თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "შურდულთუხუცესი" დათო თევზაძე აგვისტოს ომზე ბსაუბრობს. ჩემი აზრით საინტერესო მოსაზრებებია
...........
სამხედრო ძალის გამოყენება და მისი შეზღუდვები
სახელმწიფოს იმ კომპონენტთაგან, რომლებიც მისი უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს, არმია, და საერთოდ, სამხედრო ძალა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს სამხედრო კომპონენტი გახლავთ არა მარტო საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, არამედ შიდა სტაბილურობის გარანტი იმ აზრით, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის სიმყარე, განვითარების პერსპექტივა და უსაფრთხოების განცდა (რაც საკმაოდ მძლავრი ფსიქოლოგიური ფაქტორია) მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ სამხედრო ძალის ხარისხითა და ეფექტურობით, რომელიც სახელმწიფოს თავის განკარგულებაში გააჩნია.
თავად შეიარაღებული ძალა რომ არ იქცეს დესტაბილიზაციის ფაქტორად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა გარკვეული მექანიზმი (სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი), რომელიც ხსნის შეიარაღებული ძალის არალეგიტიმური გამოყენების პრობლემას და ამით ანეიტრალებს იმ საფრთხეს, რისი ბუნებრივი მატარებელიცაა ორგანიზებული შეიარაღებულ ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სრული გარანტიები ამ მხრივ თავად სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფეზეა დამოკიდებული: მყარი დემოკრატიის მქონე საზოგადოებისთვის ერთგვარი ანაქრონიზმი იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ სამოქალაქო კონტროლის განხორციელება სამხედრო ამბოხის თავიდან არიდების მექანიზმია.
უბრალოდ მიჩნეულია, რომ საზოგადოება ეფექტურად აკონტროლებს თავის სამხედრო ძალებს, თუკი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა არ არის უფლებამოსილი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ამ ძალების გამოყენებაზე, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება თავისი არსით პოლიტიკურია და ის ქვეყნის პოლიტელიტის პრეროგატივაა.
ამგვარად, სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი, და ეს გახლავთ ამ ცნების რეალური შინაარსი (რაც სამწუხაროდ, ნაკლებადაა გაცნობიერებული), არის სამხედრო ძალების არასანქცირებული (არალეგიტიმური) გამოყენების აღკვეთის მექანიზმი, რაზედაც პასუხისმგებელია ხელისუფლების უმაღლესი აღმსრულებელი და უმაღლესი კანონმდებელი ერთდროულად. შესაძლოა ვინმეს ეჩვენოს, რომ საკითხი სპეკულატურია და მასზე მსჯელობა მხოლოდ ავტორის თეორიული ამბიციების გამჟღავნებასა და მისი წინდახედულების რეკლამირებას ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, სხვაგვარადაა და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მარტო ის გამოცდილება, რომელიც უკანასკნელი ცამეტი წლის მანძილზე შევიძინეთ, არამედ აპრილ-მაისიდან დღემდე განვითარებული მოვლენების ანალიზი, როდესაც სახელმწიფო, სულ ცოტა, ორჯერ დადგა თავისი სამხედრო კომპონენტის რეალური გამოყენების საფრთხის წინაშე.
საბედნიეროდ, პოლიტელიტამ (უფრო, როგორცა ჩანს, ინტუიციით) იგრძნო ამ ნაბიჯის დამანგრეველი შედეგები და უარი თქვა შემდგომ სამხედრო ესკალაციაზე, თუმცა ვერ აიცილა თავიდან არამდგრადობის (არასტაბილურობის) ის ფსიქიკური განცდა, რომელიც საზოგადოებას დაეუფლა. და არამარტო ეს. ვფიქრობთ, ქვეყანაში, რომელიც ერთ ათწლეულში გამოივლის ორ სამოქალაქო ომს, ორ თუ სამ სამოქალაქო დაპირისპირებას შემდგომი შეიარაღებული დაპირისპირების განვითარების პერსპექტივით, სამი თუ ოთხი ამბოხის მცდელობას, ქვეყანაში არამყარი საზოგადოებრივი ინსტიტუტებით, არამყარი სოციალური გარემოთი, მზარდი უმუშევრობითა და არსებული სიღატაკით, საკითხი შეიარაღებული ძალების გამოყენებისა და იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ეს გამოყენება გულისხმობს, აქტუალური პოლიტიკური პრობლემაა და საზოგადოების მხრიდან მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ საკითხი არა მარტო ჩვენთვის, და არა მარტო ჩვენს თავს დატეხილი უბედურების გამოა აქტუალური. ჩვენზე ბევრად წინწასული სახელმწიფოებისთვისაც აღნიშნული პრობლემა გახლავთ და ამას თუნდაც აშშ გამოცდილება გვიჩვენებს:ლიბანი, სომალი, ვიეტნამი, ამჟამად ერაყში მიმდინარე მოვლენები სამხედრო ძალის არც თუ მთლად გამართლებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითებია. ასე რომ, პრობლემა არსებობს არა მარტო საქართველოსთვის და ის რეალური პრობლემაა და არა სპეკულაციური. მისი შინაარსი შესაძლოა შედეგი შეკითხვის სახით ჩამოყალიბდეს:რამდენად კომპენტენტურია ქვეყნის (ნებისმიერი ქვეყნის) პოლიტიკური ელიტა, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენებაზე მიდის (ნებისმიერი ფორმით)? სხვა სიტყვებით (ერთი პოპულარული გამოთქმისა არ იყოს), ხომ არ არის საქმე ისე, რომ სამხედრო ძალის გამოყენება მეტად სათუთი საკითხი გახდა იმისათვის, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკოსებს მივანდოთ?
ასეთ ვითარებაში აქტუალური ხდება ისეთი კრიტერიუმების მოძიება, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრის ალგორითმი გახდებოდა და საკითხის გადაწყვეტას, მეტ-ნაკლებად, შესძენდა სისტემურობას, ანუ ობიექტურობის იმდაგვარ ხარისხს, რომელიც, გარკვეულწილად, გაანეიტრალებდა იმ ვოლუნტარიზმს, რომელიც პოლიტიკური ალღოს იმედად მიღებული გადაწყვეტილების ბუნებრივი თანამგზავრია.
საბედნიეროდ, ზოგადი ვითარება ამ მხრივ გაცილებით უკეთესია. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, აღნიშნული პრობლემა ინტენსიური განსჯის საგანი გახლდათ აშშ-ში (მიმდინარეობდა ვიეტნამში განცდილი მარცხის მიზეზების გააზრება). დისკუსია საბოლოოდ შეჯამდა მაშინდელი თავდაცვის მდივნის კასპარ უაინბერგერის საჯარო მოხსენებაში, რომელიც მან 1984 წლის ნოემბერში წარმოადგინა და რომელსაც მეტად მრავლისმეტყველი სათაური ჰქონდა - The Use of Military Power. აღნიშნული მოხსენება წარმოადგენდა თავდაცვის
დეპარტამენტში მიმდინარე ხანგრძლივი მუშაობის შედეგს და მასში მკაფიოდ გამოიკვეთა ის მექანიზმი თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. საგაზეთო პუბლიკაციისათვის ნამდვილად ზედმეტია აღნიშნულუ დოკუმენტის ყველა ნიუანსის განხილვა. ყურადღებას შევაჩერებთ ორ ძირითად კითხვაზე:
როდის ვიყენებთ ძალას და როდის ვიკავებთ თავს ძალის გამოყენებისაგან უპირობოდ?
ახლა, თუკი პირველ კითხვაზე პასუხი ერთი ფრაზით გამოითქმის და კამათსაც არ იწვევს (სამხედრო ძალას ვიყენებთ მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები რეალური საფრთხის ქვეშაა), მეორე კითხვაზე პასუხი კომპლექსურია:უაინბერგერმა ჩამოაყალიბა მოთხოვნათა სისტემა (ექვსი პირობა), რომელთაგან ნებისმიერი ერთის შეუსრულებლობა წარმოადგენს სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის პირობას.
ამგვარად, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავს ვიკავებთ თუ:
1. საკუთარი (ან მოკავშირეთა) სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესები არ არის საფრთხის ქვეშ, ანდა ასეთი საფრთხე ბუნდოვანია;
2. არ არის შესაძლებელი ისეთი ძალის (და იმდაგვარად) ჩაბმა, რაც წარმატებას იმთავითვე უეჭველს ხდის;
3. ნათლად არ არის განსაზღვრული სამხედრო ძალის გამოყენების პოლიტიკური და სამხედრო მიზანი;
4. არ ხდება დასახული მიზნისა და მისთვის თავდაპირველად გათვლილი ძალების თანაფარდობის (რაოდენობრივი და თვისობრივი ადექვატურობის თვალსაზრისით) ხელახალი შეფასების უწყვეტი პროცესი, რაც, გამარტივებულად რომ წარმოვიდგინოთ, იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის (დაპირისპირების) ყველა სტადიაზე ხელახლა ვსვამდეთ ერთსა და იმავე კითხვებს: შეესაბამება თუ არა კონფლიქტის გაგრძელება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესს და მოითხოვს თუ არა (ამ ეტაპზე) აღნიშნული ინტერესი ძალის აუცილებელ გამოყენებას? უაინბერგერის მიხედვით, თუ პასუხი არის ”დიახ”, მაშინ ვალდებული ვართ გავიმარჯვოთ; თუ პასუხი არის ””არა”, მაშინ ძალის გამოყენება უნდა შევწყვიტოთ.
5. ძალის გამოყენებისათვის არ არსებობს საერთო ეროვნული მხარდაჭერა, რაც ლეგიტიმურად არჩეული სახალხო წარმომადგენლობითი ორგანოს (კონგრესი, სენატი) მიერ დასტურდება.
6. ყველა სხვა საშუალება ამოწურული არ არის.
არც მანამდე, არც მერე სამხედრო ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის კრიტერიუმები ამდაგვარად ჩამოყალიბებული არ ყოფილა. შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ ისინი ნეგატიური ფორმითაა წარმოდგენილი:ეს არის იმ მინიმალურ მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს ვითარებას თუ როდის ვიკავებთ თავს სამხედრო ძალის გამოყენებისაგან. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ უაინბერგერის კრიტერიუმები ორიენტირებულია არა რაიმე კონკრეტულ ჯაჭვზე ხდომილებებისა, არამედ წარმოადგენს იმ ყალიბს, სქემას, რასაც ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა შეაჯეროს თავისი პოლიტიკური მიზანდასახულობების რეალიზაციის შესაძლებლობა და არ დარჩეს ისეთი საჩოთირო გზამკვლევის ამარა, როგორიც პირადი ინტუიციაა.
ის რომ უანბერგერის კრიტერიუმები მთლად განყენერულად არ დგას (მათ შორის, ჩვენი სინამდვილისთვისაც), შეგვიძლია ორ მაგალითზე ვაჩვენოთ:
მაგალითი პირველი. ამ ორიოდე თვის წინ, ცხინვალის სამშვიდობო კონტინგენტის ქართული შემადგენლობა (მცირერიცხოვანი, ერთი გაძლიერებული ასეული) შეიცვალა შინაგანი ჯარის ხუთასკაიანი კონტინგენტით. რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული შეცვლა?
თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უკუშედეგებზე (რომელიც ცალკე, უფრო სპეციფიკური მსჯეწლობის საგანია), აღნიშნული გადაწყვეტილება უგულვებელყოფს უაინბერგერის პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე კრიტერიუმებს მთლიანად, ხოლო მეოთხეს –- ნაწილობრივ. გარდა ამისა, უგულვებელყოფილია სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი საფუძველმდებელი პრინციპი ძალთა ეკონიმიისა. ამდენად, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მცდარია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი მიღებისას, სამხედროები საერთოდ არ მონაწილეობნენ (რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე სურათია, თუკი ასეთი მონაწილეობა მაინც იყო).
მაგალითი მეორე. ამ რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ერაყში მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რომელიც თითქოს ქართველ სამხედროებს შეემთხვათ. თავისთავად არც ამ ფაქტში და არც ინფორმაციაში არაფერი არ არის საგულისხმო. საგულისხმოა კომენტარი, რომელიც ამის თაობაზე მინისტრმა ბარამიძემ გააკეთა. ზუსტად, ალბათ, ვერ გავიმეორებთ, მაგრამ ძირითადი ”მესიჯები” იყო: ერაყში ომია, ჯარისკაცები შესაბამისადაა მომზადებული, საზოგადოებამ მშვიდად უნდა აღიქვას მოვლენები.
აქ რამოდენიმე მომენტია საინტერესო. პირველი გახლავთ მინისტრისაგან იმის აღიარება, რომ ერაყში ჩვენი კონტინგენტი ომში მონაწილეობს. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი კონტინგენტი, რომლის საერთაშორისო ოპერციებში მონაწილეობის ხასიათს მთლიანად პარლამენტი განსაძღვრავს, ერაყში არალეგიტიმურად იმყოფება ვინაიდან ომში მონაწილეობის დასტური პარლამენტს მთავრობისთვის არ მიუცია.
ჩვენთვის გასაგებია ახალგაზრდა მონისტრის სურვილი, ერთის მხრივ, დაემშვიდებინა საზოგადოება, ხოლო მეორეს მხრივ, “გაეპიარებინა” ქართველ ჯარისკაცთა შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, გაცილებით ჯობდა კომენტარისაგან თავის არიდება:ვინადან სწორედ ომისთვის, მისი ისეთი სპეციფიური ნაირსახეობისათვის როგორც პარტიზანული ომია უდაბნოში, იქ მყოფი კონტინგენტი მზად არც არის და არც არასოდეს მომზადებულა. ეს მეორე გარემოება. ასევე, ბუნდოვანებითაა მოცული კიდევ ერთი გარემოება:რომელ სასიცოცხლო ინტერესში ჯდება საქართველოსთვის ერაყში მიმდინარე ომში მონაწილეობა, თუკი იქ მართლაც ომია? ამგვარად, საკითხის გადააზრება ხელახლა თუ არ მოხდა (უაინბერგერის მეოთხე კრიტერიუმი), ჩვენი დღევანდელი ყოფნა ერაყში ექვსივე კრიტერიუმის სრული უგულვებელყოფის ილუსტრაციას წარმოადგენს.
სხვა, უფრო ცნობილი ვითარებების ანალიზი უაინბერგერის კრიტერიუმების ჭრილში მკითხველისათვის მიგვინდვია.
რა შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამების სახით?
პირველი. დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას იმ გარემოებას, რომ უაინბერგერის დოქტრინა მთლიანად ერთ ცნებაზეა ორიენტირებული:ეს არის სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესი. მისთვის ადვილი იყო ამ ცნებით ოპერირება, ვინაიდან ამერიკის პოლიტიკური ისტემბლიშმენტისთვის აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესები არის არა წარმოსახვითი რეალობა, არამედ პირობათა ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რაც იქაურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს ჰქონდეს მყარი ორიენტირი იმისა თუ რატომ არსებობს ამერიკის სახელმწიფო და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისცეცებით არ იარონ. სამწუხაროდ, ასეთ ორიენტირს ჩვენ მოკლებული ვართ.
მეორე. ჩვენ მიერ განხილული მაგალითები ამჟღავნებს ერთ სამწუხარო რეალობას: სამხედრო-პროფესიული თვალსაზრისით, გნებავთ, კომპენტენტური სამხედრო აზრის თვალსაზრისით, ანდა უფრო კარგად, სამხედრო-პოლიტიკური რეალობის შეფასებეს უნარის თვალსაზრისით, უმაღლესი მთავარსარდლის გარშემო ვაკუუმია. ამ ვაკუუმის შევსება ქვეყნის პირველი სამხედრო პირის ძირითადი ფუნქციაა (ნაცვლად, ვთქვათ, წიწიბურას პარამეტრების განსაზღვრისა) და მის ამ ფუნქციას ვერც უშიშროების საბჭო და ვერც საკუთრივ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი ვერ ჩაენაცვლება. შემთხვევით არ წერს ჰანტინგტონი, რომ ოფიცრის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე არის ექსპერტი მრჩევლის პასუხისმგებლობა. პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ექსპერტის მოსაზრებათა გათვალისწინება უნდა იყოს.
............
წყარო: პრესა.გე
ესეც ლინკი:
http://presa.ge/index.php?text=news&i=5237