10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა; პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცთან, სასამართლომ კი ბრალდებულს სასჯელის სახით 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 57 წლის მამაკაცთანაც.
10 წლის ბიჭი – გურჯაანი
2013 წლის 10 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურა იძიებდა 10 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გურჯაანის რაიონულ პროკურორზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მამაკაცი, რომელსაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულებდნენ, ნასამართლევი იყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ მამაკაცი პატიმრობიდან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი ამნისტიის შედეგად იყო გათავისუფლებული.
11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შსს–ს ინფორმაციით, გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა, ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა 2013 წლის მარტში თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მეგობართან გაემგზავრა, სადაც პოლიციამ დააკავა. შს სამინისტრო იტყობინებოდა, რომ გამოძიება 14 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ფაქტზე დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
17 ივლისს, კახეთის საინფორმაციო ცენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა. საქმის ზედამხედველმა პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მამაკაცს ბრალი შეუმსუბუქდა.
„ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 140-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერ დადასტურდა. აღნიშნული მუხლი, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“, - განმარტა პროკურორმა.
დაზარალებული ბავშვის ბებია კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განმარტავს, რომ სასამართლო პროცესის შესახებ მათ არ შეატყობინეს. „დაკითხვებმა რომ ჩაიარა, ვიფიქრეთ, სასამართლოზე დაგვიბარებენო, მაგრამ არც გაგვაგებინეს პროცესი როდის ჩატარდა. წელიწადნახევარში უნდა გამოვიდეს ასეთი საშიში პიროვნება, მანამდე შეიძლება კიდევ იყოს ამნისტია და უფრო ადრეც გამოუშვან. იქიდან იმუქრება თან, რომ გამოვა ბავშვი უნდა მოგვიკლას. ჩემი შვილი იყო პროკურატურაში მისული და პროკურორს უთქვამს, რომ თქვენი საჩივარი ბრალდებულს არ დაუმტკიცდა და რადგან უკვე დაპატიმრებული იყო, აღარ შეიძლებოდა მაგის ისე გამოშვებაო. ისე მისცეს რა ეს სასჯელი, წელიწადნახევარი. ჩემს შვილს უთქვამს, გავასაჩივრებ და ამას ისე არ დავტოვებო, მაგრამ საშუალება არ გვაქვს, რომ ან ადვოკატი ავიყვანოთ, ან თბილისში ვიაროთ. ავადმყოფი ქალი ვარ, ქიმიოთერაპიას ვიტარებ... პენსია გზის ფულადაც არ მყოფნის. ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილება იყო. როგორ შეიძლება წელიწადნახევარი ამაზე? ამისთანა ტრავმა მოგვაყენეს, გააუბედურა ბავშვი და თან მასხარად გვიგდებს მთელი მთავრობა“, – აღნიშნავს ბავშვის ბებია.
დაზარალებული ბავშვის დედა: „ველოდებოდით, ან ეხლა გაგვაგებინებენ, ან ეხლა მეთქი, რომ სასამართლოზე მივსულიყავით. რომ არ დაგვიკავშირდნენ, დავრეკეთ პროკურორ თინათინ ზუბაშვილთან. პროკურორმა მითხრა, ქალბატონო, სასამართლო უკვე იყოო. რატომ არ გაგვაგებინეთ მეთქი და სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალაო. როცა ვუთხარით, რომ გავასაჩივრებთ მეთქი, არ გირჩევთ, სასჯელი სულ არ მოუხსნან და არ გაამართლონო. ჩემმა ქმარმა უთხრა, აბა, ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი, ასეთი რამ რომ თქვენს ოჯახში მომხდარიყო, რას იზამდითო? მოვაკვლევინებდიო, ასე უთხრა თინათინ ზუბაშვილმა“.
4 წლის გოგონა – გურჯაანი
11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. შსს–ს ცნობით, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი მეზობელი, 2009 წელს დაბადებული გოგონა და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაიწყო, სსსკ-ის 141-ე მუხლით.
65 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა და რომლის მიმართაც თავდაპირველად წაყენებული ბრალდება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
„ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მუხლი, რომლითაც მამაკაცს ბრალი ჰქონდა წაყენებული, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მაგრამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქმის ზედამხედველმა პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა.
დაზარალებული ბავშვის დედა: „თვითონ პროკურორმა დამიბარა და მითხრა, რა გინდათ, დაკავებული 6 თვე დაისაჯოს თუ ეხლავე გავუშვათო? არავითარი მუხლი არ უდგებაო, ვერაფერ მუხლს ვერ წავუყენებთ იმიტომ, რომ ეს იყო მცდელობა, ბავშვი არ გაუუპატიურებიაო. მცდელობაც უნდა ისჯებოდეს მკაცრად, აბა 6 თვე რომ მიუსაჯეს, ეგ არის სამართლიანი და მიზანშეწონილი? ეგ რომ ისევ გამოჩნდეს აქ, ხომ გავგიჟდი. მთელი უბანი და ჩემი მეუღლეც ისეა აღელვებული, რომ აქ თუ გამოჩნდა, არვიცი რას იზამენ. მაინცდამაინც უნდა მომხდარიყო და ბავში გაეუპატიურებინა, მერე მოეკლა, სადმე წაეყვანა, დაემარხა და ამ შემთხვევაში დასჯიდნენ?“
დაზარალებული ბავშვის მეზობლის თქმით, სოფლის მოსახლეობა პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულთან საპროცესო გარიგების გაფორმების შესახებ, არასწორად აფასებს. „67 წლის კაცი როცა აქამდე მივიდა და ამას აკეთებდა მარტო დღეს კი არა, ნელნელა საუბრობენ ამაზე უკვე, რომ სხვა ფაქტებიც იყო, ის სამუდამოდ უნდა ჩასვან ციხეში, სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს მისჯილი. 6 თვე არა, რომ სხვა ოჯახის ბავშვებზეც არ იძალადოს“.
9 წლის გოგონა – ახმეტა
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის დააკავეს. შსს–ს ცნობით, მამაკაცმა ახმეტის რაიონში 9 წლის მოზარდის მიმართ 2012 წლის ზაფხულში გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო (სსსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ვიდრე პოლიცია ბრალდებულს დააკავებდა, მას დაზარალებული ბავშვის თანასოფლელები სახლში მიუვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ იმავე დღეს სამი ახალგაზრდა დააკავა. მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეობა პოლიციასთან შეიკრიბა და მათი გათავისუფლება მოითხოვეს, დაკავებულები ხელწერილით გაუშვეს, ოღონდ მათ რაიონიდან გასვლა აუკრძალეს.
9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს თელავის სასამართლომ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა განუცხადა, მამაკაცი ბრალს აღიარებს და შესაძლოა პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.
10 წლის გოგონა – სიღნაღი
4 ივლისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, 10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, სიღნაღის რაიონში, 50 წელს გადაცილებული მამაკაცის დააკავების შესახებ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განუცხადა, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგინა, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.
5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შსს–ს ცნობით, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სქესობრივი კავშირი დაამყარა ამავე ქალაქში მცხოვრებ 2003 წელს დაბადებულ გოგონასთან.
54 წლის მამაკაცს სიღნაღის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა თენგიზ ჩიტიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მამაკაცს ბრალი სამი მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას, ცემას და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
„გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს, თუმცა მისი დაკავება 141-ე მუხლით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით მოხდა. საბოლოოდ კი ბრალი წარედგინა, 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. 137-ე მუხლი ძალიან მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, სასჯელის ზომა 12 წლიდან იწყება“, - აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა განუცხადა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებული ბავშვის ნათლიაა, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 24 აგვისტოს გაიმართება. მოსამართლე საქმეს დახურული წესით განიხილავს.
14 წლის გოგონა – გურჯაანი
18 ივლისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ერთ–ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის, 14 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავის ოჯახთან ერთად გოგონას ბებიის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა და როცა გოგონა ბავშვთა სახლიდან ბებიასთან იყო წასული, მამაკაცი მას საჭმელს არ აძლევდა, ვიდრე სექსუალურ ურთიერთობაზე არ დაითანხმებდა.
19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. შსს–ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მოგვიანებით, არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით კიდევ 2 პირი, 18 და 20 წლის მამაკაცები დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140–ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ორივე ახალგაზრდას და ამავე საქმეზე იგივე ბრალდებით დაკავებულ 48 წლის მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახალხო დამცველი – საგანგაშოა, რომ საკმაოდ მსუბუქი სასჯელები აქვთ მისჯილი ამგვარ დანაშაულზე
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამ, ასევე, მათთვის მსუბუქის სასჯელების შეფარდებამ, საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საგანგაშოა ის, რომ საკმაოდ მსუბუქი სასჯელები აქვთ მისჯილი ამგვარ დანაშაულზე.
უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი: ჩემთვის დეტალური ინფორმაცია ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა ის, რომ საკმაოდ მსუბუქი სასჯელები აქვთ მისჯილი ამგვარ დანაშაულზე, საგანგაშოა. საჭიროა, მოხდეს ამ საქმეების შესწავლა, რა არის მოსამართლის არგუმენტი, როცა ასეთ მსუბუქ სასჯელს უსჯის. მე ვფიქრობ, ასეთ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა არ უნდა იყოს. პირიქით, საჭიროა აქ მაინც გამოჩნდეს მართლმსაჯულების ძალა, რომ ყველა კონკრეტულმა დამნაშავემ აგოს პასუხი. ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები ამ საქმეებთან დაკავშირებით და ამ საკითხებს ჩვენც შევისწავლით.
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ფხიზლად ნებისმიერი სახის ძალადობაზე, მითუფრო არასრულწლოვანების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
ია ანთაძე, ჟურნალისტი: „როცა საუბარია არასრულწლოვნებზე ძალადობაზე და ნებისმიერი სახის ძალადობაზე, რათქმაუნდა, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ფხიზლად, რომ რომელიმე ორგანომ ისეთი გადაწყვეტილებები არ მიიღოს, რაც ძალადობრივ ქმედებებს წაახალისებს, მითუმეტეს, ბავშვების მიმართ ძალადობას. ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, სასამართლო და პროკურატურა როგორ უყურებს ამგვარ ქმედებებს, როგორიც არის სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე და უნდა ვიცოდეთ, სახელმწიფო რამდენად მკაცრად ეპყრობა ამგვარ ქმედებაში ბრალდებულებს. მე ვფიქრობ, თუ ასე გამოიკვეთა ეს ტენდენცია, რომ ამ ტიპის ქმედებაში ბრალდებული ადამიანები შედარებით მსუბუქად აგებენ პასუხს და მათი ქმედება განიხილება როგორც არა ძალიან მძიმე, მაშინ საზოგადოებამ უნდა თქვას თავის სიტყვა. ეს უნდა გახდეს დისკუსიის თემა, პროკურატურასთან, სასამართლოსთან, შსს-სთან. მე მიმაჩნია, რომ ძალადობა არის ძალიან დასაგმობი, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა და მითუმეტეს არასწრულწლოვნების მიმართ. ამას თუ სახელმწიფო წაახალისებს, ეს უარყოფით შედეგს მოუტანს ქვეყანას და ამის წახალისება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაცრად დასჯადი ქმედება. სრილწლოვანი კიდევ როგორმე დაიცავს საკუთარ თავს და ბავშვი არის დაუცველი. თუ ბავშვები ძალადობის ქვეშ ექცევიან, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა“.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ თუ ბევრი ასეთი არაადეკვატურად აღქმული სასჯელები იქნება, შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან უმართავი პროცესი მივიღოთ.
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: ძალიან უცნაურია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში, ერთ რეგიონში ასეთი მძიმე დანაშაულის ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა. გაუპატიურება მძიმე დანაშაულების რიგს განეკუთვნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის არასწრულწლოვანის მიმართ ხორციელდება, გაცილებით მაღალია სასჯელი. რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი, რომ პროკურატურის საქმიანობაზე უნდა იყოს კონტროლი. უნდა გავერკვეთ, ეს არის ხმაურიანი საქმეები მხოლოდ, თუ რეალურად მოხდა ასეთი ფაქტები და თუ მოხდა, რატომ არ არის სათანადოდ გამოძიებული. პროკურატურას ძალიან მყარი არგუმენტები უნდა ჰქონდეს, როცა სასამართლოში მიდის. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგი, რა არგუმენტებით იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ასეთი მსუბუქი სასჯელები გამოაქვს. ძალიან ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ სასამართლოს უნიათობაც, მეორეს მხრივ პროკურატურის მიდგომაც, როდესაც საპროცესო გარიგების მექანიზმს იყენებს ასეთი მძიმე დანაშაულის შეფასებისას, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, რას ეფუძნება ეს საპროცესო გარიგება და რას იღებს სანაცვლოდ სახელმწიფო ამ მოქალაქეებისგან, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები“.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი კახეთში საგანგაშო სიგნალის ნიშნით ვითარდება. „არვიცი, არის თუ არა მსგავსი სტატისტიკა სხვა რეგიონებში, შეიძლება არის, მაგრამ არ შუქდება იმ ინტენსივობით, როგორც კახეთში. აქ, რეგიონში, ჟურნალისტები ახერხებენ ამ მასალების მოძიებას და საზოგადოების საკმაოდ დეტალურად ინფორმირებას. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია. სწორედ კახეთის საინფორმაციო ცენტრი უნდა იყოს ის პლატფორმა, სადაც ერთად მოიყრიან თავს არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან ან სხვა რეგიონებიდან. პროკურატურის, სასამართლოს, პოლიციის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ფსიქიაქტრები, ჟურნალისტები და იქნება ინტენსიური მსჯელობა, რომ მოხდეს ამ „ბერმუდის სამკუთხედის“ ამოხსნა, რაც რეგიონში შეიქმნა. ეს დისკუსია დროულად არის დასაწყები. მთავარი ამოსავალი არ არის, რომ საზოგადოების განწყობა ძალადობრივი იყოს, იმიტომ, რომ ამის ხიფათი არის. როდესაც სახელმწიფო ლოიალურია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართ და საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასჯელი არაადეკვატურია და ალბათ არაადეკვატურია, როდესაც 10 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე სასჯელი წელიწადნახევარია, ისიც საპროცესო გარიგებით, თუ ბევრი ასეთი არაადეკვატურად აღქმული სასჯელები იქნება, შეიძლება საზოგადოების მხრიდან უმართავი პროცესი მივიღოთ. ვაკვირდები ასეთ ტენდენციას, რომ თუ არ შეუძლია პროკურატურას და სასამართლოს სამართალი აღადგინოს, მაშინ ჩვენ აღვადგენთ ამ სამართალს. ამ ისტორიებში ეს ძალიან სახიფათო იქნება, ამიტომ არის დროულად საჭირო დეტალური საუბარი რა ხდება საზოგადოებაში, რის გამო შეიქმნა ასეთი დიდი ძალადობრივი ფონი და როგორ შეიძლება გავანეიტრალოთ“, – ამბობს ზვიად ქორიძე.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო ფართომასშტაბიანი ამნისტიის კანონი, ოპოზიცია აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ საჭირო იყო უფრო ფრთხილი დამოკიდებულება, რათა არ გაზრდილიყო კრიმინალი. ყურადღება მახვილდებოდა ისეთი მძიმე ბრალდებით მსჯავრდებულებზე, როგორიც არის პედოფილია და გაუპატიურების შემთხვევები. სამწუხაროდ ეს შეთავაზება და შენიშვნა არ გაითვალისწინეს“, – აღნიშნავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.
„ვიხილეთ ძალიან მძიმე შემთხვევები, განსაკუთრებით ტრაგიკულია ის შემთხვევები, რომლებიც ეხება არასწრულწლოვნების და მცირეწლოვნების გაუპატიურებას. ერთი რამ ცხადია, გარდა იმისა, რომ პარლამენტმა გამოიჩინა დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა, არ გამოიჩინა ყურადღება ამ ძალინ მძიმე დანაშაულის წახალისების შესაძლებლობაზე, მეორეს მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა აღმოჩნდა წარუმატებელი იმ თვალსაზრისით, რომ პრევენცია მომხდარიყო და აღმოფხვრილიყო საპატიმროებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტები. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვრცელდებოდა საინფორმაციო საშუალებებით, ჩემთვის გასაკვირია, როგორ შეიძლება, ბევრ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს დანაშაულის გადაკვალიფიცირებას სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულად. თუ ასე გაგრძელდება და ჩვენ ვნახავთ, რომ 4, 9 და 10 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის მხოლოდ 6 თვიანი პატიმრობაა შეფარდებული, ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ მომავალში დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები ასეთი ამაზრზენი დანაშაულებისგან“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ. ხუთივე შემთხვევაში დაზარალებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები არიან. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხით ამ დრომდე არც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა დაცვის სამსახური და არც ბავშვთა უფლებების დამცველი რომელიმე ორგანიზაცია არ დაინტერესდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ თემაზე მუშაობს და ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.
http://ick.ge/articles/15477-i.htmlპ.ს.