კომანდანტე
Radovan Karadžić

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1574
წევრი No.: 74431
რეგისტრ.: 13-November 08
|
#13820703 · 13 May 2009, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონ, ივანე მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გულუას ქ. 10, თბილისი, საქართველო.
ბატონ ზურაბ ადეიშვილს, იუსტიციის მინისტრს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რუსთაველის გამზირი, 30, თბილისი, საქართველო.
ძვირფასო მინისტრებო, მერაბიშვილო და ადეიშვილო
გწერთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ოპოზიციის აქტივისტებსა და 9 მაისიდან თბილისში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტებზე ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. ვეყრდნობით რა ომბუდსმენის სამსახურის, საზოგადოებრივი უფლებადაცვითი არასამთავრობო კოალიციის მონაცემებს და Human Rights Watch-ის მრავალ ინტერვიუს დაზარალებულებთან, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ თავდასხმები, როგორც ჩანს, შეკრებების თავისუფლების წინააღმდეგ და დემონსტრანტთა დაშინებისთვის მიმართულ ძალისხმევას წარმოადგენს. Human Rights Watch-ი მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა თავდასხმათა სწრაფი და სრული გამოძიებისთვის, დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და იმისთვის, რომ ღიად გაცხადდეს - მსგავსი სახის პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობა არ იქნება დაშვებული და შეწყნარებული.
გარდა იმ თავდასხმებისა, რომლებიც აღწერილია ჩვენს წერილში, ომბუდსმენის სამსახურისა და საზოგადოებრივი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მონაცემების თანახმად, აღნუსხულ იქნა ათეულობით სხვა თავდასხმა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 9-დან 25 აპრილამდე. ყველა ეს თავდასხმა განხორციელდა ერთი მოდელით - სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული დაუდგენელი ვინაობის პირები, ხშირ შემთხვევაში ნიღბიანები და ხელკეტებით შეიარაღებულნი, გვიანი ღამით სცემენ და აშინებენ ცალკეულ დემონსტრანტებს, როდესაც ისინი ტოვებენ საპროტესტო აქციების ადგილებს: რუსთაველის გამზირს, საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიებს. თავდასხმების შედეგად დაფიქსირებულია ძვლების მოტეხილობები, ტვინის შერყევა და სხვა სახის დაზიანებები.
Human Rights Watch-ის მიერ დოკუმენტირებულ, სულ ცოტა, ორ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია თავდასხმათა შემთხვევების მახლობლად და იმ პოზიციაში იმყოფებოდა, რომ ჩარევა შეეძლოა, მაგრამ ეს არ გააკეთა. Human Rights Watch-ის მიერ აღნუსხულ შემთხვევათა უმეტესობაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაზარებულებს ჩამოართვეს ჩვენებები, მაგრამ სხვა ქმედებები არ განუხორციელებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულებს შეეძლოთ დაესახელებინათ თავდამსხმელები, ან მიეთითებინათ მათი ავტომობილების ნომრები, მაგრამ პოლიციამ არ დააკავა თავდამსხმელები და არ მიმართა შემდგომ საგამოძიებო ქმედებებს.
Human Rights Watch-მა ინტერვიუ ჩამოართვა 9 დაზარალებულს, რომლებსაც შვიდი სხავადასხა ინციდენტის დროს დაესხნენ თავს. ესენია:
9 აპრილს, საღამოს 10:30 წუთზე ნათია არჩვაძეს, ლაშა კოპალიანსა და ორი სხვა პიროვნებას, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან შინ ბრუნდებოდნენ, მათი თქმით, თავს დაესხა 15 ნიღბიანი და რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი. ოთხივე სტუდენტი და ახალგაზრდული მოძრაობის “რატომ?”-ის წევრები არიან. ეს ორგანიზაცია აქტიურად მონაწილოებს დემონსტრაციებში. 19 წლის სტუდენტმა ნათია არჩვაძემ Human Rights Watch-ს თავდასხმა შემდეგნაირად აღუწერა:
ბარათაშვილის ხიდთან სამი მანქანა წამოგვეწია - ორი Range Rover-ის მარკის ჯიპი და ვერცხლისფერი Fiat-ი. არც ერთ მანქანას ნომრები არ ჰქონდა. მათ უკნიდან და გვერდიდან გზა გადაგვიკეტეს. დაახლოებით 15 ნიღბიანი მამაკაცი მანქანებიდან გადმოვიდა და… ცემა დაგვიწყო. როდესაც ლაშა მანქანიდან გადმოვიდა, მათ თავში ხელკეტი ჩაარტყეს და ის დაეცა. ისინი განაგრძობდნენ ლაშაზე თავდასხმას, ურტყამდნენ თავის და გულ-მკერდის არეში. მეორე კაცს მანქანიდან გადმოსვლამდე ჩაარტყეს თავში და მან გონება დაკარგა. მე მათ დასახმერებლად ვცდილობდი მანქანიდან გადმოსვლას, მაგრამ მათ მანქანის კარი ჩამიკეტეს და გარეთ არ მიშვებდნენ. ისინი მაგინებდნენ და მანქანაში დარჩენას მიბრძანებდნენ.
ინციდენტი ხუთიდან რვა წუთამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი თავდამსხმელები გაიქცნენ. სტუდენტები ომბუდსმენის ოფისში მივიდნენ და საჩივარი შეიტანეს. ლაშა კოპალიანი თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სადაც პოლიციამ დაკითხა. მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და თავდასხმის მთავარი მოწმე, ნათია არჩვაძე ჯერ არ დაუკითხავთ.
10 აპრილს, საღამოს 9:30 საათზე ნათია არჩვაძეს და მისი მეგობარ ქალს რუსთაველის გამზირთან კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. ისინი საპროტესტო აქციის მახლობლად საჭმელს ყიდულობდნენ. ორივე ქალის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან მათ ეცვათ მაისურები წარწერით “რატომ?”. ორი ავტომობილი Opel Astra და ვერცხლისფერი BMW მათ მიუახლოვდა. დაახლოებით რვა-ათი უნიღბო ახალგაზრდა მამაკაცი მანქანებიდან გადმოვიდა და ქალებს დევნა დაუწყო. არჩავაძემ Human Rights Watch-ს უთხრა, რომ მას ახსოვს, სულ ცოტა, ერთი ავტომანქანის ნომერი, იცნო ორი თავდამსხმელი და მათი დასახელება შეეძლო. თავდამსხმელები გოგონებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ერთ მათგანს მაისური შემოახიეს. მათ გოგონებს წაართვეს სტიკერები და ფლაიერები. ერთ-ერთმა თავმდამსხმელმა, რომელიც არჩვაძემ იცნო, მოგვიანებით დაურეკა და უთხრა, რომ, თუ ის “რატომ?’-იდან არ წმოვა, სერიოზული პრობლემები შეექმნება. ქალმა ომბუდსმენთან საჩივარი შეიტანა. 11 აპრილს არჩვაძე პოლიციამ დაკითხა და ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არჩვაძემ დაასახელა თავდმასხმელები, არავინ არ დაუკავებიათ.
10 აპრილს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე 20 წლის სტუდენტი, ოლეგ სიმონიანი და მისი მეგობარი ვოვა სტეპანოვი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდნენ. მათ უნივერსიტეტის დროშა მიჰქონდათ. ისინი ყვებიან, რომ მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე BMW-ს მარკის ჯიპმა გზა გადაუჭრა. სიმონიანს და სტეპანოვს თავს ხუთი კაცი დაესხა. ოლეგ სიმონიანმა დაიმახსოვრა ვერცხლისფერი ავტომანქანის, X5 BMW-ს ნომერი. მან Human Rights Watch-ს უთხრა:
დაახლოებით 5 კაცი, 25-30 წლის, სამოქალაქო ტანსაცმელში, უნიღბოდ, მანქანიდან გამოვარდნენ და თავს დაგვესხნენ. მათ რეზინის ხელკეტები ჰქონდათ და მუცლისა და ზურგის მიდამოებში მირტყამდნენ. ისინი იგინებოდნენ და ყვიროდნენ - “აბა ახლა ვნახოთ რა მაგრები ხართ”. ჩვენ საშველად დავუძახეთ და რამდენიმე ადამიანი ჩვენსკენ გამოიქცა. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ, თუმცა ჩვენი დროშა თან გაიყოლეს.
ახალგაზრდა კაცებმა შემთხვევის შესახებ ომბუდსმენის ოფისში განაცხადეს. ომბუდსმენმა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და დაზარალებულები არ დაუკითხავთ.
10 აპრილს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, 26 წლის შმაგი გელბახიანი, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წევრი, რამდენიმე მეგობართან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან რუსთაველის გამზირისკენ ფეხით მიდიოდა. ის ყვება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალსა და ვარაზის ხევთან, შავი ჯიპი მათ მახლობლად გაჩერდა და ოთხი, თუ ხუთი რეზინის ხელკეტით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა გელბახიანს რეზინის ხელკეტით თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს, რის გამოც მან გონება დაკარგა. გელბახიანი ამბობს, რომ გონს მოვიდა, როდესაც კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და გაიქცა.
გელბახიანი კოსტავას ქუჩაზე სხვა დემონსტრანტთა მიმართულებით გაიქცა და შველას ითხოვა. ის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინეს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათში შინ გაუშვეს. საავადმოყოფოში ის პოლიციის გამომძიებლებმა დაკითხეს, მაგრამ უცნობია განხორციელდა თუ არა სხვა საგამოძიებო ქმედებები. Human Rights Watch-მა დაკითხა ამ თავდასხმაში დაზარალებული კიდევ ერთი პირი, რომელმაც შემთხვევა დაადასტურა. პოლიციას ის რა დაუკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში გელბახიანთან ერთად მიიყვანეს. ორივე დაზარალებული აცხადებს, რომ საპატრულო პოლიცია იქვე, გმირთა მოედანზე იდგა, მაგრამ მიუხედავად ხმამაღალი ჩხუბისა, ინციდენტში არ ჩაერია.
54 წლის თემურ რადიანი და მისი 25 წლის ვაჟი შალვა, ყვებიან, რომ 14 აპრილს მათ ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე დემონსტრაციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ვარაზის ხევის ბოლოს რამდენიმე ჯიპი წამოეწია. თემურ რადიანის თქმით, თავდასხმა საპატრულო პოლიციიდან 10-15 მეტრში მოხდა, მაგრამ პოლიცია ინციდენტში არ ჩაერია. რადიანმა Human Rights Watch-ს უთხრა:
როდესაც დავინახეთ, რომ რამდენიმე ჯიპი ჩვენი მიმართულებით სწრაფად მოემართებოდა, ჩვენ გავიქეცით. თეთრი ჯიპი წამომეწია და დაახლოებით ოთხი, თუ ხუთი მამაკაცი იქიდან გადმოხტა. მათ სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ. ისინი რეზინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცემა დამიწყეს. თავში რამდენჯერმე ჩამარტყეს. დავეცი, ისინი კი ჩემს ცემას განაგრძობდნენ. მთელი სხეული ჩალურჯებული მაქვს. ისინი (თავდმასხმელები) ერთ წუთში გაიქცნენ. ჩემი ვაჟი გაქცევას ცდილობდა. მას სხვა მანქანა წამოეწია და რამდენიმე კაცმა უმოწყალოდ სცემა. როდესაც ვნახე, ძლივს ვიცანი, ცხვირი გატეხილი ჰქონდა, სისხლი სდიოდა, სახე - გასიებული.
შალვა რადიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა და ორი კვრის განმავლობაში ექიმის მეთვალყურებით წოლითი რეჟიმი დაენიშნა. თემურ რადიანს ჯერ კიდევ აქვს დაზიანებები მარჯვენა ყურზე, ხოლო სახეზე, ზურგზე, მარცენა ხელსა და მკლავზე უამრავი სისხლჩაქცევა აღენიშნება
პილიციამ თემურ და შალვა რადიანებს ჩვენებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამოართვა. თემურ რადიანი რამდენიმე დღეში პოლიციის შენობაში დაკითხეს.
Human Rights Watch-მა ნახა CCTV-ის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია ვხტანგ ლაღიძეზე თავდასხმის ფაქტი იმ დროს, როდესაც 14 აპრილს ის ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან შინ მანქანით ბრუნდებოდა. თავდსახმა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისთან მოხდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ლაღიძის Land Cruiser-ის მარკის ავტომობილს Nissan-ის მარკის ჯიპი ეწევა და გზას უკეტავს. რამდენიმე წამის შემდეგ ლაღიძის ავტომანქანის უკან კიდევ ერთი თეთრი ჯიპი ჩერდება. ცოტა ხნის მოგვიანებით დამატებით კიდევ ორი ავტომობილი მოდის. რამდენიმე მამაკაცი მაქანიდან ხტება და ამათგან, სულ ცოტა, ორის სახე სრულიად ცხადად ჩანს. ისინი ლაღიძის მანქანისკენ მიემართებიან, მას მძღოლის ადგილიდან გადმოათრევენ, სცემენ და გზაზე მწოლიარეს ტოვებენ. მერე კი ჩანს, რომ თავდამსხმელები თავისი და ლაღიძის მანქანებით შემთხვევის ადგილიდან მიდიან.
CCTV-ის ვიდეოჩანაწერი ლაღიძის ინტერვიუსთან ერთად გადაიცა საქართველოს ტელევიზიით. Human Rights Watch-ს აქვს CCTV-ის ჩანაწერის ასლი.
16 აპრილს დაახლოებით დილის 3 საათზე 34 წლის შალვა საღათაშვილმა, ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური ფორუმის წევრმა, რუსთაველის გამზირიდან შინ წასასვლელად ტაქსი დაიქირივა. ის ყვება, რომ სახლამდე სამას მეტრში ტაქსი ორმა მანქანამ გააჩერა, გვერდიდან და უკნიდან გზა გადაუკეტა. დაახლოებით 8 მამაკაცმა, სამედიცინო ნიღბებში, საღათაშვილი მანქანიდან გადმოათრია და რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემდა. მან Human Rights Watch-ს უთხრა:
მათ ალყა შემომარტყეს და ცემა დამიწყეს. ისინი ხის და რეზინის ხელკეტებს იყენებდნენ. მე დავეცი, ისინი კი ისევ თავს მეხმოდნენ. ყველგან მირტყამდნენ.
რამდენიმე წუთში თავდამსხმელები გაიქცნენ. საღათაშვილი ძლივს დადიოდა, მაგრამ მოახერხა ბინამდე მიღწევა და შემდეგ საავადმყოფოში მივიდა. მას მოტეხილი აქვს მხარი, თითი და ნეკნი. პოლიციამ მას ჩვენება იმავე დღეს ჩამოართვა.
მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაატაროთ სრულფასოვანი გამოძიება მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება უნდა იყოს დამაჯერებელი, საჯარო, მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ დაზარელებულებმა და პროცესი დამნაშავეთა იდენტიფიცირებამდე და გასამართლებამდე უნდა მივიდეს. პასუხისმგებლობა ამ თავდასხმებზე არსებითია იმისთვის, რომ მთავრობამ სამართლიანობისადმი თავისი ერთგულება დაადასტუროს და აღკევთოს თავისუფალ შეკრებებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა. დამნაშავეთა მოძიება და მათ წინააღმდეგ ბრალდების წაყენება დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ურიგდება და ხელს არ უწყობს მსგავს შემთხვევებს.
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ გადაუდებელ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება დაგვითმეთ. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
პატივისცემით,
ჰოლი კარტნერი
--------------------
------------------------------------------
|