
ლოგიკის, ისტორიოგრაფიის და ლინგვისტიკის ზეიმი.
©
https://goo.gl/uLkq8Oსვანები: საცხოვრისი, დედაენა, დიალექტები
"გეოსტრატეგიულად საინტერესო საქართველო მრავალი საუკუნეა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია; საქართველოს გამორჩეულად ლამაზი კუთხე - სვანეთი - კი, გასული საუკუნეების მსგავსად, დღესაც, ქართული კულტურის მეციხოვნეა"...
ეს წერილი და ქართული სამწიგნობრო კულტურის ქმნადობის ისტორიაში სვანეთის ქართველობის დიდი ღვაწლის ისტორია იხ. კრებულში: "სვანეთი - ქართული კულტურის სავანე", თბილისი, 2008.
სვანთა დამოწმება ისტორიულ წყაროებში.
ერთ-ერთი უძველესი ქართველური თემის[1] - სვანების - ძირითადი საცხოვრისი - სვანეთი - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში კავკასიონის კალთებზე; კერძოდ, ზემო სვანეთი (მესტიის რაიონი) - მდინარე ენგურის ზემოწელში, ქვემო სვანეთი (ლენტეხის რაიონი) - ცხენისწყლის ზემო წელში, დალის სვანეთი (ზემო აფხაზეთი, გულრიფშის რაიონის ნაწილი) - კოდორის ხეობის ზემო წელში. ეკომიგრანტ სვანთა ნაწილი კომპაქტურად ცხოვრობს იმერეთისა და ქართლის სხვადასხვა სოფელში. სვანეთს სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება ლეჩხუმი, სამეგრელო და ქვემო აფხაზეთი (ისტორიული ეგრისი), აღმოსავლეთით - რაჭა, ჩრდილოეთით კი - ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი. თერგის, ბახსანისა და ყუბანის სათავეებში დღემდე მრავლად შემორჩენილი ტოპონიმები და სვანური ტიპის სხვადასხვა შენობა-ნაგებობანი ცხადყოფს, რომ სვანები კომპაქტურად განსახლებულნი ყოფილან ჩრდილო კავკასიაშიც (ქართული და უცხოური წყაროების მიმოხილვისათვის იხ., რ.თოფჩიშვილი, 2002, გვ.78).
სვანები პირველად სტრაბონთან (I ს.) ჩანან (სოანას); მაშინაც ისინი კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ; ისტორიულ წყაროებშიც არის ცნობები, რომ თავდაპირველად სვანები განსახლებულნი იყვნენ აგრეთვე კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზეც - თერგსა და ყუბანს შორის არსებულ ტერიტორიაზე; მაგ., მენანდრე პროტიქტორი (VI ს.), რომელიც, აღწერს რა ბიზანტიისა და სპარსეთის დავას სვანეთის გამო, ვრცლად იძლევა სვანთა დახასიათებას (გეორგიკა, 1936, გვ.231); მისი ცნობით, სვანები კავკასიის მთების გარშემო ცხოვრობენ; შდრ., აგრეთვე, პრისკე პანიონელი (V ს.): "დიდი უთანხმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებს; სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს სემატის (ლაზთა სარდლის?) წინააღმდეგ" (გეორგიკა, 1961, გვ.261); სვანთა საცხოვრისის ძველი საზღვრების შესახებ იხ., აგრეთვე, თ. მიბჩუანი, 1993; ზ. რატიანი, 1995, გვ.57-61.
სარწმუნოა, რომ სვანებს ადრიდანვე კავკასიონის სტრატეგიული გადასას-ვლელები ეჭირათ; დიდი იმპერიები სწორედ ამიტომ ცდილობდნენ საქართველოს მთიანეთის ამ ნაწილის გაკონტროლებას; მაგ., ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დიდხანს გრძელდებოდა დაპირისპირება სვანეთის დანარჩუნების გამო (იხ. გეორგიკა, 1936, გვ.213-233).
სვანები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი მცველები, საქართველოს მოსახლეობას ჩრდილოეთიდან იცავდნენ ბარბაროსებისგან; შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთის ტრამალების ურდოებისგან საქართველოს დასაცავად არსებითი როლი ენიჭებოდა /ენიჭება/ კავკასიონის ჩაკეტვას; ბერძნულ-ბიზანტიური, ზოგადად, ცივილიზებული სამყაროსთვის კავკასიონი მიიჩნეოდა ცივილიზაციის მიჯნად /პლინიუს უფროსი/; შესაბამისად, ოდითგანვე სვანები არამხოლოდ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს, არამედ ცივილიზებული სამყაროს საზღვარს იცავდნენ.
ივ. ჯავახიშვილი თავისებურად განმარტავს რა პლინიუსის ცნობას ("მდინარე ხობი კავკასიის მთებიდან ჩამომდინარეობს და სვანეთის მიწაზე დის”), დაასკვნის: სვანები დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზეც ცხოვრობდნენ; მისი აზრით, ამასვე ამტკიცებს გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებაც, მაგ., ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვა; შემდეგ სვანების მიწები კოლხებს ანუ მეგრელებს დაუკავებიათ (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.46-47). მსჯელობა ეყრდნობა ამიერკავკასიაში ქართველთა ტალღოვნად მოსვლის მოსაზრებას (ივ. ჯავახიშ-ვილი, 1908, გვ.28, 50-55) და ეხმიანება დაუსაბუთებელ ე.წ. "ქართიზაციის" თეორიას. დღეს გაცილებით მეტი არგუმენტები ეძებნება კავკასიაში ქართველთა ავტოქთონობას; ნათლადაა გარკვეული ე.წ. "ქართიზაციის" უსაფუძვლობაც (საკითხის ისტორიისა და მსჯელობისათვის იხ., ა. ჯაფარიძე, 1996; ა. ჯაფარიძე, 2003; ტ. ფუტკარაძე, 2005), შესაბამისად, უფრო კრიტიკულადაა განსახილველი პლინიუსის ცნობაც და ე.წ. ქართველთა მიგრაციის ტალღოვანი თეორიაც. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ლე- პრეფიქსი არამხოლოდ სვანური, არამედ საერთოქართველური მონაცემი ჩანს.
ჩვენი აზრით, პლინიუსის ცნობის სხვაგვარი განმარტებაც შეიძლება:
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის წყაროებში, არაიშვიათად, ერთმანეთს ფარავს ტერმინები: სუანი, სანი, სუანოკოლხი, ეგერსვანი... ჩანს, სტრაბონისა და პლინიუსის დროს ტერმინი სვანი იმ რამდენიმე ქართველური ტომის (ეგრისის ნაწილის, დვალეთის, სკვიმიის, საკუთრივ სვანეთის მოსახლეობის...) გამა-ერთიანებელი კრებითი სახელია, რომელთაც რომაელები ვერ აკონტროლებდნენ (შდრ., ამ დროს რომაელთა გავლენის ქართველურ ველს ლაზიკა ჰქვია). დაუმორჩილებელ ქართველურ ტომთა სახელად სვანების სახელის განზოგადება ალბათ განაპირობა სვანების სიძლიერემ და მათ მიერ კავკასიის სტრატეგიული უღელტეხილების ფლობამ (კავკასიონის ისტორიული როლის შესახებ ვრცლად იხ., გ. ქავთარაძე, 1997; გ. ქავთარაძე, 2006).
სვანები სხვა წყაროებშიც ჩანან:
პროკოპი კესარიელი (VI ს.): "მარტო ეს ლაზიკე კი არ ჩაიგდეს ხელთ სპარ-სელებმა, არამედ სვიმნიაცა (ცხუმების მხარე - ლეჩხუმი/თაკვერი - ტ.ფ.) და სვანიაც და, ამრიგად, მოხირისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცალათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს” (გეორგიკა, 1965, გვ.202).
სვანები - იბერიული ტომი და ოქროს საწმისი.
სტრაბონის მიხედვით, სვანები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და დიდი ფიზიკური ძალით. სტრაბონის ცნობითვე, სვანებს ჰყავთ ბასილევსი და 300 მამაკაცისგან შემდგარი საბჭო; საჭიროების ჟამს გამოჰყავთ 200 000-კაციანი ლაშქარი. სტრაბონის ცნობათაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ოქროს საწმისის მითის დაკავშირება სვანების საცხოვრისში არსებულ მდინარეებთან; კერძოდ, სტრაბონი იმოწმებს შემდეგი სახის ძველ ცნობას (მოგვყავს ინგლისურ და რუსულ თარგმანებთან შეჯერებული ტექსტი):
“ოქროს საბადოების გამო, რომლისგანაც წარმოიშვა მითი ოქროს საწმისის შესახებ, დასავლეთის იბერების ანალოგიით, სვანებს ზოგი აღმოსავლეთის იბერებსაც უწოდებს, რამდენადაც ოქროს საბადოები არის ორივე იბერიაში” (რუსული თარგმანისათვის იხ., სტრაბონი, 1964, გვ. 473, XI, II,14-19).
ტერმინები: კავკასიის იბერია და აღმოსავლეთის იბერები პირველად ჩნდება ძვ.წ. IV-II საუკუნეების ავტორებთან: მეგასთენესთან, თეოფრასტოსთან, დიონისე პერიეგეტთან... მაგ., პლუტარქეს ცნობით, კავკასიის მთავარი ერები: ალბანელები და იბერები არიან: იბერები ბინადრობენ დასავლეთით მესხეთის (ევფრატ-ჭოროხ-მტკვარ-არაქსის წყალგამყოფ) მთებთან და პონტოს ზღვასთან, ალბანელები კი - აღმოსავლეთით, კასპიის ზღვასთან. შდრ., აგრეთვე: ვატიკანში დაცული "საეკლესიო ანალების" მიხედვით, კოლხეთი ზემო იბერიაა:
"იბერიის იმ ნაწილმა, რომელიც პონტოს ზღვასთან მდებარეობს და კოლხიდად იწოდება, სახარება ჯერ კიდევ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს მქადაგებელი პაპი წმ. კლემენტის (პაპობის წლები - 88-97) შემწეობით მიიღო... რაც შეეხება ქვემო იბერებს, რომლებიც კავკასიის მთებთან, კასპიის ზღვის ახლოს ცხოვრობენ, თვლიან, რომ მათ ქრისტიანობა იმპერატორ კონსტანტინეს დროს მიიღეს” (ი.ტაბაღუა, 1984, გვ.171)...
სხვა წყაროთა მიხედვითაც ჩანს, რომ უცხოური წყაროების კოლხი და იბერი სხვადასხვა პერიოდში მთელ ქართველურ მოდგმას მიემართებოდა (დროის გარკვეულ მონაკვეთებში უცხოური ქორონიმები: კოლხა და იბერია სრულიად ქართლის სინონიმებია!); შესაბამისად, ოქროს საწმისისა და კოლხიდას შესახებ არსებული ბერძნული ტრადიციების გათვალისწინებით უნდა დავასკვნათ: სტრაბონისდროინდელი ლაზების, სვანებისა და სხვა ქართველური თემების საერთო წინაპრების - კოლხების - ქვეყანაში, ანუ აღმოსავლეთ იბერიაში – შავიზღვისპირა იბერიაში, ანუ ქართული წყაროების ძველ ქართლში (სადაც ოდითგანვე შედიოდა ეგრის-აფხაზეთიც, სვანეთიც, მესხეთიც და დღევანდელი ქართლ-კახეთის პროვინციაც), მოიპოვებოდა ოქრო, რამაც საფუძველი დაუდო მითს ოქროს საწმისის შესახებ. ასევე, რამდენადაც ძვ.წ. დასასრულს ბერძნულ სამყაროში მითური აია-კოლხეთის ცენტრად ქუთაისი იყო წარმოდგენილი, ლოგიკურია, რომ I საუკუნეში სწორედ ამ ქალაქს დაუკავშირდა ოქროს საწმისისა და ფაზისის თემა. ფაზისი კი სათავეს იღებს კოლხეთში/აიაში - იბერიული ტომის - სვანების საცხოვრისში.
სვან- ფუძის ისტორიის საკითხი.
სამეცნიერო ლიტერატურაში ნათლადაა გარკვეული სვან- ფუძისგან წარმოქმნილი ვარიანტების ფონეტიკური საფუძვლები:
საერთოქართველური სვან- >> ზანურ-სვანური შუან (>> თვითსახელწოდება:
მუ-შუან-) >> ზან. შონი; საერთოქართვ. სვან- >> აფხაზ. ა-შუან-უა...
ვფიქრობთ, თემონიმი "სვანი" მომდინარეობს *სან- ფუძის ლაბიალიზებული *სუან- ვარიანტისგან, რომელიც, ჩანს, საერთოქართველურშივე არსებობდა; სწორედ ამ ლაბიალიზებული ბგერის მეზობლობას უნდა შეეწყო ხელი *შან-/შვან- > შონ- პროცესისთვის.
ვვარაუდობთ: სუან-, ზან- და ჭან- ფუძეებისთვის ამოსავალი უნდა იყოს სან-.
შდრ.: ერთი მხრივ, წინაენისმიერ ყრუ თანხმოვანთა მონაცვლეობით წარმოქმნილი ვარიანტები: სან-, ზან-, ჭან-, *წან- (წან-არ-?); მეორე მხრივ, კი: ს-ს ლაბიალიზაციით (თუ ლაბიალიზებული ს-სგან?) მიღებული სან- > სვან-/შონ-/(მუ)შუან- და შონ- ფუძეები.
შენიშვნა: ჩვენი აზრით, საერთოქართველური ა ხმოვანი ინტერკონსონანტურ პოზიციაში ზანურში იმ შემთხვევებში გვაძლევს ო რეფლექსს, როდესაც წინამავალი თანხმოვანი ლაბიალურია ან ლაბიალიზებულია (ლაბიოველარიზებულია): წინაენისმიერი ან უკანაენისმიერი თანხმოვნების ლაბიოველარიზებული ალოფონები წარმოადგენენ ბაზას ზანურის ა > ო პროცესისთვის; შდრ.: ქართვ. კაცი > ზან. კოჩი, მაგრამ: ქართვ. ლავიწი > ზან. ლაბერჯი/ლაბერწი; ქართვ. სადავე "ავშარა" > ზან. სადიო; ქართვ. გაცნობა > ზან. გაჩინეფა; ქართვ. ადარებინებს > ზან. ოდარებაფუანს; ქართვ. ამზადებს > ზან. ზადუნს; ქართვ. ზადი > ზან. ზანდი "ჩირქი"; ქართვ. კაკანი > ზან. კაკაფი; ქართვ. კავი/კაკვი > ზან. კაკვი; ქართვ. კალო > ზან. კალე; ქართვ. კანი > ზან. კანი; ქართვ. კარი > ზან. კარე; ქართვ. კალთა > ზან. კართე და მრავალი სხვა. ამგვარი სიტყვები ზანური ლექსიკური მარაგის უდიდეს ნაწილს შეადგენს, ამდენად, ულოგიკო იქნება, ისინი ქართული სალიტერატურო ენიდან "ნასესხობად" ჩაითვალოს; ამ რიგის ფორმები საერთოქართველურიდანაა მომდინარე (ამ საკითხის შესახებ ვრცლად სხვაგან გვაქვს მსჯე-ლობა).
სუან- ფუძე სხვა შემთხვევებშიც დასტურდება:
თემონიმი სოუანნოკოლხოი დასტურდება კლავდიოს პტოლემაიოსთან (100-178): სუანოკოლხები ცხოვრობენ ჰენიოხებსა და მდინარე კორაქსს (ბზიფს) შორის; დაახლოებით ამ ადგილებში არიანე და სხვა ავტორები სანიგებს ასახელებენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.160-162). რამდენადაც პტოლემაიოსი სუანოკოლხებს კოლხეთს გარეთ ათავსებს, გაჭირდება იმ აზრის გაზიარება, რომ ისინი ის სვანები არიან, რომლებიც კოლხეთში ცხოვრობენ (შდრ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.161).
პტოლემაიოსის სახელმძღვანელო ძირითადად მიჰყვება ფსევდო-სკილაქსს, არიანესა და პლინიუსს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.164); ბუნებრივია, ის იცნობს სტრაბონსაც; გამომდინარე აქედან, უნდა დავუშვათ, რომ იგი ეთნონიმ სანიგებს გააზრებულად ცვლის სუანოკოლხებით, რომლითაც, ჩანს, იგი აღნიშნავს ძველი კოლხების მემკვიდრე ერთ-ერთ ტომს; ამგვარი ხაზგასმა იმიტომ გახდა საჭირო, რომ, პტოლემაიოსის მიხედვით, სუანოკოლხები ცხოვრობენ მისეული კოლხეთის გარეთ - სარმატიაში. საყურადღებოა ისიც, რომ ჰეკატაიოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) დღევანდელი მდინარე ბზიფის რაიონში ასახელებს კოლხურ ტომს - კორაქსებს (შდრ., მისი აზრით, კოლები ბზიფის აუზსა და დიოსკურიას შორის არიან). სუანო-კოლხებს სვანებისა და მეგრელების შერევით წარმოქმნილ ტომად მიიჩნევს ივ.ჯავახიშვილი (1960, გვ.429).
პ. ინგოროყვას აზრით, სვანო-კოლხების აღმნიშვნელი უნდა იყოს საკუთრივ ქართული წარმომავლობის ტერმინი ეგერ-სვანი, რომელიც გვხვდება სომეხ ისტორიკოს ფავსტოს ბიზანტიელთან (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.145).
ჩვენი აზრით, წარმოდგენილი კომპოზიტები უნდა ასახავდეს ზანურ-სვანურის დიალექტური ერთობის პერიოდს - ძვ.წ. დასასრულს; ამ პერიოდში მეგრელ-ლაზები და სვანები ჯერ კიდევ ერთიანნი იყვნენ და აღმოსავლეთელი ქართველისთვის და მათი უცხოტომელი მეზობლებისათვისაც დასავლეთელი ქართველობა ერთიან ქართულ თემად გაიაზრებოდა. საგანგებოდ აღვნიშნავთ: ქართველურ ენობრივ ერთეულთა დაშლის დეეტერსის სქემასთან შედარებით გაცილებით არგუმენტირებადია არნ. ჩიქობავას მოსაზრება; დაწვრილებით იხ., მ.ქურდიანი, 1996; ტ.ფუტკარაძე, 2005, გვ. 270-308).
აქვე განსახილველია მუშუან- და მისიმიან- ფორმათა მიმართებაც:
აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს მისიმიელთა შესახებ; მისი ცნობით, ეს ხალხი კოლხთა/ლაზთა მეფის ქვეშევრდომია, მსგავსად აფსილებისა, ოღონდ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს (ე.ი. გამოდის, რომ აგათიას ცნობით, აფსილები ლაზებისგან განსხვავებულ ენაზე არ ლაპარაკობდნენ!). აგათიასვე ცნობით, მისიმიელები აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ აღმოსავლეთით; აგათიას მისიმიელები მიაჩნია კოლხთა და აფსილთა ნათესავად; ს. ყაუხჩიშვილის ლოგიკური ვარაუდით, მისიმიელები/მისიმიანები სვანური ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.86, 161-162, 172, 347-348).
მისიმ- ფუძე შეიძლება დავაკავშიროთ სვანთა თვითსახელწოდებასთან; შესაძლოა, წარმოდგენილი ბერძნული ფორმა სვანური მუშუან- ფუძის სახეშეცვლილი ვარიანტი იყოს: მუშუან- > *მუშუნ- > მიშინ-/მისიმ-; შდრ.: ქვემოსვანური - მუშუან, ბალსზემოური - მუშან, ბალსქვემოური - მუშნი, ლატალური - მუშუან/მუშან; მუშან ფორმისთვის ამოსავალი შეიძლება იყოს მო-შან-: მო-შან/მო-სან; შდრ.: მო-ფრანგ-ე, მო-ხევ-ე.
შდრ., პ. ინგოროყვა, 1954, გვ.144:
"*მჷ-სიმი-ან-ი თავისი გრამატიკული გაფორმებით წმინდა ქართულ ტიპს წარმოადგენს: მ- თავკიდური პრეფიქსია, რომელიც ერთვის ეთნიკურ სახელებს, ხოლო -ან-, ასევე, ეთნიკური სახელების დეტერმინანტი სუფიქსია .
ქართველთა (/სვანთა) დედაენა და სვანური კილოები.
სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი კამათის საგანია ქართველთა დედაენის ისტორიის დათარიღება. ჩვენი აზრით, ქართველი ერის უძველესი ენა - საერთოქართველური ენა - არსებობდა ძვ.წ. II ათასწლეულიდან (შდრ.: ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში უნდა არსებულიყო ქართველურ-კავკასიური ენა, რომელსაც, სავარაუდოა, ენათესავებოდა შუმერული, ხურიტული და ხათური ენები; ვრცლად იხ., ტ.ფუტკარაძე, 2005, ფუტკარაძე, 2006).
ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრულიდან საერთოქართველურს უშუალოდ აგრძელებს ძველი ქართული სამწიგნობრო ენა, რომელიც ქართველურ თემთა (მათ შორის სვანთა) დედაენა და ზოგადქართული კულტურის ენაა; მისი ადრეული ვარიანტი ძველი ქართული ხანმეტი ენის სახელითაა ცნობილი (დასტურდება ადრეული ქართული ქრისტიანული ტექსტების სახით).
ქართველთა დედაენის არქაული სახისთვის დამახასიათებელი ფუძეების გარდა (რომლებიც, არაიშვიათად, ფონეტიკურადაა სახეშეცვლილი), სვანურში შემონახულია ბევრი საერთოქართველური ენობრივი მოვლენა; მაგ., წყვილბაგისმიერი სონანტის /უ-ს/ უმარცვლო ვარიანტი; ჲ და ჴ ბგერები, ერგატივის -მან ნიშანი (*მარე-მან-ემ), ზმნათა უთემისნიშნო ვარიანტები, ხ- პირის ნიშანი და სხვ. აქ სამაგალითოდ განვიხილავთ ხანმეტობას:
ხუთივე თანამედროვე სვანურ კილოში (ბალსზემოურში, ბალსქვემოურში, ლენტეხურში, ლაშხურში, ჩოლურულში) კარგადაა შემონახული ხ- პრეფიქსი, რომელიც ბუნებრივი იყო არქაული ქართული სამწიგნობრო ენისთვის (შდრ., ხანმეტობის კვალი ჩანს ასევე, ხევსურულსა და თუშურში); კერძოდ:
ახ.წ. V-VII საუკუნეების ქართული ხანმეტი ტექსტების ნორმის ანალოგიურად, სვანურში ხ- პირის ნიშანი დაცულია ხმოვნით დაწყებულ ზმნებთან სუბიექტურ მეორე და ობიექტურ მესამე პირში: ხ-იშხი "იწვი", ხ-ასყი "აკეთებ", ხ-ატბიდე "ათბობ"... ხ-ალატ "უყვარს", ხ-აჰუდი "აძლევს", ხ-აგდი "ეძინება".... იგივე ხ- პრეფიქსი უნდა გამოიყოს პირველი პირის ხ+უ- სეგმენტში: საერთოქართველურისა და სამწიგნობრო ქართულის მსგავსად, სვანურ კილოებშიც პირველი პირის ნიშანია უ/ვ, რომელიც არაბაგისმიერი ხმოვნების წინ დაცულია უცვლელად, ბაგისმიერი ბგერების მეზობლად იკარგება, ხოლო თანხმოვნით დაწყებულ ზმნებში შემონახულია ინფიქსის სახით (მსგავსი დისტრიბუცია ჩვეულებრივია სხვა ქართველურ კილოებშიც). რაც შეეხება ხ+უ- სეგმენტის ხ-ს, ლოგიკური ჩანს, დავუშვათ: ხ- პირველი პირის ზმნურ ფორმაში არსებული ირიბი ობიექტის ნიშანია; დროთა განმავლობაში, სვანურ ფორმებში ხუ- ერთიან მორფემად გადააზრიანდა და სხვა შემთხვევებშიც განზოგადდა.
რატომ არ შენარჩუნდა ხანმეტობა სხვა ქართველურ კილოებში?
პასუხი მარტივია: განვლილი 15 საუკუნის მანძილზე სამწიგნობრო ქართულის გავლენა უფრო აქტიური იყო ცენტრალურ, ვიდრე განაპირა ქართველურ კილოებზე, შესაბამისად, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრთან მუდამ ახლოს მყოფი ცენტრალური კილოები (ქართლური, კახური, იმერული...) მიჰყვებოდნენ სამწიგნობრო ენის ნორმების ცვალების დინამიკას; ასევეა მსოფლიოს ყველა ენა, მაგ., კლასიკურ არაბულს მეტად დაშორდნენ განაპირა არაბული კილოები, რომელთა ურთიერგაგებინება დღეს შეუძლებელია. ასევეა გერმანული ენობრივი სამყაროც... სამეცნიერო ლიტერატურაში მსგავსი ენობრივი სიტუაცია დიგლოსიით აღინიშნება.
კლასიკური არაბულის მსგავსად, ქართული სამწიგნობრო ენა ნორმირებულია და, შესაბამისად, მდგრადი (ინარჩუნებს საერთოქართველურის ძირითად ნიშნებს), თუმცა, ხალხური მეტყველების გავლენით (მწერალთა მიერ გამოყენებული დიალექტური ფაქტების სიხშირის პროპორციულად) საერო მწერლობის ენა (სასულიეროსგან განსხვავებით) გარკვეულწილად მაინც იცვლება; თავის მხრივ, ხალხური მეტყველებაც (განსაკუთრებით ცენტრალური კილოები) განიცდის სამწიგნობრო ენის გავლენას... რამდენადაც, ინტენსიური ურთიერთობა არ არის სამწიგნობრო ენასა და განაპირა ქართველურ კილოებს შორის, ლოგიკურია, განაპირა ქართველურ კილოებში ბევრი არქაიზმიც გვქონდეს (საერთოქართველურთან მეტად დაშორების მიუხედავად) და ბევრი ინოვაციაც (აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში სამწიგნობრო ენის ინტენსიური გავლენით, განაპირა კილოებიც თმობს თავის პოზიციებს); შდრ.:
საქართველოს განაპირა (სასაზღვრო) კუთხებში, სხვა ქვეყნების მოსაზღვრე მხარეთა მსგავსად, დიდია მეზობელ ნათესავ, თუ უცხო ტომთა გავლენა (ურთიერთგავლენა!) ინტენსიური ურთიერთობების გამო; არაიშვიათია, სუპერსტრატული მოვლენებიც: სისხლისძიებას გამოქცეული გვარები სახლდებოდა საქართველოს მთიანეთში; მიგრანტები თანდათან ქართველდებოდნენ, მაგრამ თავიანთი ენისა თუ წეს-ჩვეულების კვალს ტოვებდნენ ავტოქთონი ქართველების მეტყველებასა თუ ყოფაში; შესაბამისად, განაპირა რეგიონებში უფრო იცვლებოდა ზეპირი მეტყველება, თუმცა, ამავე დროს, ამავე პირობებში (სალიტერატურო ენის ახალი ნორმების ნაკლები გავლენის გამო) დიდხანს ინახება არქაიზმებიც.
სვანეთში ქართველთა საშინაო მეტყველების (დიალექტების) სერიოზული ცვალების ფონზე საერთოქართველურისა და არქაული ქართული სამწიგნობრო ენის სტაბილურობა (/უცვლელობა) განაპირობა ძლიერმა საღვთისმსახურო ტრადიციამ: სვანეთში წარმართული შელოცვებიც კი დღემდე არქაული ქართულითაა შემონახული, რაც, ამავე დროს, ადასტურებს ქრისტიანობამდელი საერთოქართველური საღვთისმეტყველო ენის არსებობას (ვრცლად იხ., ტ.ფუტკარაძე, ე.დადიანი, ნ.ნაკანი, რ.ხაჭაპურიძე, 2001).
ბევრი სხვა ფაქტიც ცხადყოფს, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე სვანები თავიანთ დედაენაზე - საერთოქართველური ენის უშუალო მემკვიდრე სამწიგნობრო ენაზე - სხვა ქართველებთან ერთად ქმნიდნენ დიდ ეროვნულ კულტურას; შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე სვანეთი ოდითგანვე იყო დიდი ქართული კულტურის სავანე. გარდა ამისა, ქვეყნის გაჭირვების ჟამს მთის ქართველური მოდგმის გაუტეხლობა და კავკასიონის ბუნებრივი ზღუდეები ქმნიდა ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მყარ გარანტიას; სვანეთში დღემდე მძლავრია სახალხო განძის საიდუმლოდ შენახვის ტრადიცია.
სვანეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ბურჯის, მოშლას საგანგებოდ შეეცადა მეფის რუსეთი:
XIX საუკუნეში რუსეთისთვის მეტად აქტუალური იყო სვანეთში არსებული კავკასიონის უღელტეხილები (დღევანდელი რუსეთი ჯერჯერობით როკის გვირაბით არის გარანტირებული!); ამიტომაც იმპერია შეეცადა არამხოლოდ აქაური ქართველობის ფიზიკურ დამორჩილებას, არამედ გადაბირებას და ცნობიერ გადაგვარებას; კერძოდ: სასულიერო პირების ფორმით მთაში ასული იმპერიის ემისრები ქადაგებდნენ, რომ სვანები ქართველები არ არიან, რომ მათი დედაენა არის არა ქართული, არამედ - სვანური; შესაბამისად დაიწყეს კიდეც სახარების თარგმნა ერთ-ერთი სვანური კილოს ბაზაზე, მაგრამ მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ქართველობა იოლად მიხვდა დამპყრობლის მზაკვრობას: მტერი სვანებს ართმევდა მრავალსაუკუნოვან მწიგნობრულ დედაენას - ისტორიულ კულტურას, უკარგავდა სახელმწიფოებრივ წარსულს და ვითარცა ველურებს, XIX ს. ბოლოს უქმნიდა ანბანს და უთარგმნიდა სახარებას.
თუ არა სვანმა კაცმა, უკეთ სხვამ ვინ იცის, რომ ენა დედაა ერისა და წინაპრების მიერ შექმნილი რაც უფრო დიდი ისტორიის მქონე სამწიგნობრო ენა აქვს ადამიანს, მით უფრო ღირსეული და ამაყია.
XIX საუკუნეში რუსეთის მიერ გაუქმებული იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; რუსეთისგან დანიშნულმა სასულიერო პირების ამ ავანტიურამ კი სვანებს სასულიერო პირებისადმი ნდობა დაუკარგა.
იმპერიის მრავალმხრივი აქტიურობის მიუხედავად, სვანებმა - კავკასიის სტრატეგიული უღელტეხილების გამოცდილმა მცველებმა - ბოლო საუკუნეებშიც წარმატებით დაიცვეს ქართული ენობრივ-ეროვნული იდენტობა და ცივად გამოუხურეს კარი იმპერიის მზაკვრულ შემოთავაზებას. საკითხის ისტორია ვრცლადაა წარმოდგენილი სამეცნიერო ლიტერატურაში (თ.გვანცელაძე, მ.ტაბიძე, რ.შეროზია, რ.ჭანტურია, 2001; ტ.ფუტკარაძე, 2005; მ.ტაბიძე, 2005; თ.გვანცელაძე, 2006...). აქ სამაგალითოდ წარმოვადგენთ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს დიდი საზოგადო მოღვაწეების - ბესარიონ ნიჟარაძისა (წმინდა ილია მართალის თანამოაზრის) და ივანე მარგიანის წერილებიდან. ქვემოთ წარმოდგენილი ფრაგმენტები დღესაც აქტუალურია, რამდენადაც ახლაც არაიშვიათია სხვა ქართველებისგან სვანების გამიჯვნის მცდელობა და ახლაც აქტიურობენ ქართველობის ენობრივ-ეთნიკურად დაშლის მოსურნენი, ახლაც ცდილობენ ქართველურ კილოებზე თარგმნონ წმინდა წერილი, რათა ამ კილოების სამწიგნობრო ენებად გამოცხადებით სამწიგნობრო წარსული წაართვან სვანებს, ლაზებს, მეგრელებს და ამ გზით დაშალონ ჩვენი ერი.
შევნიშნავთ იმასაც რომ, ქართულ მასმედიაშიც და საეჭვო ღირებულების სამეცნიერო პროდუქციაშიც, არაიშვიათად, შეგნებულად გამოიყენება ისეთი არაადეკვატური შესიტყვებები, როგორიცაა: სვანები - უმწიგნობრო ენის მქონე ხალხი, სვანი კრიმინალი, სვანი ეროვნება, სვანური კულტურა, სვანური ენა - უმწერლობო ენა, სვანური ეთნოსი, სვანოლოგია და სხვ. შდრ., ბ. ნიჟარაძე და ი. მარგიანი სამართლიანად თვლიდნენ, რომ სვანთა დედაენაა ქართული, ხოლო სვანური მეტყველება ქართულის განშტოებაა, ნაირსახეობაა, დიალექტია და არა ცალკე ენა.
ბესარიონ ნიჟარაძე ("რა ენაზედ ადიდებდნენ და ადიდებენ სვანები ღმერთსა", გაზეთი ივერია, 4 თებერვალი, #28, 1904):
"სვანური ნამდვილად ქართულია, მხოლოდ აქა-იქ შეცვლილია, მაგრამ ზოგიერთები ვერ შეჰრიგებიან ამ აზრს და გაიძახიან, სვანები სულ სხვა ხალხიაო! ნეტავ ვიცოდე, ვისთვის ან რისთვისაა საჭირო ის დაჟინება და სვანების გასხვისტომება"... სვანეთში ღვთის დიდება ძველთაგანვე ქართულს ენაზედ სწარმოებდა და ეხლაც სწარმოებს. რომელ მათთვის უცხო ენას შეეძლო ქრისტიანობის დაცვა ამ მივარდნილს ქვეყანაში, თუ არა, ისევ ქართულსა, რომელიც სვანებს დედაენად მიაჩნიათ?!".
სვანურის ქართულობის დასადასტურებლად ბესარიონ ნიჟარაძემ შეადგინა ლექსიკონი, სადაც აჩვენა, რომ სვანური სიტყვა-ფორმები ძირითადად საერთოქართულ ძირებს იმეორებს და სვანური ქართული სამწიგნობრო ენის საგანძურია, რამდენადაც ბევრი ძველი ქართული სიტყვა სწორედ სვანურ კილოებშია შემონახული... აქვე აღვნიშნავთ, რომ ახლახან გამოიცა ბესარიონ ნიჟარაძის დიდი შრომით შექმნილი ლექსიკონი, სადაც სალიტერატურო ქართულს მიწერილი აქვს ბალსზემოური დიალექტის ფორმები/ვარიანტები; იქვეა რუსულენოვანი თარგმანები. ამ ქართულ(/სვანურ) - რუსული ორენოვანი ლექსიკონის გამოსაქვეყნებლად მომზადებისთვის დიდი ღვაწლი გასწია ქ-ნმა ლელა ნიჟარაძემ, თუმცა, სამწუხაროდ, წიგნის სათაურში დაიკარგა (არ აისახა!) ბესარიონ ნიჟარაძის მთავარი მიზანი: სვანური ნამდვილი ქართულია! მეტიც, ბ.ნიჟარაძის ხელნაწერის ჩვენების საწინააღმდეგოდ, ამ ლექსიკონს გამომცემლებმა რატომღაც დაარქვეს "ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონი" და წინასიტყვაობაშიც, ბესარიონ ნიჟარაძის პოზიციის საპირისპიროდ, ნაშრომი სამენოვან ლექსიკონად მონათლეს; ამით მიიჩქმალა ბესარიონ ნიჟარაძის ნაანდერძევი გზაცა და ლექსიკონის ძირითადი სათქმელიც: სვანური იგივე ქართულია.
აქვეა სათქმელი ისიც, რომ ბესარიონის ღვაწლის მიჩქმალვის მსგავსად, თანამედროვე "დაუინტერესებელმა" გამომცემლებმა გააყალბეს ცნობილი მოღვაწის პეტრე ჭარაიას "მეგრული ლექსიკონის" არსიც და მას დაარქვეს "მეგრულ-ქართული ლექსიკონი" (არადა, პეტრე ჭარაია ამტკიცებდა, მეგრული ქართულის კილოა და არა ცალკე ენაო! ამის შესახებ იხ., თ.გვანცელაძე, 2006). გამომცემლებმა, ასევე, გარკვეული ქვეტექსტით, ოთარ ქაჯაიას შესანიშნავ "მეგრულ ლექსიკონს" "მეგრულ-ქართული ლექსიკონი" დაარქვეს (ჩემთან პირად საუბარში ბატონმა ოთარ ქაჯაიამ თქვა, რომ ორენოვან ლექსიკონად სახელდება გამომცემლების მოთხოვნა იყოო...).
ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ნიჟარაძის დიდებული თანამებრძოლი იყო ივანე მარგიანი; იგი წერდა [სვანური "ენა" და ახალი აშორდია, “შინაური საქმეები, #25, 1911]:
"თუ რომელიმე მეცნიერი აქამდისინ ზერელედ უყურებდა ამ საკითხს და სვანებს შეცდომით თიშავდა ქართველებისაგან... დღეს ამ გვარი გარეწრობით ვერავის ვერ დაუბნელებს თვალებს... საზოგადოება... ყოველთვის აფასებდა... ამგვარ ვაჟბატონთა "პოლიტიკანობა-გაიძვერობას"... "ნუ სწუხდები, ბ. წერეთელო, ჩვენ გასაგებ ენაზედ ვადიდებთ ღმერთსა... ქართული ენა ჩვენთვის ღვიძლი ენაა, გასაგებიცა და საუკუნოებისაგან ნაკურთხიც"... "სვანური კილოკავებისა და ქართული ენის შედარება უნდა მოხდეს არა XIX ს-ის მიწურულის გამარტივებულ-გაღარიბებული სალიტერატურო ქართულის მიხედვით, არამედ ძველი ქართული ენის საფუძველზე". "სვანური "ენა" (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ), რომელიც პირველს გაგონებაზედ უცხო ენად ეჩვენება კაცს, თითქმის იგივე ქართული ენაა. სამი მეოთხედი სვანურის სიტყვების, ნამდვილად ქართული სიტყვებია"...
ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა ათეიზმმაც და საბჭოურმა სამეცნიერო თეორიებმაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად ამჟამადაც ზემოქმედებს საზოგადოებაზე; თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკვე ადეკვატურად გაიაზრება საქართველოს, საქართველოს ყველა კუთხის და, ზოგადად, ქართული ენობრივ-კულტურული ისტორია; სვანეთის ეკლესიებშიც მტკიცედ დაბრუნდა მოძღვარი, სვანეთის ისტორიული როლის უკეთ წარმოჩენაც მოხდა.
თვითმყოფადი საქართველო და კავკასიონი დღეს ისევ მიჯნავს თუ აერთებს ორ სხვადასხვა სამყაროს (გეოსტრატეგიულად საინტერესო საქართველო/ამიერკავკასია კაცობრიობისთვის ახლაც არსებით გზაჯვარედინზეა); გასული საუკუნეების მსგავსად, დღესაც, მკაცრი და ლამაზი ქართული მხარე - სვანეთი - საქართველოს უღალატო მეციხოვნე და ქართული კულტურის სავანეა.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. გეორგიკა, 1936 - გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართვე-ლოს შესახებ), თბ., 1936
2. გეორგიკა, 1961 - გეორგიკა, თბ., 1961
3. გეორგიკა, 1965 - გეორგიკა, თბ., 1965
4. თ.გვანცელაძე, 2006 - თ.გვანცე
This post has been edited by ქსენოფობი on 11 May 2015, 06:25
საქართველო არის ქართველების ქვეყანა და უნდა იცხოვრონ ქართველებმა და საქართველოს უნდა ფლობდეს ქართველები.
აიკრძალოს უცხოელების შემოსვლა ხოლო ვინც შემოსულია გავდევნოთ!
აიკრძალოს ეკონომიკის უცხოელების ხელში გადასვლა!
საქართველო: http://tinypic.com/view.php?pic=fly70l&s=8#.VVi5TI5VjBE