თამარ მეფე დაახლ. 1160 - 1213საქართველოს მეფე, სახელმწიფო მოღვაწე. მისი მეფობის ხანა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ზეობის ხანაა.
თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი. იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები, იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები. ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
თამარი დაიბადა 1166 წელს. იყო მეფე გიორგი III–სა და დედოფალ ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი. 1179 წელს მამამ თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წლის განმავლობაში მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ამ ხნის მანძილზე თამარმა ბევრი რამ ისწავლა და კარგი გამოცდილებაც მიიღო. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ისტორიაში სამეფო ტახტზე პირველად ავიდა ქალი. დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის დროს გავლენადაკარგულმა დიდებულებმა გადაწყვიტეს ამ მდგომარეობით ესარგებლათ და ძველი პოზიციები დაებრუნებინათ. მათ ხელმეორედ აკურთხეს თამარი მეფედ, რათა ამით ხაზი გაესვათ თავიანთი გავლენისათვის. მოთხოვნებიც მაშინვე წაუყენეს, კერძოდ, დაბალი სოციალური წარმოშობის მოხელეების გადაყენება. თამარმა დიდებულებს დაუთმო და ორი ვაზირი: ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენა. ამ მოვლენიდან სულ მცირე დრო იყო გასული, რომ ახლა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა მოინდომა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვა. მისი აზრით, ისანში, სამეფო სასახლის გვერდით, უნდა დაარსებულიყო ე.წ. „კარავი“ სადაც შეკრებილი დიდებულები გადაწყვეტდნენ სახელმწიფო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მეფე მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას აღასრულებდა. თამარის ბრძანებით ყუთლუ დააპატიმრეს, მაგრამ მეჭურჭლეთუხუცესს მრავალი მომხრე ჰყავდა, რომლებმაც მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს და მეფეს შეიარაღებული გამოსვლით დაემუქრნენ. თამარმა გაათავისუფლა ყუთლუ-არსლანი და მის მომხრეებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი მანდილოსანი: კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი. მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო - „კარვის” დაარსების იდეა ჩაიშალა. ამგვარად, თამარმა შეძლო სამეფოში სიმშვიდის აღდგენა.
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო თამარის გათხოვების საკითხი, რადგან მისი მეუღლე მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი იქნებოდა. ერთ-ერთ თათბირზე ქართლისა და თბილისის ამირა აბულასანმა განაცხადა, რომ სასიძოდ შეიძლებოდა შეერჩიათ როსტოვ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი - იური, რომელსაც ბიძამ - ვსევოლოდმა ტახტი წაართვა და სამეფოდან განდევნა. თამარმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა: „ვითარ ღირს არ შეტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“. თუმცა დიდებულებმა თავისი გაიტანეს და სასიძოს ჩამოსაყვანად გაგზავნეს თბილისელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. 1185 წელს თამარმა იქორწინა იური ბოგოლიუბსკიზე, რომელსაც ქართველებმა გიორგი რუსი უწოდეს. ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ითმენდა თამარი მის ლოთობასა და უზნეობას. ბოლოს გიორგი რუსს ურიცხვი განძი უბოძეს და კონსტანტინოპოლში გაისტუმრეს. ერთი წლის შემდეგ თამარმა მამიდამისის -რუსუდანის რჩევით მეორედ იქორწინა ოს უფლისწულზე, დავით სოსლანზე. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ე.ი. ბაგრატიონი. მისგან თამარს ორი შვილი: ლაშა–გიორგი და რუსუდანი შეეძინა.
გიორგი რუსი ვერ შეურიგდა გაძევებას და ორჯერ სცადა საქართველოში დაბრუნება. პირველად დიდებულთა ნაწილმა ის გეგუთში მეფედაც კი აკურთხა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა და ხელი აიღო თავის განზრახვაზე.
ქვეყნის შიგნთ მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ, თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას შეუდგა. ამ დროს საკმაოდ გაძლიერდა აზერბაიჯანის ელდიგუზიანთა სამეფო. 1195 წელს, შამქორის ბრძოლაში, მისი მმართველი აბუ-ბექრი ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს. შემოიერთეს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები - დვინი და ანისი. 1202 წელს ბასიანის ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს რუმის სულთანი რუქნ ად-დინი, რომელიც იმუქრებოდა, რომ თუ თამარი არ მიიღებდა მაჰმადიანობას, მაშინ მისი ხარჭა გახდებოდა, მაგრამ სულთნის მუქარა მუქარად დარჩა... ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდი ნადავლი. ტყვედ ჩავარდა რუქნ ად-დინის ძმაც, რომელიც თამარმა ჯორის ერთ ნალში გაცვალა. ქართულმა ლაშქარმა დაიკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-ქალაქი კარი, ამავე წელს დალაშქრა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია და შეიქმნა საქართველოსადმი დაქვემდებარებული ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში ქართველთა ნათესავი - ალექსი კომნენოსი ჩაუდგა. თამარის მმართველობის დროს აშენდა ვარძია, ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინოპოლში. მეფე აცხადებდა,რომ იყო: „მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. საქართველოს ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღე 1 (14) მაისს აღინიშნება. თამარის საფლავის ადგილი დღემდე უცნობია.