მერაბ რატიშვილი, პოლიტოლოგი (რუსთავი, მე-6 საპყრობილე)]
მუდმივი იმპერიები არ არსებობენ. არც მუდმივი საზღვრები, მოკავშირეები და მეგობრები. მუდმივი შეიძლება იყოს მხოლოდ ინტერესები (თუ, რა თქმა უნდა, იარსებებს სახელმწიფო), ისიც გარკვეული ცვალებადობით, ინტერესები ან მცირდება, ან იზრდება. ამას გვასწავლის კაცობრიობის ისტორია.
ხშირად ისმის კითხვა: რატომ არ განხორციელდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამერიკული კომპანიების სერიოზული ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში - ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები და ა.შ. ამავე დროს, რატომ შეეწყო ხელი სხვადასხვა ფორმით შეფუთული რუსული კაპიტალის შემოსვლას ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორში? ამ კითხვაზე პასუხს ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად კავკასიაში და მიმდებარე რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც დაამთხვიეს (თუ, დაემთხვა) აშშ-ში პრეზიდენტის და ადმინისტრაციის ცვლილებას. სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემდგომი ეტაპები მოითხოვს პრინციპულად სხვა მიდგომას, როგორც პრეზიდენტის ასევე მისი გუნდის მხრიდან. ამიტომ, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უფრო მოქნილი და შენიღბული მოქმედებებით გააგრძელებს მეორე ეტაპის განხორციელებას, რაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რეგიონში ყველა დიდი რეგიონალური მოთამაშის შევიწროვებას, მათი მადის შემცირებას და ამბიციების მოთოკვას.
ამ მიზნების რეალიზაცია ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა ისეთი მეგა-სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიცაა აშშ, რომელსაც საკუთარი მიზნების და სტრატეგიული გეგმების რეალიზაციისთვის საკმაოდ დიდი არსენალი აქვს. მაგრამ, ამ ეტაპზე მოსალოდნელია დემოკრატებისთვის დამახასიათებელი და ტრადიციული ზეწოლის მთავარი იარაღის გააქტიურება - დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების და ფასეულობების დაცვა. ამით გააძლიერებს ზეწოლას რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის, ხალხების და ეთნიკური უმცირესობების თვითგამორკვევის უფლებების მტკივნეულ საკითხებზე. ამ მხრივ კი რეგიონში მცხოვრები ხალხების ისტორია განსაკუთრებით გამოირჩევა საუკუნის მანძილზე შეზღუდულ პირობებში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით და ეროვნული თვითგამორკვევის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებით.
როდესაც ვამბობთ ”კავკასია და მიმდებარე რეგიონები”, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც კავკასიის ქვეყნები და რუსეთი, ასევე თურქეთი, ერაყი და ირანიც, როგორც ერთიანი რეგიონალური გეოპოლიტიკური სივრცე. ალბათ დამეთანხმებით, რომ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვა და ეთნიკური უმცირესობების და მცირე ერების თვითგამორკვევის პრობლემები, რამდენადმე მაინც უნდა განიცდიდეს პროგრესს. ამიტომ, ობამას ადმინისტრაციის და დემოკრატების ტრადიციულ “ტროას ცხენს” უდავოდ თავისუფალი სამოქმედო არეალი აქვს.
საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კავკასიის გასაღებს და ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან არა მარტო გეოგრაფიულად და სტრატეგიულად, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონისთვის. ძალიან პატარა ქვეყანაში და მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებულია და იკვეთება ყველა ის პრობლემა, რაც მთლიანად რეგიონში არსებობს.
ამავე დროს, საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნების სინთეზით და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილებით, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც იძლევა გარკვეულ მაგალითს. ამიტომ ანიჭებენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაში რეგიონის მოთამაშეები. აქედან გამომდინარე, საქართველოში განვითარებული პროცესები ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან პიდაპირ უკავშირდება რეგიონის თითოეული ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს.
საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენები და შედეგად - კონფლიქტის ახალ ფაზაში გადასვლა, რეგიონში აღიქმება, როგორც უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ხელყოფის პირდაპირი საფრთხე. დამეთანხმებით, რომ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ზოგიერთი ჩემი კოლეგა წინასწარმეტყველებს და ხშირად აღნიშნავს რუსეთის ღია აგრესიას საქართველოს მიმართ, როგორც რუსეთის როლის გაძლიერებას რეგიონში და მისი ბოლო წლებში შელახული ინტერესების დაბრუნების აგრესიულ მცდელობას. ამავე დროს, როგორც აშშ-ს როლის დაკნინებას რეგიონში და წლების მანძილზე მოპოვებული პოზიციების დაკარგვას. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მცდარი ხედვაა იმ პროცესებისა, რისი მომსწრეც და მხილველებიც ჩვენ აღმოვჩნდით.
თუ უფრო საფუძვლიანად გადავხედავთ ბუშის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს. უახლოესი მეზობლების და რეგიონის სხვა ქვეყნებში განვითარებულ პროცესებს, შეგვიძლია მკაფიოდ დავინახოთ ის როლი, რომელიც საქართველოს მიაკუთვნეს როგორც აშშ-მ, ასევე - რუსეთმა.
აშშ-ს მხრიდან ეს იყო დროის გარკვეულ მონაკვეთში, ზუსტად გაწერილი სცენარი განაწილებული როლებით, როგორც საქართველოსთვის, ასევე - რეგიონის სხვა მოთამაშეებისთვის. რუსეთის შემთხვევაში კი, ეს უფრო ჰგავდა სხვის სცენარში იძულებით ჩართვას და ამ სამხედრო პოლიტიკურ თეატრში მონაწილეობისათვის იმპროვიზირებას, რამაც გამოიწვია მისი უარყოფით რაკურსში წარმოჩენა და აგრესიული პერსონაჟის როლის შესრულება. ამიტომ შეგვიძლია ავღნიშნოთ: უკვე გათამაშდა ამ გეგმა-სცენარის პირველი აქტი, სადაც საქართველოს და მის ხელისუფლებას შეასრულებინეს მნიშვნელოვანი როლი, რათა რუსეთი ჩაეთრია რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური თეატრის ახალ კონფრონტაციაში, სადაც ყველა გათვლებით საბოლოოდ რუსეთი უნდა დამარცხდეს.
რა თქმა უნდა, ამ საპასუხისმგებლო როლის შესრულება მოხდა საქართველოს ტერიტორიების და ხალხის ხარჯზე, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს, მათ შორის, განსაკუთრებით, პოლიტიკური ხელოვნება. ჰოდა, ჩვენც გავიღეთ ეს მსხვეპლი.
ხელისუფლება სიამაყით აღვსილი გვამცნობდა, რომ მისმა ქმედებებმა ნიღაბი ჩამოხსნა და აჩვენა რუსული, აგრესიული იმპერიის რეალური სახე. მაგრამ არ ვიცი, ეს სჭირდებოდა ვინმეს? ან ვისთვის იყო ეს უცნობი? ან საერთოდ ეკეთა ოდესმე ნიღაბი, ან რაში სჭირდებოდა ეს რუსეთს? არ სჭირდება იმას გაფრთხილება, რაც არ გაგაჩნია. რა იქნება შესრულებული როლისთვის ქვეყნის ჰონორარი? რა შეიძლება იყოს კომპენსაცია დაღუპული ხალხისთვის, შელახული სახელისთვის, დაკარგული ტერიტორიებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ამ კომპენსაციას მხოლოდ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ხედავს, რომელმაც დროებით, მაგრამ მაინც გაიხანგრძლივა უზურპირებული ხელისუფლება. დღესაც ცდილობს ადმინისტრაციული რესურსით და აშშ-ს მხარდაჭერით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგან რესპუბლიკელების მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას ახალი, უფრო, შედარებით უმწიკლო რეპუტაციის პერსონაჟები სჭირდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=5952