალია). გაგა ნახუცრიშვილი არის "საბას" ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.
მისი ლექსები ფართოდ გვხვდება გიგა მიქაბერიძის შემოქმედებაში
________________________________________
დამიჯერეთ, MISS
დამიჯერეთ, MISS
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ, MISS
ქარბუქები ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, MISS
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, MISS
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!
_____________________________________________
ვარ ნაპოლეონი
ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწმე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავრად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!
ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!
ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგაც სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.
ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.
ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!
ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძნე ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი, -
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.
ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.
ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მსახრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!
...
ვარ ნაპოლეონი...
_____________________________________________
ქალები
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.
__________________________________________
შუქნიშანი
უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი,
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.
__________________________________________
დაბადება
ის დაიბადა, როცა ქარი ლეწავდა ფანჯრებს,
როცა გაჩენა და სიკვდილიც არაფერს ცვლიდა,
როცა სუფრაზე მიირთმევდნენ ღმერთების ნარჩენს,
როცა ღრუბლები ვარდებოდნენ უაზრო ციდან.
როცა ორკესტრი ჯოჯოხეთურს აწყობდა გამებს,
როცა არ იყო აღარც ომი და აღარც ზავი,
როცა არ იყო აღარც დილა და აღარც ღამე,
როდესაც ერთი ცნება გახდა ღმერთი და ყვავი;
ის დაიბადა, როცა დადგა უსიტყვო ჟამი,
როცა არ იყო არსებობის მბჟუტავი წამი,
როცა არ იყო აღარც რწმენა, აღარც ჰეტერა.
როდესაც მიწა შორდებოდა დალეწილ ფანჯრებს,
როცა უსივრცოდ იხრჩობოდა ცხოვრების გემი,
როცა არავინ დასტიროდა პლანეტის ნარჩენს,
როცა არავის აღარ სწამდა მისი მოვლენის.
_____________________________________________________
წარსული მუსიკა უსიტყვოდ
ედგარ პო, ყორანი,
მორალი –
წარსული მუსიკის
უსიტყვო
და ძველიი ფორანი.
ცრემლები,
დრო შურისძიების,
გემების
დაღუპვა ქარებში,
მთვრალებში
სიმართლის ძიება.
დუელი
ქალების წყალობით,
სულელი,
სულელი აკორდი...
არ მოკვდე, გასწორდი!
შეხედე
ჩემს ფეხებს
და ისე დამშორდი.
სასახლე
უზომო დრამები,
სინაღვლე
ბუხარი, კალმები,
ბარათი, ცხენები,
ჭენება,
თუ ღამისთენება...
ცხენებში
ვცვლი მთლიან სამეფოს!..
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.
...
ღრიალი მანქანის
მაქმანი
სიმკვეთრემ დახია,
ახია!
ბეტონი, ასფალტი,
გინება
და ხალხის დინება...
ქაღალდი,
გაზეთის ამბები...
რას ვშვრებით?
ქრონიკა, მოდები,
ბორდელი!..
და რბილი ავეჯი?,
დაჯექი!
ანათებს
ეკრანი:
ვერავინ
შეგამჩნევს ბინაში;
კატაა წვიმაში
გვიყვება
და სახლიც ირყევა,
კატაში?..
ვცვლი მთლიან სამეფოს...
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.
______________________________
უცნობ ქალბატონს
ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ
100 ფინჯან ყავას,
მზე რომ ჩავა
ვეჭვობ, მგონი კითხულობთ მარკესს,
დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს,
არ ამხელთ, მაგრამ ალბათ გჯერათ
მაღალი მოდის,
განიცდით, როცა ყვავილებით
არავინ მოდის.
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი,
კაფე და პოზა,
რასაც დაარქვით პოეზია,
უფროა პროზა.
თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,
ლოცულობთ, გახდეთ
და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,
დაიჩურჩულებთ:
ღმერთი არს ჩვენთან.
მთავარი კიდევ...
ო, არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ,
ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ,
რადგან არ გიცნობთ!
__________________________________
მოდილიანი
ხატავდა სახეს, დაღრეცილს, დაშლილს.
ის უწოდებდა პარიზს საგიჟეთს,
ეძალებოდა ღვინოს ხან ჰაშიშს
და აწვალებდა ღამით ნაბიჯებს....
გააირიბა ცა და ცის ზოლი,
ცას უხამებდა ფერებს გაცრეცილს,
მაგრამ დახატა თბილისი სწორი,
რადგან ყველანი ვხედავთ დაბრეცილს.
__________________________
შენდობა
შენ თუ არ მოხვალ არაფერია,
შენ შეგინდობენ სიზმრები ჩემი
და ქარი ხეებს თუ დაერია
ჰორიზონტს მაინც გაცდება გემი.
მე კი ნაპირზე დავრჩები ასე
და ვიტყვი: ‘მხოლოდ სიჩუმის მჯერა’,
მაგრამ ცხოვრების ფერმიხდილ გზაზე
შენ შეგადარე გრაფიკას ფერადს.
_____________________________
ჩემი მისტერია მშვიდი ზღვისფერია
შენი თმის ფერია უხილავი ბგერა,
შენთვის მომიძღვნია ფერთა იმპერია,
გთხოვ რომ ჩაიბარო ჩემი ბედისწერა.
ვწერო აღარ მინდა, სიტყვით დავიღალე
ამ ლექსს იმიტომ ვწერ რომ შენ გელოდები.
სადაც ჰაერია რბილი გამჭვირვალე,
სადაც სიჩუმეა ფერად მდელოების...
* * *
უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,
დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი,
არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,
ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.
მე უკვე დავბრუნდი ჩემს მყუდრო ბინაში,
რადგანაც მომწყინდა ხალხი და პოზები,
აღარ მსურს, გავიდე იმედით წვიმაში,
აღარ მსურს, ვიცხოვრო ბავშვური ოცნებით.
მე ხომ არ ვიცხოვრე ჭუჭყებში ღორივით,
დღეს ასე მგონია და გარეთ დარია,
დღე არის უბრალო, დავარქვი მორიგი
და ვინც მე მიყვარდნენ, აქ აღარ არიან.
უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,
დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი.
არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,
ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.