ავტობიოგრაფია (კაცებისათვის )
ყოველ დილით, როცა ლოცვას წავიკითხავ, ღმერთს შევევედრები საკუთარი სახელი არ დამავიწყოს, რადგან თუკი მე გავიზრდები, სახელი შემიმცირდება.
ხმლის დანახვაზე სისხლი ამიფორიაქდება, ჯვრის დანახვაზე – სინდისი. მემახსოვრება, რომ დაბადებამდეც ვიყავი და ყოფნის შემდეგაც შეიძლება დავმთავრდე.
ხმა მექნება დაბალი და შემპარავი, ხასიათი შემპარავი და შემტევი, მიზნები შემტევი და ცვალებადი, შიშის დროს კი კვლავაც გავწითლდები.
ორშაბათობით უფრო ცრუმორწმუნე ვიქნები, ვიდრე ხუთშაბათს, როცა ყველაფერში გამიმართლებს, ხოლო პარასკევობით ომისა და სექსის სუნი მექნება და უნებურად გავანაწყენებ ფარულ მოწინააღმდეგეებს, მახინჯ ქმრებს და მძღოლებს, რომლებიც გზას არ დამითმობენ.
ყოველ სამშაბათს ვინმეს მოვატყუებ და მერკანტილური მიზნებით გავალ შინიდან.
ოთხშაბათ დილასვე მთელი წლის სამოქმედო გეგმას და ცხოვრების სტილს შევიმუშავებ და პირველივე შაბათს რადიკალურად საწინააღმდეგოდ მოვიქცევი.
კვირაობით საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნება და პატივმოყვარეობის სუნით გავიჟღინთები.
ვერ გადავეჩვევი ძაღლის საჩხუბრად წაყვანას, თუმცა მშობლები ყოველთვის მეყვარება.
მარჯვენათი უფრო მგრძნობიარედ მოვეფერები, მარცხენა ხელზე ნერვიულობა შემემჩნევა.
უნებურად ვუგულშემატკივრებ ფეხბურთის იმ გუნდს, რომელსაც კაცი გაუგდეს და ასაკთან ერთად მომემატება სურვილი დრო მეგობრებთან გავატარო.
წლიდან წლამდე მოვუკლებ წიგნების კითხვას და გამოცდილებაც წლიდან წლამდე მომემატება.
იმ პერიოდებში, როცა ჩემი ორგანიზმი არაცნობიერად თვითგანადგურებისაკენ სწრაფვას დაიწყებს, ქალი, ვინც გვერდით მეყოლება, გოგოზე დაფეხმძიმდება, მე კი ურთიერთობაში სულ უფრო გამიჭირდება საკუთარი აზრის გატანა.
დავწერ კაცური ენერგიით, შესაბამისად, მკითხველი ქალური ენერგიით წამიკითხავს და ამიტომაც, შეცდომას აღარ მაპატიებს და მომიძულებს. გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ქალური ენერგიით ვისწავლი წერას, მაშინ მკითხველი კაცური ენერგიით წამიკითხავს და მაინც ჩემთან დაბრუნდება ბოლოს.
საუბედუროდ, მე ჩემი ღმერთი უფრო ნაკლებ მეყვარება, ვიდრე ჩემი ფეხსაცმელი, რომელსაც ისევე გავუფრთხილდები, როგორც საკუთარ სულს, რომელიც მარცხნივ უფრო გაცვდება, ვიდრე მარჯვნივ.
თავს დავირწმუნებ, რომ ტრადიციისამებრ, კაცმა ერთხელ მაინც უნდა დაღვაროს მოწინააღმდეგე სქესის სისხლი, რომ კაცი ერქვას და იმედს დავიტოვებ, რომ ტაბუს დარღვევა მეოთხე და უკანასკნელი იქნება.
იქნებ როდესმე მივხვდე, რომ ღმერთს ისე ვუყვარვარ, ჩემს გასაკეთებელს არ გააკეთებს და იქნებ გმირიც კი გავხდე...
---------
"კამა სუფრა"
ერთჯერადი მოხმარების წიგნი.
წაკითხვის შემდგომ გადააგდეთ, ან უკეთესი _ ფურცლებად გააჩუქეთ!