ოფიციალური ვერსია.
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...2&info_id=219772008-12-18 18:15
ინფორმაცია პრესისთვის
რუსეთ-საქართველოს ომი, მისი წინაპირობები, ქრონოლოგია, სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ხელისუფლების მოქმედების დროს გამოვლენილი ხარვეზები
----------------------------------------------------------------
დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და უდავოდ ამკვიდრებს პარლამენტარიზმის ახალ, დემოკრატიულ ტრადიციას არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.
გამოძიება იყო გამჭვირვალე და საჯარო. კომისიის შეკითხვებს უპასუხა 22-მა მაღალი თანამდებობის სამოქალაქო და სამხედრო პირმა. თითქმის 5 საათის განმავლობაში დასმულ კითხვებს პასუხობდა საქართველოს პრეზიდენტი. (დაკითხულ პირთა სია იხილეთ დანართი ¹1)
ყველა დაკითხვა, მხოლოდ საიდუმლო ნაწილების გამოკლებით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საქართველოს საზოგადოებრივ არხზე.
დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს საომარი მოქმედებების დაწყებამდე მიმდინარე პროცესებისა და ვითარების ვრცელ ანალიზს; დეტალურ ინფორმაციას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და სამხედრო დაპირისპირების ესკალაციისაკენ მიმართული ქმედებების შესახებ 2008 წლამდე; რუსეთის ქმედებების სამართლებლივ შესაფებას.
ანგარიშში წარმოდგენილია კომისიის მიერ მოძიებული მასალა და დასკვნები წინასაომარი მზადების, ომის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ. აღწერილია მოქმედებების დეტალური ქრონოლოგია, ოპერაციათა მასშტაბი და მსხვერპლი ქართული მხრიდან.
კომისიის დასკვნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მოქმედების ანალიზი ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები. (თავი 8, დანართი ¹2)
დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნიდან ჩანს (დანართი 4), რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან კარგად მომზადებული და დაგეგმილი ინტერვენცია განხორციელდა, თუმცა კომისიამ ასევე გამოავლინა საქართველოს ხელისუფლებაში, ეროვნული უშიშროების პოლიტიკის წარმოებასა და მართვაში და ასევე სამხედრო მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნები.
კომისიის დასკვნიდან ჩანს, რომ მიუხედავად მყარი სადაზვერვო მონაცემებისა, საქართველოს ხელისუფლება არ ელოდა და არ იყო მზად ისეთი მასშტაბის აგრესიისათვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა.
დასკვნის მიხედვით, უშიშროების საბჭომ ვერ განახორციელა მოსალოდნელი სიტუაციის ადექვატური და დროული ანალიზი და შესაბამისი დაგეგმარება. შედეგად მას 7 აგვისტოს დილიდან ფორსმაჟორულ მდგომარეობაში უწევდა მუშაობა.
კრიზისულ სიტუაციაში, არასწორად ხორციელდებოდა პროცესების სტრატეგიული მართვა, არ იყო სათანადო კოორდინაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან რგოლებს შორის, მთავრობის მართვა არ ხორციელდებოდა საგანგებო ვითარების დროს დადგენილი ფორმალიზებული წესის მიხედვით.
დადგენილი წესის უგულვებელყოფით მოქმედებდა აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელობა.
მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობდა სამხედრო-კავშირგაბმულობის სისტმაში, მიუხედავად იმისა, რომ არმია აღჭურვილი იყო შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით. შედეგად სახეზე იყო მნიშვნელოვანი ჩავარდნები სამხედრო მოქმედებების მართვაში.
არასწორი მენეჯმენტის გამო, სრულიად არაადექვატური და კონტრპროდუქტიული გამოდგა რეზერვის სისტემა. რეზერვის სახით ვერ იქნა გამოყენებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ სისტემას გააჩნდა.
გამოიკვეთა თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციური თვალსაზრისით არასაკმარისი მზაობა და ინფორმაციის გაცემის კოორდინაციის არქონა.
თავდაცვის სისტემაში სათანადო დონეზე ვერ განხორციელდა სტრატეგიული დაგეგმვა. გამოიკვეთა ხარვეზები ოფიცერთა საკადრო პოლიტიკის რგოლში.
კომისიამ წარმოადგინა შენიშვნები საგარეო პოლიტიკის მართვის მიმართულებით. კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობს ელჩებისათვის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სპეციალური გეგმა და წერილობითი ინსტრუქცია.
კომისიამ დაადგინა, რომ არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება და არასათანადო დონეზეა მომზადებული სამოქალაქო თავდაცვის სისტემა.
კომისიამ წარმოადგინა შესაბამისი რეკომენდაციები (დანართი ¹3)
რეკომენდაციები არ ითვალისწინებს საკადრო გადაწყვეტილებებს თავდაცვა-უშიშროების სფეროსა და მთავრობის შესაბამისი ხელმძღვანელი პირების მიმართ, იმდენად რამდენადაც მათ მიმართ ასეთი გადაწყვეტილებები უკვე განხორციელებულია.
დანართი ¹1
კომისიამ მოუსმისა შემდეგ თანამდებობის პირებს (მოსმენების ქრონოლოგიის მიხედვით):
გელა ბეჟუაშვილს (საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარე )
ეკატერინე ტყეშელაშვილს (საგარეო საქმეთა მინისტრი);
თეიმურაზ იაკობაშვილს (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში);
ალექსანდრე ლომაიას (უშიშროების საბჭოს მდივანი);
მამუკა ყურაშვილს (სამშვიდობო ძალების სარდალი);
ზაზა გოგავას (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი);
დავით ტყეშელაშვილს (სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში)
ზაზა გოროზიას (სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი);
ლადო ვარძელაშვილს (სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში);
ალექსანდრე კვიტაშვილს (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი);
ლადო გურგენიძეს (ყოფილი პრემიერ-მინისტრი);
გიორგი უგულავას (ქალაქ თბილისის მერი);
დიმიტრი სანაკოევს ( სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი);
მალხაზ აქიშბაიას (აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე);
ეკატერინე შარაშიძეს (ეკონომიკური განვითარების მინისტრი);
დავით ბაქრაძეს (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე);
ეროსი კიწმარიშვილს (საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში);
გიგა ბოკერიას (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე);
ივანე მერაბიშვილს (შინაგან საქმეთა მინისტრი);
გრიგოლ ვაშაძეს (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე);
დავით კეზერაშვილს (თავდაცვის მინისტრი);
მიხეილ სააკაშვილს (საქართველოს პრეზიდენტი).
დანართი ¹2
8. საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები
კომისიის აზრით საქართველოს ხელისუფლების აგვისტომდელი პერიოდის მთავარ ხარვეზად რუსეთის სამშვიდობოების ოფიციალური დელიგიტიმიზაციის არგანხორციელება შეიძლება ჩაითვალოს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომისიას მოახსენეს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხში 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული (სწორედ მარტ – აპრილში იხილებოდა ეს საკითხი მაღალ პოლიტიკურ დონეზე), გაითვალისწინა მოკავშირეთა რჩევა და სიტუაციის დაძაბვისა და მკვეთრი ესკალაციის რისკის არდასაშვებად არ გადადგა, ჩვენი მოკავშირეების აზრით, ეს კონფრონტაციული ნაბიჯი. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში კონსტრუქციულმა მიდგომამ "სამშვიდობოთა’’ საკითხთან მიმართებით ვერ შეასრულა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ფუნქცია. რუსეთის ფედერაციამ საკუთარი "სამშვიდობო’’ კონტიგენტი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სრულმასშტაბიან მონაწილედ აქცია. ერთის მხრივ, "სამშვიდობოებზე” "თავდასხმის” ფაქტი გამოიყენა აგრესიის დაწყების ერთ-ერთ საბად და, მეორეს მხრივ, მათი შტაბიდან ხორციელდებოდა საქართველოს მოსახლეობაზე.
კომისიის მიერ ჩატარებული მოსმენებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელოდა და არ იყო მზად ისეთი მასშტაბის აგრესიისათვის, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართვლოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. საგანგაშო სიგნალები რუსეთის მხრიდან ზემო აფხაზეთის ან ცხინვალის ჩრდილოეთით ქართული სოფლების მისამართით სავარაუდო შეტევებზე სადაზვერვო სამსახურებსა და უშიშროების საბჭოს წევრებს ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილების 7 აგვისტოს დილის შემოჭრა როკის გვირაბის გავლით და განსაკუთრებით 9 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის დინამიკის ზრდა აღმოჩნდა მოულოდნელი მასშტაბისა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვეების მანძილზე ყველა შესაბამისი თანამდებობის პირი ფლობდა ინფორმაციას სიტუაციის გართულების დინამიკის და მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ, მაგრამ სათანადო დონეზე ვერ მოხდა მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის ანალიზი. ივლისის ბოლოს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის მასშტაბური სამხედრო წვრთნები და კონფლიქტის ზონაში შეტაკებათა მომრავლება საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაციათა ტრადიციულ ტალღად აღიქვა. შესაბამისად აშკარაა, რომ უშიშროების საბჭომ ვერ განახორციელა მოსალოდნელი სიტუაციის ადეკვატური ქმედებათა დროული დაგეგმარება და შემდგომში უკვე 7 აგვისტოს დილიდან, ფორსმაჟორულ რეჟიმში უწევდა მოქმედება. მეტიც, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, როგორც დღეს ირკვევა მცდარად, მხოლოდ დაბალი ალბათობით უშვებდა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მოკავშირე მუდმივად სვამდა საკითხს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმის მაღალი ალბათობა გამორიცხულიყო ყველა კონცეპტუალური დოკუმენტიდან, როგორც კონფრონტაციული მიდგომა.
7 აგვისტოს, უშიშროების საბჭოს წევრებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის შემოყვანის შესახებ, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოსვე დღისით გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის მიწოდების ინტენსივობა როგორც საგარეო ფართო აუდიტორიისათვის ასევე ქვეყნის შიგნით არ იყო სათანადო. ხელისუფლება 7 აგვისტოს დილის შემოჭრის შესახებ პირველ საათებში მხოლოდ საერთაშორისო სამთავრობო და პოლიტიკური წრეების სწრაფი ინფორმირებით შემოიფარგლა. მაღალი რანგის თანამდებობის პირთა განმარტებით, ეს იმით აიხსნება, რომ 7 აგვისტოს დილის შემოჭრის შემდეგ ინტერვენციის სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტის ზონაში ლოკალიზაციის პარალელურად, შემოჭრის პირველ საათებში, საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდელობას, აგრეთვე პოლიტიკური თვალსაზრისით კონფლიქტის ლოკალიზაციისა. თუმცა 8 აგვისტოს რუსული მოიერიშეები და ბომბდამშენები უკვე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ.
სიტუაციის გართულების პარალელურად, ხელისუფლებამ ვითარების მართვის რამოდენიმე ცენტრი შექმნა. მუდმივ რეჟიმში იკრიბებოდნენ უშიშროების საბჭოს წევრები. საქართველოს პარლამენტში ვითარების შესაბამისად შეიქმნა წამოჭრილ საგანგებო საკითხებზე მომუშაავე დეპუტატთა ჯგუფები (იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, ლოგისტიკის, აგრესიის ფაქტების შესწავლის, მედიასთან ურთიერთობის და ა.შ). ფუნქციონირებდა – ეკონომიკური, საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ფორსმაჟორული მართვის ამ მეთოდმა პრაქტიკული შედეგები მოიტანა – მოხერხდა მთელი კრიზისის განმავლობაში ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგება საკვებით, საწვავით, მედიკამენტებით, არ შექმნილა მწვავე სასურსათო დეფიციტი ან ფინანსური პანიკა – უნდა ითქვას, რომ ფორმალიზებული, დადგენილი წესი საგანგებო ვითარებების დროს მთავრობის მართვისა განსხვავებულ მექანიზმს გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანასი არსებობს ნორმატიული აქტი, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც საზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავსობის წევრთა ფუნქციებსა და მოქმედებას. ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენებტან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა შორის კოორდინირებული მოქმედების ხელშეშლა.
ამავე დადგენილი წესით მოქმედების უგულვებელყოფის უარყოფითი შედეგის ნათელი მაგალითია აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელობის არაადეკვატური მოქმედება აგრესიის პერიოდში. მაგალითისთვის, კოდორის ხეობიდან მოსახლეობის და პოლიციური შენაერთების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მარაბიშვილს, ხოლო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა მალხაზ აქიშბაიამ საერთოდ ვერ მოახერხა ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში მოხვედრა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ, კი 9 აგვისტოს დატოვა კოდორის ხეობა. ლეგიტიმური მთავრობის მოქმედების შესწავლა სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციას, ამიტომ ბ-ნი აქიშბაიას მოსმენის სტენოგრამა გადაეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.
საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა კომისიას მოახსენა, რომ პოსტსაომარ პერიოდში მის ხელთ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსასრისით და მან ეს ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრს მიაწოდა. მოგვიანებით ბატონმა ბეჟუაშვილმა დააკორექტირა ინფორმაცია და მის მიმღებად ენერგეტიკის მინისტრი დაასახელა. მოკვლევა, თუ რამდენად ადეკვატური იყო ენერგეტიკის სამინისტროს რეაგირება და გადაწყვეტილებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სცილდება დროებითი საპარლამენტო კომისიის კომპეტენციას. მოკვლევა, თუ რამდენად ადეკვატური იყო ენერგეტიკის სამინისტროს რეაგირება და გადაწყვეტილებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სცილდება დროებითი საპარლამენტო კომისიის კომპეტენციას, ამიტომ ზემოაღნიშნული მასალები გადაეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.
გამოიკვეთა საგარეო უწყების სუსტი მხარეებიც. ამ სფეროში არ არსებობს ელჩებისათვის შემუშავებული საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო სპეციალური გეგმა და წერილობითი ინსტრუქცია, არ ხდება ელჩების საქმიანობის სათანადო კონტროლი. ამის დასტურია, რუსეთში საქართველოს ელჩის, კომისიის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც საერთოდ არ არის ასახული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების არსებობა. რაც ელჩის მხრიდან საქმისადმი გულგრილი მიდგომის დასტურია. მნიშვნელოვანია ხარვეზები საკადროპოლიტიკის სფეროს განეკუთვნება. აგვისტოს ომის პერიოდში იყო შემთხვევა, როცა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭიპაშვილმა თვითნებურად უბრალოდ შეწყვიტა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. კრიტიკას ვერ უძლებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩის ერასტი კიწმარიშვილის ქმედებაც. მას შემდეგ, რაც საქართველომ 10 ივლისს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ფედერაციიდან ელჩი კონსულტაციისათვის გამოიძახა, მან, მოქმედმა ელჩმა საჯარო განცხადებაში საკუთარი ქვეყანა გააკრიტიკა, ხოლო 6 აგვისტოდან მოყოლებული ინფორმაციის მისაღებადაც კი არ დაკავშირებია საგარეო უწყებას.
იგივე ელჩისაგან კომისიამ მიიღო ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური ჯგუფის არსებობის თაობაზე, რომელიც აშშ - ს პოზიციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით ახდენდა ხელისუფლების მმართველ პირთა წაქეზებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღსადგენად. მისი ინფორმაციის გადასამოწმებლად კომისიამ მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, რომლებმაც არ დაადასტურეს ასეთი ჯგუფის არსებობა. ყოფილი ელჩის, ბ-ნი ეროსი კიწმარიშვილის მოსმენის სტენოგრამა გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.
სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა თავდაცვის სფეროში. გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პრობლემები არსებობდა სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ არმია აღჭურვილი იყო შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით, ამ ტექნიკის გამოყენებისა და გამართული ფუნქციონირებისათვის არ განხორციელებულა საკმარისი ტრეინინგი, რამაც თავი იჩინა საბრძოლო მოქმედებებისას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რეზერვის სისტემა. საომარმა მოქმედებებმა გამოავლინა ამ სისტემის სრული არაადეკვატურობა ყველა დონეზე – როგორც ფუნქციონირების კონცეფციის, ასევე დაგეგმვის, მომზადების და ოპერაციების შესრულების დონეებზე.
საომარი მოქმედებების პირველ საათებში თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციური სტრატეგიის თვალსაზრისით არასაკმარისი მზაობისა და ინფორმაციის გაცემის კოორდინაციის არ ქონის მიზეზით, გენერალ მ. ყურაშვილის მიერ გაკეთებული შეუთანხმებელი განცხადება ე.წ. "კონსტიტუციური წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით” მომავალში გამოყენებულ იქნა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ კამპანიაში, თუმცა ბატონი ყურაშვილი კომისიისთვის მიცემულ განმარტებაში ამ ფაქტს აცნობიერებს და ხსნის მნიშვნელოვანი ფიზიკური და ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმით.
თავდაცვის სამინისტროში სათანადო დონეზე ვერ განხორციელებულდა სტრატეგიული დაგეგმარება. შეიარაღების გარკვეული ნაწილის დაკარგვა განაპირობა ხარვეზებმა ოფიცერთა საკადრო პოლიტიკამ რგოლში. Aაქვე აღსანიშნავია, რომ ოფიცერთა გარკვეულ კონტიგენტს რუსეთის აგრესიამდე მხოლოდ რამოდენიმე კვირით ადრე ქონდათ დასრულებული სასწავლო კურსი. გენერალურ შტაბს არ ჰქონია წინასწარ შემუშავებული ორგანიზებულად უკან დახევის გეგმა და ოპერატიულ რეჟიმში უცევდა გადაწყვეტილების მიღება. ეს ფაქტი მიანიშნებს გენერალური შტაბის მხრიდან საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარების სისუსტზე.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად აწარმოებდა სამხედრო შესყიდვებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროში სწორად იყო გაანალიზებული ამ მიმართულების უკიდურესი მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და გამოყოფილი იყო დამატებითი თანხებიც, დამატებითი შესყიდვები ვერ განხორციელდა საქართველოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. აქედან გამომდინარე ქვეყნის ხელთ არსებული საჰაერო თავდაცვის მწირი საშუალებების აგვისტოში გამოყენება მოხდა მაქსიმალურად. აღნიშნული ნაკლოვანებების შესწავლა სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციის ფარგლებს, ამიტომ ეს საკითხი განხილულ უნდა იყოს ნდობის ჯგუფის მიერ.
კომისიის აზრით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა თავდაცვის სამინისტროს შენობის ევაკუაციის საკითხის შესახებ სცილდება კომისიის კომპეტენციას და ცალკე უწყებრივი მოკვლევის საგანს წარმოადგენს. მიღებული ინფორმაციაც გადაეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.
კომისიის მუშაობის პერიოდში მოწვეული თანამდებობის პირების მიერ
სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები
მიგვითითებს იმაზე, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ადეკვატურად არ
ფუნქციონირებს და მას არ ეთმობა ჯეროვანი ყურადღება. ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს, ისინი ხშირ შემთხვევაში არ არსებობს, ან ფორმალურ ხასიათს ატარებს - გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საომარი მოქმედებების პირობებში მნიშვნელოვანი ხარვეზებით შესრულდა სამოქალაქო თავდაცვის ჟენევის კონვენციის დამატებით პირველ ოქმში მითითებული სამოქალაქო თავდაცვის პირველი და მეორე ამოცანა – შეტყობინება და ევაკუაცია.
დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ ცალკე აღნიშვნის საკითხია ის, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყება აღმოჩნდა, რომელიც ხელმძღვანელობდა წინასწარ შემუშავებული "სამოქალაქო თავდაცვის გეგმით". სამინისტროში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროს რესურსების მართვას საგანგებო სიტუაციებში. კვარტალურად მოწმდება არსებული რეზერვები, სამედიცინო პესონალს გავლილი აქვს სპეციალური სწავლებები საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების შესახებ, არსებობდა როგორც მედიკამენტების, ასევე სისხლის ბანკის მარაგი 12 000 ადამიანზე, რუსული აგრესიის მიმდინარეობისას რეაგირებაში ჩართული იყო 111 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, 14 რეანომობილი, სამედიცინო კუთხით მონაწილეობდა 43 სამედიცინო დაწესებულება. ჰოსპიტალიზირებული იყო 2300 ადამინი, რომელთაგან ჯანდაცვის დაწესებულებებში გარდაიცვალა მხოლოდ 3 მძიმედ დაჭრილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელიც აგვისტოს შვებულებების პერიოდის გამო საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დაბრუნდა ქვეყანაში და პრეზიდენტისა ან პრემიერ მინისტრის საგანგებო დავალების გარეშე (ენერგეტიკის მინისტრის გამგზავრება აზერბაიჯანში, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში) ქვეყანა არ დაუტოვებია.