მემგონი განსხვავებული და საინტერესო სტატიაა ამ ფენომენთან დაკავშირებით,ოღონდ ერთი კითხვა გვაქვს ქალბატონ მაიასთან თქვენ მართლაც გინდათ და ხართ დასავლური ღირებულებების მატარებელი და რა არის დასავლეთი თქვენი გაგებით?
http://gandaba.livejournal.com/158584.html#cutid1პოლიტიკური ჯეო-ბარი ანუ ”წინასწარ
გამოცხადებული გადატრიალების ქრონიკა”
გაზეთი ”24 საათი”,05.02.2009
მაია ორჯონიკიძე
”ამ სამყაროში ყველაფერი წინასწარაა ნაპატიები და ამდენად ყველაფერი ცინიკურად დასაშვებია”.
მილან კუნდერა
სასურველია,სანახაობა საკუთარ ავტორზე ჭკვიანური იყოს.
ვაცლავ ჰაველი
უმეცრებასთან ბრძოლა რთულია სწორედ იმიტომ,რომ იგი ძალიან წააგავს სიმართლეს.
კ.ჩუკოვსკი
ამ წერილის დაწერას თითქმის იმ დღიდან ვფიქრობდი -”საკნიდან” პირველი ”სერია” რომ გავიდა ეთერში,მაგრამ ვყოყმანობდი-ღირდა თუ არა ჩიტი ბრდღვნად იმ დროს,როდესაც უამრავი,ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანას.შემდგომმა ”ტელე-საკნურმა” სერიებმა დამარწმუნეს,რომ ღირდა კი არა-აუცილებელიცაა დროული და არგუმენტირებული რეაგირება,რადგანაც იმას-რაც ბოლო დროს საღამოს 11 საათის შემდეგ გადაიცემა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი არხით-თუ არა ვაკხანალიას-სხვას ვერაფერს უწოდებს ელემენტარულად მოაზროვნე კაცი.
ის,რომ მსგავსი გადაცემის შექმნა შესაძლებელი გახდა,ალბათ დღევანდელი ფასეულობათა და ტვინთა საყოველთაო აღრევით აიხსნება,მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის,ადამიანებს მოვლენებზე სხვადასხვა აზრი გააჩნდეთ,საოცარი ისაა-ერთი ადამიანის ავანტიურას რა სახის რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.
დღევანდელ საქართველოს რომ უამრავი სატკივარი აქვს-არახალია და არც ისაა სიახლე- ყველა ”ბანაკში” რომ მოიძებნება ამ ცხოვრების კალთას ჩაფრენილი ხალხი,საკუთარი კარიერისა თუ მატერიალური კეთილდღეობის სადარაჯოზე რომ დგანან ”თავგანწირულად”.ვინც კაცობრიობის ისტორიას იცნობს-ვერაფერს აღმოაჩენს დღეს ისეთს,რაც ჩვენამდე არა ყოფილა.ამდენად,ეს არაა სამწუხაროდ,ამ შემთხვევაში გასაკვირი და ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
მე სხვა რამ მიკვირს-თუ როგორ შეუძლიათ ზოგიერთ ცნობილ და ერთი შეხედვით დინჯ და დამსახურებულ ადამიანებს უკეთეს შემთხვევაში-თავის მოტყუება,უარეს შემთხვევაში კი წინასწარ მოფიქრებული სიცრუის შეგნებულად გავრცელება,თუკი ის მათ ე.წ. მსოფლმხედველობრივ კრედოზე თუ პოლიტიკურ პრეფერენციებზე ასხამს წყალს.
მაგალითისთვის მოვიყვან ისტორიკოს ზაზა აბაშიძის უცნობთან ”საკანში” სტუმრობისას გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესახებ.ბატონი ზაზა აბაშიძე ავტორიტეტულად აცხადებს,რომ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის ფიქცია,საპირწონედ კი მოჰყავს არც მეტი,არც ნაკლები...საბჭოთა პერიოდის საქართველო,რომელსაც რაკიღა იმ დროს სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმალური ნიშან-თვისება გააჩნდა,
ამ თვალსაზრისით დღევანდელი საქართველოსგან თვისობრივად არც არაფრით განსხვავდებოდა! სჩანს,ბატონ ზაზა აბაშიძეს სახელმწიფოებრიობის ფორმალური ატრიბუტიკა და რეალური სახელმწიფოებრიობა ერთი და იგივე ჰგონია.მეორე მაგალითი-ამ დღეებში ყველასთვის ცნობილმა,ხანდაზმულმა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მთელი საქართველოს გასაგონად ”ტელე-საკნიდან” წარბშეუხრელად განაცხადა- ”ამათ (იგულისხმება ხელისუფლება და მისი გუნდი) არა მხოლოდ სძულთ პატრიარქი,არამედ მეტიც,ერთი სული აქვთ-თუ როდის გარდაიცვლება იგი”(!).
”ენას ძვალი არა აქვსო”-ჩვენს წინაპრებს უთქვამთ და ბატონი ნოდარიც მთელი საღამო გზადაგზა ისე შეურაცხყოფდა ადამიანებს-ერთხელაც არ შეუწუხებია ეჭვს-ჰქონდა თუ არა ამის მორალური უფლება?ნუ დაგვავიწყდება-ამას ამბობდა არა ვინმე უკულტურო ბოგანო,არამედ ცნობილი ადამიანი,ასაკოვანი და ღვაწლმოსილი მსახიობი,რომელსაც ვერ გაუგია,რომ ოპონირება არ ნიშნავს ადამიანთა შეურაცხყოფას და თავაშვებულ ცილისწამებას.ბატონებო,განა შესაძლებელია თუნდაც საძულველ ოპონენტთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა? განა ეს არაა საზოგადოებაში პირდაპირი სიძულვილის თესვა და მისი უკიდურესი დაპირისპირების მცდელობა?უახლესმა ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა?!
ცნობილია,რომ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების ერთმა ნაწილმა ვერ აპატია სიტყვა ”ჩარეცხილები” და ამის გაგება სავსებით შესაძლებელია,მაგრამ განაწყენების რა მორალური უფლება აქვს იგივე საზოგადოებას,თუკი თავად მსგავსს კი არა-უარეს მეთოდებს იყენებს პოლიტიკური დაპირისპირების დროს?!
მთელი ამ ”საკნური” სერიალებიდან უმძიმესი შთაბეჭდილება რჩება არა იმიტომ,რომ ვიღაცა ვიღაცას ებრძვის და საკუთარ ინტერესებს თავგამოდებით იცავს,არამედ იმ სულიერი სიმწირის,დაუფარავი პოპულიზმის,
ფარისევლობისა და სიძულვილის ხარისხის დემონსტრირების გამო-რაც ჩვენს ეკრანებზე იშლება ყოველღამე ლათინური სერიალების მომაბეზრებელი უგემოვნებით.
უკულტურო,აგრესიული დილეტანტიზმი-აი,პირველი,რაც მოგდის თავში გია გაჩეჩილაძის ”პოლიტიკური” შოუს ნახვის შემდეგ.ადამიანს აქვს პრეტენზია იყოს მომღერალი,მუსიკოსი,მსახიობი,პოეტი,რელიგიური მქადაგებელი,
პოლიტიკოსი,”კაი ვაკელი ბიჭი” და ალბათ კიდევ ბევრი რამ,რაც ჩვენს ყურადღებას გამორჩა,მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთ ამ სფეროში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება თუ არ ჩავთვლით ”ვაკელ ბიჭობას”.
ამ გადასახედიდან მთავარი ის კი არაა-ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს კამპანია,არამედ რას წარმოადგენს თავად ამ კამპანის ფიგურანტი და მისი სტუმრების დიდი ნაწილი.
ამ მხრივ კი სავალალო სურათი გვაქვს-პიროვნება,რომელიც მიხეილ სააკაშვილს თვითმარქვიას უწოდებს-თავად გვევლინება თვითმარქვია ერის გადამრჩენის როლში.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს,იმის ცქერა-თუ როგორ ტკბება უმცროსი ”გრეჩიხა” საკუთარი ”პოეზიით”,რომელიც გემოვნებაარეულ საზოგადოების ნაწილს მაღალ ხელოვნებად წარმოუდგენია,იქვე,კედლებზე დაწერილ სტროფებში კი მესამეკლასელისთვის უპატიებელ შეცდომებს უშვებს და სიტყვა ”შეურაცხყოფის” მაგივრად ”შეურაწყოფას” წერს,”ვუთენებთ”-ს მაგივრად კი ”უთენებთ” (შემდეგში ჩაუსწორეს).ცნობილი,ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი სახელები კი -ილიას,ვაჟას,გალაქტიონის და სხვათა და სხვათა-ვულგარიზატორის ხელში ზემოქმედების ინსტრუმენტად ქცეულა და უგემოვნებო და იაფფასიან პოლიტიკურ პიარს ემსახურება.
ადამიანი,რომელიც ერთი შეხედვით ჰუმანური იდეალების დასაცავად ნებაყოფლობით ჩაჯდა საკანში-არც ამ იდეალებისა და არც საკუთარი ქვეყნის კულტურის სიმაღლეზე არ აღმოჩნდა.თითქმის ორი კვირაა,მაყურებლის ყურს სჭრის სპეციფიური,ქურდული სამყაროსთვის და ე.წ. ძველი ბიჭებისთვის დამახასიათებელი ლექსიკა-”ფლაგები ახეული აქვს”,”ატმასკა მისცეს”,”თავები დამარხეს”,”მიშა ძონძია”,”რამსები აერიათ”,”ცვეტში” და მრავალი,მრავალი მსგავსი.
და იქვე,ვითომც არაფერი-მართლმადიდებლობაზე პათეტიური საუბრები და საქვეყნოდ პირჯვრის წერა...რა არის ეს? რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
რა ფანტასმაგორიულ მუტაციასთან-სადაც ”ძველბიჭობა”,”ქურდული გაგება”,”მართლმადიდებლური” რიტორიკა,”ინტელიგენტობა” და პოლიტიკური ამბიციები ერთ გამაოგნებელ ნაზავშია მოქცეული?!
ეს რომ მხატვრული ფილმის,ან სპექტაკლის სცენები ყოფილიყო-შესაძლოა,შემეცნებითი ღირებულება ჰქონოდა-როგორც ჩვენი თანამედროვე რეალობის ანარეკლის,დროის დოკუმენტისა,ისიც-მხოლოდ ერთი კონკრეტული, მარგინალური ფენისა-თუკი ლექსიკის მიხედვით ვიმსჯელებდით.
ტრაგიკომედია საინტერესო ჟანრია,მაგრამ მხოლოდ სცენაზე,ბატონებო.
არადა,ეს არც ფილმია და არც სპექტაკლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით-ეს თურმე ნუ იტყვით და ქართული პოლიტიკის ახალი სიტყვაა!
დიახ,ახალი სიტყვა და ამას უმანკო სიამაყით ადასტურებს თავად ავტორი-მსგავსი პროექტი ჩემამდე არავის მოსვლიაო თავში!
აფერუმ!
”საქართველოს ბედი ”საკანში” არ უნდა წყდებოდესო”-სწერს ”ტელე-საკანში” გამოგზავნილი მესიჯის ერთ-ერთი ავტორი-მინდა გითხრათ,სრულიად ვიზიარებ მის მოსაზრებას და ალბათ ამას უამრავი ადამიანი დაეთანხმება,ვისაც ელემენტარული პასუხისმგებლობა და საღი აზროვნება გააჩნია.სამწუხაროდ,მსგავსი მესიჯების ავტორებს უმცროსმა ”გრეჩიხამ” შაბათ საღამოს სულ ვირთხები,უბედურები და გიჟები უძახა-ჭეშმარიტად ძვირფასი და გამორჩეულია ჩვენი ოპოზიციის სიამაყე,განსხვავებული აზრის მიმართაც ერთობ შემწყნარებლური-ვერაფერს ვიტყვით...
********************
ყველას მოეხსენება- 200 წლიანი კოლონიზაციის შედეგად ჩვენს საზოგადოებას ბევრწილად დაქვეითებული აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა,შესაბამისი უნარ-ჩვევები და ამის შედეგად-პერსონალური პასუხისმგებლობის გრძნობაც ყოველივე იმაზე,რაც შესაძლებელია მოჰყვეს ჩვენს დაუფიქრებელ ქმედებებს.
ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის ტოტალური უპასუხისმგებლობა და ზერელობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე,რომელიც სამწუხაროდ ასე გვახასიათებს დღევანდელი ქართველობის დიდ ნაწილს.თუ არა ეს-წარმოუდგენელი იქნებოდა ბევრი მოვლენა და ფაქტი უახლესი ქართული ისტორიიდან.
ალბათ ბევრს ახსოვს კობო აბეს ცნობილი რომანი ”ქალი ქვიშაში”.რომანის ლეიტმოტივი ის გახლავთ,რომ ადამიანი რომელიც წლების წინ ორმოში ჩავარდა და მთელი განვლილი დრო ამ ორმოდან ამოსვლას მოანდომა-უეცრად საწადელს აღწევს და სასურველ თავისუფლებას მოიპოვებს-მაგრამ იმის მაგივრად,წლების ნანატრი აისრულოს და სახლში წავიდეს,შუაგზიდან ტრიალდება და უკან,იმ დაწყევლილ ორმოში ბრუნდება,რადგან მისთვისვე შეუმჩნევლად შეუსისლხორცებია და მისი სახლიც ის ორმო გამხდარა.
ასეთია ე.წ. პოსტსაბჭოთა ადამიანიც-ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რომ მიუხედავად თითქოსდა ყოველივე საბჭოურთან ბრძოლისა-სამწუხაროდ ,თავად ვართ მისი პროდუქტი და ხორცი ხორცთაგანი-ჩვენი მოუთმენლობით,რადიკალიზმითა და ლოიალობის სრული დეფიციტით.
ჩვენ არაფრით გვსურს გავიგოთ უბრალო ჭეშმარიტება-რომ არ არსებობენ ”ისინი” და ”ჩვენ”,რომ ის სენი რაც სხვებში არ მოგვწონს,ხშირად ჩვენივე სენია და იქამდე,სანამ სხვებში დრაკონის მოსაკლავად დავირაზმებით-საკუთარ თავში უნდა დავასამაროთ ეს არსება!
საქმე ჩვენშია და არა მიშაში ან პეტრეში და იქამდე,მანამ ამას არ გავაცნობიერებთ-საზოგადოებაში დაპირისპირებას ბოლო არ ექნება!
დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება ერთი გარემოება,რაც დღევანდელი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ახასიათებს-ხელისუფლებასთან და კერძოდ მის მთავარ ადრესატთან-მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლა აბსოლუტურად თვითმიზნურ ხასიათს ატარებს და სრულიად დაცლილია შინაგანი კონსტრუქტივიზმისგან,დიალოგის სურვილისგან,პოტენციის სასიკეთოდ გამოყენებისგან,ჯანმრთელი კომპრომისის ძიებისგან.
სააკაშვილის გადადგომა იქცა ოპოზიციის ტოტალურ იდეა-ფიქსად და ეს პირველი და მთავარი ნიშანია იმისა,რომ მას საკუთარი თავის რწმენა არა აქვს და იდეურად დაცლილია. ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი აგრესიული მაშინ ხდება,როდესაც მათი სულიერი,შემოქმედებითი ძალები დაშრეტილია და აგრესია მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის შირმადღა გვევლინება...ასეთ შემთხვევაში კი ის უკვე დესტრუქციულ ძალად გარდაიქმნება,სადაც ადგილი არა აქვს საზოგადოებრივ შეთანხმებას,ჯანმრთელ დიალოგსა თუ ურთიერთკომპრომისს.
დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მახსენდება სწორედ მრავალგზის ”საკანში” უცნობისგან უადგილოდ ნახსენები ვაცლავ ჰაველის სიტყვები:
”დემოკრატია მათ,ვინც მას სერიოზულად უდგება-უყენებს თითქმის გადაუჭრელ პრობლემებს,იმათ კი,ვისაც იგი სძულს-თითქმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს სთავაზობს.პოლიტიკა არაა შესაძლებელის ხელოვნება,პოლიტიკა-შეუძლებელის ხელოვნებაა”.
საქმეც ისაა,რომ დემოკრატიას ორი მხარე აქვს-საზოგადოება,რომელიც მისთვის მომწიფებულია,მას მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს,ჩვენი მსგავსი უმწიფარი კი- მხოლოდ საკუთარ კლანურ-ჯგუფურ ინტერესებში და რამდენიც დაჯგუფებაა-”დემოკრატიაც” იმდენივეა.”იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”- პოლიტიკაში ამ აზროვნებით შორს წასვლა შეუძლებელია.იქამდე,სანამ მავანთა მთელი იდეოლოგია აგებული იქნება მხოლოდ უარყოფაზე,ნგრევაზე და ერთი პერსონის მიმართ სიძულვილზე-იქამდე გვექნება მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია და სხვა არაფერი.
ნურავინ დაიჩემებს დღევანდელ საქართველოში სრულ დემოკრატობას,ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას და ამ გზაზე ბოლო დროს ბევრი შეცდომაც იყო და ბევრი გამარჯვებაც.ისინი კი,ვინც ყველაზე მეტს გაჰკივიან მორალზე და დემოკრატიაზე,როგორც წესი-სულ სხვა მოტივაციით აქტიურობენ.ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს-ქვეყანა წინ მიდის,საზოგადოება ნელ-ნელა იცვლება და ადამიანებს რეალური იმედი გაუჩნდათ.
დიახ,ომიც იყო,გაჭირვებაც არის,მაგრამ ამაზე უარესი 90-იან წლებში გვქონდა,როდესაც ჩვენი დარდი არავის გააჩნდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე ქართველების გარდა თითქმის არავინ იცოდა.დასაწყისი ყოველთვის ყველაზე ძნელია,მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს და შეგვაშინოს ისე,რომ უკანვე-შეჩვეულ ჭაობში გადავხტეთ,სადაც სინამდვილეში უკვე ჭაობიც კი აღარაა-უფსკრულია პირდაფჩენილი,სიცარიელე და გაქრობა.მიზანსაც მივაღწევთ მხოლოდ მაშინ-თუ ვიმოძრავებთ,არ დავშინდებით,არ გავთითოკაცდებით და სულმოკლეობისა თუ ანგარებისგან ერთმანეთს არ გადავჭამთ.არაფერია გასაკვირი იმაში,რომ ამ გზაზე სამწუხაროდ,მუდმივად გამოჩნდებიან ძალები,რომელნიც ქვეყანაში არსებულ ობიქტურად განპირობებულ სირთულეებზე სპეკულაციას მოინდომებენ პირადი ანგარების მიზნით.ეს ეტაპიც უნდა გადავლახოთ მინიმალური დანაკარგებით.
ასეთ დროს ქვეყნის პოპულისტი მმართველი ბევრად საშიშია,ვიდრე ის,ვისაც დასახული მიზანი არ ახევინებს უკან თუნდაც მასებში არაპოპულარობის შიშით.სწორედ მსგავს შემთხვევებზე წერს გენერალი დე გოლი,რომელმაც თავისთავზე იწვნია საკუთარი ხალხის ჯერ აღფრთოვანება,მერე რისხვა და საბოლოოდ-გზა რომ გამოჩნდა-ისევ ხალხის სიყვარული:
”პოლიტიკაში უხდებათ საკუთარი ქვეყნის ან საკუთარი ამომრჩევლის ღალატი.
მე ვირჩევ მეორეს”.
ღრმად დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი საკუთარი რადიკალიზმი,ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობა და მოუთმენლობა არის დღესღეობით საქართველოსთვის ყველაზე საშიში და დიდი მტერი.დღეს საზოგადოებას დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა მხრიდან ესაჭიროება კონკრეტული,საგნობრივი კრიტიკა და დიალოგისა თუ კომპრომისის უნარი და არა სამარცხვინო სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდება,ვინაიდან საბოლოო ჯამში ან ყველანი ერთად გავიმარჯვებთ-ან ყველანი ერთად დავმარცხდებით,რადგან ძმათა ქიშპში მოგებული მხარე არ არსებობს.
მინდა ეს წერილი ”საკნის” კედელზე დაწერილი იმ ოპოზიციონერი სტუმრის ფრაზით დავამთავრო,რომელმაც იქ მისული საზოგადოებიდან თითქმის ერთადერთმა გამოიწვია პირადად ჩემი სიმპათია-”ქართველებო,გვიყვარდეს ერთმანეთი”!