Prezidenta
კანონისტი :)

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2413
წევრი No.: 8863
რეგისტრ.: 19-February 05
|
#13721728 · 6 May 2009, 12:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მისი უწმიდესობა, პაპი ბენედიქტე XVI მოსაყდრე იესო ქრისტესი, მემკვიდრე მოციქულთა თავისა, უმაღლესი მღვდელმთავარი კათოლიკე ეკლესიისა, პრიმატი იტალიისა, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რომის მხარისა, მეთაური ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოსი და ღმრთის მონათა მონა
ქალაქს და ქვეყნიერებას
ძვირფასო ძმებო და დებო რომში და მთელ ქვეყანაზე,
ჩემი გულის სიღრმიდან გისურვებთ ყველას კურთხეულ აღდგომას. ნეტარ ავგუსტინეს რომ დავესესხოთ, ‘Resurrectio Domini, spes nostra – აღდგომა უფლისა არს სასოება ჩვენი’ (Sermon, 261:1). ამ სიტყვებით დიდმა ეპისკოპოსმა აუხსნა მორწმუნეებს, რომ იესო აღდგა კვლავ, ხოლო ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მოველით სიკვდილს, არ უნდა დავეცეთ სულით იმის გამო, რომ სიკვდილით სიცოცხლე სრულიად მთავრდება; ქრისტე აღდგა, რომ ჩვენთვის იმედი მოეცა (იხ. ზემოთ).
ჭეშმარიტად, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ მამაკაცებსა და დედაკაცებსს არის ეს: რა არის სიკვდილის შემდეგ? ამ საიდუმლოს ასახსნელად დღევანდელი დღის საზეიმო განწყობა საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ, რომ სიკვდილი არ არის საბოლოო სიტყვა, რომ სიცოცხლე გაიმარჯვებს საბოლოოდ. ჩვენი ამგვარი დარწმუნებულობა დაფუძნებულია არა მარტივ ადამიანურ მიზეზზე, არამედ რწმენის ისტორიულ ფაქტზე: იესო ქრისტე, რომელიც ჯვარცმულ იქნა და დაფლული, აღდგა თავისი დიდებული სხეულით. იესო აღდგა და მაშასადამე ჩვენც, რომლებსაც გვწამს იგი, გვექნება ცხოვრება საუკუნო. ეს განაცხადი გულშია სახარებისეული განცხადებისა. როგორც წმინდა პავლე დაბეჯითებით ამბობს: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.“ იგი აგრძელებს და ამბობს: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.“ (1 კორ 15:14,19). აღდგომის ცისკრიდან მოყოლებული რწმენის ახალმა გაზაფხულმა აღავსო ქვეყნიერება; ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი აღდგომაც, რადგან აღდგომა არ არის მხოლოდ მინიშნება ისტორიის ერთ მომენტზე, არამედ დასაწყისი ახალი ყოფისა: იესო აღდგა არ იმიტომ, რომ მისი ხსოვნა ცოცხლად დარჩენილიყო მის მოწაფეთა შორის, არამედ იგი თვითონვეა ცოცხალი ჩვენში, და ჩვენ მასში უკვე შეგვიძლია შევიტკბოთ საუკუნო სიცოცხლის სიხარული.
აღდგომა, ამას გარდა, არ არის მხოლოდ თეორია, არამედ ისტორიული რეალობა, რომელიც გამოუვლინდა კაცის იესო ქრისტეს მიერ მისი „პასექის“, მისი „გვერდის ავლის“ მიერ, რომელმაც განხსნა „ახალი გზა“ სამოთხესა და დედამიწას შორის (შდრ. ებრ 10:20). ეს არც მითია და არც ოცნება, ეს არც ხილვაა და არც უტოპია, ეს არც ზღაპარია, თუმცა ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენა: იესო ნაზარეველმა, ძემ მარიამისა, რომელიც პარასკევს შებინდებისას გარდამოხსნილ იქნა ჯვრიდან და დაფლული, ძლევამოსილად დატოვა საფლავი. კერძოდ კი, „დღესა ერთშაბათისასა“, პეტრემ და იოანემ საფლავი ცარიელი ნახეს. მარიამ მაგდალინელმა და სხვა დედაკაცებმა კი მოულოდნელად იხილეს აღმდგარი იესო. ემმაუსის გზაზე ორმა მოწაფემ შეიცნო იგი პურის განტეხის დროს. აღმდგარი იგი გამოეცხადა მოციქულებს იმავე საღამოს „დახშულ კარში“ და სხვა მრავალ მოწაფეს გალილეაში.
გამოცხადება უფლის აღდგომისა ანათებს იმ მსოფლიოს ბნელ მხარეებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე ვგულისხმობ, კერძოდ, მატერიალიზმსა და ნიჰილიზმს, იმ მსოფლმხედველობას, რომ შეუძლებელია ვიმოძრაოთ იმის მიღმა, რაც მეცნიერულად მტკიცდება და რაც უსიხარულოდ გვიბიძგებს სიცარიელის განცდისკენ, რომელიც მოიაზრება, რომ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზანი. ფაქტია, რომ თუ ქრისტე არ აღმდგარა, „სიცარიელე“ მართლაც რომ უნდა უპირატესობდეს. თუ უგულებელვყოფთ ქრისტესა და მის აღდგომას, აღარ იქნება ხსნა ადამიანისთვის და მისი ყოველი იმედი ილუზიად იქცევა. დღევანდლამდე ეს არის დღე, როდესაც უფლის აღდგომის განცხადება ძლიერად იჭრება წინ, და ეს არის პასუხი სკეპტიკოსთა დასმულ კითხვაზე, რასაც ჩვენ ასევე ვპოულობთ ეკლესიასტეს წიგნში: „ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი.“ (ეკ 1:10). ჩვენ მივუგებთ, დიახ: აღდგომის დილას ყოველივე განახლდა. „სიკვდილი და სიცოცხლე პირისპირ დაუდგა ერთმანეთს უსასტიკეს დაპირისპირებაში: უფლის სიცოცხლე მოკვდა, მაგრამ ახლა იგი ცოცხლობს ძლევამოსილად“ (სააღდგომო საკითხავი). აი ესაა სიახლე! სიახლე, რომელიც ცვლის იმათ ცხოვრებას, ვინც ამას იღებს, როგორც ეს წმინდანებისთვის ხდება. ეს არის, მაგალითად, რაც მოუხდა წმინდა პავლეს.
მრავალჯერ, პავლეს წლის კვალობაზე, ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ჩავღრმავებოდით დიდი მოციქულის გამოცდილებას. ტარსუელი წმინდანი, დაუძინებელი მდევნელი ქრისტეანეთა, მოულოდნელად შეეჩეხა აღმდგარ ქრისტეს დამასკოს გზაზე და „დამორჩილებულ“ იქნა მის მიერ. დანარჩენი ყველამ ვიცით. პავლეში მოხდა ის, რაც მოგვიანებით მანვე მიწერა კორინთელ ქრისტეანებს: „ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.“ (2 კორ 5:17) მოდით, შევხედოთ ამ დიდ მახარებელს, რომელმაც საოცარი ენთუზიაზმით და სამოციქულო ღვაწლით მიუტანა სახარება იმდროინდელი მსოფლიოს მრავალ ხალხს. მისი მოძღვრება და მისი მაგალითი გვიბიძგებს ჩვენ, რომ ვიაროთ უფალ იესოს მოსაძებნად. ისინი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ ვირწმუნოთ მისი, რამეთუ განცდა სიცარიელისა, რომელიც ცდილობს, რომ მოწამლოს კაცობრიობა, ძლეულ იქნა იმ ნათლით და სასოებით, რაც აღმოგვიბრწყინდა აღდგომით. ფსალმუნის სიტყვები სავსებით აღსრულდა: „სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს“ (ფს 138:12). აღარ არსებობს სიცარიელე, რომელიც ყველაფერს შთანთქავდა, არამედ ღმრთის სიყვარულის მყოფობა. სიკვდილის უდიდესი მეუფება განთავისუფლებულ იქმნა, სიტყვა ცხოვრებისა შთახდა „ქვესკნელში“, რომელიც აღვსილ იყო სულის სუნთქვით (ტ. 8)
თუმცაღა მართალია, რომ სიკვდილს აღარ აქვს მეუფება ადამიანებსა და მსოფლიოზე, მაინც რჩება ბევრი რამ, რაც მიგვანიშნებს მის ყოფილ ძალაუფლებაზე. მიუხედავად აღდგომისა, ქრისტეს მიერ ბოროტის ძალის ძლევისა, მას კვლავ სჭირდება მამაკაცთა და დედაკაცთა თანამონაწილეობა ყოველთვის და ყოველგან, რომლებიც შეძლებენ მასთან ერთად, რომ დაამოწმონ მისი ეს გამარჯვება მისივე იარაღებით: ეს იარაღებია სამართლიანობა და ჭეშმარიტება, წყალობა, მიტევება და სიყვარული. ესაა ის გზავნილი, რომელიც ჩემი უკანასკნელი სამოციქულო ვიზიტისას კამერუნსა და ანგოლაში, მინდოდა, რომ მიმეტანა მთელი აფრიკის კონტინენტისათვის, სადაც მე შემხვდნენ საოცარი ენთუზიაზმითა და მზაობით მოსასმენად. აფრიკა უთანასწოროდ იტანჯება საშინელი და დაუსრულებელი კონფლიქტებით, ხშირად დავიწყებულით, რაც იწვევს სისხლისღვრას და მისი ერების განადგურებას, და განუხრელი ზრდით მისი ვაჟების და ასულების შიმშილობებით, სიღარიბითა და სნეულებებით. მე მინდა გავიმეორო ის გზავნილი, რაც წარმოვთქვი წმინდა მიწაზე, საიდანაც მქონდა ბედნიერება რამდენიმე კვირის წინ დავბრუნებულიყავი. ღმერთთან დაბრუნება რთული, მაგრამ აუცილებელი რამაა – ესაა წინაპირობა მომავლისათვის, რომ ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, და მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ განახლებული, აუცილებლად მიღწევადი და გულითადი მცდელობით, რომ გადაწყდეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. ჩემი ფიქრები წმინდა მიწიდან წამოვიდა მეზობელი ქვეყნებისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ და მთელი მსოფლიოსკენ. მსოფლიოში საკვების შემცირების, ფინანსური უწესრიგობის, სიღარიბის ძველი და ახალი ფორმების, კლიმატის უარყოფითი ცვლილების, ძალადობისა და ქონების დაკარგვის, რომელც მრავალს აიძულებს დატოვოს თავიანთი სამშობლო არსებობის მინიმალური საშუალების მოსაპოვებლად, ტერორიზმის მუდმივი საფრთხის, მომავლისადმი ზრდადი შიშის დროსა და პირობებში, უცილობლად უნდა გავამყაროთ იმედის საფუძვლები. მოდით, ნურავინ დაიხევს უკან ამ მშვიდობიანი ბრძოლიდან, რომელშიც ჩავერთეთ ქრისტეს აღდგომით. როგორც ზემოთ გითხარით, ქრისტე გველოდება მამაკაცებსა და დედაკაცებს, რომ დავდგეთ მასთან და დავამოწმოთ მისი გამარჯვება მისივე იარაღებით: იარაღით სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისა, წყალობისა, მიტევებისა და სიყვარულისა.
Resurrectio Domini, spes nostra! აღდგომა უფლისა არს სასოება ჩვენი! ესაა ის, რასაც ეკლესია დღეს აცხადებს სიხარულით. იგი განგვიცხადებს იმედს, რომელიც არის ურყევი და დაუმარცხებელი, რამეთუ ღმერთმა აღადგინა იესო ქრისტე მკვდრეთით. ის გვიკავშირებს იმედს, რასაც მისივე გულში ატარებს და ისურვებს, რომ გაუზიაროს იგი ყველა ხალხს ყოველ ადგილას, განსაკუთრებით იქ, სადაც ქრისტეანები განიცდიან დევნას მათი რწმენისა და სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ღვაწლში. ის აღვიძებს იმედს, რომელსაც შეუძლია გაგვამხნევოს ვაკეთოთ სიკეთე, იქ, სადაც ღირებულია და განსაკუთრებით, მაშინ, როცა ღირებულია. დღეს ეკლესია უგალობს „დღესა, რომელ ქმნა უფალმან“, და იგი აღანთებს ადამიანებს სიხარულით. დღეს ეკლესია მოუხმობს მარიამს, ვარსკვლავსა სასოებისასა, თხოვს მას, რომ დაიცვას კაცობრიობა მშვიდობიან ნავთსაყუდელში ხსნისა, რომელ არს გული ქრისტესი, საპასექო მსხვერპლი, კრავი, რომელმაც „გამოიხსნა მსოფლიო“, უცოდველი, ვინც „ცოდვილნი მამასთან მიგვიყვანა“. მას, ძლევამოსილ მეუფეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, სიხარულით ვუგალობოთ ალელუია!
© Prezidenta. ქართული თარგმანი.
This post has been edited by Prezidenta on 6 May 2009, 12:08
--------------------
ძალა ერთობაშია!
|