levan63
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09
|
#12507790 · 6 Feb 2009, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თაკო იაკობიძე
*** მეგობარო! მეგონა, რომ ვერასოდეს გნახავდი... შენ არ ჰგავდი, შენს ფიქრებში შენ არავის არ ჰგავდი.
მე გეძებდი, ხმას არ მცემდი, მოვდიოდი შორიდან, შენთან ყოფნა და დილამდე საუბარი მომინდა.
რა ძნელია! დამეწია ფიქრი, მწარედ ნაცნობი, მეგონა, რომ ჩემს ოცნებებს ვეღარავის ვამცნობდი...
მარტოობა ბატონობდა ჩემს ნაწვიმარ თვალებში, ამ არეში არვინ იყო, ჩემს ბატონს რომ გავეშვი.
ჩვენ ფიქრებით ვერ ვიქნებით ერთმანეთის სადარი, მაგრამ, მითხარ, მეგობარო, შენი დარი სად არის?!
მე ვთვლიდი, რომ ამ მილიონ ადამიანს შორისაც ერთიც კი ვერ მომნახავდა, ერთიც კი ვერ მპოვიდა...
ამიტომაც, არ დამტოვა სიმწრით სავსე ფიქრებმა, რომ ცხოვრება სხვისია და ჩემთვის აღარ იქნება...
გათანგული ჩემი გული ფიქრებს ქსოვდა რითმებად, მარტოობის უძლურებას წლიდან წლამდე ითმენდა.
და სალხენად, სულის რხევად დაიბადა ლექსები,- ჩემი ჩუმი და უთქმელი უცნობლობის სევდები.
გული გრძნობდა, რომ ვერ მცნობდა, ვისაც კი მე ვხედავდი და ლექსების გამჟღავნებას ვერავისთვის ვბედავდი...
სულ ეს არის, რაც ვერავის ვერ ვუთხარი აქამდე, როცა ვგრძნობდი, რა ძნელია, ამხანაგებს არ ჰგავდე...
მაგრამ, თურმე, ასე მრუმე ღამეც ერთხელ თენდება და ფიქრებით გაწეწილ სულს კვლავ იმედი ედება.
11.06.2006
*** თვალებო, მთვრალებო სევდით! თქვენ მთელი ცხოვრება მდევდით... ბავშვობის პირველი გზიდან მე თქვენზე ოცნება მზრდიდა. პირველი სიტყვა და გრძნობა, პირველი ობლობის ცნობა,_ გეძებდით, ყველგან და მუდამ, თქვენით არსებობა მსურდა. მშვიდობას ვეძებდი, სითბოს, და როცა გნახავდით, თითქოს, ქრებოდა ზმანება თქვენი, ათასი ოცნების მფენი... თვალები არ იყო არსად, სიზმრიან თვალების მსგავსად... პირველი სევდიდან დღემდე მე თქვენზე ოცნებას ვენდე, ცხოვრებას ვუპოვე აზრი,_ ძებნის და ლოდინის ფასი. და დღესაც, დღისით თუ ღამით, დაგეძებთ,_ ვარსებობ ამით. დაგეძებ, ყველავ და ერთო, და პოვნის იმედებს ვერ ვთმობ; მაფიქრებს ერთი რამ მხოლოდ,_ ჩემს ძებნას არ უჩანს ბოლო... . . . ჩემს გარდა რამდენი გული, მსგავსი ოცნებებით ბმული, დაეძებს სევდიან თვალებს,_ ვინ მოსთვლის ოცნებას ამდენს?! მაგრამ კი ყოველი გული საკუთარ ოცნებას უვლის... . . . მე რა ვქნა, მითხარი, მაშინ,_ ფიქრები დაძრწიან თავში,_ თუ ერთხელ, ობოლი გული, თავისი ოცნებით კრული, ჩემს თვალებს იპოვნის, ბედად, სევდიან თვალების მგზნებად?! თუ ჩემში ოცნებას ჰპოვებს, ვერასდროს ვეღარ დამტოვებს, თუ შევუყვარდები ისე, ცხოვრებას გაატანს ნისლებს, სევდისფერ თვალებზე ფიქრით თმაში შეერიოს ფიფქი... და მე კი, მის წმინდა გრძნობას, ცისადმი აღვლენილ ლოცვას, პასუხი ვერ ვუთხრა გულის,_ მშვიდობა დავკარგო სულის?! და დამწვარს ცალმხრივი ცეცხლით, დათოვლილს, ცრემლით და ვერცხლით, ნუგეში ვერასდროს მივცე... უსაზღვრო სილურჯის სივრცე ტკივილის ცრემლებით ვიგრძნო,_ მშვიდობა ვეღარსად ვიცნო... . . . მაშინ მე რაღა ვქნა, მითხარ,_ თავში ჯარი დაჰქრის ფიქრთა,_ თუ ვინც მე ოცნებად მსახავს, ცრემლებით ელის დღეს ახალს, სახელად სიყვარულს მარქმევს, და გრძნობას თავს ვეღარ ართმევს... ის, ვინც გარს მევლება ლანდად, ვერ ხედავს ვერვის ჩემს გარდა, ვინც ქვეყნად მხოლოდ მე მამჩნევს, ის ჩემთვის მეგობრად დარჩეს... . . . მწარეა შეგრძნება წამის, რომ ფიქრებს დღისა და ღამის, სხვის გულში გაჩენილ სევდას შენ, თურმე, ვერასდროს ხედავ; და პასუხს ვერ აძლევს იმას, ვინც შენს სულს მისცემდა ბინას... . . . სხვა მე რა ვინატრო მეტი,_ თხოვნა დამრჩენია ერთი, ერთს ვითხოვ, ერთს ვდარდობ,_ ვინც რომ ჩემს თვალებს იპოვნის, ვიცნო!
15.07.2006 ***
რა იქნებოდა მაშინ, შენ რომ გცოდნოდა ყველა ფიქრი პატარა ბავშვის, ლექსად მოსული ხელად?!
რა იქნებოდა, მაშინ, ჩემთვის გაგეღო გული?! დაიფანტება ქარში სიტყვები ვეღართქმული...
და სინანული გაშლის მწუხარე ფიქრთა გროვას... იქნებ, მელოდი მაშინ, მაგრამ დღეს მე არ მოვალ.
იქნებ, სილურჯე ცაში შენც ჩემნაირად გწამდა, დილის ცვრისფერი რაშით შორს გაჭენება გწადდა...
დღეს, სხვა ცხოვრების გზაში ფიქრად მოსული, მკრთალად, ბრალს მდებ, ვიცოდე, რაში?! წინ სხვა გზა გელის თავად.
ჩრდილიან ხეთა მარშით გზას მზის სხივები მითბობს, მდგარი ცხოვრების კარში, შენგან არაფერს ვითხოვ;
ჩემს მშვიდ და მზიან სახლში შენ აღარავინ გელის, აწმყო თუ იყავ მაშინ, დღეს ოცნება ხარ ძველი...
ცაზე თოვლისფრად გაშლილ ღრუბელს გავატან მზერას, მე უცვლელად ვარ ბავშვი და ახალი დღის მჯერა...
დღეს, ახალი გზის თავში წარსულს ვუტოვებ ფიქრებს: ~რა იქნებოდა მაშინ?!~ და წინ უშიშრად ვიფრენ!
11.08.2006
ზაფხულის დღეები
მიყვარს ზაფხულის გრძელი დღეები, ღიმილიანი სახეები და საღამოები; ცა, დანამული ვერცხლის წამებით, როგორც თვალებით ანთებული საგალობელი... როცა გინდება, დაწერო რამე და უსასრულო ცის სიკამკამე სულს უერთდება... მე არასოდეს დამავიწყდება, ახალი დილა როგორ იწყება, როგორ თენდება,- როცა ქრებიან ღამის ჩრდილები, შენ კი, მოდიხარ და იღიმები ათასი სხივით; მშვიდი ფერებით მევსება სული, უსაზღვროდ მიყვარს ქვეყანა სრული ასეთი დილით.
23.08.2006
წვიმის სიმღერა ახალს არ გეტყვი არაფერს,_ მთელი კვირაა, წვიმს. წვიმა ნუგეშად გადაჰფენს ქვეყანას ცრემლებს ცის.
იქნებ, მეც ვნახო ნუგეში, გზაში, რომ მიდის შორს... ჩემი ქალაქის ქუჩებში ზამთარშიც აღარ თოვს.
როგორ მინდება, ითოვოს, მთელი ღამე და დღე, სევდა აღარ დამიტოვოს, გულში ჩამიკრას მზემ...
ფიქრის ძაფები მიქრება... წავალ იმედად გზის, სადღაც კი, ბაღში, იქნება, სკამზე ვიღაცა ზის;
ზის, და ლოდინად დათოვლილს, მას ვეღარ ამჩნევს დრო... მზეო, დღემდე თუ მათბობდი, ხვალაც მიშველე, გთხოვ!
არ გამიყინო ფიქრები, და ნუ გამიტეხ გულს, შენით გამთბარი რითმები კვლავაც დავწერო, მსურს;
იმდენი სითბო მომეცი, სხვებს გავუნათო გზა... ცხოვრება, დღემდე მოვედი, და არ მინახავს მზა.
არ დამიკარგო სურვილი ცხოვრებისა და ქმნის... სადღაც, ბურუსით ბურვილი, სკამზე ვიღაცა ზის.
ფიქრი ამებნა ურჩევი, და წვიმასავით ცრის, წვიმის სიმღერას უჩვევი, თვალი კარს ეძებს ცის.
ჯერ არარსებულ სიზმრებად, თოვლის მაგივრად,_ წვიმს. ნეტავ, ჩემს გზაზე პირველად ღიმილს შევხვდები ვისს?!
რა საოცრებას ინახავს, აქედან მიდის სად?! მელის ის, რაც არ მინახავს, ჩემი ცხოვრების გზად.
გული მომავლის იმედით ასე პირველად ძგერს, მზის მძივებით და სიმებით ალიონს ვიგრძნობ ბევრს...
წვიმს უწმინდესად დაცრილი, უკვე მეშვიდე დღე, წვიმით, თუ ცრემლით დაცლილი, ცაში აღარ ჩანს მზე.
მაინც მჯერა და მაინც მწამს, სითბო მშობელი მზის... ბაღში ეწევა წამი წამს, და სკამზე ვიღაც ზის...
15.10.2006
მზე უხილავი
“ თჰერე ჰას ტო ბე ან ინვისიბლე სუნ, Iტ გივეს იტს ჰეატ ტო ევერყონე, თჰერე ჰას ტო ბე ან ინვისიბლე სუნ, თჰატ გივეს უს ჰოპე წჰენ ტჰე წჰოლე დაყ’ს დონე... “ Iნვისიბლე შუნ, შტინგ, თჰე Pოლიცე.
წვიმდა უწყვეტად. ასე მეგონა, იწვიმა ქვეყნის სამყოფი წვიმა... ნუთუ, ტიროდა ვიღაც ზემოდან?! წვეთები ტოტებს რჩებოდა მძივად...
წვიმდა... და მაინც, ისევ მჯეროდა მზის და სინათლის, მზის და სითბოსი.... კი არ ტიროდა, წვიმა მღეროდა, აპრილის თვეზე, ხეზე,_ ცვრითმოსილ....
როცა ღამეა, წვიმს, და გგონია, მხოლოდ შენ გაწვიმს მთელი ქვეყანა, მზიანი დილა ისე შორია, ასეთ წვიმაში გათბობს ვერარა,_
მაშინ გაგათბობს მზე უხილავი, გულს დაგიმშვიდებს, სულს დაგიამებს, სევდა გაქრება, როგორც სიზმარი, ღიმილი შეცვლის შენს ძველ იარებს...
უხილავი მზე მაშინაც გათბობს, როცა გგონია, ახსოვხარ არვის, მზეც აღარ მზეობს, წვიმს და შენ, მარტოს, დრო არ გადროვებს, უშენოდ გარბის...
უხილავი მზე შენ გულით დაგაქვს, და მას ვერ ერჩის დრო და წვიმები, ის არაფერს ჰგავს, თუ არ დაკარგავ, გაგიბამს ფიქრებს თბილი სხივებით...
ერთ დილას, როცა წვიმა გარს მევლო, გაქრა სევდები, როგორც სიზმარი... გმადლობ იმისთვის, შენ რომ არსებობ, და რომ ხარ ჩემი,_ მზე უხილავი. 21.04.2007
ღამეული Fფიქრები... თვალებზე
ღამეა. ვიძინებ. ეს მერამდენედ ვათენებ, ვაღამებ,- ვატარებ ერთ ფიქრს და ფიქრი მე მატარებს... ამ თვალებს თუკი ხვალ ვერ ვნახავ,- მოვკვდები,_ დავიკრეფ ხელებს, დავივიწყებ სახელებს ყველასი... ვერ ავცდი ამ თვალთა თვალთვალზე ოცნებას. სხვა ნება აღარ მაქვს. თან დამაქვს ფიქრები თვალებზე... დავეძებ, ყოველდღე დავეძებ, ცალი ვარ. სად მივალ. არ ვიცი. დაგიცდი, თუკი შენც წამოხვალ... არ მოხვალ, ვგრძნობ, რომ ჯერ არ მოხვალ.
11.06.2007
***
შენ ისე გიხდება ზაფხული!.. ზაფხული უხდება შენს თვალებს... სიმწვანე ფოთოლთ,- არნახული, სიმწვანე თვალებში ელვარებს. შენ ისე გიხდება ღიმილი, სიმივით,- ცხოვრების ხალისი. არ იცი, ჯერ, ალბათ, არ იცი, რაოდენ გიხდება მაისი... თავისი ცალი აქვს ყველაფერს, დრო აქვს და წესი აქვს თავისი, გაგიხსნი გულს, ფიქრებს მღელვარეს, და მთელი ცხოვრება დაგიცდი. შენ ისე უხდები ცხოვრებას... ივნისი აივსო თბილი მზით, თავისი ცალი თუ მოძებნა, ეს გული თამამად ივლის გზით.
12.06.2007
*** (ზამთრიდან ზაფხულამდე)
ტყეებით, ფერდებით, სევდებით, ზამთარი შემოვა თოვლით... მაკლებენ წლებს, მე კი ვბერდები, დღეებით, ფიქრების თრთოლვით. შემოვა ქალაქში თვეები ნაცრისფერ, ობლადმყოფ დღეთა... მე ვნატრობ ზამთარში ფერებით, მოსული სისრულით ფერთა,_ თოვლი მოეფინოს სამყაროს ერთი უჩვეულო ღამით, სევდების დღეები გაჰყაროს და წამით, სულ ერთი წამით, ქვეყანა აქციოს სინათლედ, ქვეყანა აქციოს შვებად... გულს ერთი იმედი იმატებს და წამი გამყვება წლებად. ლოდინად მოვიდა შორიდან დღეები გრძელი და სველი, მე ვიცდი,- არ ვიცი, როდიდან, ან საით ვვლი ეს გზა მთელი. არ ვიცი მე მთელი ცხოვრება, მივდივარ უცნობი გზებით... პირველი ოცნების თოვებავ, ჩვენ უკვე ვეღარ შევხვდებით. ვერ მნახავ, მე, ახალ გზად მავალს და ვიცი, რომ აღარც მეძებ, მოვნახავ, გზა რასაც მიმალავს, გავუძლებ, დღეს რასაც ვერ ვძლებ... პირველი ოცნება, წარსული ჩემს სულში იცოცხლებს მარად, მაგრამ აღარ მოვალ, წასული, ოდესღაც, მშვიდად და წყნარად. პირველი ოცნების თოვებავ, ცრემლნარევ სიხარულს ჰგავხარ, ეს წლები პირისპირ გვტოვებდა სხვა ფიქრთან და გზებთან ახალ... ...ზამთარი გამკრთალი დღეებით ზაფხულით იცვლება ისევ, მწვანდება ველები, ველევი სულში დაბუდებულ ნისლებს, და მქისე ფიქრები მშორდება, ლოდებად რომ მაწვა გულზე, დასრულდა გოდება, დრო დგება ღიმილის... კვლავ ივნისს ვუმზერ... იქნება თოვლიც და მზეებიც, დღეები ნათელი მოვა, არასდროს ჩვენ არ დავბერდებით, აგვინთებს გულს თეთრი თოვა... პირველი ოცნების თოვებავ, დრო დგება ახალი ფიქრის, მშვიდობით! ჩვენ წინ გვაქვს ცხოვრება, მშორდება ეს დღე და მიჰქრის... ასეა, ყოველი სული ხომ სავსეა ფიქრებით წმინდა... ნუ მეძებ, ნურასდოს ნუ მიხმობ! თუმც ის დრო გახსოვდეს, მინდა... უცნობი გზები არ მაშინებს, სხვაში მე დღეს ვეძებ პასუხს. თავში ვერასოდეს გაიგებ, თუ ბოლოს გზას შენთვის რა სურს. თვეები, დღეები ურიცხვი, თან მომდევს ფიქრების ქროლვა. თუ მიცდი, თუ კვლავ გწამს, თუ იცი,- უთუოდ, უთუოდ მოვალ! გზას მოაქვს მზიანი დღეები, იმედიც, წვიმებიც, ქარიც, სევდებიც... ჩვენ მაინც შევხვდებით! მე არ გავჩერდები, მაინც!
18.06.2007
რა არის სევდა
მკითხე, რა არის სევდა, და გეტყვი უთქმელ პასუხს: სევდაა, როცა გხედავ და ვგრძნობ, სხვის ნახვა არ მსურს: შენ კი არაფერს ამბობ, და მეც ვერაფერს ვბედავ... შენზე ჩუმად რომ ვდარდობ,- აი, ეს არის სევდა... ასე ვფიქრობდი გუშინ, თურმე, ვცდებოდი მწარედ. სხვა სევდა ბუდობს გულში, ფიქრისგან ვერსად წარვედ. როცა ვინმეზე დარდობ, მადლი გწვევია, ბედად, მაგრამ თუ არვის ნატრობ,- სწორედ ეს არის სევდა!
22.07.2007
წამებით წამება
მას ჰქონდა თვალები მწვანე, თვე იდგა ვარდის და გრძნობის... ცხოვრება უტკბილეს წამებს ყოველთვის ანაცვლებს ლოდინს. პასუხის გარეშე გული ტკბილ წამებს წამებას არქმევს; სრულდება წამი და თქმული ვერ ჰგუობს ახალ დღის სათქმელს. წამება მთავრდება, როცა გულს გატკენს თვალები მწვანე, და როგორც უსიტყვო ლოცვა, თვალები სულს გრძნობით რწყავენ; როცა კი წამებიც გავლენ, (ნუთუ, ეს ყოველთვის ხდება?!) სხვა ლოდინს და იმედს დამლევს წამებას არქმევ და სევდას.
24.07.2007
არ მენატრები
მომნატრებია ლექსი მარტივი, უბრალო სიტყვა... მე უშენობას უკვე არ ვტირი და ჩუმად ვიტან. ვეღარ გხედავ და ფიქრები მკლავენ.- ვერც მაშინ გნახე?! შეშინებული ბავშვივით თვალებს ბნელაში ვახელ. შენ არც კი იცი, რა სევდიანი დადგა დღეები, რომ მე შენს თვალებს, სავსეს სიამით, ასე ველევი... წუთებით გამყვა ტკბილი წუხილი, უთქმელ წამებით, სევდა ედება ფიქრებს მწუხრივით,- არ მენატრები...
24.07.2007
მეასე დღე
ამ წელს გაზაფხული ჩემთვის არ მოსულა პირველად. ფრინველად ფრთაგაშლილს, ოდესღაც მათბობდა მაისი. წლები დაზაფრული მოჰყვა იმ მაისს... თან იმდენად,- ბინდებად დაეშვა გულში ყოველი დღის დაისი. ამ წელს გაზაფხული არც შენთვის დამდგარა პირველად?! ისე რად შემხედე, ნეტავ, თუ გავიგებ ოდესმე?! ფიქრები ზღაპრული იქცევა სევდიან ფიქრებად?! ...დღეს მეასე დღეა, რაც შენი თვალები მომდევს მე.
24.08.2007 სიმშვიდე
ჯერ კიდევ ღამე ამართლებს სახელს და მთვარე თვალებს ჯერ ჩვენსკენ ახელს. ძილი კი არ ჩანს და მეც არ ვუხმობ. დღე იყო მშვიდი, ღამეა უხმო. სიმშვიდე ფიქრთა, სიმშვიდე ღამის, არ არის ხშირი, მაგრამ დღეს,- არის! გამშორდა მცირედ წუხილი თვალთა, რაც განვლილ დღეებს ფიქრებით რთავდა. არაფერს ვნატრობ ცხოვრების გარდა, არ მინდა ღამის გაფანტვა დარდად. ნაწვიმარ ღამეს სთვლემს მშვიდი ძილით. ხვალინდელ ამინდს გავიგებ დილით... ფიქრები ახლა სიზმრების ცდაში ფიქრობენ არას, მიჰქრიან ცაში. ...სასიზმროს უკვე მგზავნიან ლამის,- სიმშვიდე ფიქრთა, სიმშვიდე ღამის!
26.08.2007
*** მწუხრი შემოდგომის სახლს შემოდგომია, მაგრამ არ მწუხარებს ფიქრი. სულში კვლავ დარია ივნისის სადარი, ქარი კი დილისკენ მიჰქრის... ქარი არ ჩერდება, ბევრდება დღეები, დღეები, განვლილი ჩემი. მაინც სავალია მრავალი ბილიკი, ახალი ფიქრების მჩენი. მწუხრია სექტემბრის... ახალი ფეთქებით უკვე ახლოვდება დილა, გული არ ცივდება, მცილდება ეჭვები, გარეთ ჰქრის ქარი და გრილა.
14.09.2007
***
ცა მოვარდისფრო. ღამე მწუხარე ვერ შეჰლევია ზაფხულის ალერსს... მსურს, მოგაფიქრო წამი მდუმარე, როცა თვალებმა შეჰნათეს თვალებს. ზაფხულის სითბო სულს არ სცილდება, და ჭრიჭინებიც ეტრფიან ღამეს; ცა მოვარდისფრო... მწამს, არ მცირდება თვალთა სინათლე სექტემბრის დამლევს.
24.09.2007
*** სულში ამინთე ძველი სანთელი! ცხოვრება მთელი გუშინ გავიდა. უკვე რამდენი, უკვე რამდენი ყოფა დავიწყე მე სულ თავიდან... მაგრამ სულიდან ვერსად განდევნი წარსულ ფიქრებს და მზიან ნაპირებს. როგორც პირველი თოვლის ფანტელი, მოხვალ უეცრად და ამატირებ.
24.07.2007
არ ვჩერდები
ჩემს თმას დაჰყვება ფერები მზის, დაუღალავი გზის ნაფერები... მე არ ვჩერდები,- განცდები მზრდის და სულს ერთვება უცხო ბგერებით. ყოველ დღეს მოაქვს ფიქრი და გზა, ყოველ დღეს მოაქვს ჩუმი სევდებიც... მე არ ვჩერდები და არ ვწყვეტ ზარს, სულში რომ რეკავს დრო გახელებით. შენ შემაყვარე ზაფხულის მზე, თვალის სინათლე მწვანე მშვენებით, შენ შემაყვარე ყოველი დღე, როცა ვხვდებით და როცა ვერ ვხვდებით... ზოგჯერ მგონია, გამიღებ კარს, და მკლავ იმავ წამს სხვის გამეფებით... კვლავ მზის ფერები დაჰყვება თმას და კვლავ, შენამდე,- მე არ ვჩერდები.
25.12.2007
მწვანე და ლურჯი
მოედინება ორი მდინარე, მწვანე და ლურჯი... მიყვარს ეს ორი ფერი, ცალ-ცალკე, და შეხამება მათი მახარებს. და მხატვრის ფუნჯით დრო ამ ფერებით ჩემს სულში ტოვებს უცხო ნახატებს... გუშინ მესიზმრა,- ცა, ლურჯზე ლურჯი, სიმწვანე ხეთა... ჩემს ფანჯარაში, როგორც ჩემს სულში, დღე ჰგავდა ნათელ დღეებს ზაფხულში, ჩემს ფანჯარაში ორივე ფერი მესიზმრა ერთად. ჩემს სულში ჰყვავის ეს ორი ფერი, ფიქრებად რგული, მაგრამ ამ ფიქრთა ღელვის შემდეგაც, ვგრძნობ, რომ ნახატი ჯერ არ შედგება, და კვლავაც, გული, ელის, დაეძებს, ახალი ფერის ნათელ ფეთქებას....
19.01.2008
* * *
Mემენტო მორი ( ღემემბერ ყოუ მუსტ დიე)
როცა უშენოდ მოვიდა მარტი, დარდი უშველი თან მოჰყვა ფრთებით... შენ, ამ ულურჯეს დღეებს რომ ჰგავდი, მიგაცილებდა ბავშვობის გზები.
როცა უშენოდ მოვიდა მარტი... იყო და არა, ერთის სავალი. არ მითქვამს, იქნებ, როგორ მიყვარდი, და შენც სათქმელი დაგრჩა მრავალი...
ზოგჯერ ცხოვრება ისე მოკლეა, ერთი წამი კი,- ისეთი ზანტი... ცაცხვი გაზაფხულს კვლავ შლის ტოტებად, როცა უშენოდ მოვიდა მარტი.
01.04.2008
დედას
დედა, მოდი, კიდევ ერთხელ გამაჩინე! დავიღალე... აღარ მახსოვს არაფერი... მომეფერე... შუბლზე კოცნა დამამჩნიე, მითხარი, რომ ჩემთან ხარ და არ გაქრები... მითხარი, რომ ასი გზაა ჩემთვის ხსნილი, იმ ასიდან მაპოვნინე ერთი ჩემი... იავნანით დამაძინე სიყრმის შვილი... გამახსენე... კიდევ ერთხელ გამაჩინე...
19.07.2008
|